რა რეაქცია ჰქონდა ნიკა არაბიძეს ნიკა გვარამიას კრიტიკაზე – “თმაზე და წონაზე მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ”

რა რეაქცია ჰქონდა ნიკა არაბიძეს ნიკა გვარამიას კრიტიკაზე - "თმაზე და წონაზე მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ"ავთო ჩიტიძე, სარკე

იუმორისტ ნიკა არაბიძეს არასოდეს უოცნებია თავის საავტორო გადაცემაზე, მაგრამ “კომედი შოუ” როცა გაიყო და “რუსთავი 2”-დან ვანო ჯავახიშვილი წავიდა, “ვანოს შოუს” ნაცვლად საეთერო ბადეში “ნიკა არაბიძის შოუ” ჩაჯდა.

გაყოფის პროცესი ნიკასთვისაც მტკივნეული იყო, მაგრამ ამ ემოციებზე დღეს ნაკლებად ფიქრობს და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ნაკლები შენიშვნები ჰქონდეს საკუთარი თავის მიმართ ამ შოუში.

ახალმა გადაცემამ ნიკას დიდი დრო წაართვა, რამაც, ცოტა არ იყოს, მისი ოჯახი დააზარალა. მან და ია არობელიძემ ოჯახი 11 წლის წინ შექმნეს და 10 წლის დემეტრე ჰყავთ. მამა-შვილის ყველაზე საყვარელი საქმე ჭადრაკის თამაშია. გამოგვიტყდა, რომ ხანდახან ჭადრაკის ფიგურების მოპარვით ცდილობს, შვილს მოუგოს.

როგორია ნიკა არაბიძის ოჯახური ცხოვრება და როგორ გადაიტანა ის რთული პერიოდი, როდესაც მისი მეგობრების ნაწილი “რუსთავი 2”-დან წავიდა, ამაზე “სარკეს” თავად უამბობს.

– ნიკა, გულთან ახლოს მიიტანეთ ის პროცესები, რომლებიც ბოლო ხანს “კომედი ჯგუფში” განვითარდა?

– თმაზეც მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან სანერვიულო იყო ის პროცესი, რაც მთლიანად ტელეკომპანიამ და კონკრეტულად ჩვენმა ჯგუფმა განიცადა. 15 წელი ცოტა არ არის და, ბუნებრივია, ეს პროცესი მტკივნეულად გადავიტანე.

– ამ გუნდის გაყოფის შემდეგ ყველა ამბობს, მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთო. ძნელი არ არის მეგობრობა კონკურენციის პირობებში?

– ნამდვილად გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი გუნდიდან წავიდნენ. მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, მაგრამ ყოველდღიურად კონტაქტს ვერ ვახერხებთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ თამუნა ლეკვეიშვილის დაბადების დღე იყო. მე, ალეკო მალხაზიშვილმა და ვახო ბიჭიკაშვილმა დავურეკეთ, მივულოცეთ. არ გვაქვს განცდა, რომ ერთმანეთი დავკარგეთ, უბრალოდ ერთ სივრცეში არ ვართ.

– რა იყო თქვენთვის მთავარი, რამაც გადაგაწყვეტინათ “რუსთავი 2”-ზე დარჩენა?

– ასეთ წვრილმან დეტალებზე არ ვისაუბრებ. უბრალოდ, რახან გუნდურად არ გადაწყდა, ყველამ პიროვნულად მივიღეთ გადაწყვეტილება.

– უხერხულობის მომენტი არ გქონდათ, როდესაც “ვანოს შოუს” ნაცვლად არხზე “ნიკა არაბიძის შოუს” შექმნის იდეა გაჩნდა?

– ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. არხს და ჩვენს გუნდს სჭირდებოდა, საეთერო ბადე შევსებულიყო იმ პროდუქტებით, რომლებსაც ვაკეთებდით. ვერ გეტყვით, რომ ვოცნებობდი, მსგავსი გადაცემა მქონოდა, არასოდეს მიფიქრია საავტორო გადაცემაზე. საერთო ჯამში, გამოვიდა, რომ მიმყავს გადაცემა და საქმეც მომემატა.

თავიდანვე გვითხრეს, რომ არხის მენეჯმენტი ჩვენი გადაცემის პოლიტიკაში არ ჩაერეოდა, ამიტომ რასაც ვთვლით საჭიროდ, ყველაფერზე ვსაუბრობთ შოუში.

საზოგადოების ნაწილი თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი. ჩათვალეს, რომ “რუსთავი 2” სამთავრობო ტელეკომპანია გახდა, მაგრამ ახლა ისევ ის ადამიანები წერენ სოციალურ ქსელში, სხვანაირად მეგონა და სულ სხვანაირად ყოფილა საქმეო. ხვდებიან, რომ ისევ მტკივნეულად ვეხებით იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში ან მათ ცხოვრებაში არსებობს.

– იუმორის ენით ლაპარაკი თქვენთვის ახალი არ არის, მაგრამ გადაცემის სტუმრებთან ინტერვიუების დროს როგორ გრძნობთ თავს?

– ეს პროცესიც საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მრავალფეროვან ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ყოველთვის ვცდილობ, სტუმარს მოვერგო, რადგან ის თავისი ხასიათით მოდის გადაცემაში და ვცდილობ, ჩემი იუმორიც მის ხასიათს მოვარგო.

– როდესაც გადაცემაში თბილისის მერი კახა კალაძე გყავდათ, ყოფილმა შეფმა, ნიკა გვარამიამ, ძალიან გაგაკრიტიკათ. მიიღეთ ეს კრიტიკა?

– ვიტყვი იმას, რომ ხუმრობა შეიძლება ყველაზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანის შეურაცხყოფა. ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, გადაცემის სტუმარი ოპოზიციიდან იქნება თუ ხელისუფლებიდან, რადგან ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ობიექტურად, იუმორის ენით ერთ მხარესაც ვუთხრათ სათქმელი და მეორესაც. ამიტომ არ ვთვლი, რომ გასაკრიტიკებლები ვართ.

– თბილისის მერი იუმორში კარგად ვერ აგყვათ.

– მეც ვთვლი, რომ უფრო სხვანაირად შეიძლებოდა გადაცემის აწყობა და შეიძლებოდა უფრო კრიტიკულებიც ვყოფილიყავით, მაგრამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოვახერხეთ მისი მოყვანა და ამიტომ რაღაც დეტალები დააკლდა.

– არის ვინმე, ვინც არ მოდის თქვენს გადაცემაში, ვინ გიცხადებთ ბოიკოტს?

– თავიდან უფრო იყო თავშეკავება, რადგან ყველას ანტერესებდა, რა პოლიტიკას აირჩევდა არხი. ბოიკოტი არ ყოფილა, მაგრამ უმეტესწილად იყო პასუხი, მოგვიანებით გესტუმრებითო. ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვა და დღეს აღარ სჭირდებათ იმაზე ფიქრი, მოვიდნენ თუ არა ჩემს შოუში.

– როგორც შოუს წამყვანს, მოგწონთ საკუთარი თავი თუ გაქვთ შენიშვნები?

– არამარტო მე ვუყურებ გადაცემას კრიტიკულად, მთელ ჩემს სამეგობროს ვეუბნები, ისე უყურეთ, რომ შემდეგ შენიშვნები მომცეთ-მეთქი. წამყვანობა ჩემთვისაც ახალია, ამიტომ საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ და შევძლებ, გამოვასწორო ყველა ნიუანსი, რომლებიც არ მომწონს.

– იმ დღეს, როცა ეთერში ხართ, დიდი კონკურენციაა. ამ დროს “მთავარ არხზე” გადის “ვანოს შოუ”, “ფორმულაზე” – სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”.

– პარასკევის საღამოს დიდ ხოცვა-ჟლეტაში მოვყევი. თავიდანვე ლომის ხახაში შევყავი თავი, როდესაც პარასკევს ჩავსვით ეს გადაცემა, მაგრამ, ერთი მხრივ, კარგია, რადგან კონკურენცია მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

– “სარკის” ინტერვიუში ვანო ჯავახიშვილმა წარმატებები გისურვათ, როდესაც გაიგო, რომ “ნიკა არაბიძის შოუს” აკეთებდით. პირადად თუ მოგილოცათ?

– პირადი დარეკვით მოლოცვები არ ყოფილა, მაგრამ ინტერვიუების მეშვეობით ერთმანეთს ვეხმიანებით და წარმატებებს ვუსურვებთ. ერთმანეთის მიმართ ცუდად არ ვართ განწყობილი და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

– აღნიშნეთ, რომ საქმე დაგემატათ, ანუ დრო ოჯახს წაართვით?

– კი, ჩემი დრო ნამდვილად დააკლდა ოჯახს. აქამდეც საკმაო პასუხისმგებლობა მქონდა “კომედი შოუში”, მაგრამ საკუთარ გადაცემაში უფრო მეტი მუშაობა მიწევს და მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე.

– მგონი, წონაშიც დაიკელით.

– დიეტები არასოდეს მიყვარდა, მაგრამ ამჯერად ექიმმა დამსვა დიეტაზე ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო. ზოგი ჭირი მარგებელია-სავით წამადგა და ბოლო 2 თვეში 8 კილომდე დავიკელი. ალბათ ნერვიულობამაც თავისი ქნა, დიეტა და ნერვიულობა მისწრება ყოფილა წონაში დასაკლებად.

– თქვენი 11 წლიანი ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ახალ ამპლუას, რას გეუბნებიან?

– ოჯახი გაგებით ეკიდება ჩემს მოუცლელობას. სულ ვეუბნები, კრიტიკულად მიყურეთ და ყოველთვის მითხარით, რა მოგწონთ და რა არა-მეთქი. სხვათა შორის, ცოლი კარგ შენიშვნებს მაძლევს. თავიდან მეუბნებოდა, ნერვიულობა გეტყობა და მოიხსენი, უფრო თავისუფალი იყავი ეკრანზეო. ძირითადად ასეთ მესიჯებს ვიღებ სახლიდან. ჩემს შვილს კი ძალიან მოვწონვარ და კრიტიკულს არაფერს მეუბნება.

– როგორია თქვენი მამაშვილობა?

– აქაც დროის პრობლემა გვაქვს. ვგრძნობ, რომ ძალიან უნდა, მეტი დრო გავატარო მასთან. ახლა ვუხსნი, რომ რთული ეტაპი მაქვს კარიერაში, რთული ეტაპია სამსახურში და ბევრი მუშაობა მიწევს.

მე და დემეტრეს ჭადრაკის თამაში ძალიან გვიყვარს და უნდა ვაღიარო, რომ უკვე მიგებს კიდეც. მე კი ხან ფიგურის მოპარვით, ხან სხვა ხერხებით ვცდილობ, მოვუგო. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ კარგი ადამიანი გაიზარდოს, კარგი კაცი იყოს და, რა პროფესიაც უნდა, ის აირჩიოს. სწავლა უყვარს და იმედია, განათლებაც ექნება.

– იუმორში დაგემსგავსათ?

– კი, კარგი მონაცემები აქვს. პირველ კლასში იყო, როდესაც ჩვენს ტელეკომპანიას ყადაღა დაადეს და ძალიან რთული ფინანსური პერიოდი იყო. ყოველდღე ველოდებოდით, რომ შეიძლებოდა არხი საერთოდ დახურულიყო. ამ დროს ჩემი შვილი მოვიდა და მითხრა, სკოლაში თეატრის აბონემენტები დაარიგეს, 24 ლარი ღირს, მაგრამ ამ ეტაპზე თუ არ გაქვს საშუალება, 18 ლარიანიც არის და 6 ლარს დაზოგავო. ნამუსზე ამაგდო!

ხასიათითაც მგავს, მეც ვიცი ხოლმე სწრაფად გულის მოსვლა და გაბრაზება, ჩემნაირად იბუტება და ორივენი ჯიუტები ვართ.

– დღესაც ისევე ხართ შეყვარებული ცოლზე, როგორც 11 წლის წინ იყავით?

– კი და უფრო მეტად. წლების განმავლობაში, როდესაც ორი ადამიანი ერთად ბევრ პრობლემას გადალახავს, უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.

ცოლი ყველანაირად ცდილობს, გვერდში მედგას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ რემონტი გავაკეთე სახლში. ბუნებრივია, იმის დრო არ მქონდა, მუშებს მუდმივად თავზე დავდგომოდი და მეკონტროლებინა. ყველა საორგანიზაციო საკითხი ჩემმა მეუღლემ საკუთარ თავზე აიღო. ოჯახის ბევრი ყოფითი პრობლემა მე არ მეხება.

– თქვენს სკეტჩებში ხშირად ეხებით ისეთ თემებს, როგორებიცაა სიძე-სიდედრის, სიძე-სიმამრის ურთიერთობები. თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ ცოლის მშობლებთან?

– ძალიან კარგი და ჰარმონიული დამოკიდებულება მაქვს. ჩემი სიდედრ-სიმამრი გურულები არიან. ვერაფრით ვხვდები, სიძე-სიდედრის თემაზე რატომ არის ამდენი ანეკდოტი. ჩემი და ჩემი სიდედრის ურთიერთობა ანეკდოტის თემა ნამდვილად არ არის.