“დაქალმა შეყვარებულის ნაჩუქარი ძეწკვი სპეციალურად გამიწყვიტა”

"დაქალმა შეყვარებულის ნაჩუქარი ძეწკვი სპეციალურად გამიწყვიტა"17 წლის გოგო ვარ და, ჩემი აზრით, ეს ის ასაკია, როცა ადვილად ვერავინ მოგატყუებს. თუნდაც ორი ან ერთი წლის წინ საკმაოდ მიამიტი ვიყავი, შემეძლო ნებისმიერ ადამიანს მივნდობოდი და მისთვის ყველაფერი დამეჯერებინა, ახლა კი უკვე ბევრი რამ ვიცი და ჩემი მოტყუება ყველას გაუჭირდება.

ერთი დაქალი მყავს, რომლის მიმართაც დადებითად ვიყავი განწყობილი. მეგონა, რომ შეიძლებოდა თვალდახუჭული მივყოლოდი და არასოდეს მიღალატებდა. ახლა მივხვდი, რომ მარტივი ადამიანი არ არის და ჩვენი ურთიერთობიდან უკვე ისეთი რაღაცები გამახსენდა, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი.

ყოველთვის ცდილობდა, ჩემზე უკეთესი გამოჩენილიყო და ამას აღწევდა კიდეც. ეს არ მწყინდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეუბნებოდა, ამის უფლებას ნუ აძლევო, მე მაინც ვფიქრობდი, ზედმეტი ყურადღების ღირსი არ იყო ეს წვრილმანები და ჩვენს ურთიერთობას არ უნდა შეხებოდა.

შეყვარებული მყავს, რომელიც მართლაც საუკეთესო ბიჭია. დაქალმა თავიდანვე მითხრა, არ მეგონა, შენ თუ აგირჩევდაო. კი, გამიკვირდა, ეს რომ მითხრა, რადგან ცუდი გოგო ნამდვილად არ ვარ და არც ნაკლები ბიჭი შემეფერება, მაგრამ ჩავთვალე, რომ უბრალოდ არჩევანი მომიწონა.

ამის შემდეგ მუდმივად ცდილობდა, ჩვენ ორს შორის მესამე ყოველთვის ის ყოფილიყო. ძალიან აქტიურობდა. ყოველთვის ახერხებდა დომინანტობას. რა თქმა უნდა, ეს არ მომწონდა, მაგრამ არც იმაზე მიფიქრია, რომ მისთვის უნდა ამეკრძალა.

ოქტომბრის დასაწყისში დაბადების დღე მქონდა. შეყვარებულმა ძეწკვი მაჩუქა ულამაზესი გულსაკიდით, რომელზეც თვლებით ჩემი სახელია ამოტვიფრული. ეს სამკაული უზომოდ შემიყვარდა. ერთი დღეც არ ყოფილა, რომ მის გარეშე სახლიდან გავსულიყავი.

საუბრისას დამჩემდა, გულსაკიდზე ხელი მომეკიდა და აქეთ-იქით მემოძრავებინა. დაქალმა რამდენჯერმე ირონიულად მითხრა, სულ ხელი რატომ გიკიდია, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე კი არ მელაპარაკები, შეყვარებულზე ფიქრობ და მას ეფერებიო. გავეხუმრე, ასეც არის-მეთქი.

რამდენიმე დღის წინ დაქალმა საოცარი რაღაც გააკეთა: სკოლაში ერთად ვისხედით, ხელი ჩვეულებისამებრ გულსაკიდზე მეკიდა, შეყვარებულზე ვლაპარაკობდი და თან ვიცინოდი, რადგან ძალიან ბედნიერი ვიყავი.

დაქალს უცებ სახე წამოენთო, ხელი მომკიდა ხელზე და მთელი ძალით დამქაჩა. ძეწკვმა ვერ გაუძლო და გაწყდა. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. ჯერ ავტირდი, მერე ავყვირდი, ეს რატომ გააკეთე-მეთქი. თავი იმართლა, უბრალოდ მინდოდა, გულსაკიდისთვის ხელი გაგეშვა, აზრადაც არ მომსვლია, ძეწკვი სპეციალურად გამეწყვიტაო.

რაც უნდა ის ილაპარაკოს, მისი არ მჯერა! დარწმუნებული ვარ, ძეწკვი სპეციალურად გამიწყვიტა. ახლა იმაზეც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ჩემი შეყვარებული მოსწონს და არ სიამოვნებს, ერთად ბედნიერები რომ ვართ. იმასაც ვხვდები, რომ შეიძლება ცილს ვწამებდე, მაგრამ მისი საქციელი საპირისპიროში მარწმუნებს.

სარკის მკითხველი