რას პასუხობს ზურა ნიჟარაძე ჩცდ-ს შემქმნელებს – “სერიალში ცარიელი ხელებით არ მივსულვარ, მადლობა აქეთაც მითხრან!”

რას პასუხობს ზურა ნიჟარაძე ჩცდ-ს შემქმნელებს - "სერიალში ცარიელი ხელებით არ მივსულვარ, მადლობა აქეთაც მითხრან!"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონი მსახიობ ზურა ნიჟარაძის, ანუ მერაბ დარჩიას, გარეშე დაიწყო.

რას პასუხობს სერიალის პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს, რომელმაც მსახიობების გადაწყვეტილება, დარჩენილიყვნენ “რუსთავი 2”-ში, პროფესიულ თვითმკვლელობად შეაფასა, როგორ გრძელდება მისი კარიერა სერიალის გარეშე, ამის შესახებ ზურა ნიჟარაძემ პირველად “სარკესთან” ისაუბრა.

– ზურა, პირველ რიგში, მადლობას გიხდით შეხვედრისთვის. ვიცი, რომ მას შემდეგ, რაც სერიალიდან წამოხვედით, დიდი ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ არ მიგიციათ. როგორ მოერგეთ ახალ ამპლუას, “კომედი შოუში” რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს?

– ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ბევრთან დიდი ხანია ვმეგობრობ, რამდენიმესთან ვძმაკაცობ კიდეც. იუმორი ჩემთვის ახალი არ არის, სკეტჩების კეთება კი ახალია. ზოგადად სერიალი სხვა ამბავია, სპექტაკლი – სხვა, კინო – სხვა და ეს სკეტჩი კიდევ სხვა ფორმატია, თუმცა შეუჩვეველი არაფერია.

– უყურეთ სერიალის ახალ სეზონს?

– ახალი სეზონი არ მინახავს, რადგან არ ვიყავი ქვეყანაში. იქ არიან ჩემი მეგობრები, რომლებსაც წარმატებებს ვუსურვებ. გამიხარდება მათი მაღალი რეიტინგი, რადგან 7 წელი ვიყავი ამ სერიალში და მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს. მითხრეს, “კომედი შუში” და აქაც ერთდროულად ვერ იქნებიო, ჰოდა, გადავწყვიტე, “რუსთავი 2”-ში დავრჩენილიყავი.

– თქვენი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი პოპულარობა ალბათ სწორედ ამ სერიალმა მოგიტანათ.

– მე ვარ მსახიობი და ზოგადად არტისტი რომელიღაც ეტაპზე აუცილებლად რაღაც პოპულარობას მიაღწევს. მე ადრე ვთამაშობდი “იმედის” სერიალში “შუა ქალაქში”. ასევე ვიყავი “ტვ 11”-ზე, სადაც სადღეგრძელოების რუბრიკა მქონდა. ხალხი სხვადასხვაგვარი გემოვნების და დამოკიდებულებისაა. დღემდე ვიღაცები რომ მხვდებიან, მეუბნებიან, თქვენი სადღეგრძელოები ზეპირად ვიცით სატელევიზიო გადაცემიდანო.

მინდა, ერთი რამ ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ სერიალმა ბევრი რამ მომცა, თუმცა ცარიელი ხელებით არც მე მივსულვარ იქ. კარიერა ნულიდან და ამ სერიალიდან არ დამიწყია. ფილმებშიც ვარ გადაღებული, ოთხ ტელეკომპანიაში მიმუშავია. მადლობას ვეუბნები ყველას, მაგრამ მადლობა აქეთაც მითხრან, რადგან ჩემი გმირი თუ რეიტინგული არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე ჩემს ხაზს აღარ გააგრძელებდნენ და აღარ გადამიღებდნენ. შესაბამისად, ხელი ხელს ბანს და ორივე – პირს.

– “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებელმა და პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ განაცხადა, რომ იმ მსახიობებმა, რომლებიც “რუსთავი 2”-ში დარჩნენ, პროფესიული თვითმკვლელობა ჩაიდინესო. რას უპასუხებთ მას?

– ჩემო კარგო, ეგ არის მისი აზრი. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ჩემი განვითარების ლიკვიდაციას მოვაწერე ხელი. ეს სერიალი არ არის ჩემთვის გადამწყვეტი. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა.

– თქვენი თეატრალური ცხოვრება როგორ ვითარდება?

– ამჯერად არც ერთ თეატრში არ ვარ. რაღაც შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ თუ ვინმეს თეატრში უთამაშია, იცის, რომ ეს იმდენად რთულია, სხვა რაღაცებისთვის დრო აღარ გრჩება. დილა-საღამოს რეპეტიციებია და ა.შ. ამჯერად გაჩერებული ვარ, ე.წ. ტაიმ აუტი ჩემი ნებით ავიღე.

– ხომ არ იცით, რა ბედი ელის თქვენი გმირის, მერაბ დარჩიას, ცოლს, ნატო კაკაჩიას, ქმრის გარეშე დარჩება თუ შეუცვლიან სხვა მსახიობით?

– არაფერი ვიცი, შეიძლება მერაბ კაკაჩია სხვამ ითამაშოს, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად მომგებიანი იქნება. იმას არ ვამბობ, რომ შეუცვლელი არტისტი ვარ, მაგრამ, ვიმეორებ, მომგებიანი იქნება თუ არა, არ ვიცი. ჩემი პერსონაჟი მე სხვანაირად მყავდა გამოთლილი. შეიძლება გარდაიცვალოს ან შეცვლიან, ან სხვაგან გაუშვებენ.

– სადღეგრძელოები ახსენეთ ინტერვიუს დასაწყისში და ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით. ცნობილი თამადა ხართ. სიმკაცრეს თუ იჩენთ თანამეინახეებთან?

– ძალიან ხშირად ვარ თამადა. 10-ჯერ თუ ვარ სუფრასთან, აქედან 8-ჯერ თამადა ვარ. მე მიყვარს ქართული სუფრა, სადაც არის ძალიან ბევრი იუმორი, ბევრი სიმღერა, ლექსი, საინტერესო საუბრები, ღვინის არდაძალება და გართობა.

მკაცრი თამადა საერთოდ არ ვარ. თამადის პრობლემა არის ის, თუ მას არ უსმენენ. ეტყობა, ისე საინტერესოდ ვერ საუბრობს და ხუმრობს, რომ მოუსმინონ. როგორც მსახიობის პრობლემაა ის, რომ მას მაყურებელი არ უსმენს და ტელეფონში იყურება ან ლაპარაკობს, ასევეა თამადობის შემთხვევაშიც. პირველ რიგში, უნდა მიაღწიო იმას, რომ მოასმენინო. რას და როგორ ვილაპარაკებ, ეგ მეორე საკითხია.

– ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ძალიან ბევრი დაგილევიათ და მერე, სიფხიზლეში რაღაცები გინანიათ?

– ხშირად დამილევია ძალიან ბევრი. უფრო ახალგაზრდობისას ვსვამდი ბევრს, არც ახლა ვარ ბებერი, მაგრამ უფრო ადრეულ წლებში მიყვარდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება. ნასვამს ცუდი არასოდეს გამიკეთებია. არც ისე მომხდარა, რომ დამვიწყებია, სად ვყოფილვარ ან რამე ასეთი.

ერთხელ სუფრასთან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოზე ჩამოვარდა საუბარი და ავიჩემე, მოდი, ბაქოში ტაქსით წავიდეთ-მეთქი. ტაქსი გავაჩერეთ და მძღოლი სომეხი აღმოჩნდა. მეგობრებიც მახლდნენ, რომლებიც ნასვამები იყვნენ. ტაქსის მძღოლმა მითხრა, მე საზღვრამდე თუ მიგიყვანთ, თორემ მერე იქ გამატყავებენო. ასე დასრულდა ეს ამბავი.

– თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილზე, ცოლზე გვიამბეთ.

– ძალიან კარგი ოჯახი მყავს, მაგრამ ამ თემაზე არასდროს არსად ვსაუბრობ. ჩემს მეუღლეს არც გამოჩენა უყვარს და არც ლაპარაკი. გადასარევი ცოლი მყავს,ბავშვი – მზესავით ნათელი.

– ყურადღებიანი მამა ხართ, ჩართული ხართ ბავშვის მოვლაში?

– ძალიან კარგი მამა ვარ და მის გაზრდა-აღზრდაშიც ჩართული ვარ. ვუვლი, ვუცვლი, ვასეირნებ და ა.შ.

– დაბოლოს, რაიმე ახალ ტელეპროექტში ხომ არ გიხილავთ?

– რაღაც სერიალები იწყება, ჩემი კანდიდატურაც განიხილება და ვნახოთ.