ქუთაისელ შინდლერად წოდებული ნოდარ მიქიაშვილი ემიგრაციაში გარდაიცვალა – ამერიკაში ქუთაისის ყოფილი ვიცემერი ტაქსის მძღოლად მუშაობდა

ქუთაისელ შინდლერად წოდებული ნოდარ მიქიაშვილი ემიგრაციაში გარდაიცვალა - ამერიკაში ქუთაისის ყოფილი ვიცემერი ტაქსის მძღოლად მუშაობდაირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

2019 წლის ბოლოს ამერიკიდან სამწუხარო ამბავი გავრცელდა. ემიგრაციაში გარდაიცვალა ქუთაისის ყოფილი ვიცემერი (2014-2017 წლებში) ნოდარ მიქიაშვილი. ის 39 წლის იყო. მეგობრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. მეგობრების თქმით, სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გული გახდა. ნოდარ მიქიაშვილი ამერიკაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ოჯახს ამით არჩენდა. მას მეგობრები დიდი ტკივილით იგონებენ და ამბობენ, რომ ქვეყანამ პროფესიონალი კადრი დაკარგა, უპირველეს ყოვლისა კი, ის ადამიანების დამხმარე, გულშემატკივარი, გაჭირვებაში მათი იმედი იყო.

ნოდარ მიქიაშვილის მეგობარი, სოფო რაჭველი, “სარკესთან” ყვება:

– ნოდოს 2000 წლიდან ვიცნობდი. ყველაზე მძიმე პერიოდში მედგა გვერდით. მის გარდა არავინ და არაფერი იყო ჩემი იმედი. ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ-მეთქი, სულ ასე ვეუბნებოდი. მუშაობაც მან დამაწყებინა. თუ რაიმეს ვაპირებდი და გეგმა მქონდა, ყოველთვის აზრს ვეკითხებოდი. უჭკვიანესი იყო. ყოველთვის მჯეროდა, რომ კარგს მირჩევდა. შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ჩემი გაჭირვება და პრობლემა გულთან მიჰქონდა.

უანგარო იყო, აკეთებდა, მაგრამ უკან არაფერს ელოდა. ალბათ არც ახსოვდა ის სიკეთეები, რომლებსაც აკეთებდა. მე არ მახსენდება მისი უარი და არამარტო ჩემი, ყველას ტკივილი და გაჭირვება გულთან მიჰქონდა და ალბათ მისმა გულმაც ამიტომაც ვეღარ გაუძლო.

ერთხელ “ფეისბუქში” მეწერა, დედის საფლავზე ვერ მივდივარ-მეთქი – დედის საფლავი 250 კილომეტრის მოშორებითაა. მეორე დღეს დამირეკა, ჩემთან გადმოდიო. გადავედი, ჯიბიდან ფული ამოიღო და მითხრა, სოფო, წადი დედაშენის საფლავზეო. რატომ მიდიან ასეთი ადამიანები, რატომ გვტოვებენ, რატომ გვტკენენ?! ძალიან მიჭირს, ვწერო. მტკივა და მეწვის მისი გარდაცვალება.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. მარტო ის ეყოფა საცხონებლად, რაც ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის გააკეთა. მადლობა, ნოდო, ჩემო ბუთხუშა. შენ საუკეთესო, უანგარო მეგობარი იყავი, იმედი და შველა. დროებით გემშვიდობები, აუცილებლად შევხვდებით იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

“ნოდარ მიქიაშვილი – ერთგვარი ქუთაისელი შინდლერი, რომლის სია ძალიან გრძელი და ტევადი იყო. ახლა რაში მგომარეობდა მისი “შინდლერობა”. როდესაც ნაციონალური მოძრაობა წავიდა და “ოცნება” მოვიდა, ცხადია, ნოდარს არავინ შეხებია, რადგან უნიჭიერესი და უმაგრესი იყო თავის საქმეში. მსგავსი ძლიერი ფინანსისტი არათუ ქალაქს, შეიძლება ითქვას, ქვეყანასაც არ ჰყავდა. თუ ვინმეს უჭირდა, ყველა ნოდარს მიეკედლა და მან ყველას უპატრონა. ზოგი სხვა სამსახურში გადაიყვანა, ზოგზე სხვას სთხოვა, ზოგს კი ბოლომდე დაუდგა გვერდით.

კეთილი იყო, ძალიან კეთილი. გარეთ სახელმოხვეჭილს არაფერი ებადა. ახლა გავიგე, სახლიც არ დარჩენია თავის მშობლიურ ქალაქში. ყოფილმა ვიცემერმა, მაღალი თანამდებობის პირმა ვალის გამო გაყიდა სახლი და ამერიკაში სამუშაოდ წავიდა.

უიღბლოც ყოფილხარ, ნოდარ, ძალიან უიღბლო. სხვებს ახარებდი და აბედნიერებდი, საკუთარი ბედნიერება არც გქონია. შენგან არაფერი რჩება ხალხის სიყვარულის მეტი. ყველას უყვარდა, მლანძღავი არ ჰყავდა, წესიერად იცხოვრა. ნოდარი იყო კაცი, რომელმაც გული ჩასწყვიტა უამრავ ქუთაისელს. ამიტომაც გაგვიჭირდება იმ აზრთან შეგუება, რომ ნოდარ მიქიაშვილი აღარ არის”, – დაწერა ქუთაისის მერიის თანამშრომელმა, თეკო ჭეიშვილმა “ფეისბუქში”.

“არ ვიცი, რა ვთქვა. უბრალოდ არ შემიძლია დაჯერება, რომ ყველაზე ნიჭიერი, ჭკვიანი, ნაკითხი, ღრმა, საინტერესო, განსხვავებულად მოაზროვნე და უსაზღვროდ კეთილი ბიჭი აღარ არის. ამქვეყნად ხომ არ არსებობდა პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ნოდარ მიქიაშვილს არ შეეძლო. ყველაზე რთული, ჩახლართული სიტუაციიდანაც კი მოგიძებნიდა გამოსავალს და ამას ისე მსუბუქად, სულ ღიმილ-ღიმილით გააკეთებდა, რომ ყველა შენი შიში და ეჭვი თავადვე სასაცილოდ გეჩვენებოდა.

გაძლიერებდა თავისი სიდინჯით, ჭკუით, ლოგიკით, მსჯელობით და ყოველ ჯერზე გაოცებდა უსაზღვრო ნიჭიერებით! ზუსტად ვიცოდი, რომ, როდესაც რაიმე მიჭირდა, შემეძლო, მასთან დამერეკა და უცებ თითქოს არსაიდან გაჩნდებოდა სატვირთო მანქანები, ჯებირები, დამხმარე ძალა და, რაც მთავარია, დიდი იმედი! მას ერთადერთი ნაკლი ჰქონდა, რომ თავადაც არ იცოდა, ვინ იყო და რამდენი რამ შეეძლო!

ძალიან დიდხანს უნდა ეცოცხლა და ძალიან ბედნიერი უნდა ყოფილიყო! ეს ბრწყინვალე გონება და ჭკვიანი თვალები არ შეიძლება, რომ აღარ იყოს”, – წერს ნოდარ მიქიაშვილის მეგობარი, თამთა თურმანიძე, სოციალურ ქსელში.

ქვეყნის ფარგლებგარეთ ქართველი ემიგრანტების გარდაცვალების ფაქტები მუდმივად იზრდება. საქართველოს მოქალაქეები ოჯახების, ნათესავების და საკუთარი თავის გადასარჩენად უცხოეთში წასვლას ეშურებიან. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ემიგრაციაში მძიმე და ზოგჯერ დამამცირებელ სამუშაოებსაც არ ერიდებიან, რომ საქართველოში დარჩენილ ახლობლებს ფული გაუგზავნონ.

– თვე არ გავა, ქართველი ემიგრანტი არ გარდაიცვალოს. ამერიკაში ნოდარ მიქიაშვილის გარდაცვალებამ ყველას გული დაგვწყვიტა. პროფესიონალი საჯარო მოხელე სამსახურის გარეშე რომ დარჩა, ამერიკაში წამოვიდა და აქ დაიწყო მუშაობა. საწყალს ოჯახიც არ დარჩა, ცოლი არ ჰყავდა…

როგორ გვინდა ჩვენს სამშობლოში დაბრუნება, ჩვენს შვილიშვილებთან ჩახუტება! “სკაიპით” დაზრდილ შვილიშვილებს ბებიის სიყვარული აღარ აქვთ. უცებ რამე რომ მომივიდეს, კაციშვილი პატრონი არ მყავს, რომ დამეხმაროს. ვთხოვთ ხელისუფლებას, ჩვენი პრობლემებით დაინტერესდეს, – გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი ამერიკაში მცხოვრებმა ელისო დოლიძემ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. ყველაზე მეტი – 450 ათასამდე – რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, 80.000 – საბერძნეთში, 70.000 – უკრაინაში, 50.000 – აზერბაიჯანში, 40.000 –  სომხეთში, 30.000 – ამერიკაში, 20.000 – გერმანიაში, 20.000 – კვიპროსზე, იტალიაში, ისე როგორც ისრაელში  – დაახლოებით 10.000.