გივი პაპავა: “ცოლი ჩემზე ძლიერია” – “კომედი შოუს” მსახიობი ბაზრობის ქალებს სასიძოდ მოსწონთ

გივი პაპავა: "ცოლი ჩემზე ძლიერია" - "კომედი შოუს" მსახიობი ბაზრობის ქალებს სასიძოდ მოსწონთირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

იუმორისტ გივი პაპავას ქუჩაში ხან თეა წულუკიანს ეძახიან, ხან გიგანტიჩს. ეს სახელები მას “კომედი შოუს” სკეტჩებში შესრულებული როლების გამო შეარქვეს. გივი ხონელია, ერთ-ერთმა რეჟისორმა სწორედ იქ აღმოაჩინა და ქუთაისის იუმორისტულ გუნდში წაიყვანა. საბოლოოდ კი “რუსთავი 2”-ში აღმოჩნდა, სადაც უკვე 3 წელია სახასიათო პერსონაჟებს ქმნის.

გივის ცხოვრებაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგას, რამდენიმე თვეში მამა გახდება. ხონიდან თბილისამდე გამოვლილ გზაზე შოუმენი “სარკეს” უყვება.

– გივი, “კომედი შოუს” ძალიან კონკურენტულ გარემოში მოგიხდათ ახალი სატელევიზიო ეთერის დაწყება. თქვენი გუნდი ბევრმა მსახიობმა დატოვა და იუმორისტული გადაცემა “მთავარ არხზე” გააკეთეს. ამ ფონზე კმაყოფილი ხართ რეიტინგით და საზოგადოების რეაქციით?

– ჩემი აზრით, კარგად დავიწყეთ. მეტი შემართება, მოტივაცია და მუხტი გვაქვს. ბევრი ახალი სახე გვყავს, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სახეები შემოგვიერთდნენ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”. დიდი გეგმებით და ამბიციებით ვართ.

რაც შეეხება ჩვენი გუნდიდან იუმორისტების წასვლას, კი, გავნახევრდით, ამაზე გულიც დამწყდა, ვინერვიულე, მაგრამ არა უშავს, ასეთი რაღაცები ხდება ცხოვრებაში. მარადიული არაფერია, ვიღაცას ვიღაც ყოველთვის ჩაანაცვლებს.

– თქვენ რატომ გადაწყვიტეთ არხზე დარჩენა?

– მთელმა გუნდმა ვიმსჯელეთ და ბოლოს ყველამ ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება. მთავარია, ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ და სად ვიქნებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

– ალბათ უყურებთ ყოფილი თანამშრომლების ახალ იუმორისტულ გადაცემას. როგორ შეაფასებთ მათ?

– ვუყურებ. ჩემი ძველი მეგობრები არიან და ვიცოდი, რომ კარგ რაღაცებს გააკეთებდნენ. ერთი ძლიერი ჯგუფი ვიყავით და ახლა გაყოფის შემდეგ ორი ძლიერი ჯგუფი გაჩნდა. მათ წარმატებებს ვუსურვებ.

– იმერეთიდან ხართ და მოგვიყევით, როგორი იყო ხონელი ბიჭის გზა თბილისამდე.

– ეს გზა მარტივი არ ყოფილა. “მხიარულთა და საზრიანთა” კლუბით დავიწყე. ხონში სასკოლო ჩემპიონატში ვმონაწილეობდი და ერთ-ერთმა რეჟისორმა, რომელიც ჩვენ გვამზადებდა, წამომიყვანა ქუთაისის კლუბ “იშვიათ იმერლებში”. ჩემი მეგობარი თემო ნიქაბაძე, რომელიც ახლა “კომედი შოუს” მსახიობია, ფარცხანაყანებიდან წამოიყვანა. მე და თემო ერთ გუნდში მოვხვდით, ქუთაისის სახელით “იშვიათ იმერლებში” ვთამაშობდით. 4 წლის განმავლობაში გვქონდა წარმატებებიც და იყო წარუმატებლობაც.

რაღაცას როცა აკეთებ, ყოველთვის გაქვს მიზანი, ჩვენი მიზანი კი “კომედი შოუში” მოხვედრა იყო. ერთ წელსაც ჩემპიონები გავხდით, საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ და “კომედი შოუმ” გამოსაცდელი ვადით აგვიყვანა.

თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. მარტივი არ არის იმ ადამიანების გვერდით მუშაობა, რომლებსაც 10-15 წელი ეკრანზე უყურებ, უცებ კი ამ ვარსკვლავურ გარემოში ხვდები. ცოტა მორიდებული ვიყავი, ცოტაც ჩაკეტილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კომპლექსები გამიქრა.

– მანამდე თბილისთან გქონდათ რაიმე შეხება?

– თბილისში 2 წელი ვსწავლობდი და შემდეგ ქუთაისში გადავედი. სამსახური რომ დედაქალაქში დავიწყე, ზოგჯერ ქუჩებში ვიკარგებოდი. მე და თემო თავიდან “რუსთავი 2”-ში კითხვა-კითხვით მივედით. თურმე შენობასთან ვიყავით, მაგრამ უკანა მხრიდან და ვერანაირად ვაგნებდით. ლაპარაკიც შევიცვალე, იმერული კილოს გადაგდება ვცადე.

– იმერულმა კილომ შეგიშალათ ხელი პროფესიულ საქმიანობაში?

– დიახ. როცა ბევრ სკეტჩში გიწევს მონაწილეობა, ყველგან იმერულად ვერ ისაუბრებ. საკუთარ თავზე ვიმუშავე, მაგრამ 100%-ით კილოს გადაგდება ვერ შევძელი. სულში მაქვს იმერეთი!

– თბილისში ახალჩამოსულს, გზის გაგნების გარდა, მატერიალურადაც გაგიჭირდებოდათ. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

– თავიდან მე და თემო ერთად ვცხოვრობდით. იყო შემთხვევები, რაღაცაში იმდენი დაგვიხარჯავს, მერე აღარც საჭმლის ფული გვქონია და არც მგზავრობის. ოჯახი ძალიან გვედგა გვერდით, გვეხმარებოდნენ.

– როგორც ვიცი, ოჯახი ახალი შექმნილი გაქვთ. მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავი.

– ჩემი მეუღლე, ნინა ნიკოლავა, მეგრელია, მაგრამ თბილისში დაბადებული და გაზრდილი. აპრილში შევქმენით ოჯახი, მანამდე 6 თვე ვიყავით ერთად. “კომედი შოუს” პარალელურად დაბადების დღის ცენტრში ვმუშაობ და მომავალი მეუღლეც იქ მუშაობდა, ანიმატორები ვიყავით. მის დაბადების დღეზე გადავწყვიტე, ხელი მეთხოვა. ამის შემდეგ დავოჯახდით.

– იუმორთან როგორი დამოკიდებულება აქვს ცოლს?

– გახსნილი ადამიანია, იუმორის გრძნობა ჩემზე მეტად აქვს. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ჩემზე ძლიერია. ყოველთვის მსურდა, ჩემზე ძლიერი ცოლი მყოლოდა. რაღაც პრობლემა რომ გაქვს და მაინც ხალხის გამხიარულება გიწევს, ამ დროს აუცილებელია, გყავდეს ადამიანი, რომელიც გაგამხნევებს. ჩემი მეუღლე სწორედ ასეთი პიროვნებაა.

თებერვლის დასაწყისში შვილს ველოდებით, მაგრამ სქესი ჯერ არ ვიცით. მეუღლემ ანიმატორობას თავი დაანება, არ უნდა, რომ გადაიღალოს. მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდები.

– ორსული ქალები ქმრებისგან ითხოვენ, რომ მათ მეტი დრო დაუთმონ. თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ ცოლთან დიდი დრო გაატაროთ?

– ნინა ჩემს სამუშაო რეჟიმს მიჩვეულია. “კომედი შოუდან” დაბადების დღის ცენტრში მივდივარ, თავისუფალ დროს კი აუცილებლად მას ვუთმობ. შაბათ-კვირას კინოში დავდივართ. არის დღეები, როცა უარს ვამბობ გასართობ ცენტრში წასვლაზე და ჩემს მეუღლეს სიურპრიზს ვუწყობ.

– მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდით. როგორ რეაგირებთ ხალხის ყურადღებაზე, ხომ არ გეხამუშებათ?

– თავიდან ცოტა უხერხულად ვიყავი და უცნაურად მეჩვენებოდა. ხალხის მზერა მბოჭავდა და ვიძაბებოდი. მერე შევეგუე და ახლა ყველას ვუღიმი. მაგალითად, ბაზრობაზე რომ შევდივარ, ქალები მეუბნებიან, შენი თანატოლი ქალიშვილი მყავს გასათხოვარი, მას ძალიან უყვარხარ და იქნებ ისაუბროთო. ერთხელ ქალმა წამიყვანა და თავისი ქალიშვილი გამაცნო. ხალხის ყურადღება ძალიან მსიამოვნებს.

– ასე მალე რომ გახდით პოპულარული, ამაში გარეგნობამაც ხომ არ შეგიწყოთ ხელი?

– იუმორისტისთვის ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებმა ჩემი გარეგნობის და ტიპაჟის გამო დამიმახსოვრეს. ქუჩაში ხალხი იძახის, მოკლე გივია მოდისო. ასევე ამბობენ, გიგანტიჩი “გაიჩითაო”. თეა წულუკიანსაც მეძახიან. თემო ნიქაბაძეს ცხვირით ცნობენ, მე – სიდაბლით.