საბა კემულარია სტუდენტ ცოლს, კესო გაფრინდაშვილს, ბავშვის მოვლაში ეხმარება

საბა კემულარია სტუდენტ ცოლს, კესო გაფრინდაშვილს, ბავშვის მოვლაში ეხმარებალელა დევდარიანი, სარკე

მომღერალი საბა კემულარია და მისი ცოლი, კესო გაფრინდაშვილი, 2019 წლის 3 ოქტომბერს პირველი შვილის, ნიკოლოზის, მშობლები გახდნენ. ახალგაზრდა მომღერლისთვის ახლა მხოლოდ მისი პატარა ოჯახი და სიმღერა არსებობს, სხვა ვეღარაფრისთვის იცლის. ნიკოლოზის დედიკო სტუდენტია, ამიტომ, როცა ის უნივერსიტეტშია, მასთან მამიკო, საბა რჩება და ბავშვის დამოუკიდებლად მოვლას მშვენივრად ახერხებს, ამით დიდ სიამოვნებასაც იღებს.

– საბა, პირველ რიგში, გილოცავთ შვილის დაბადებას. როგორი ემოცია იყო, როდესაც თქვენი შვილი პირველად დაიჭირეთ ხელში?

– მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, შვილი საოცარია და სანამ თავად არ გეყოლება, მანამდე ვერ მიხვდები, რა ემოციაა, როდესაც შენს პირმშოს პირველად ნახავო. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, როდესაც პირველად დავინახე. სულ გავგიჟდი, ჩემი და ჩემი მეუღლის პატარ-პატარა ნაკვთები რომ უკვე ჰქონდა. ხან დედას ჰგავს, ხან – მე. ჯერ ერთი თვისაა და ნელ-ნელა ყალიბდება. ძალიან მშვიდი და ჭკვიანი ბავშვია.

– მშობიარობას ხომ არ დაესწარით?

– ვეცადე, მაგრამ ვერ დავესწარი.

– ნიკოლოზი – ეს სახელი რატომ შეურჩიეთ?

– წმინდა ნიკოლოზის პატივსაცემად დავარქვით.

– რა შეცვალა ბავშვმა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში?

– უფრო დაათბო და გაამყარა ჩვენი ურთიერთობა.

– ბავშვის მოვლაში აქტიურად მონაწილეობთ?

– მეუღლე სტუდენტია და როდესაც უნივერსიტეტშია, ბავშვთან მე ვარ. შემდეგ მე გავდივარ რეპეტიციაზე და ასე ვუწყობთ ერთმანეთს ხელს. ძალიან მსიამოვნებს ბავშვთან დამოუკიდებელი ურთიერთობა. ბებია-ბაბუებიც ჩართული არიან და ყველანი გვეხმარებიან მის გაზრდაში.

– ამ დიდმა სიხარულმა კალაპოტიდან ხომ არ ამოგაგდოთ, ისევე აქტიურად მუშაობთ, როგორც შვილის დაბადებამდე?

– კალაპოტიდან არ ამოვვარდნილვარ, პირიქით, ბავშვი უფრო დიდი შემართება და სტიმულია ჩემთვის.