,,ჩემი თვალებიდან ეს არასოდეს ამოვა” – ქართველი მხატვარი ნიუ იორკში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს

,,ჩემი თვალებიდან ეს არასოდეს ამოვა" - ქართველი მხატვარი ნიუ იორკში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვესნიუ იორკში ქართველი სიურეალისტი მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაიცვალა. ის ნიუ იორკში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკაში საქართველოს საელჩოს მიმართავს, რომ ნიჭიერი მხატვარი ღირსეულად დაკრძალონ, რომ მერე მისი საფლავი საძებარი არ გახდეს.

„ნიუ იორკში, თავის ბინაში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს ამერიკაში მოღვაწე უნიჭიერესი ქუთაისელი ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური.

ახლა მთავარი პრობლემაა, არ მოხვდეს ის უპატრონოთა სასაფლაოზე, თუ არავინ გამოჩნდა მიმხედავი. მე მოვუწოდებ საქართელოს ელჩს ამერიკის შეერთულ შტატებში, ბატონ დავით ბაქრაძეს, მოახდინეთ დაკრძალვის ღირსეული ორგანიზება. ელჩობა მარტო ის არაა, მილიონი დოლარით გატენილი ჩემოდნებით იარო ბიძინა ივანიშვილის სულწაწყმედილ ლობისტებთან. ელჩობა ჯერ ქვეყნის და ადამიანების მსახურებაა უპირველესად.

ასევე მოვუწოდებ ნიუ იორკში მყოფ ქართულ საზოგადოებას, გამოიჩინეთ ყურადღება, ისე ნუ ვიზამთ, რომ ფიროსმანივით ამ უნიჭიერესი მხატვრის საფლავიც საძებნელი გაგვიხდეს”,  – წერს შალვა ნათელაშვილი.

გულნარა წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, როგორ დაიწყო მისი გზა ემიგრაციისკენ.

-ბოსტონში ტარდებოდა ბიბლიოთეკების დირექტორებისა და საუნივერსეტიტო დარგის მუშაკთა მსოფლიო კონფერენცია. მე შემარჩიეს, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი და 15 აგვისტოს გამოვფრინდი ბოსტონში. დავესწარი კონფერენციას, 11 სექტემბერს ჩამოვედი ნიუ-იორკში, იმ საღამოსვე უნდა გამოვფრენილიყავი საქართველოში. ეს იყო 2001 წლის 11 სექტემბერი, როცა ნიუ-იორკში დიდი ტრაგედია მოხდა…

თაიმს სქვერს ვათვალიერებდი, სადაც მხატვრები სხედან, მაინტერესებდა, რას ხატავდნენ და ამ თვალიერების დროს ატყდა პანიკა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. სასწრაფოდ ჩასხდნენ მანქანებში, მეც ჩამსვეს, წამომიყვანეს. გზადაგზა ვხედავდი პანიკისგან დაშინებულ ადამიანებს, დავინახე, შენობის მე-100 სართულიდან როგორ ხტებოდა ხალხი – ოღონდ არ დამწვარიყვნენ და ასე ამთავრებდნენ სიცოცხლეს. სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ჩემი თვალებიდან არასდროს ამოვა…

მეორე დღეს არ მუშაობდა არც მეტრო, არც აეროპორტი, გამოფრენაზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე აქ დარჩენის გაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩემში დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. ძალიან ბევრი სტრესი გადავიტანე საქართველოში, ბევრი რამ ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა. ამიტომ, არც იყო გასაკვირი ჩემი ეს გადაწყვეტილება. ისეთ გარემოში მიწევდა ყოფნა, უკვე სული მეხუთებოდა, აღარ შემეძლო ამ გარემოში გაჩერება. ამიტომ დავტოვე ყველაფერი და ნულიდან დავიწყე ცხოვრება, – ყვებოდა გულნარა წიკლაური.

პირველი, რაც ამერიკაში დახატე, ეს იყო 11 სექტემბერი. ამ ნახატის ფოტო დღეს კონგრესის ბიბლიოთეკაშია ვაშინგტონში. მან ბევრი გალერეა, გამოფენა მოიარა, ძალიან ცნობილი ნახატია.

,,როგორ წუხდა, განიცდიდა, აღელვებდა სამშობლო… ბევრ რამეზე გულისტკივილი, სინანული გაიყოლა იმიერში… იდეები, ჩანაფიქრები გქონდა, ნახატების ახალ სერიაზე აპირებდა მუშაობას…
და განერიდა სიცოცხლეს ბევრ სურვილსა თუ ნატვრაზე მეოცნებე. მშვიდობით, გულიკო!” – წერს მეგობარი მარინე ქუთათელაძე-ამაღლობელი.

,,ჩემი თვალებიდან ეს არასოდეს ამოვა" - ქართველი მხატვარი ნიუ იორკში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს

გულნარა წიკლაური, ,,საიდუმლო სერობა”

,,ჩემი თვალებიდან ეს არასოდეს ამოვა" - ქართველი მხატვარი ნიუ იორკში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს

გულნარა წიკლარი, ,,11 სექტემბერი”

,,ჩემი თვალებიდან ეს არასოდეს ამოვა" - ქართველი მხატვარი ნიუ იორკში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს

გულნარა წიკლაური, ,,დემოკრატია”

”გულნარა წიკლაური ნიუ იორკში თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი, ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია”