ქრისტინე იმედაძე: “ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა”

ქრისტინე იმედაძე: "ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა"ავთო ჩიტიძე, სარკე

მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ ახალ სატელევიზიო სეზონზე არჩევანი კვლავ “რუსთავი-2”-ზე გააკეთა და სხვა შეთავაზებებზე უარი თქვა. უფრო მეტიც, აქამდე თუ კვირაში ერთხელ ჩნდებოდა გადაცემა “სხვა შუადღეში”, ახლა საქმიანობის არეალი გააფართოვა, ბევრი რუბრიკა დაამატა და, რაც მთავარია, მეგა შოუ “დიდი სცენის” ერთ-ერთი წამყვანიც გახდა. ეს სრულიად ახალი გამოწვევაა მომღერლისა და ტელეწამყვანისთვის.

– ქრისტინე, ახალ სატელევიზიო სეზონზე “რუსთავი 2”-ის ეთერში საკმაოდ დატვირთული ხართ. “სხვა შუადღეს” ახლა უკვე “დიდი სცენაც” დაემატა. რას გვეტყვით ამ მეგა პროექტზე, რით არის ის თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი?

– პირველ რიგში, მომეწონა შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც ამ პროექტს აკეთებს, წამყვანები, რომლებთან ერთადაც ვიმუშავებ, ჟიურის წევრები, რომელთა ვინაობის გამხელაც არ შემიძლია, პროექტის ფორმატი, პატარ-პატარა სიურპრიზები და ასე შემდეგ. აი, ამ ყველაფრის ერთობლიობამ განაპირობა ჩემი თანხმობაც და დიდი ენთუზიაზმიც, რომ ამ პროექტში ჩავრთულიყავი.

– თქვენთვის ნაცნობი გარემოა, წამყვანების გუნდში არიან მომღერალი თიკა ფაცაცია და მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი, რომლებთან ერთადაც წლებია “სხვა შუადღეში” მუშაობთ. როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ მათთან? დაახასიათეთ თქვენი თვალით დანახული თიკა და აჩიკო.

– თიკაც და აჩიც ფაქტობრივად ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. “სხვა შუადღემდე” ისინი უკვე იყვნენ ჩემთვის საყვარელი ადამიანები და, რა თქმა უნდა, ამ გადაცემამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

მათ დახასიათებას რაც შეეხება, ვფიქრობ, აქ ყველას ერთი აზრი გვაქვს – ნიჭიერები, ხალისიანები და კარგები რომ არიან, ერი შეთანხმდა. მათ ეს ტესტი მაყურებლის წინაშეც წარმატებით ჩააბარეს. მათთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. მათთან ერთად ყველა საქმის კეთება მიყვარს.

– თქვენც გამოცდილი გაქვთ, რას ნიშნავს კონკურსანტობა. როგორი დამოკიდებულება გაქვთ საერთოდ კონკურსების მიმართ?

– კონკურსების მიმართ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს. ამ დროს პროფესიონალების რჩევებს იღებ, მათთან ერთად მუშაობ საკუთარ თავზე. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, იზრდები, ხასიათს წვრთნი და ასე შემდეგ. საბოლოო შედეგი როგორიც უნდა იყოს, მაინც მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ დიდ გამოცდილებას იძენ.

– რა არის მთავარი ქართულ შოუბიზნესში დამკვიდრებისათვის, როგორი იქნება თქვენი რჩევები კონკურსანტებისთვის?

– არამხოლოდ ქართულ შოუბიზნესში, ზოგადად უმნიშვნელოვანესია ინდივიდუალიზმი, გემოვნება, ნიჭი, საკუთარი თავის პრეზენტაციის უნარი და შრომისმოყვარეობა. ასეთი ადამიანი აუცილებლად დაიმკვიდრებს თავს შოუბიზნესში. ინდივიდუალიზმი პირველ ადგილზეა ჩემთვის! სცენაც და ეკრანიც გამადიდებელი შუშაა, სადაც ძალიან ჩანს სიმართლე, ნამდვილი და ყალბი, ამიტომ მიმბაძველობა დაუშვებელია!

ბევრი კონკურსი ვიცი, სადაც არავის გვახსოვს, ვინ აიღო პირველი ადგილი, მაგრამ თავი ისეთმა დაიმკვიდრა, რომელმაც თავისი ხელწერა წარმატებულად წარმოაჩინა.

– რთული პერიოდი გამოიარა “რუსთავი 2”-მა. რა იყო თქვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, როდესაც არჩევანი ამ ტელეკომპანიაზე გააკეთეთ?

– ჩემი მეგობრების და თანამშრომლების უმეტესობა “რუსთავი 2”-ზე დარჩა. მათი გუნდის წევრი ვარ და სადაც ჩემი გუნდია, მეც იქ ვარ.

– ზოგადად რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?

– საინტერესო. ბევრი საქმე მაქვს, მე კი მიყვარს, როდესაც ბევრი საქმე მაქვს. პარალელურად ჩემს შვილს აქვს ის ასაკი, ბევრი ყურადღება რომ სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობ, საქმეს და ოჯახს შორის დრო თანაბრად გადავანაწილო. თუმცა რამდენად კარგად გამომდის, დაზუსტებით არ ვიცი.

– არც ისე დიდიხნის წინ შექმენით ტანსაცმლის საკუთარი ხაზი. რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით და რა არის მთავარი მოტივი ამ საქმიანობაში?

– “სამი” – ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც თავიდანვე გათვლილი იყო, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქართველი მომხმარებლისთვის. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ ეს პირობა შევასრულოთ, ანუ ვისაც “სამის” სამოსი მოეწონება, მისი შეძენა ყველას შეეძლოს. მთელი ცხოვრება ვამტკიცებ, რომ გეცვას ლამაზად და გემოვნებით, არ ნიშნავს, გეცვას ძვირფასი. “სამი” ამას წარმატებით ამართლებს.

– ბოლო დროს თუ შეგეცვალათ გემოვნება, რაზე თქვით უარი და რა ახალი შეიტანეთ თქვენს სტილში?

– გემოვნება ხშირად მეცვლება, მაგრამ ეს მოდის ტენდენციებზე დამოკიდებული არ არის. მთავარია, მე ვგრძნობდე თავს კომფორტულად და მე მომწონდეს. ტრენდებს ყურადღებას არასდროს ვაქცევ.

– თქვენი შვილი წამოიზარდა. როგორი ეტაპია თქვენს დედაშვილობაში, რა ინეტერესბი აქვს ტაისიას და როგორ ატარებთ ერთად დროს?

– ტაისია დიდი გოგოა, უკვე იმ ასაკშია, როცა მისგან ბევრ საინტერესოს ვიგებ. ძალიან ხალისიანია, მასთან ერთად არ მოიწყენ. მიხარია, რომ ტაისიას სახით ერთგული და კარგი მეგობარი მყავს. მე მგონი, ერთმანეთისგან საიდუმლოებები არ გვაქვს.

– ყოველთვის დიდი ინტერესია თქვენი პირადი ცხოვრების მიმართ, მაგრამ ამ თემაზე არასდროს საუბრობთ. ახლა რა ხდება, არის სიახლეები ამ კუთხით?

– პირად ცხოვრებას იმიტომ ჰქვია პირადი, რომ ასე საჯაროდ არ უნდა ისაუბრო. მე ასე მესმის და ასე ვიქცეოდი ყოველთვის. შეიძლება გარკვეულწილად ამის ბრალიც არის, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. გეტყვით, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს, კარგად ვგრძნობ თავს და არაფერზე ინერვიულოთ.