20 წლის ბექა გელაძე მეეზოვედ მუშაობს: “სტუდენტი ვარ და ჩემთვის თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს”

20 წლის ბექა გელაძე მეეზოვედ მუშაობს: "სტუდენტი ვარ და ჩემთვის თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

20 წლის ბექა გელაძე დილის 7 საათიდან თბილისის ქუჩების დასუფთავებაზე ზრუნავს. 18 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა და მეეზოვე გახდა. პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს. ასე ცდილობს, საკუთარი ცხოვრება დაალაგოს, დრო ფუჭად არ დაკარგოს. მოსწონს, რომ საკუთარი შემოსავალი აქვს და “სარკეს” დეტალურად უყვება თბილისელი მეეზოვის არცთუ მარტივ სამუშაოზე.

– ბექა, რამდენი ხანია, რაც თბილისის დასუფთავების სამსახურში მუშაობთ?

– 2 წელი და 6 თვეა. 18 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. საკუთარ თავთან პრეტენზია გამიჩნდა, მსურდა, ჩემი შემოსავალი მქონოდა, ბოლომდე მშობლებზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული და საკუთარი თავი მერჩინა.

სხვათა შორის, პირველ მორიგეობაზე, ანუ, როცა მუშაობა დავიწყე, დაბადების დღე მქონდა. სტუდენტისთვის თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც გადავწყვიტე, ქალაქის მეეზოვე ვყოფილიყავი.

– რომელ საათზე იღვიძებთ, როდის იწყება თქვენი სამუშაო დღე?

– ყოველ დილით 6-ის ნახევარზე ვიღვიძებ, 7 საათზე კი უკვე მუშაობას ვიწყებ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე ისე შევეჩვიე დილით გაღვიძებას, რომ დასვენების დღესაც თავისით მეღვიძება. უნივერსიტეტში საკუთარი ცხრილი მაქვს და ლექცია-სემინარებს მაშინ ვესწრები, როცა სამსახურში არ ვარ.

– ალბათ დამღლელია თქვენი სამუშაო.

– საკმაოდ შრომატევადია, ფეხით სიარული გვიწევს. ზამთარში, როცა მუშაობას ვიწყებთ, ძალიან ცივა, მაგრამ ისეთი სამუშაო ფორმა გვაქვს, ვუმკლავდებით. განსაკუთრებით რთული ზაფხულში მუშაობაა, როცა მზისგულზე ალაგებ. პერიოდულად ეწყობა ხოლმე ე.წ. შაბათობები, რომ ქალაქი უფრო სუფთა იყოს.

ზამთარში ქუჩაში მარილის გაშლაც ჩვენ გვეხება. ჩვენს სამსახურში სამი შტატია: დილის დამგველის, რომელიც საქმეს დილის 7-ის ნახევარზე იწყებს, 9 საათამდე მუშაობს და მას მხოლოდ ტრასა აქვს დასალაგებელი; მეეზოვის, რომელიც დილის 8-დან 12-მდე მუშაობს და კორპუსებს ალაგებს. ჩემი კი არის სპეცბრიგადა, რომელსაც კორპუსების დალაგებაც ეხება, სკვერისაც და ტრასისაც.

– როგორი სტუდენტი ხართ?

– საუკეთესო სტუდენტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი იდეალურად გავაკეთო, რაც მევალება. რა თქმა უნდა, უფრო მეტია საჭირო.

– რა თანხა შეგაქვთ ყოველწლიურად უნივერსიტეტში?

– საბედნიეროდ, ჩემს ფაკულტეტს სახელმწიფო აფინანსებს, რაც ძალიან მიწყობს ხელს. უნივერსიტეტში არაფრის გადახდა არ მიწევს.

– საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობას ფიზიკური შრომა ეთაკილება. მეგობრები, თანატოლები როგორ უყურებენ თქვენს საქმიანობას?

– სხვათა შორის, ჩემი თაობის ახალგაზრდებს არანაირი შრომა არ ეთაკილებათ, ძალიან შრომისმოყვარეები არიან, რაც მახარებს. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ, რომლებსაც რცხვენიათ, მაგრამ ასეთი ადამიანები ჩემს სამეგობროში არ მოიძებნებიან.

– როგორია საზოგადოების რეაქცია, როდესაც მეეზოვე ბიჭს ქუჩაში გხედავენ?

– პირველივე დღიდან, როცა მუშაობა დავიწყე, ხალხისგან ძალიან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ. ამან შემიწყო ხელი, იმ სირთულეებს გავმკლავებოდი, რაც მუშაობის დროს გვხვდება. მე სადაც მუშაობა მიწევს, იქ უკვე თითქმის ყველას ვიცნობ და თითოეულთან კარგი ურთიერთობა მაქვს. უმეტესობა ჩვენს შრომას უფრთხილდება, ცდილობენ, ქალაქი არ დაანაგვიანონ, რაც ნამდვილად დასაფასებელია. უფრო დიდ მუხტს გრძნობ, როცა ხედავ, რომ შენი შრომა ფასდება და შედეგი მოაქვს.

– რა რეაქცია ჰქონდა ოჯახს, როდესაც უთხარით, რომ ჯიბის ფულისთვის მეეზოვეობა გადაწყვიტეთ?

– ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან კარგად შეხვდნენ. ოჯახისგან ვისწავლე შრომის ფასი და სიყვარული. ისინიც ხელს მიწყობენ, როგორც შეუძლიათ. ვთვლი, რომ ეს ჩვეულებრივი სამსახურია. დღის 3-ის ნახევარზე თავისუფლდები და კიდევ ბევრი რამის მოსწრება შეგიძლია, თუნდაც სწავლის. ასე რომ, ჩემს საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.

– საინტერესოა, როგორია თქვენი პირადი ცხოვრება. ახალგაზრდა ბიჭს სიყვარული უკვე გეწვიათ?

– დაოჯახებული არ ვარ. ოჯახის შექმნამდე ბევრი რამ მაქვს მოსასწრები. ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს, თავის ცხოვრებაში ყველაფერი დაალაგოს და თავის შვილებს სათანადო პირობები შეუქმნას განვითარებისთვის.

– როგორი უნდა იყოს გოგო, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს?

– აუცილებლად განათლებული, შრომისმოყვარე უნდა იყოს, ასევე – დახვეწილი და კეთილი. ბავშვებთან ურთიერთობა უნდა უყვარდეს.