ჩინეთში მცხოვრები ქართველი: ,,განიკურნენ, ვირუსი მომაკვდინებელი არ არის”

ჩინეთში მცხოვრები ქართველი: ,,განიკურნენ, ვირუსი მომაკვდინებელი არ არის"ჩინეთში მცხოვრები ქართველი, ნინო გელანტია კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იქ  არსებულ მდგომარეობას აღწერს:

,,ვპასუხობ შეკითხვებს ჩინეთის ვირუსთან დაკავშირებით: მეზობლებს, ნათესავებს  თუ კეთილის მსურველებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ დედაჩემის დაპანიკებისგან. მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს?

1. უამრავი ინფორმაცია, რომლებიც საქართველოში ვრცელდება, არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი; ჩინეთს აქვს უფრო საშიშ ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილება, რესურსი და სტრატეგია, რომ ამდენი ადამიანი საფრთხეში არ გვამყოფოს.

2. ვარ პეკინში, დედაქალაქში. ამჟამად დაინფიცირებულია 22 ადამიანი და არც ერთი გარდაცვლილი; ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათი.

სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრების ტემპერატურა მოწმდება ჩინეთშივე. საჯარო სივრცეებში, სასტუმროებში, სკოლებში გამკაცრდა სანიტარული ნორმები. არ ყოფილა საჭიროება, რაიმე დაწესებულება დახურულიყო.

3. არადაზუსტებული ინფორმაციით, ვირუსი პირველად გავრცელდა ვუხანიდან გველის და სხვადასხვა ეგზოტიკური ხორცის მყიდველ-გამყიდველებისგან. დაინფიცირდა 444, გარდაიცვალა 17 ადამიანი. ყველა 40-90 ასაკობრივი კატეგორია, უმეტესად გარდაცვლილები არიან 80+ . რამდენიმე გამოჯანმრთელებული ადამიანი უკვე მოათავსეს იზოლირებულ სივრცეში, ვირუსი არ არის მომაკვდინებელი. ამ ეტაპზე არც ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო SARS 2003 წელს.

4.შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა, ფრენები ვუხანში და ვუხანიდან. დაიწყება ქალაქის გასუფთავება და შეწამვლა.

5. ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ ან ბრუნდებით საქართველოში, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი და ხორცი. დაიცავით პირადი ჰიგიენა და ატარეთ ქირურგიული პირბადე ან პირბადე N95;

ექიმების პირველადი რჩევაა, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, გავიძლიეროთ იმუნიტეტი და მივიღოთ ბევრი სითხე, რომ შენარჩუნდეს ყელის ტენიანობა“.