ლიზა ყენია: “ბიჭებს ჩემთან ურთიერთობა უჭირთ, ჩემ გარშემო შექმნილ სკანდალებზე ძალიან ვხალისობ”

ლიზა ყენია: "ბიჭებს ჩემთან ურთიერთობა უჭირთ, ჩემ გარშემო შექმნილ სკანდალებზე ძალიან ვხალისობ"ავთო ჩიტიძე, სარკე

ლიზა ყენია საზოგადოებამ ისე გაიცნო, როგორც ცნობილი მომღერლის, მაია ჯაბუას, ქალიშვილი. დღეს კი ცდილობს, მომღერალი დედის ჩრდილიდან მთლიანად გამოვიდეს და საზოგადოებას სხვა ამპლუაში წარუდგეს. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შოუბიზნესში აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრით და იმიჯით დაბრუნებულიყო.

21 წლის ლიზა ყენიამ ინგლისურენოვან სიმღერაზე ენერგიული და საცეკვაო კლიპი გადაიღო. იმის დასტურად, რომ ცეკვა და სიმღერა ერთად კარგად გამოსდის, კლიპის პრემიერაზე იცეკვა. ის თავის მომავალს სწორედ ამ ჟანრში ხედავს – ენერგიული, საცეკვაო და შოუზე ორიენტირებული მუსიკალური პროგრამა ექნება.

შოუბიზნესში სერიოზულად აპირებს დამკვიდრებას და ამბობს, რომ ამიერიდან აღარ გაჩერდება. პარალელურად სტუდენტია, ტურიზმისა და ბიზნესის მიმართულებით სწავლობს.

სიმღერის მიღმა ლიზა ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში. თამამ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს და არასოდეს მალავს სასიყვარულო ურთიერთობებს. თუმცა დღეს აღიარებს, რომ მასზე უფრო ბევრი ჭორი იყო, ვიდრე სინამდვილეში ხდებოდა. დღეისათვის მარტოა და მთელი ამბიციები კარიერისკენ აქვს მიმართული.

– ლიზა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შოუბიზნესში განსხვავებული განაცხადით მიიქციეთ ყურადღება. კლიპი, რომელიც წარმოადგინეთ, არის ინგლისურენოვანი, თამამი, სექსუალური, ენერგიული და საცეკვაო. რა ამბიციებით აპირებთ შოუბიზნესში დამკვიდრებას?

– შეიძლება ითქვას, რომ ეს დასაწყისია. რაც აქამდე გამიკეთებია, ერთგვარი გაკვეთილები იყო, რის შემდეგაც დადგა ეტაპი, სერიოზული და ღირებული შევქმნა. კარიერაში ნაბიჯები მყარად უნდა გადავდგა.

– აქამდე ბევრი არასწორი და მცდარი ნაბიჯი გადადგით?

– არა. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე ბევრი შეცდომა დავუშვი, პირიქით, ბევრ პროექტში ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე, მით უმეტეს, ჩემს ასაკთან შედარებით. სერიოზული გეგმები მაქვს, მინდა, რომ ქართულ შოუბიზნესში ჩემი ადგილი ვიპოვო. ეს იყო პირველი კლიპი და ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება.

– რა ადგილს დაიკავებთ ქართულ შოუბიზნესში, რა ნიშას იპოვით?

– მინდა, სიყვარულით ვაკეთო მუსიკა, რომელიც განკუთვნილი იქნება ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველა რასის წარმომადგენლისთვის და მას არ ექნება საზღვრები. ამიტომაც ავირჩიე ინგლისური სიმღერა და მომავალში რამდენიმე რუსულენოვანსაც ჩავწერ. ძალიან დიდი შემართება მაქვს და ვიცი, რომ ჩემი მუსიკით ყველას ავაცეკვებ.

– რატომ გაურბიხართ ქართულ სიმღერებს?

– კი არ გავურბივარ, უბრალოდ ამ ეტაპზე ქართულ პროდუქტს არ ვქმნი. ლონდონში აღმოვაჩინე ადამიანი, სკარზი, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით გამიკეთა საჩუქარი, გამომიგზავნა მუსიკა, რომელზეც სიმღერა და ტექსტი ავაწყვე. საბოლოოდ გამოვიდა სიმღერა, რომელიც ჩემს ხასიათს კარგად გამოხატავს. მუშაობას ამ მიმართულებით გავაგრძელებ და ამ ჟანრში რამდენიმე ჰიტს შევქმნი. შემდეგ აუცილებლად ავმღერდები ქართულად.

ჯერჯერობით ჩემს გონებაში სხვა რიტმები და ენერგიაა, ამიტომაც ვამბობ, რომ შოუბიზნესში მოვდივარ ჩემს უნიჭიერეს მოცეკვავეებთან და უნიჭიერეს ქორეოგრაფთან, ირაკლი ფიფიასთან ერთად. მინდა, თითოეული ჩემი გამოსვლა სცენაზე არსებობდეს. ჩემი სახით ვერაფრით ავიტან დაშტამპულ მომღერალს, რომელიც სცენაზე გაუნძრევლად იდგება ან ქავერებს იმღერებს.

– როგორია დედის, მაია ჯაბუას, განწყობა და შეხედულებები თქვენს მიმართულებაზე, მომღერლის, რომელსაც ქართული სიმღერა ძალიან უყვარს?

– მაიას ყოველთვის სჯერა ჩემი და ყველა წამოწყებას ძალიან პოზიტიურად იღებს. იცის, რომ ქართულ სიმღერას აუცილებლად დავუბრუნდები.

– რა გასწავლათ დედამ, რაც ხშირად გახსენდებათ?

– ის, რომ ყოველთვის შეგიძლია თავიდან დაიწყო და არასდროს არის გვიან.

– გარედან ჩანს, რომ ძალიან განსხვავებული დედა-შვილი ხართ. მაიას მშვიდი ცხოვრება უყვარს, თქვენ კი ძალიან აქტიური ხართ. სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებთ თამამ ფოტოებს. მოკლედ, ხშირად ხვდებით სკანდალების ეპიცენტრში.

– დედაჩემისნაირი გაწონასწორებული მშვიდი კურო ვერ ვარ, მაგრამ რაც დედაჩემს კარგი თვისებები აქვს, ვფიქრობ, რომ დაჭერილი მაქვს და ვიცი, ჩემს პიროვნებაშიც ამას განვავითარებ.

რაც შეეხება ჩემ გარშემო შექმნილ სკანდალებს და ხმაურს, ამ ყველაფერზე ძალიან ვხალისობ. ვთვლი, რომ ეს ჩემი საქმიანობის და კარიერის თანმდევი ნაბიჯია. არც ერთ საკითხს აღვიქვამ ტრაგედიად, რაც შეიძლება ჩემზე დაიწეროს.

– აშკარად გიყვართ საზოგადოების გამოწვევა და საკმაოდ თამამი ხართ.

– ადამიანს სითამამე რომ არ ჰქონდეს, ის არტისტი ვერ იქნება. სითამამე შოუბიზნესში ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა, რომ საკუთარი ადგილი იპოვო. ბავშვობიდან ხმაურიანი ტიპი ვარ. არა მარტო დედაჩემის შვილი ვარ, მშვიდი და წყნარი რომ ვიყო, მამაჩემის შვილიც ვარ და ამაში დავემსგავსე.

– რაში ჰგავხართ ყველაზე მეტად მამას?

– აქტიურობასა და კომუნიკაბელურობაში. შეიძლება ითქვას, რომ ექსცენტრიკულობაშიც მამას ვგავარ.

– ბევრს საუბრობენ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზეც, ხან ვისთან გაწყვილებენ და ხან – ვისთან. ახლა ვინ არის თქვენ გვერდით?

– ამ შემთხვევაში გვერდით არავინ მყავს, მარტო ვარ. ახლა ისეთ კონდიციაში ვარ კარიერული კუთხით, რომ უბრალოდ არც მცალია პირადი ურთიერთობებისთვის. წინა პლანზე სხვა მიზნები მაქვს წამოწეული, მინდა, მყარად დავდგე სცენაზე. თაყვანისმცემლები ყოველთვის ბევრი მყავს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ურთიერთობა არავისთან მინდა.

– რას ეძებთ სიყვარულში და როგორ ბიჭებს ირჩევთ?

– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ თავად ვარ რთული. ჩემთან ურთიერთობა ბევრ ბიჭს უჭირს იმის გამო, რომ რთულიც ვარ და პოპულარულიც. ბიჭების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს. მთავარია, თვითონ იყოს ძალიან შემდგარი და დაკავებული ადამიანი. ასეთი ბიჭი სწორად აღიქვამს შენს მიზნებსაც კარიერაში და სულაც არ გააპროტესტებს, არ შეიქმნის იმისგან პრობლემას, რომ შენ პოპულარული ხარ.

– სიყვარულის გამო სერიოზული სულიერი ტრავმა მიგიღიათ?

– იმედგაცრუება ნამდვილად მქონია, მაგრამ სერიოზული იარები არ დამრჩენია. უბრალოდ, არ მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ ადამიანისგან იმედგაცრუების შემდეგ რაიმე ტკივილი დამრჩენოდა.

– ხშირად წერენ ამა თუ იმ ბიჭზე, რომ თქვენი შეყვარებულია.

– ნახევარზე მეტი ყოველთვის ჭორია. არასოდეს მაქვს ამაზე რაიმე რეაქცია. რაც ჩემს ცხოვრებაში არ ხდება, იმაზე როგორ უნდა გავბრაზდე? ცხოვრებაში ჩემი გეზი მაქვს აღებული. საზოგადოებას ისეთ ლიზას გავაცნობ, როგორიც ვარ. რას იჭორავებენ ჩემზე, ეს ნაკლებად მაინტერესებს.

– როგორი გოგო ხართ რეალურად, როგორი გინდათ, რომ გაგიცნოთ?

– შორიდან ყველას ჰგონია, რომ ცივი, უხეში და “სტერვა” ვარ. სინამდვილეში ვარ ძალიან რეალისტი ადამიანი, ჩემი საქმის ფანატიკოსი, ძალიან უბოროტო და მიყვარს მხიარულება. ყოველი ჩემი ახალი კლიპი და პროექტი ამის დასტური იქნება. ყველა მიხვდება, სინამდვილეში როგორი ვარ.