როგორ იხოცებოდნენ გლდანში ორსული ქალები

როგორ იხოცებოდნენ გლდანში ორსული ქალებიხათუნა მაღრაძე, სარკე

1982 წლის 11 მაისს მილიციის განყოფილებაში დარეკეს და მორიგეს შეატყობინეს, რომ გლდანის ერთ-ერთ დასახლებაში, მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში, ტომარაში ჩატენილი ცხედარი იპოვეს. ორდღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად, წყალი სარდაფში შევარდა და ცხედარი ამოატივტივა.
პირველადი მოკვლევით, გარდაცვლილი 30 წლის ქალი იყო. გამოძიების პროცესში კიდევ ერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა – სხვა მსვერპლიც აღმოჩნდა დანაშაულის იმავე ხელწერით.

ორი გვამი
– საქმეს კაბინეტში ჯდომით ვერ გახსნი, პროკურორი დარჯანია თავზე წამოადგა გამომძიებელ ოთარაშვილს, რომელიც ფოტოებსა და არქივიდან ამოტანილ ქაღალდებს ათვალიერებდა.
– მეზობლები   დაკითხე, მაღაზიის გამყიდველი, მეეზოვე, უბნის ლოთები, ჭორიკნები, უსაქმურები – პროკურორი ოთარაშვილს უძილო თვალებით უყურებდა – ამ ადამიანებს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენი განყოფილების თანამშრომლებს, გასაგებია? – თქვა პროკურორმა.
– გასაგებია. უბრალოდ კავშირის პოვნას ვცდილობდი, 2 წლის წინ ამ კორპუსთან, რამდენიმე მეტრის დაშორებით, კიდევ ერთი გვამი იპოვეს. მგონია, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთთან კავშირში არის – თქვა ოთარაშვილმა – მსხვერპლი იმ საქმეშიც ახალგაზრდა ქალია.
– 2 წლის მკვდარი სად გაგექცევა? გამოძიება ახალი დანაშაულით უნდა დაიწყო, ცხელ კვალზე.
ოთარაშვილი მიხვდა საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.
– ცხედარი, რომელიც გუშინ სარდაფში ვიპოვეთ 28-30 წლის ქალს ეკუთვნის, საშუალო სიმაღლის, შავთმიანს. მსგავსი აღწერილობის ადამიანი იმ კორპუსში არავის ეცნობა. ახლომახლოც არავინ დაკარგულა. საიდან გაჩნდა გვამი, ძნელი გასარკვევია. სავარაუდოდ, ვიღაცამ მიათრია და დატოვა.
პროკურორი კარს მოშორდა და გამომძიებელს შეხედა.
– მკვლელმა ქალი ჯერ სიცოცხლეს გამოასალმა, შემდეგ ტომარაში ჩატენა და ზურგზე მოკიდებული ნახევარი ქალაქი შემოირბინა, რომ ჩვენს რაიონში მოეტანა და ამ მიტოვებულ სარდაფში ჩაეგდო.
– გიორგევიჩ, მე ეს არ მითქვამს, თუ ამ ორ საქმეს შორის კავშირი დადგინდა, საქმის გამოძიება ადვილი იქნება.

ავარია
ამ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე, თბილისში, სანაპიროზე ავარია მოხდა. საჭესთან ქალი იჯდა – დოდო ცინცაძე. გამოუცდელი მძღოლი ნაწვიმარ გზაზე მოსრიალდა, მძღოლი გადარჩა უვნებლად, ხოლო მისი ქმარი ეტლს მიეჯაჭვა. დოდო ცინცაძე თავს ევლებოდა ქმარს, მაგრამ დროსთან ერთად დანაშაულის შეგრძნება გაქრა და თანამშრომელთან ნიკა სახვაძესთან გააბა რომანი.

არასასურველი ბავშვი
საყვარლებს შორის ყველაფერი გარკვეული იყო მანამდე, სანამ არ აღმოჩნდა, რომ დოდო ორსულად იყო.
სახვაძემ გადაწყვიტა, საყვარელი ქალი გინეკოლოგთან წაეყვანა და არასასურველი ბავშვი მოეშორებინათ.
მეორე დღეს, როცა წყვილი ერთმანეთს შეხვდა, დოდოს სიცხე ჰქონდა, როგორც გაირკვა, მას მძიმე ვირუსი ჰქონდა, ამიტომ გინეკოლოგმა აბორტის გაკეთებაზე უარი უთხრა.

პროზექტურაში
ამონაწერი პათანატომიის დასკვნიდან:
„გარდაცვლილი 27-30 წლის ქალია. სხეულის არეში დაზიანებები არ ფიქსირდება, რაც გამორიცხავს ძალადობას. უჯრედული ქსოვილის გამოკვლევისას დადგინდა, რომ სიკვდილის მომენტში ის ძლიერი გამაყუჩებლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გვამი დაზიანებულია, სავარაუდოდ, მღრღნელების მიერ.
გამომძიებელმა რამდენჯერმე წაიკითხა დასკვნა და ფურცელი გვერდზე გადადო.
– სიკვდილის მიზეზზე არაფერი წერია – თქვა ოთარაშვილმა.
– მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, ის სისხლისგან დაიცალა, შეიძლება ამის მიზეზი ფეხმძიმობის შეწყვეტა იყო, გვამი ისეთ მდგომარეობაშია, დასკვნას ვერ გავაკეთებთ – უთხრა პათაანატომმა.

ჭორიკანა ინფორმატორი
სარდაფის მისასვლელი ჯერ ისევ მილიციის ლენტით იყო გადაკეტილი. გამომძიებელს ჭაღარა ქალი მიუახლოვდა და უთხრა: აქ ტყუილად დგახართ, ორი დღეა ვუთვალთვალებ და არავინ გამოჩენილა.
გამომძიებელი მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ინფორმირებული ჭორიკანა.
– ბოლო დროს საეჭვო ხომ არაფერი შეგინიშნავთ?
ოთარაშვილმა ქალისგან მთელი სამეზობლოს ამბავი გაიგო. ამ დროს სადარბაზოში ერთი მამაკაცი შევიდა.
– აი ღირსეული ადამიანი, ექიმია, ბრწყინვალე გინეკოლოგი, მაგრამ გამოუშვეს სამსახურიდან. ამ ქვეყანაში კარგი კადრი არავის სჭირდება – თქვა ქალმა.
ოთარაშვილს ქალის ატანა აღარ შეეძლო და იქაურობა დატოვა.

მოულოდნელი სტუმარი
როცა გამომძიებელი განყოფილებაში დაბრუნდა, ოპერმუშაკისგან გაიგო, რომ მათთან შშმ პირის ეტლს მიჯაჭვული კაცი იყო მისული, რომელიც ცოლს ეძებდა. ეს მამაკაცი გახლდათ დოდო ცინცაძის ქმარი ამირან ჯანჯღავა.
როგორც გაირკვა, როდესაც დოდო ცინცაძე ვირუსისგან გათავისუფლდა, გადაწყვიტა, აბორტი გაეკეთებინა, თუმცა, ამაზე ვერც ერთი ექიმი დაითანხმა. საყვარელმა მამაკაცმა ის გლდანში მიიყვანა სამსახურიდან გათავისუფლებულ გინეკოლოგთან, რომელიც გასამრჯელოს სანაცვლოდ, აბორტის გაკეთებას დათანხმდა, თუმცა, როცა პაციენტს ნარკოზი გაუკეთა, მას მოულოდნელი სისხლდენა დაეწყო.
ექიმს გაახსენდა ორი წლის წინანდელი შემთხვევა, როდესაც 24 წლის გოგონა შემოაკვდა, რომელმაც აბორტის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მშობლებს არ გაეგოთ მისი ორსულობა.
დოდო ცინცაძე გინეკოლოგის მაგიდაზე გარდაიცვალა. ექიმიც და ნიკა სახვაძეც შოკში ჩავარდნენ, სახვაძემ ექიმს უთხრა, ერთი დღე შენთან იყოს გვამი, ხვალ მოვალ და ქალაქგარეთ გადავმალავო, თუმცა ის აღარ მისულა გლდანში. ამიტომ ექიმმა გვამი სარდაფში გადამალა.
სასამართლო განაჩენის მიხედვით, გინეკოლოგმა ბრალი აღიარა, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხოლო ნიკა სახვაძე დანაშაულის დაფარვისთვის 5 წლით დააპატიმრეს.