გიორგი ბარბაქაძე: “შეყვარებული ვიყავი, მაგრამ დავშორდი”

გიორგი ბარბაქაძე: "შეყვარებული ვიყავი, მაგრამ დავშორდი"ირმა ჭკუასელი, სარკე

გიორგი ბარბაქაძე, შეიძლება ითქვას, რომ მაყურებლის თვალწინ გაიზარდა. 10 წლის იყო, როცა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ჯეკოს როლით გამოჩნდა ეკრანზე. ახლა 18 წლისაა. ის პრობლემები, რაც მის გმირს აქვს, გიორგის თანატოლებისთვის უცხო არ არის, ამიტომ ძალაუნებურად მასაც უწევს, ბევრ თემას ჩაუღრმავდეს, ამა თუ იმ საკითხზე იფიქროს. ამასობაში კი დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებს, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი აქვს.

– გიორგი, ამ წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი გმირი, რას ფიქრობთ ჯეკოზე?

– ის კარგი მოსწავლეა, სავარაუდოდ, ათიანებზე სწავლობს. ყოჩაღი ბიჭია. ჩემი გმირი მართალია, დადებითია, მაგრამ საერთოდ არ მგავს. მე სულ სხვაგან ვარ.

– ჯეკოს არაფრით ჰგავხართ?

– არა მგონია. შეიძლება რაღაცებში ვგავდე, მაგრამ აი, კონკრეტულად რაღაც ასპექტებში არ ვგავარ.

– რატომ? ხომ ამბობთ, რომ ჯეკო დადებითი გმირია.

– რეალურად ცხოვრებაში მეც დადებითი ვარ. ახლა უარყოფითი არ მინდა, რომ ვთქვა.

– ზოგადად რას ფიქრობთ ამ სერიალზე, რამდენად ასახავს ადამიანების რეალურ ყოფას?

– კარგი სერიალია, ანუ დღევანდელ რეალობასთან არის კავშირში. დღეს როგორც ვითარდება მოვლენები, ისეთი რაღაცები ხდება სერიალშიც. თემებს არ არის აცდენილი.

– უკვე წლებია ერთსა და იმავე როლს თამაშობთ. ხომ არ მოგბეზრდათ?

– გადაღებები ჩემი ცხოვრების სტილად იქცა და ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ეს პროცესი ძალიან საინტერესოა.

– როგორ ფიქრობთ, სანამ ეს სერიალი გაგრძელდება, თქვენ სულ ითამაშებთ?

– თუ არ “მომკლეს”, კი.

– ჯეკო რატომ უნდა “მოკლან”?

– არ ვიცი, ხდება მაინც. წინასწარ მაინც ვერაფერს იტყვი.

– ამ როლმა დიდი პოპულარობა მოგიტანათ, ალბათ მუდმივად ექცევით ყურადღების ცენტრში. მოგწონთ ეს თუ პირიქით, არ გსიამოვნებთ, როცა ზედმეტად გაკვირდებიან?

– გააჩნია, პოპულარობას როგორი მხრიდან შეხედავ. ხალხთან ურთიერთობაში ძალიან გახსნილი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, მათთან კომუნიკაბელური ვიყო. საერთო ჯამში, მომწონს.

– პოპულარობის გარდა რა მოგცათ ამ სერიალმა?

– პირველ რიგში, გამოცდილება. ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის მსახიობობა. ეს გამოცდილება ალბათ მომავალში რაღაც საკითხებში დამეხმარება.

– სერიალის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება?

– ყოველი დღე თითქმის ერთნაირია. კომპიუტერული თამაშები მიზიდავს და მთელ დღეს კომპიუტერთან ვატარებ. როცა თავისუფალი დრო მაქვს, გარეთ გავდივარ ძმაკაცებთან და ვერთობით.

– როგორი ხართ მეგობრებთან, მათთან ურთიერთობაში რა თვისებებით გამოირჩევით?

– ყოველთვის ყველას მე ვაცინებ, განსაკუთრებული იუმორით გამოვირჩევი.

– რას ფიქრობთ თქვენს თაობაზე, რა მოგწონთ მასში და რა – არა?

– კარგი თაობა ვართ. ზოგს თავში აქვს რაღაც ავარდნილი და ეგ არ მომწონს. უმეტესად კი დადებითი რაღაცების თქმა შემიძლია იმიტომ, რომ რა წრეშიც ვტრიალებ და ვისთანაც ვარ, ყველა კარგი ტიპია.

– რა არის თქვენთვის ყველაზე ღირებული?

– პირველ რიგში, ოჯახი, ძმაკაცები, მეგობრები და ჩემი კატები. 3 კატა მყავს.

– ჯეკომ უკვე გამოსცადა სიყვარული. თქვენ არ ხართ შეყვარებული?

– არა. ახლა თავისუფალი ვარ.

– ანუ ადრე ყოფილხართ?

– კი. მეც 14 წლის ვიყავი და ისიც. თუ რატომ დამთავრდა ეს ურთიერთობა, პირადულია.

– როგორი გოგონები მოგწონთ?

– ასე კრიტერიუმები არ მაქვს. ვიზუალზე მეტად სულიერმა მხარემ უნდა მომხიბლოს.

– სერიალის წინა სეზონში თქვენი გმირი ბულინგის მსხვერპლი გახდა. რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით და ზოგადად რა იწვევს ბავშვებში ასეთ აგრესიას?

– ჩემი აზრით, ეს მშობლების ბრალია. გააჩნია, ბავშვები როგორ სიტუაციაში იზრდებიან და ვისთან ერთად. მაგალითს ყოველთვის მამისგან ან დედისგან იღებენ. მერე, რასაც ოჯახში ხედავენ, ის რეალურ ცხოვრებაში გადააქვთ, იმ გარემოცვაში, ვისთან ერთადაც იმყოფებიან.

– მინდა, შევეხოთ ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელმაც საქართველოში დიდი ხმაური გამოიწვია იმის გამო, რომ ჰომოსექსუალების თემას ეხება. თქვენ რას ფიქრობთ ამ ფილმთან დაკავშირებით?

– ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც უნდა, იმიტომ, რომ თავისუფალი არსებაა. არავის მომხრე და არავის წინააღმდეგი არ ვარ.