ლაშა ტალახაძეს შვილის პამპერსის გამოცვლა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს – “მეუღლეს საქმეებში ვეხმარები”

ლაშა ტალახაძეს შვილის პამპერსის გამოცვლა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს - "მეუღლეს საქმეებში ვეხმარები”ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

სპორტის ქართველმა ვარსკვლავმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა. 26 წლის სპორტსმენმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა. მისი გამარჯვება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ თარიღს – 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაემთხვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფული გამოსვლის შემდეგ ლაშამ თავისი გამარჯვება იმ გმირებს მიუძღვნა, ვინც თავი საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას შესწირეს. “ჩემს თავს ვეუბნებოდი, არ გაქვს იმის უფლება, რომ წააგო და დამარცხდე-მეთქი”, – უთხრა “სარკეს” ჩემპიონმა.

– ლაშა, თქვენთან ყოველი ინტერვიუ თქვენს მორიგ გამარჯვებას ეხება. ამჯერადაც ამ თემით, თქვენი უახლესი წარმატებით დავიწყოთ. თავად როგორ აფასებთ თქვენს მიღწევას?

– უბედნიერესი ვარ მორიგი გამარჯვებით! რაც დრო გადის, მით უფრო ვიაზრებ ამ ყველაფერს. ვაცნობიერებ, რა შედეგი დავაფიქსირე და რამხელა სიხარული მოვუტანე ჩვენს ქვეყანას, ვინც ასე ელოდებოდა ჩემს ასპარეზობას მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ მომენტში არაფერი მახსოვდა, მთავარი მიზანი იყო გამარჯვება.

ისე მოხდა, რომ შეჯიბრის დასრულების შემდეგ ტაილანდიდან რამდენიმე საათში გამოვფრინდი საქართველოში და გზაში ვიაზრებდი ამ გამარჯვებას. ვიდეოებს რომ ვუყურე, არაფერი მახსოვს იმ მომენტის. ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო ჩემს სპორტულ კარიერაში.

მეოთხედ შევინარჩუნე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ისეთი შედეგები დავაფიქსირე, რომელიც ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა მსოფლიოს ძალოსნობის ისტორიაში. წინა რეკორდი იყო 478კგ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე დავაფიქსირე, ამჯერად ორჭიდის ჯამში 484 კილოგრამი დავაფიქსირე.

– ოჯახის მოლოდინი და ემოციები როგორი იყო თქვენს მორიგ წარმატებაზე?

– ოჯახს, ბუნებრივია, ძალიან გაუხარდა. მამაჩემი ჩემი პირველი მწვრთნელი იყო 15 წლამდე და მის აზრს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მან მითხრა, ყველა შეჯიბრზე კარგად გამოდიხარ, მაგრამ ეს ყველაზე გამორჩეული ასპარეზობა იყოო.

დედას და მეუღლეს რაც შეეხება, ისინი ვერასდროს უყურებენ ჩემს ასპარეზობას, რადგან ძალიან განიცდიან და როდესაც შედეგს გაიგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ ხოლმე ჩემს გამოსვლას და უყურებენ.

– თქვენი მშობლიური საჩხერე როგორ შეხვდა ამ გამარჯვებას?

– საჩხერეში დავიბადე, გავიზარდე და საჩხერელი ვარ. შეჯიბრის შემდეგ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე და ვერ ჩავედი ჩემს მშობლიურ რაიონში. ისინი, ბუნებრივია, განსაკუთრებულად მგულემატკივრობენ. სატელეფონო კონტაქტზე იყო ჩემი ყველა გულშემატკივარი და დიდი ემოციებით მილოცავდნენ.

როგორც შემდეგ გავიგე, საჩხერის კინოში სრულიად სავსე იყო დარბაზი, ხალხი ფეხზეც იდგა და ერთად უყურებდნენ ჩემს გამოსვლას. სპორტსმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივარია და ეს ყველაფერი მაძლიერებს, რა თქმა უნდა.

– როდესაც ტაილანდში მიემგზავრებოდით, თავიდანვე გადაწყვეტილი გქონდათ, რომ თქვენს გამარჯვებას საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს მიუძღვნიდით?

– ჩემს თავს ვეუბნებოდი, არ გაქვს იმის უფლება, რომ წააგო და დამარცხდე-მეთქი. როგორც მოგეხსენებათ, ეს გამარჯვება 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს მოვიპოვე. ეს უმძიმესი დღეა თითოეული ქართველისთვის და მინდოდა, რომ ქართველ ხალხში ოდნავი სიხარული შემეტანა ჩემი გამარჯვებით.

– ლაშა, ყველა წარმატებული სპორტსმენი ინტერვიუში ამბობს, რომ მათი ყოველი დღე კვების, დასვენების და ვარჯიშის რეჟიმშია გაწერილი. თქვენც ამ ჩარჩოებში ცხოვრობთ? როგორია უძლიერესი ძალოსანის ყოველდღიურობა?

– რა თქმა უნდა, ყოველი დღე გაწერილი მაქვს. უმკაცრესად ვიცავ რეჟიმს. თავის დროზე კვება, ორჯერადი ვარჯიში, ასევე ძილიც. სხვა სპორტთან შედარებით ასევე ხშირად მიწევს შეკრებებზე ყოფნა და ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია. შეიძლება ერთკვირიანი დასვენების შემდეგ ერთი-ორი თვე სისტემატური შრომა დაგვჭირდეს ამ დასვენების ასანაზღაურებლად. ასე რომ, გართობაზე და დროსტარებაზე საუბარი ზედმეტია.

– გარეგნობა კარგი პურისმჭამელი მამაკაცის გაქვთ. გაწერილი კვების რაციონის დარღვევა ხშირად გიხდებათ? ან კიდევ როგორი თამადაა მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი?

– ყველას აინტერესებს და მეკითხებიან, როდის დავლევ მათთან ერთად, მაგრამ, ჩემი უმკაცრესი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ ალკოჰოლის მიღებას. ათასში ერთხელ შეიძლება დავლიო. წელიწადი შეიძლება ისე გავიდეს, რომ ღვინო საერთოდ არ მივიღო. ჩემს თამადობას ვერ მივესალმები, ზოგადად კი ქართული სუფრა ძალიან მიყვარს, მაგრამ თავს ვარიდებ, რადგან ამ ეტაპზე მსურს, რომ ჩემი სპორტული კარიერა სწორად წარვმართო.

ლუდს ძალიან იშვიათად ვსვამ, ზოგჯერ მწვრთნელები გვაძლევენ უფლებას, რომ ცოტა ლუდი დავლიოთ და კუნთი მოვადუნოთ და დავასვენოთ.

– მუდმივი ვარჯიშის და შეკრებების ფონზე, რა დროს უთმობთ თქვენს ახალშექმნილ ოჯახს და ჩვილ გოგონას?

– მოგეხსენებათ, რომ 7 თვის ბავშვი მყავს და მამის გარეშე იზრდებოდა ამ ხნის განმავლობაში. რომ დაიბადა, მაშინ ვნახე და, კბილი რომ წამოუვიდა, ახლა ვნახე, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ამ 7 თვის განმავლობაში არ მქონდა დრო.

ჩემს მეუღლესაც მარტო, ჩემ გარეშე უწევდა ყოფნა. ჩემი მხრიდან მხოლოდ იმიტომაც იმსახურებს პატივისცემას, რომ მიგებს, მდგომარეობაში შედის და კარგად იცის, რამხელა შრომა სჭირდება სპორტის ამ სახეობას.

– რაც ტაილანდიდან დაბრუნდით, ახლა მაინც თუ ინაზღაურებთ ცოლ-შვილთან ურთიერთობის დეფიციტს?

– ახლა შედარებით თავისუფალი დრო მაქვს და მაქსიმალურ დროს ვატარებ მეუღლესთან და ბავშვთან. რამდენიმე დღეა ვეხმარები მეუღლეს ყოველდღიურ საქმიანობაში. ბავშვი რომ მხედავს, მას ჩემთან ერთად უნდა და ეს ორმაგად დიდ სტიმულს მაძლევს. პამპერსის გამოცვლა, ჭამა, გასეირნება – ამ ყველაფერს ძალიან დიდი აზარტით ვაკეთებ, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

– ლაშა, ბოლოს მხიარული კითხვა მინდა დაგისვათ – სოციალურ ქსელში ე.წ ფეიჯი, გვერდი შექმნეს, სადაც მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს, ანუ თქვენ, ეროვნული ვალუტის აწევას გთხოვენ. შეძლებთ ლარის აწევას?

– ეგ ცოტა რთული საქმეა. მგონი, ამას მარტო ჩემი ძალა არ ეყოფა. აიწევს, იმედია, მისით.