ნინო მაჭარაშვილი: ,,დასავლური კულტურისთვის ქართული თანამედროვე ხელოვნების სცენა ძალიან საინტერესოა”

ნინო მაჭარაშვილი: ,,დასავლური კულტურისთვის ქართული თანამედროვე ხელოვნების სცენა ძალიან საინტერესოა",,ნიუ იორკში ცხოვრების თითქმის 14 წლის განმავლობაში ქართველი მხატვრების გამოფენები სად არ მინახავს… პირველი და უფრო მაღალი, ფანჯრებიანი თუ შეუმინავი სართულების გალერეებსა და “ბეისმენტშიც”, მაგრამ არასდროს – ისეთ ტერიტორიაზე, საიდანაც წყლის განაპირა ნიუ იორკი ისე ჩანს, როგორც ხელის გულზე… და თითქოს თავადაცაა ექსპონატიცა და დამთვალიერებელიც. და თუ ღამის, შემოდგომის, აცივებული დიდი ვაშლის ქალაქი გიყვართ, თვალისთვის ცათამბჯენების შუქის პატარა და დიდწერტილებიანი “წყლის დასალევად” ჰადსონის მეორე ნაპირზე, ნიუ ჯერსის მხრიდან კარგად შერჩეული მაღალსართულიანი ბუდე ყველაზე მოსახერხებელი ადგილია”, – ასე იწყებს თავის სტატიას ია მერკვილაძე ,,ნეტგაზეთში” და აგრძლებს თხრობას წარმატებულ ქართველებზე, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ქართულ ხელოვნებაში. ავტორი წერს:

-სწორედ ასეთ ადგილზე, ნიუ ჯერსის ქალაქ ვესტ ნიუ იორკში, ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო, მე–13 სართულზე, ჯერ დაუსახლებელ, თითქმის ყველა მხრიდან შემინულ პენტჰაუსში გაიმართა გამოფენა (კურატორი ნინო მაჭარაშვილი) სახელწოდებით “კულტურული იდენტობების მიღმა”, სადაც 11 არტისტის ნამუშევარი გამოიფინა, მათ შორის, ხუთი – ქართველის.

ხელოვნებათმცოდნე ნინო მაჭარაშვილი FLAG Art Group-ის (2019) დირექტორი და კურატორია. ის რამდენიმე თვეა თბილისიდან საცხოვრებლად ნიუ ჯერსის შტატში გადმოვიდა.

2018–19 წლებში ნინო მაჭარაშვილი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კურატორი იყო, მანამდე კი თანამედროვე ხელოვნების გალერეა Project ArtBeat-ში მუშაობდა, რომლის ეგიდითაც 50–მდე სოლო და ჯგუფური გამოფენის ორგანიზატორი იყო გალერეის საგამოფენო სივრცეში, მოძრავ გალერეაში, მუზეუმებსა და საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობებზე.

მან თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები ისეთ არტბაზრობებზე წარადგინა, როგორებიცაა: Contemporary Istanbul – სტამბულში; Art Dubai – დუბაიში; Kyiv Art Week – კიევში და Art Vilnius – ვილნიუსში. ნინო მაჭარაშვილი არის სახელოვნებო რეზიდენციის ,,არქეიდი“ დამფუძნებელი.

2017 წელს მისი კურატორობით მოეწყო “არქეიდის” პირველი გამოფენა სოფელ ობჩაში, მიტოვებული ღვინის ქარხნის შენობაში. გამოფენას “ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდმა”  ყველაზე კრეატიული პროექტის ნომინაციაში ჯილდო გადასცა. ნინო მაჭარაშვილის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ჩანაფიქრი გახლდათ კურატორ ჯერემი გეილსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროქტი Shots Across the Plane (“კადრები თვითმფრინავის გადაღმა”), რომელიც თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2018 წლის მაისში გაიმართა. ვიდეონამუშევრების გამოფენა ისეთ ცნობილ ხელოვანებს აერთიანებდა, როგორებიც არიან: პიპილოტი რისტი, ჰიტო შტეიერლი, ჯანეტ ბიგსი, თამარა კ.ე., დანა სედეროვსკი და თამარ ჩადუნელი.

– ნიუ ჯერსიში დაფუძნებული FLAG Art Group ახალი ინოვაციური ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და არტისტების მხარდამჭერ კრეატიულ მარკეტინგულ გაერთიანებას“ – მიყვება ნინო მაჭარაშვილი, “–  FLAG-ის ონლაინ გალერეა სახელოვნებო პლატფორმა Artsy.net – ზეა წარმოდგენილი. გამოფენის გახსნასთან ერთად FLAG-ის პირველი კატალოგის პრეზენტაციაც შედგა. ინგლისურენოვანი ალბომი 20–მდე თანამედროვე ხელოვანის შემოქმედებასა და არტპროფესიონალების მიერ თანამედროვე ხელოვნების თემაზე დაწერილ სტატიებსაც აერთიანებს. მაგალითად, ქართველი კურატორის, მარიამ ოთხმეზური–ჩარლტონის სტატია მხატვარ ლევან მინდიაშვილზე და ასევე Project ArtBeat- ის დამფუძნებლების ნათია ბუკიასა და სალომე ვახანიას საუბარი.

გალერეის დებიუტი თანამედროვე ხელოვნების სცენაზე განსხვავებული კონცეფციის გამოფენით “კულტურული იდენტობების მიღმა” შედგა. ექსპოზიციამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული თანამედროვე ხელოვანი გააერთიანა, განთავსების ადგილად კი შეირჩა არა ტრადიციული არტსივცრე, არამედ – საცხოვრებელი ადგილი, ორიგინალური კომპლექსი სახელად Nine on the Hudson (ცხრა ჰადსონზე). ღონისძიება მსოფლიო კულინარიული ხელოვნების, ღვინის კოლექციებისა და მუსიკალური მრავალფეროვნების ფონზე წარიმართა. ჟღერდა კლასიკური მუსიკა, ჯაზი და ბოსა ნოვა…

-განვითარების და ცნობადობის რა სტადიაშია ქართული მხატვრობა და როგორია მისი ადგილი თანამედროვე დასავლურ კულტურაში?
-თანამედროვე დასავლური კულტურისთვის ქართული/თბილისის თანამედროვე ხელოვნების სცენა ძალიან საინტერესოა. ამას განსაკუთრებით მაშინ ვაცნობიერებდი, როცა ქართველ ხელოვანებს საერთაშორისო არტგამოფენებზე წარვადგენდი. ძალიან დიდი ინსტერესი იყო კოლექციონრების, კურატორებისა და მედიის მხრიდან. 2018 წლის მაისის თვიდან თბილისში იმართება თბილისის ხელოვნების ბაზრობა, რომელშიც ქართულ გალერეებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გალერეები და არტისტები  მონაწილეობენ…

-რა პერსპექტივები უჩნდებათ მხატვრებს ამგვარი გამოფენის შემდეგ?
-ეს  გამოფენა–გაყიდვაა და, იმედი გვქონდა, რომ ქართველი და სხვა ეროვნების მხატვრებით ამერიკელი კოლექციონრები და მუზეუმები დაინტერესდებიან და ასეც მოხდა. ამერიკულ პრესაში არაერთი საინტერესო მიმოხილვა დაიწერა. ექსპოზიცია “კულტურულ იდენტობებს მიღმა” არის ამერიკულ სახელოვნებო სცენაზე FLAG Art Group-ის დებიუტი. გამოფენა და გალერეის პირველი კატალოგი მონაწილე მხატვრების გაცნობასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გალერეა სხვადასხვა გზებით ცდილობს მასთან ასოცირებული არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციას – ვიდეო–ინტერვიუების, ფოტო–დოკუმენტაციის, Artsy.net-ის სახელოვნებო პორტალის საშუალებით, არტბაზრობებზე მონაწილეობით.

ნეტგაზეთი