აჩიკო სოლოღაშვილი: “ჩემს ცოლს თიკა ფაცაციას სახით მული დახვდა”

აჩიკო სოლოღაშვილი: "ჩემს ცოლს თიკა ფაცაციას სახით მული დახვდა”ავთო ჩიტიძე, სარკე

მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილისა და მომღერლისა და ტელეწამყვანის, თიკა ფაცაციას, ტანდემი ეკრანზე უკვე 12 წელს ითვლის. თავიდან ისინი სიმღერამ და კონკურსებში მონაწილეობამ დააახლოვა, შემდეგ კი არაერთი მუსიკალური შოუს თანაწამყვანები გახდნენ. “რუსთავი 2”-ზე ეს წყვილი  მეგა შოუში “დიდი სცენა” მთავარი წამყვანია.

12 წლიან მეგობრობასა და ერთმანეთის ხასიათებზე თიკამ და აჩიკომ “სარკესთან” ისაუბრეს.

– რამდენი წლისაა თქვენი ტანდემი?

აჩიკო: 12 წელია, რაც ჩვენ დუეტად ვიქეცით როგორც სცენაზე, ასევე კორპორატიულ საღამოებსა და უამრავ ადგილას. ჩვენი ტანდემის წარმატების მთავარი საიდუმლო ალბათ ის არის, რომ ძალიან პოზიტიურები ვართ. თიკას განწყობა, ხასიათი და ნიჭი მეხმარება, უფრო თავისუფალი და ლაღი ვიყო, რაც მაყურებელს ასე მოსწონს. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია, რადგან ყველაფერზე მოგყვება და მეც ბრმად მივყვები ყველაფერზე.

თიკა: სანამ ჩვენი ტანდემი ჩამოყალიბდებოდა, ჩვენი გზები ხშირად იკვეთებოდა. სულ მიხაროდა იქ მისვლა, სადაც აჩიკო დამხვდებოდა. აჩიკო სოლოღაშვილს ვინც იცნობს, ახსნაც არ სჭირდება, რატომ გინდება ადამიანს, მის კამპანიაში იყო. სადაც ისაა, იქ ყოველთვის არის დიდი გუგუნი, სიცილ-ხარხარი.

ჩვენი პირველი ტანდემი მუსიკალურ პროექტ “იმედის ტალღაში” შედგა და ჩემი თანხმობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ აჩიკოსთან ერთად მომიწევდა ბრძოლა. ის კონკურსი მოვიგეთ კიდეც.

აჩიკო: თიკას გარეშე არ მინდოდა, კონკურსანტი ვყოფილიყავი. ამ პროექტის ქორეოგრაფადაც ვმუშაობდი და ვამბობდი, თიკა თუ არა, მე მხოლოდ ქორეოგრაფად დავრჩები-მეთქი.

– ამ 12 წლის განმავლობაში რა ცვლილებებს ხედავთ ერთმანეთში?

აჩიკო: უფრო გავიზარდეთ და პროფესიულად უფრო დავიხვეწეთ. შეცვლით – ალბათ ნაკლებად, რადგან 12 წლის წინაც არ ვყოფილვართ ბავშვები, სრულიად ჩამოყალიბებულები გახლდით. უბრალოდ დრომ, გამოცდილებამ უფრო მეტი პროფესიონალიზმი მოგვიტანა.

ჩემთვის თიკა უბადლო წამყვანია. ის რომ სცენაზე დგას, მე თამამად შემიძლია, კულისებში ჩემი ადგილი ვიპოვო. ის სცენის დედოფალია.

თიკა: მას არც წლები ცვლის და არც არაფერი, როგორი ნიჭიერიც იყო, ისეთი დარჩა. უბრალოდ დროსთან ერთად თავისი ნიჭის მასშტაბები გაზარდა და უფრო გამოავლინა.

– მთავარი თვისება, რამაც დაგაახლოვათ ან ყველაზე მეტად მოგწონთ ერთმანეთში.

აჩიკო: თიკასთან ყველა თემაზე შემიძლია ლაპარაკი და, რაც მთავარია, არ მეშინია პაუზის, ანუ სიჩუმის. ცუდ ხასიათზე ვარ თუ არა, ხმის ამოღება მინდა თუ არა, ამ დროს თვალებით ვსაუბრობთ და ყველაფერი ლაგდება. ურთიერთობა, სადაც სიტყვები მნიშვნელობას კარგავს, ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია.

ცოტა უინტერესო რესპონდენტები ვართ, რადგან სულ ერთმანეთის ქებაში ვართ. სხვანაირად არ გამოდის, რადგან მაშინ უნდა მოვიტყუო. ერთად რომ კარგად ვართ, ეს ყოველთვის ჩანს და ეს მუხტი ამიტომაც არის გადამდები.

თიკა: მე მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ორივეს გვაქვს, ისაა, რომ სხვებს ჩვენი მათთან ყოფნით ბედნიერება მივანიჭოთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით, სამსახურში თუ სცენაზე. ერთმანეთზე დადებით ზემოქმედებას ვახდენთ.

– რამდენად განსხვავებულია ქალისა და მამაკაცის მეგობრობა? ამბობენ, დაქალები ვერ იმეტებენ ერთმანეთისთვის გულწრფელ კომპლიმენტებსო. დაქალი და ძმაკაცი?

თიკა: ზუსტად ვიცი, რომ აჩიკო ნებისმიერ სიტუაციაში გულწრფელ რჩევას მომცემს. ბევრი ადამიანი არ არის ცხოვრებაში, რომლებიც გულწრფელად გეტყვიან, რა არის შენთვის უკეთესი. არჩილი გამონაკლისია, მით უმეტეს, შოუბიზნესში.

აჩიკო: ჩვენი მიმოწერა ტელეფონში ყოველთვის მთავრდება სიტყვით – “დაო”. ამიტომ მჯერა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის. მე არ მყავს და, მაგრამ ჩემს ცოლს, ნუცას (ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე – ავტ. შენ), თიკას სახით მული დახვდა.

თიკა: აჩიკო დაუფარავად გეტყვის, რა გაქვს შესასწორებელი, რომ უკეთესად გამოიყურებოდე. ჩემთვის გარეგნობაში უცებ ბევრი რამ შეუცვლია, რომ უფრო ეფექტური ვყოფილიყავი. ბევრი ქალი ამას არ იზამს. აჩიკოს ძალიან ესთეტიკური თვალი აქვს და დეტალებს ყოველთვის ამჩნევს. მე არ ვარ ის ტიპი, რომ მუდმივად სარკეში ვიცქირო და ყველა დეტალს რამდენჯერმე დავაკვირდე, სამაგიეროდ, აჩიკოა ჩემი სარკე.

აჩიკო: შეიძლება თიკა რომელიმე გადაღებისთვის ძალიან კარგი ვარცხნილობით მოვიდეს, მაგრამ არ იყოს გადაღების თემის ხასიათთან. ამ დროს ჩემი ორი ხელით ვიწყებ მისი ვარცხნილობის შეცვლას. რაც მთავარია, თიკა ამ დროს სრულად მენდობა.

– მძიმე განწყობაზე ყოფნის დროსაც უგებთ ერთმანეთს?

აჩიკო: მძიმე განწყობა, რა თქმა უნდა, გვაქვს ხოლმე, მაგრამ ერთმანეთს არ ვახვევთ თავს და წეღან სწორედ ამ კომფორტზე ვისაუბრე. როდესაც თიკა ხვდება, რომ ლაპარაკი არ მინდა, არც მკითხავს, რა მჭირს. იცის, რომ თუ არ მინდა ლაპარაკი, არ მინდა და მორჩა.

– შეიძლება ერთმანეთის მესაიდუმლეებიც გიწოდოთ?

თიკა: კი, აჩიკოს ცხოვრებიდან ბევრი ისეთი დეტალი ვიცი, რომლებზეც არავისთან საუბრობს. ძალიან ემოციურია, ყველაფერს განიცდის, მაგრამ მის თვალზე ცრემლი არასდროს მინახავს. აჩიკოს ყოველთვის აქვს უნარი, თავად დაალაგოს ყველაფერი. უბრალოდ, ჩემთან თავის ფიქრებს გულიდან ამოთქვამს ხოლმე.

აჩიკო: თიკასთვის ისეთი რაღაც მითქვამს და გამინდვია, რაც არასდროს არავისთვის მითქვამს. სხვა მეგობრებს კი არ ვაკნინებ, მაგრამ არის რაღაც, რაშიც თიკა უფრო გამიგებს.

– სხვა მეგობრები ხომ არ ეჭვიანობენ თქვენს ასეთ სიახლოვეზე?

აჩიკო: არა, ასე არავინ გვყავს გადამტერებული, დროს ყველასთვის კარგად ვანაწილებთ.

– ერთი თვისება რომ ავიღოთ, რას გამოუსწორებდით ერთმანეთს?

აჩიკო: თიკას უჭირს უცებ გადაწყვეტილებების მიღება და ამას შევცვლიდი, თუმცა, ხანდახან ვფიქრობ, ამაშიც ცუდი არაფერია, რადგან ზოგჯერ შეცდომა სწორედ სწრაფი გადაწყვეტილებისას დამიშვია.

თიკა: ისიც თქვი, რომ სხვების გავლენის ქვეშაც ადვილად ვექცევი.

აჩიკო: კი. თიკას ხასიათში არაფერს შევცვლიდი, ცოტა კორექტირებას გავუკეთებდი.

თიკა: მე არც ვიცი, რა შევცვალო აჩიკოში.

აჩიკო: ცოტა სიმაღლე მომიმატე და მეტი არაფერი.

– სიმაღლე პრობლემაა? ხომ არ გაკომპლექსებთ მაღალი თიკა?

აჩიკო: სიმაღლის გამო კომპლექსი არასოდეს მქონია, თიკასთან მიმართებაში ეს მხოლოდ სახუმარო თემაა. ვგიჟდები და ვაფრენ იმაზე, რომ თიკა ჩემზე მაღალია. ჩვენი ტანდემის ხიბლიც სწორედ ეს არის.

თიკა: აჩიკოს კაცისთვის ძალიან სასურველი სიმაღლე აქვს. მე მაქვს ქალისთვის ზედმეტი სიმაღლე.

– თიკა, ამ ბოლო დროს უფრო დაბალძირიან ფეხსაცმელებზე გადახვედით. თქვენს სიმაღლეს არ გინდათ ხაზი გაუსვათ?

თიკა: საერთოდ არ ვფიქრობ, რომ დასაკომპლექსებელია ან ჩემი სიმაღლე, ან მაღალი ქუსლები. დღეს გავზომე ჩემი ერთი ფეხსაცმელი და 13 სანტიმეტრიანი ქუსლი ჰქონდა. უბრალოდ ბოლო დროს კომფორტის გამო ჩამოვედი ქუსლებიდან. მაღლებზე ვიღლები და მირჩევნია, დაბალ ქუსლებზე ვიარო.

– თიკა, რა არ ვიცით აჩიკოს შესახებ?

თიკა: ეკრანზე ყველაფერი ძალიან მარტივი და ბრჭყვიალა ჩანს. ამის უკან კი ძალიან დიდი შრომა დგას. აჩიკო არის ძალიან მშრომელი ადამიანი მულტიშესაძლებლობებით! მაკვირვებს, იმდენ რამეს ახერხებს.

აჩიკო: სხვათა შორის, მინდა, თიკას ერთი კარგი კლიპი გადავუღო, ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია. ამაში კარგი სპონსორი გვჭირდება.

– აჩიკო, თქვენც იმავეს გკითხავთ: თიკაზე რა არ ვიცით, რაც ეკრანზე არ ჩანს?

აჩიკო: არ ვიცი, რამდენად ჩანს ეკრანზე, როგორი დედა და როგორი მეუღლეა. თუ ეს არ ჩანს, მაშინ მკითხველს ვეტყვი, რომ თიკა, პირველ რიგში, ფანტასტიკური მეუღლე, არაჩვეულებრივი დედა და ასევე ფანტასტიკური მეგობარია.