მასტერი: “მე და ნათია დუმბაძემ იმდენჯერ ვიმღერეთ “ნეკი-ნეკისა”, რომ შევრიგდით” – ვიდეო

მასტერი: "მე და ნათია დუმბაძემ იმდენჯერ ვიმღერეთ  "ნეკი-ნეკისა", რომ შევრიგდით" - ვიდეოერეკლე ხიტალიშვილი, სარკე

გიორგი პავლიაშვილი, რომელიც ქართული რეპის სამყაროში მასტერის სახელით გახდა ცნობილი, შემოქმედებაში არასოდეს იღებს ტაიმ აუტს, გამუდმებით მუშაობს რეპერტუარზე და შედეგიც აქვს.

მასტერისა და ნათია დუმბაძის პირველი დუეტი “არ უყურო დროს” ძალიან მალე იქცა ჰიტად.

გაგრძელდება თუ არა ნათიასა და გიორგის ურთიერთობა მუსიკალურ სამყაროში და რა მოლოდინი აქვს რეპერს, ამის შესახებ “სარკესთან” გიორგი პავლიაშვილმა ისაუბრა.

– გიორგი, როგორ გაჩნდა ახალი კლიპის “ნეკი-ნეკისა” იდეა და რატომ გადაწყვიტეთ ნათია დუმბაძესთან ერთად მუშაობა?

– ჩვენი დუეტი თავიდანვე წარმატებული გამოდგა. პირველი დუეტის შემდეგ (“არ უყურო დროს”) შევამჩნიეთ, რომ ხალხმა მაშინვე აიტაცა სიმღერა, რომელიც, თამამად ვიტყვი, უკვე ეროვნული ჰიტია. მანქანებიდან და ბარებიდან მესმოდა ჩვენი ტექსტი, რაც ენერგიით და სიხარულით მავსებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ახალი შეგვექმნა და გამოვიდა “ნეკი-ნეკისა”, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს.

მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა ასეთ მოკლე დროში ახალი ტრეკის გამოშვება. გაკვირვებული დავრჩი, როდესაც კონცერტზე მისამღერის შესრულებისას მსმენელი ამყვა. ნათიას მიკროფონში ვკითხე, რა ხდებოდა, საიდან უნდა სცოდნოდა ხალხს ტექსტი.

– რატომ დაარქვით “ნეკი-ნეკისა”?

– სპონტანურად დავარქვი, როდესაც ტექსტს ვწერდი. არ ვიცი, უბრალოდ თავში მომივიდა და ძალიან მომეწონა. მინდა, ამ სიმღერამ უამრავი წყვილი შეარიგოს.


– რამდენად კომფორტულია ნათიასთან ერთად მუშაობა? შემოქმედებით პროცესში კამათი ან კონფლიქტი არ მოგსვლიათ?

– ნათიას რომ ახსენებენ, პირველი, რაც მახსენდება, პოზიტივია, თუმცა ვაღიარებ, იყო ერთი შემთხვევა. იმ დღეს კონცერტი გვქონდა და რეპეტიციის დროს ვიკამათეთ. მეგობრულად, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად ვიჩხუბეთ. სწორედ აქ გამომადგა სიმღერის დასახელებაც, საბოლოოდ იმდენჯერ ვუმღერეთ ერთმანეთს მისამღერი “ნეკი-ნეკისა”, რომ სცენაზევე შევრიგდით. ეს ყველაზე ბუნებრივი რამ იყო, რაც მახსოვს.

– არასდროს გავრცელებულა ხმები თქვენს პირად ურთიერთობებზე, არადა თითქმის სულ სიყვარულზე მღერით.

– ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობ, პარტნიორებთან ერთად არ გამოვჩნდე. არ მინდა, ამაზე ხალხმა ილაპარაკოს. პირადი ცხოვრება გამიჯნული მაქვს საქმიანობისგან, მაგრამ ვინც ჩემს სიმღერებს ყურადღებით უსმენს, იქ ყველაფერი ჩანს.

– თქვენი სიმღერების ინსპირაციის წყარო სიყვარულია?

– არ არის აუცილებელი, შეყვარებული ვიყო, რომ სიმღერა მივუძღვნა. შეიძლება ვინმე გავიცნო და წამიერად ჩემს ინსპირაციად იქცეს. უბრალოდ შეუძლებელია, რამდენი სიმღერაც სიყვარულზე მაქვს დაწერილი, იმდენჯერ რომ მყვარებოდა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ გოგოზე დავწერე. ინგლისიდან მოფრინავდა, მაგრამ ჩემთან – არა. საერთოდ ნანახიც არ მყავდა, მაგრამ სიმღერა მივუძღვენი.

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ახლახან დავასრულე ორწლიანი ურთიერთობა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მსურს.

– ყველაზე ხშირად რა ტყუილი გსმენიათ საკუთარ თავზე?

– ხშირად ამბობდნენ, მასტერს სიმღერების ტექსტებს სხვა უწერსო. ადამიანისთვის, რომელიც ჰიპ-ჰოპის მუსიკას ქმნის, ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. ჟურნალისტებს ხშირად ეშლებათ და ამ კითხვას სვამენ, რაზეც ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს რეპერს არასდროს ჰკითხონ, რადგან ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია.

მასტერი: "მე და ნათია დუმბაძემ იმდენჯერ ვიმღერეთ  "ნეკი-ნეკისა", რომ შევრიგდით" - ვიდეო– გიმუშავიათ მსახიობთან და რეპერთან, კახა აბუაშვილთან, იგივე კაბუსთან და აჩიკო ვანიშვილთან, იგივე რეპერ ძვალთან. დღეს სხვა მიმართულება გაქვთ არჩეული და გყავთ საკუთარი ბენდი. რამ შეგაცვლევინათ სტილი?

– მინდა, ექსკლუზიურად გითხრათ, რომ მე და კაბუ სწორედ ახლა ვმუშაობთ ახალ კლიპზე, რომელსაც მაყურებელი იანვარში ნახავს. ჩემს სტილს რაც შეეხება, ამ მხრივ უნივერსალური ვარ, თავს არ ვიქებ, მაგრამ ყველა მიმართულებით ვრეპავ. ახლა საკუთარი ბენდი მყავს. ეს საქართველოში რაღაც ახალია, რაც ჩემს შემოქმედებას უფრო საინტერესოს ხდის.

მინდა, კაბუსა და ძვალზეც ვისაუბრო. ისინი იყვნენ პირველი ქართველი რეპერები, რომლებსაც ვუსმენდი. ჩემი პირველი ალბომიც ძვალის დახმარებით შედგა. ასეთ რაღაცებს კი არასდროს ვივიწყებ.

– ყოფილა პერიოდი, როდესაც გიფიქრიათ ამ საქმისთვის თავის დანებებაზე? ან რომელიმე სიმღერაზე თუ დაგრჩენიათ შეგრძნება, რომ არ უნდა ჩაგეწერათ და შეცდომა დაუშვით?

– არსებობს ორი რამ, რაზეც არასდროს მიფიქრია: სუიციდზე და რეპისთვის თავის დანებებაზე. ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ. არა, ამის გაფიქრებაც არ მინდა!

რაც შეეხება მეორე კითხვას, ყოფილა შემთხვევა, რომ სიმღერას გამოხმაურება არ მოჰყოლია და გული დამწყვეტია, მითქვამს, საერთოდ არ უნდა ჩამეწერა-მეთქი.

– დღეს საქართველოში ჰიპ-ჰოპი რა დონეზეა და რას ურჩევდით დამწყებ რეპერებს?

– რამდენიმე წლის წინ ამას არ ვიტყოდი, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ მაღალ დონეზეა. ძალიან ბევრი ახალი რამ გაკეთდა. დღეს რეპერები უფრო მეტს შრომობენ, ვიდრე ესტრადის მომღერლები, რაც მათ პოპულარობაზეც აისახა – ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მაღალი კლასის ტრეკი იქმნება. ამ მხრივ, ახლა თავს მარტო აღარ ვგრძნობ.

რჩევებს რაც შეეხება, პირველ რიგში, რეპერებს რჩევების მიღება არ გვიყვარს. ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივი შრომა. სულ უნდა წერო, ძალიან ბევრი უნდა შექმნა და მნიშვნელობა არ აქვს, კარგი გამოვა თუ არა. ჯერ უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ და ამით მიზანს აუცილებლად მიაღწევ. არასწორია მიდგომა, წელიწადში 2-3 ტრეკს შევქმნი, მაგრამ ხარისხიანსო. ასე ვერასდროს გაიზრდები.