მარიამ კუბლაშვილი: “ჩემი ქმარი უკიდურესადაც რომ გაბრაზდეს, არ ავყვები”

მარიამ კუბლაშვილი: "ჩემი ქმარი უკიდურესადაც რომ გაბრაზდეს, არ ავყვები"ავთო ჩიტიძე, სარკე

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბოლო დროს სკანდალების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისა და მისი თანამშრომლის, თამთა თოდაძის, საქმეში ჩაერთო, ხისტი და სკანდალური განცხადებებით საზოგადოება აახმაურა. იმის გამო, რომ ქალზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი გახდა, ის ქალთა უფლებების დამცველთა სამიზნედ იქცა.

სიმართლე სანამ გაირკვევა, მარიამზე ამ ამბავმა ემოციურად უარყოფითად უკვე იმოქმედა, მაგრამ ცდილობს, ეს ყველაფერი გარეთ დატოვოს და ოჯახში არ მიიტანოს. მისი და მსახიობ ლევან ხურციას ოჯახი 4 წელს ითვლის. ქმარ-შვილი ძირითადად მოუცლელობის გამო საყვედურობს, სხვა მხრივ კი ცოლ-ქმარს შორის სრული ჰარმონიაა.

– მარიამ, სკანდალური საქმის ეპიცენტრში აღმოჩნდით, უფლებადამცველებისგან და ფემინისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მწვავე კრიტიკა დაგატყდათ თავს. ხომ არ ნანობთ, რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდეთ ან თუ ფიქრობდით, რომ ასეთი რეზონანსული იქნებოდა ეს ისტორია?

– ბუნებრივია, ველოდი, რომ ამ საქმეს დიდი ხმაური მოჰყვებოდა. მე როცა ჩავერთე, უკვე დიდი აჟიოტაჟი იყო შექმნილი. არ ვნანობ, რომ ამ საქმეს ხელი მოვკიდე, რადგან ყველამ თუ უარი ვთქვით ჩვენი საქმის კეთებაზე, მაშინ ვერავინ აღუდგება წინ ამ უსამართლობას.

აგრესიის ობიექტი გავხდი. ასეთ არაკვალიფიციურ და უხეშ გამონათქვამებს არ ველოდი მათგან, ვინც ქალთა უფლებების დამცველების სახელით გამოდიან. უფლებადამცველს არ ეკადრება ასეთი გამონათქვამი: “ხომ არ ჯობია, შენს კლიენტთან ერთად იცეკვო”. გამოდის, რომ ქალთა უფლებადამცველი დისკრედიტაციას აქეთ მიწევს და ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება. ეს სიტყვები ტოლფასია იმისა, ქალს რომ უთხრა, წადი “კუხნაშიო”.

არავის დავუჯერე, ვინც მეუბნებოდა, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მომეკიდა. ბოლო დროს ბევრი საქმე მქონდა და ფიზიკურად ძალიან გადატვირთული ვიყავი. მიხარია, რომ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და უარი არ ვთქვი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავნერგოთ ისეთი სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებს არ შელახავს. პირველი სტანდარტი ის არის, რომ სანამ ადამიანის დანაშაული არ დამტკიცდება, მას მოძალადე არ უნდა უწოდო. მეორე – კლიენტი სქესით არ უნდა განვასხვაოთ.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ ქალის განცხადებისთანავე, ჩემ მიმართ მოხდა ძალადობაო, ბრალდებული მამაკაცი მაშინვე დამნაშავედ არ უნდა ცნო. ფაქტია, რომ ამ საქმის მოცემულობა არის ძალიან სუსტი, ბევრი ურთიერთსაპირისპირო გარემოებაა.

– როდესაც მამაკაცი მოვიდა თქვენთან და გითხრათ, რომ ქალი სექსუალურ ძალადობას სდებდა ბრალად, როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია, როდის დარწმუნდით, რომ ის უდანაშაულოა? ქალური სოლიდარობის გრძნობა სულ არ გქონიათ?

– სანამ საქმეში ჩავერთვებოდი, ტელევიზიით გავიგე ეს ამბავი. ამ ქალის ინტერვიუს როცა ვუყურებდი, მისი გამომეტყველებიდან, პათოსიდან, არგუმენტებიდან გამომდინარე, ეჭვი შემეპარა, რომ სიმართლეს ამბობდა. მეგობრები დამემოწმებიან, რომ მაშინვე ვთქვი, ერთი წუთითაც არ მჯერა იმის, რასაც ეს ქალი ლაპარაკობს-მეთქი. არ შეიძლება ერთსა და იმავე ამბავს, ერთსა და იმავე გარემოებას ხუთნაირად და ათნაირად ყვებოდე. სიმართლე რამდენჯერაც უნდა თქვა, ყოველთვის ერთნაირად მოყვები.

– ისიც უცნაურია, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” დეპუტატია, არადა პარალელურ რეჟიმში თქვენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატიც ხართ, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს და ამ საქმით ფაქტობრივად სახელმწიფო აპარატთან გიწევთ დაპირისპირება.

– ზუსტად ამას უნდა შეეჩვიოს ხალხი, რომ საქმე და პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთისგან გამიჯნოს. ადვოკატმა ყველა უნდა დაიცვას. ორივე საქმეს ერთნაირად დავიცავ და ხელს ვერაფერი შემიშლის. როგორც კი “ოცნების” დეპუტატის უფლებების დაცვა დავიწყე, არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული ჯგუფების სამიზნე გავხდი, არამედ ოპოზიციისაც.

– როგორი იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ “ოცნების” წარმომადგენელს იცავდით?

– ძალიან ადეკვატური, რადგან ის ყველაზე უკეთესად მიცნობს, როგორი მართალი ადამიანი ვარ. მან გააკეთა კიდეც განცხადება, მარიამს თავი დაანებეთ, ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებსო. მე არც ხელისუფლების მეშინია და არც ოპოზიციის.

ერთი წელია მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას ვებრძვი, მაგრამ, რაც ამ ბოლო დროს ოპოზიციიდან ჩემ მიმართ ძალადობა და შეურაცხყოფა მოდის, აქამდე მსგავსი რამ არავისგან მიგრძვნია. ნაციონალურ მოძრაობას ძალიან აგრესიული პოლიტიკა აქვს.

– ძირითადად ფემინისტი ბაია პატარაია ილაშქრებს თქვენ წინააღმდეგ.

– ბოლო პერიოდში ბაია პატარაია საერთოდ არავის ახსოვს და არც პატივისცემით გამოირჩევა, ამიტომ ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ეს გამოიყენოს ყურადღების მისაქცევად. მისი საქმეა, ბენეფიციარებს როგორ დასდევს და რა სარგებელს იღებს მათგან. მე, გარდა პროფესიულისა, სხვა არანაირი ინტერესი მამოძრავებს.

ფაქტია, რომ ეს გოგო თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ცილი დასწამეს. ამ გოგომ დებოში მოაწყო და სურათის სხვაგვარად დახატვას ცდილობს. ის და მისი ოჯახი ცილისწამებებსა და თაღლითობებში აქამდეც იყვნენ შემჩნეულნი.

ალბათ ეს საქმეც ერთად შეიმუშავეს. როგორც ჩანს, მას არ დაუფასდა თავისი წვლილი “ქართულ ოცნებაში” და გადაწყვიტა, სხვანაირად ეძია შური. არ ვკადრულობ, მას იმ მეთოდებით ვებრძოლო, რომლებითაც თვითონ იბრძვის. ჩემი კლიენტის მონაყოლს აბსოლუტურად ადასტურებს ექსპერტიზა და ამით ყველაფერია ნათქვამი. როდემდე უნდა ვუყუროთ ამ სიცრუის კასკადს?! ამიტომაც გადავედი შეტევაზე და ვუთხარი, რომ პირდაპირ ეთერში დამიჯდეს დებატებში, მაგრამ ამის შემდეგ სულ დაიმალა.

დიახ, ვიყავი ხმაურიანი, ემოციური, რადგან სხვანაირად საზოგადოებას ხმას ვერ მივაწვდენდი მაშინ, როდესაც ეს ქალბატონი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პლაკატებს საჯაროდ აფრიალებდა და ფეხებით თელავდა. იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მაქვს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ დამიცავს ქალი, რომელიც მართლა ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, ამიტომ ვერავინ მასწავლის, როგორია, იყო მამაკაცისგან ძალადობის მსხვერპლი ქალი. ბევრჯერ დამიმტკიცებია, რომ ქალი მართლაც იყო ძალადობის მსხვერპლი.

– ამ საქმის გარშემო შექმნილმა აჟიოტაჟმა შემოაღწია თქვენს პირად სივრცეში, ოჯახში? რა პოზიცია დაიკავა თქვენმა ქმარმა, იგრძენით მისგან მხარდაჭერა?

– ის ერთი კვირა, როდესაც ჩემზე იერიში იყო, ძალიან გადავიღალე, ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი. ამ დროს ლევანი მირჩევდა, რომ საკუთარი თავისთვის და დასვენებისთვის დრო გამომენახა. რა თქმა უნდა, ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩემ გარშემო შეიქმნა, არ ესიამოვნა, მაგრამ იცის, რომ ეს ჩემი საქმეა. ერთადერთი მითხრა, რომ ოჯახში ნეგატიური ემოციები არ შემეტანა და კარის მიღმა დამეტოვა.

– რამდენად განსხვავებული ხართ სახლში და საქმეში, არსებობს ორი მარიამი?

– კი, ნამდვილად ორი მარიამი არსებობს. სახლში უფრო მხიარული და ლაღი ვარ. მიყვარს სამზარეულოში გემრიელობების მომზადება, მაგრამ ხანდახან ისეთი დაღლილი ვარ, პირდაპირ ვიძინებ. ჩემი ქმარი და შვილები ამის გამო ბრაზდებიან.

– როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ლევანმა?

– ლევანმა ჩემი ცხოვრება გაამდიდრა და, საერთოდ, ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა. მის გამოჩენამდე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, პეპელასავით დავფარფატებდი. ქალისთვის აუცილებელია გვერდით მეორე ნახევარი. როდესაც პირად ცხოვრებაში ხარ რეალიზებული და მყარი, ეს საქმეზეც აისახება.

რაც უნდა გაღიზიანებული და განერვიულებული ვიყო საქმის გამო, ვიცი, რომ ლევანი ყველაფერს გამიგებს და დამიცავს. შვილებისთვისაც საოცარი მამაა. თუ მე ვერ ვაკეთებ რაღაცას ბევრი საქმის გამო, მაინც მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, ლევანი ყველაფერს გააკეთებს, რომ მე არ ვინერვიულო. ოჯახში ბევრ რამეს ჩემ მაგივრად აკეთებს.

– ლევანი რას აფასებს თქვენში?

– მოსწონს, რომ ერთნაირი არასოდეს ვარ და მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს.

– ძალიან ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. სახლშიც ავლენთ ამ ხასიათს?

– რაც უნდა ემოციური ფონი შეიქმნას ოჯახში, ჩემი ქმარი უკიდურესადაც რომ გაბრაზდეს, არასოდეს ავყვები. სახლში კონფლიქტში საერთოდ არავისთან შევდივარ. არ მიყვარს რთული და კონფლიქტური სიტუაციები.

– ვინ არის თქვენს სახლში წამყვანი ძალა?

– საერთოდ ოჯახი ქალზე დგას, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღები მაინც მამაკაცია და ჩემს შემთხვევაში – ლევანი. ყველაფერს ვეკითხები, მის გარეშე სურვილიც არ მაქვს, რაიმე ოჯახური გადაწყვეტილება მივიღო. სახლში დაგვიანების მიზეზს ყოველთვის ვეუბნები. სადმე წავიდეთ თუ არა, ამასაც ვეკითხები, მაგრამ ამავდროულად ოჯახში დიდი როლი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი საჩემოდ გადაწყდეს.

– საკმაოდ ძვირადღირებული ადვოკატი ხართ, ლევანიც წარმატებულია თავის სფეროში, მაგრამ ფინანსური უპირატესობა ალბათ თქვენს ხელშია. ზოგ მამაკაცს ეს აღიზიანებს. თქვენი წყვილი როგორ ინარჩუნებს ჰარმონიას ურთიერთობაში?

– ფინანსურ საკითხებზე საუბარი და ხაზგასმა ლევანს არ უყვარს, თვითონაც ძალიან რეალიზებულია და თავის სფეროში მაღალანაზღაურებად მსახიობად და ხმად ითვლება (ლევან ხურცია ბევრ ფილმს ახმოვანებს – ავტ.). პოპულარობაც ჩემზე მეტი აქვს. სანამ მე ვინმე გამიცნობდა, მას მანამდე ჰყავდა თაყვანისმცემლების არმია. პოპულარობის მხრივ, ერთმანეთს დროში ავცდით. ის უკვე დაიღალა პოპულარობით, მე კი ახლა ვარ პოპულარობის ზენიტში.

– ლევანი ადრეც ძალიან პოპულარული იყო ქალებში და მის მიმართ დღემდე არ გამქრალა ინტერესი. ამის გამო არ ეჭვიანობთ?

– თავიდანვე შევთანხმდით, რომ ისე არ უნდა დავცემულიყავით, ერთმანეთზე ეჭვიანობა დაგვეწყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ურთიერთობაში თავიდანვე მაღალი სტანდარტი დავაწესეთ. ლევანს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ მათზე არასოდეს მიეჭვიანია. ის მსახიობია და თაყვანისმცემლები ყოველთვის უნდა ჰყავდეს. რაც უფრო მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ჩემი თვითშეფასება უფრო მაღლა იწევს იმიტომ, რომ მან მე ამირჩია.

– რის გამო შეიძლება გისაყვედუროთ, უკმაყოფილება გამოთქვას?

– რა თქმა უნდა, არ მოსწონს, როდესაც სახლში მივდივარ ძალიან გვიან, გადაღლილი და სახეჩამორეცხილი. ამ დროს მეუბნება, მე ცოლი მინდა სახლშიო. საერთოდ, ოჯახში სულ ბიჭებში ვარ, კატაც კი ბიჭი გვყავს და ამიტომ ჩემგან ბევრ ყურადღებას ითხოვენ.

– ბალანსისთვის გოგო გჭირდებათ?

– კი. ლევანს აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ გოგო გვყავდეს. როდის ვიქნები ამისთვის მზად, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა, ჩვენი მესამე შვილი გოგო იყოს.

– როგორი დედა ხართ?

– მკაცრი არ ვარ. მე თვითონ დედის მხრიდან ძალიან დიდ სიმკაცრეში გავიზარდე. რამდენადაც მკაცრად მზრდიდნენ, იმდენად ლმობიერი ვარ ჩემს შვილებთან. არასოდეს ვერევი მათ ცხოვრებაში, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ვაძლევ ყველაფერში, თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაცებს მაინც ვაკონტროლებ. სკოლის ნიშნებს არ ვამოწმებ. სამაგიეროდ ლევანი ხშირად იბარებს ჩემი უფროსი შვილის, გიორგი-არბის (მარიამის ვაჟი პირველი ქორწინებიდან – ავტ.), გაკვეთილებს.

პატარა ალექსანდრე კი ძალიან ცუღლუტია, ხასიათით მამას ემსგავსება, მსახიობის ნიჭი აქვს, გარეგნობით კი მე მგავს.