“ძმის ცოლმა, თავი უნდა მოვიკლა, მიშველეო – ვალები გადავუხადე, მან კი სიკეთე ბოროტებით გადამიხადა”

"ძმის ცოლმა, თავი უნდა მოვიკლა, მიშველეო - ვალები გადავუხადე, მან კი სიკეთე ბოროტებით გადამიხადა"ძმის ცოლმა გული კი არ მატკინა, დამიფლითა! ვისაც გამოუცდია, რას ნიშნავს, როცა დედმამიშვილებს შორის ვიღაც დგება, რომელიც წყალს ამღვრევს, მიხვდება, ახლა რასაც ვგრძნობ. ძმისთვის სულს არ ვიშურებდი, მას და მის ოჯახს ყოველთვის გვერდით ვედექი, სიკეთის ნაცვლად კი მხოლოდ ბოროტება, წიხლები მივიღე.

ჩემი ძმა ძალიან მკაცრი ადამიანია. ბავშვობიდან არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად რამეს აკეთებენ. მის მიმართ დედაც ასეა, ყოველთვის ყველაფერს ეკითხება. ისე არ იფიქროთ, რომ მონსტრია, უბრალოდ, ყოველთვის ყველაფერი უნდა ჰკითხო.

ცოლს თავიდანვე აუკრძალა მუშაობა. ისიც დათანხმდა, თანაც სიამოვნებით. ჩემს რძალს პროფესია არ აქვს, ამიტომ დარდით დიდად არ შეუწუხებია თავი. შვილებს, ოჯახს უვლიდა და ბედნიერადაც გრძნობდა თავს.

მერე ეს რაღაც ონლაინ გამოწერები, ყიდვა-გაყიდვა რომ დაიწყო, ამ საქმეში ჩაერთო. სახლიდან გარეთ არ გადიოდა, იწერდა რაღაცებს და სახლიდანვე ყიდდა. ისე ააწყო ეს ბიზნესი, რომ სახლის ეზოში პატარა მაღაზიაც გააკეთა. ჩემი ძმა არ უშლიდა, რადგან იქვე, ოჯახში ტრიალებდა. მაღაზიაში დედაჩემიც ეხმარებოდა და ყველა კმაყოფილი იყო.

გარკვეული პერიოდის შემდეგ რაღაცები აერია. როგორც ამბობს, კლიენტებს ბევრი და ძვირადღირებული ნივთი ნისიად გაატანა, მათ ფული არ მოუტანეს. მერე ვიღაცებს რაიონებში გაატანა საქონელი, რომლებმაც გადააგდეს. ბოლოს ჩემი ძმისგან მალულად ბანკიდან კრედიტი გამოიტანა, ამისთვის დედამთილი დაითანხმა, რომ პატარა კომერციული ფართი ბანკში ჩაედო.

მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, ფინანსების მართვას თავი ვერ გაართვა. ერთი ბანკში რომ ვალი დაეფარა, მეორიდან გამოიტანა, მერე იქიდან იქ შეიტანა და ყელამდე ვალში აღმოჩნდა.

ვეღარაფერი რომ ვერ შეძლო, მოვიდა ჩემთან და ტირილი დაიწყო, თავი უნდა მოვიკლა, მიშველეო. გვერდით დავუდექი. აქეთ ავიღე ვალი, მაგრამ იმდენი, რომ გადახდა შემძლებოდა, მეგობრებსაც გამოვართვი ფული, ის საქონელიც გავაყიდვინე და ვალებიდან ამოვიყვანე. ეს ყველაფერი ისე შევძელი, რომ ძმას არ გავაგებინე და არც დედაჩემი ვანერვიულე. ქმარ-შვილმაც ძალიან მითანაგრძნეს და გვერდით დამიდგნენ.

ალბათ ფიქრობთ, რომ რძალმა ჩემი სიკეთე დააფასა. არა, პირიქით, ბოროტებით გადამიხადა. ბევრი რაღაცის ჩამოთვლა შემიძლია, რაც მის უმადურობას დაგანახებთ, მაგრამ მხოლოდ ბოლო შემთხვევას გეტყვით.

ჩემს ბიჭს მუშაობა უნდა დაეწყო ერთ-ერთ სერიოზულ ტურისტულ ფირმაში მძღოლად. უმაღლესი აქვს დამთავრებული, მუშაობს კიდეც კარგ სამსახურში, მაგრამ იმ ტურისტულ ფირმაში უფრო მაღალი ანაზღაურება ექნებოდა. ამიტომ მომზადება დაიწყო, რომ მართვის მოწმობა აეღო სხვა კატეგორიაში, რაც იმ სამსახურისთვის საჭირო იყო.

ჩემი სიხარული რძალს გავუზიარე. ის კი გავარდა და თავისი ძმისშვილი მიიყვანა იმ კომპანიაში. იმ ბიჭს მძღოლობის სწორედ ის კატეგორია ჰქონდა, რაც იმ სამსახურში სჭირდებოდათ. რძალმა უარესიც იკადრა, იმ სამსახურში ჩემს შვილზე თქვა, ცოტა სმა უყვარსო.

მწარედ მოიტყუა. ჩემი შვილი არ სვამს! ძალიან კარგად იცის, როგორი ოჯახის ბიჭია, მაგრამ ეს სიცრუე იმისთვის დასჭირდა, რომ მისი ძმისშვილისთვის უარი არ ეთქვათ.

მითხარით, იმ სიკეთის შემდეგ, რომელიც მას გავუკეთე, ასე უნდა მომქცეოდა?! ჩემი შვილი უკეთეს სამსახურს იშოვის, მაგრამ რძალთან და ძმასთან ურთიერთობას რა ვუყო?! მათ სახლში ფეხს არ დავადგამ!

ვერ მოვითმინე და ყველაფერი წამოვაძახე. ჩემმა ძმამ მაშინ გაიგო, მისი ცოლი რასაც ჩადიოდა ქმრის დაუკითხავად. რასაკვირველია, ცოლს ეჩხუბა. ახლა ესეც ჩემ საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ყველგან ლაპარაკობს, ოჯახს მინგრევდაო.

რა საშინელი ადამიანი მყოლია ოჯახში და არ ვიცოდი! ასეთ რამეს მტერს არ გაუკეთებ, მან კი მულს გაუკეთა, თანაც მასზე თან გადაყოლილს. ის სამუდამოდ დავკარგე, ჩემთვის აღარ არსებობს!

სარკის ერთგული მკითხველი