“დაქალს იმიტომ ვშორდები, რომ სექსუალური პარტნიორი გაიჩინა”

"დაქალს იმიტომ ვშორდები, რომ სექსუალური პარტნიორი გაიჩინა"”ძალიან მიჭირს ამ წერილის მოწერა, მაგრამ იძულებული ვარ, ასე მოვიქცე. ამ ისტორიას ხმამაღლა ვერავის მოვუყვები, მაგრამ წლების შემდეგ ვინმე თუ მეტყვის, მაშინ შენ არასწორად მოიქეციო, ეს წერილი მექნება იმისთვის, რომ თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო. ბაბუ სულ მეუბნება, ისე უნდა იცხოვრო, საკუთარ თავთან მართალი იყოო, ჰოდა, ასეც ვაპირებ.

ბავშვობის მეგობარი მყავს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, მასთან დაშორებას თუ გადავწყვეტდი, მაგრამ ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვარ. დაქალს იმიტომ ვშორდები, რომ მას სექსუალური პარტნიორი ჰყავს.

მეც 17 წლის გოგო ვარ და ისიც. ჩვენ შორის დაფრული არასოდეს არაფერი ყოფილა. ერთ სკოლაში ვსწავლობთ, ერთ კლასში და ერთად უამრავ დროს ვატარებთ. მეგონა, კარგად ვიცნობდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

ერთი წლის წინ შეყვარებული ვიყავი. დაქალმა ჩვენს ურთიერთობაზე ყველაფერი იცოდა. ამ სიყვარულს თავისი ჩარჩოები ჰქონდა, არც პაემნებზე დავდიოდი, არც ერთად ვსეირნობდით. ერთმანეთს სკოლაში ვხედავდით და მერე ტელეფონით ან “ფეისბუქით” გვქონდა ურთიერთობა. ასე რამდენიმე თვე გაგრძელდა და დავშორდით. რაღაც გაუგებრობა მოხდა და ჩვენი ურთიერთობაც დამთავრდა.

იმ პერიოდში ჩემი დაქალი სულ ჭკუას მარიგებდა, მეუბნებოდა, ბევრს ნუ სწერო და ა.შ. მერე კი თვითონ ისეთი რაღაც გააკეთა, რომ…

წელს, სანამ არდადეგები დაგვეწყებოდა, მითხრა, რომ ბებიამისის უბნელი ბიჭი შეუყვარდა. რამდენჯერმე გამომიყენა, მშობლებს უთხრა, რომ ვითომ ჩემთან მოდიოდა და მას შეხვდა. არაფერი მითქვამს, გავუგე და მის ისტორიებსაც ვისმენდი.

ამ ზაფხულში თითქმის აღარ მეკონტაქტებოდა, მხოლოდ რამდენჯერმე მომიკითხა, ისიც ზრდილობის გამო. ხან სად ისვენებდა, ხან – სად და ამასაც ფოტოების მიხედვით ვიგებდი.

სკოლა სანამ დაგვეწყებოდა, ჩემთან მოვიდა და მომიყვა, რომ თავის შეყვარებულთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა. ეს არ მესიამოვნა, ძალიან შევწუხდი, ვკითხე, იმ ბიჭმა ძალა ხომ არ იხმარა. დაქალმა კი მითხრა, რომ ის უზომოდ უყვარს და მხოლოდ მასზე ფიქრობს, მხოლოდ მასთან უნდა.

ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავიგე, ასე პატარა ასაკში სექსუალური პარტნიორი რატომ უნდა გყავდეს. მარწმუნებს, რომ მალე დაქორწინდებიან. იმ ბიჭს თუ დაქორწინება უნდოდა, ჯერ ცოლად მოეყვანა, საყვარლად რატომ გაიხადა?!

დაქალს ვთხოვე, ახლა მაინც მოსულიყო გონს, მაგრამ თითქოს ტვინი გადაეკეტა, არაფრის გაგონება სურს. მე სულ ჭკუას მარიგებდა, როცა შეყვარებული ვიყავი, თვითონ კი ერთი სიტყვის მოსმენა არ უნდა. მებუტება და ნერვებს მიშლის!

ბოლოს ძალიან ვიკამათეთ და ისე დავშორდით. აღარ მინდა მასთან ურთიერთობა, მით უმეტეს, მეგობრობა. არ მივცემ უფლებას, ჩემი სახელი გამოიყენოს, მშობლები მოატყუოს, რომ ჩემთან მოდის და სინამდვილეში თავის ბოიფრენდთან შესახვედრად წავიდეს. არც მისი სასიყვარულო ურთიერთობების მოსმენა მაინტერესებს. ჩვენ სხვადასხვა ინტერესები გვაქვს, არც ერთ სიტყვაში არ ვეთანხმები და მასთან რაღატომ უნდა ვიმეგობრო?!

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დაქალთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა დავასრულე.

სარკის ერთგული მკითხველი”.