გიორგი თარგამაძე და მისი ცოლი ეკრანზე ერთდროულად დაბრუნდნენ – “წლების განმავლობაში თათიას ადგილი არც ერთ ტელეარხზე არ იყო”

გიორგი თარგამაძე და მისი ცოლი ეკრანზე ერთდროულად დაბრუნდნენ - "წლების განმავლობაში თათიას ადგილი არც ერთ ტელეარხზე არ იყო"რუსუდან ადვაძე, სარკე

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჟურნალისტი, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე, ახალდაფუძნებულ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გამოჩნდა. მას ანალიტიკური ტოქ შოუ “გიორგი თარგამაძის ფორმულა” მიჰყავს. ეს მისთვის უკვე მესამე დაბრუნებაა ტელესივრცეში. დაახლოებით ბოლო 25 წლის განმავლობაში მის კარიერაში პოლიტიკა და ტელევიზია რამდენჯერმე ჩაენაცვლნენ ერთმანეთს. ამბობს, რომ ჟურნალისტიკა იყო და არის მისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა, ამიტომ მიიღო წინადადება, რომელიც შესთავაზეს და, სხვათა შორის არა მარტო მას. მისი ცოლი, თათია თოფურიაც, გამოჩნდა ტელეეკრანზე, ოღონდ სხვა კომპანიაში.

გიორგი სანამ “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” დააფუძნებდა, ბადრი პატარკაციშვილის ტელეკომპანია “იმედში” საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს ხელმძღვანელობდა, ასევე ჰქონდა საავტორო გადაცემა “დროება”. თათია კი “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” წამყვანი გახლდათ.

როგორც გიორგი თარგამაძემ “სარკეს” უთხრა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ახალი ტოქ შოუს დაწყება დაჩქარებულ რეჟიმში გადაწყვიტეს და ამიტომ ყოველდღე გადის ეთერში. როცა ქვეყანაში სიტუაცია ასე თუ ისე დამშვიდდება, “გიორგი თარგამაძის ფორმულა” კვირაში მხოლოდ ორჯერ გავა.

– ბატონო გიორგი, დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილხართ. როგორ ცხოვრობდით ამ ხნის განმავლობაში და რამ გადაგაწყვეტინათ ეკრანზე დაბრუნება?

– ჩემი ბოლო სატელევიზიო ეთერიდან 12 წელი შესრულდა. თუ გამოვტოვებთ ჩემი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს, ამ წლების განმავლობაში ძირითად დროს აკადემიურ და საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობას ვუთმობდი. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე კვლევითი საგანმანათლებლო ორგანიზაცია – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი.

ეს არის ორგანიზაცია, საექსპერტო საზოგადოების ერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროების პოლიტიკის ანალიზით არის დაკავებული. ჩვენ მიერ შეთავაზებული კურსები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, საჭირო და გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პიროვნული ზრდის განვითარების მიმართულებით არასოდეს ჩერდებიან.

– თავადაც კითხულობთ ლექციებს?

– რამდენიმე მოდუსს ვუძღვები, მათ შორის – პოლიტიკურ იდეოლოგიებს, პოლიტიკურ ტექნოლოგიებს, საჯარო გამოსვლის ხელოვნებას… გარდა ამისა, უნივერსიტეტებშიც ვმუშაობ და სამაგისტრო ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ვკითხულობ ლექციებს.

– თქვენი დაბრუნება ტელევიზიაში რატომ დაუკავშირდა მაინცდამაინც “ფორმულას”?

– ტელევიზიაში მოწყენილობის გამო არ დავბრუნებულვარ. იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ ტელევიზიაში ვბრუნდები… მოლოდინი ყველას ჰქონდა, რადგან იციან, რომ ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, მაგრამ კითხვა, როგორ უნდა მოახერხოო, ყველას გაუჩნდა.

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე უარის თქმას არც ვაპირებ და ვერც ვიტყვი, რადგან დიდი ვალდებულებები მაქვს საკუთარ თავზე აღებული, მაგრამ ამ ორგანიზაციის ბაზაზე სტუდიის გაკეთებას კი ვფიქრობდით. მედიაცენტრი გვაქვს, შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი, რომელიც დონორი ორგანიზაციის დახმარებით რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. წლების განმავლობაში რამდენიმე ტელეკომპანიისგან მქონდა შემოთავაზებები. საკმაოდ კარგ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ თავს ვიკავებდი.

ამჯერად მე დავაფუძნე სტუდია, რომელიც პოლიტიკურ-სოციალური მიმართულების ვიდეოპროდუქციას აწარმოებს. უცებ კი მედიაში მოულოდნელი პროცესები განვითარდა. გაჩნდა ახალი ტელეკომპანიები. “ფორმულას” სარედაქციო პოლიტიკა ჯერ არ არის ფორმირებული, მაგრამ ძირითადი კონტურები ნათელია და ახლოს დგას იმ შეხედულებებთან, რომლებიც მე მაქვს ჟურნალისტიკასთან და ქართული მედიის გამოწვევებთან მიმართებაში.

შევთანხმდით, რომ ჩვენი სატელევიზიო სტუდია დაამზადებს ორ გადაცემას ახალი წლის შემდგომ და მათ შორის ერთი იქნება პროგრამა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი და ტელემაყურებელსაც კარგად ახსოვს – საკვირაო ტელეჟურნალის ფორმატის მქონე “დროების” მსგავსი გადაცემა.

– რომელმაც თავის დროზე ძლიერად შეარყია ნაციონალების ხელისუფლება…

– ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურად რეაგირებს მედიის კრიტიკაზე, მოგებული რჩება. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულები ვიყავით და არავინ გვყავდა ამოჩემებული. ადამიანის მკვლელობას რომ გამოიძიებ, ადეკვატური და სამართლებრივი რეაგირება დროულად რომ მომხდარიყო, ის ხელისუფლება ძალიან ბევრ ცუდს გადაურჩებოდა.

– ახლა კი სწორედ მაშინდელი თავდაცვის მინისტრისა და საკმაოდ გავლენიანი ფიგურის, დავით კეზერაშვილის, მფლობელობაში არსებულ არხზე დაიწყეთ მუშაობა.

– კეზერაშვილი ერთ-ერთი მფლობელია და მე ამ ტელეკომპანიის თანამშრომელი არ ვარ. კონტრაქტში გაწერილია ყველა გარანტია, რომლებიც მე მჭირდება სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის. ზეპირი მოლაპარაკებაც გვაქვს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ამ არხის აქციების თითქმის ნახევარი “ფორმულა კრეატივის” საკუთრებაა.

– რომელიც ასევე ნაციონალების აქტიური მხარდამჭერია. მისი ერთ-ერთი სახე, მიშა მშვილდაძე, საპროტესტო აქციაზე ნაციონალებისადმი სიმპათიებს საჯაროდ გამოხატავს, “მიშა, მიშა!” – სკანდირებს.

– არ მომისმენია მშვილდაძის “მიშა, მიშა” და არც მაინტერესებს, მაგრამ ქეთი დევდარიანი, ირაკლი საღინაძე თუ თავად მშვილდაძე… მათ ნაწილს საკმაოდ დიდი ხანია, “იბერვიზიიდან” მოყოლებული ვიცნობ და არ ვიცნობ პოლიტიკიდან. მეეჭვება, რომელიმეს ასეთი ვიწრო პოლიტიკური ხედვა ჰქონდეს. ასეც რომ იყოს, არც მაღელვებს.

ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, სახელისუფლებო არხზე არ ვმუშაობდე და იმავე პრინციპებს ვემსახურებოდე, რასაც თავის დროზე “იმედში” ვემსახურებოდი. მედიაში პოლიტიკას არ ვურევ და პირიქით. მედია მოდარაჯე ძაღლია, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში საზოგადოების და რიგითი ადამიანების ადვოკატირება.

– წლების განმავლობაში “იმედზე” მუშაობდით. მერე კი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან ურთიერთობა დაგეძაბათ. ითქვა, რომ უღალატეთ 2007 წლის 7 ნოემბერს… პატარკაციშვილების ოჯახი დაგიპირისპირდათ.

– კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრობლემურ ნაწილად განიხილება დეზინფორმაციების, ფეიკ ნიუსების შექმნა და მათი ლეგენდებად ქცევა. თქვენ ხომ ყველაფერს ეთერში უყურებდით. ეს ამბები შეიქმნა შეგნებულად, რომ ჩემთვის რეპუტაციული ზიანი მოეყენებინათ და იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც იძულებით იქნა განდევნილი ტელეიმედიდან.

ბევრისთვის მოულოდნელად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა დასაწყის ეტაპზე. ეს პრობლემური აღმოჩნდა არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც. მწყობრი, კარგად გააზრებული დეზინფორმაციული შეტევა განახორციელეს. ბადრი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მსგავსი რამ არ იქნებოდა, რადგან მან ყველაფერი კარგად იცოდა.

– თქვენი ცოლიც, თათია თოფურია, გაქრა ეკრანებიდან…

– ორივეს გვქონდა ჟურნალისტური პაუზა. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში არც ერთი არხის ეთერში აღარ იყო მისი ადგილი. ესეც იმ მითებისა და ლეგენდების, ნეგატიური დეზინფორმაციული კამპანიის შედეგი იყო. თათია არსად მიიღეს, ამიტომ სხვა სფერო სცადა და იქ ახლაც აგრძელებს მუშაობას.

ახლა კი უცნაური ამბავი მოხდა – ჯერ თათიამ მიიღო შეთავაზება ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით და თვენახევრის მერე – მე, ოღონდ სხვადასხვა არხზე. ისე მოხდა, რომ ეთერში გასვლა მე დავასწარი. ისინი ჯერ კიდევ მზადების პროცესში არიან და, თუ არ ვცდები, 2 დეკემბერს გავლენ პირველად ეთერში. ეს იქნება “მთავარ არხზე”.

დილით ადრე დაიწყება გადაცემა, რომელიც შუადღემდე გასტანს. თათია კვირაში სამჯერ გაუძღვება ამ გადაცემას. მას, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარია. ეს იქნება შემეცნებითი, საზოგადოებრივი, დიასახლისებზე გათვლილი გადაცემა კულტურული კომპონენტებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მინდა, ჩვენს კონკურენტ არხს წარმატება ვუსურვო.

თათია საქართველოს ეროვნული ლატარიის საზოგადოებრივი სახეა და ძალიან ბევრი საქველმოქმედო იდეის ხორცშესხმა უხდება, რაც ადამიანური თვალსაზრისით ბევრი პოზიტიური ენერგიის მომტანია. ახლა კი, რასაც ამის პარალელურად გააკეთებს, მისი პროფესიაა – ეთერში ყოფნა, მაყურებელთან ურთიერთობა, სიახლის მიღება და გაცემა…

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული დისკომფორტი ექნება მისი ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე – მოუწევს ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება, რასაც აქამდე ჩემი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ აკეთებდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ძალიან მიხარია, რომ ტელევიზიაში ბრუნდება.

გიორგი თარგამაძე და მისი ცოლი ეკრანზე ერთდროულად დაბრუნდნენ - "წლების განმავლობაში თათიას ადგილი არც ერთ ტელეარხზე არ იყო"– თქვენს გოგონებზე გვიამბეთ, რას საქმიანობენ, რომელი რომელს გგავთ.

– მაკინე და თეკლა უკვე დიდები არიან. “სარკის” მკითხველი ჩვენი ოჯახის ამბავს მუდამ ადევნებდა თვალს და სრულიად უცნობი ადამიანები გვეუბნებიან, “სარკიდან” გვახსოვს მათი ფოტოები და რამხელები გახდნენ უკვეო. თეკლა 21 წლის არის და მაკინე – 18-ის. თეკლა წელს ამთავრებს სამართლის სკოლას “საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტში”. მაკინე წელს გახდა “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტი 100%-იანი გრანტით და ამით ძალიან ვამაყობ.

უფროსი უფრო ჟურნალისტიკისკენ მიისწრაფის და, მიუხედავად დედამისის დიდი მონდომებისა, ეს სურვილი ვერ დავათმობინეთ, თუმცა მე დიდად არც მომინდომებია. მე ეს პროფესია ყველაზე მეტად მიყვარს და თუ ჩემთვის მიყვარს, ჩემი შვილისთვის რატომ არ უნდა მემეტებოდეს?! თათიას არ უნდა იმიტომ, რომ ამ პროფესიის გამო ბევრი სტრესი, ტკივილი და დაუმსახურებელი დამოკიდებულება მიიღო დიდ სიხარულთან ერთად. ესაა ცხოვრება და არ უნდა შევუშინდეთ. მე რომ ამ სტრესის შემშინებოდა, ცხოვრებაში ვერაფერს გავაკეთებდი.

თათიას აზრით, რაიმე მშვიდი პროფესია ჯობდა. ახლა ის დრო მოვიდა, როცა კარგი ჟურნალისტი იქნება არამხოლოდ ის, ვინც ჟურნალისტის ხელობა იცის, არამედ ის, ვისაც რომელიმე ერთ სფეროზე ექნება ღრმა, კვალიფიციური ცოდნა. ჩემი რჩევა გაითვალისწინა და სამართლის სპეციალისტი გამოდის.

რაც ყველაზე ძალიან მიხარია, ჩემი გოგონები ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ და არსად წასვლას არ აპირებენ. არიან ძალიან თანამედროვეები, თავისუფლად მოაზროვნეები, ტოლერანტულები განსხვავებული აზრის და ადამიანების მიმართ. ამის მიუხედავად თავიანთი ახალგაზრდული რადიკალიზმი ახასიათებთ. მათი ასაკის გათვალისწინებით შეხლა-შემოხლა საკმაოდ მწვავეა.

– მაგალითად, რა დროს ხდება ეს შეხლა-შემოხლა თქვენსა და შვილებს შორის?

– ჩემი შეხედულებები ცოტა უფრო კონსერვატულია. არ ვარ ხისტი და მკაცრი, მაგრამ ისინი ჩემზე რადიკალები არიან. ჩვენი დისკუსიები იქამდე არ მიდის, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ.

– მათ თაყვანისმცემლებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– კი უნდა მქონდეს თოფები მიყუდებული კედელზე, მაგრამ ასე არ არის. არ მინდა, რაღაცები გავამხილო, რადგან ეს მათი პირადი ცხოვრებაა, მაგრამ… მშვიდად ვუყურებ მათ თაყვანისმცემლებს და არ ვაკომპლექსებ. მიმაჩნია, რომ გახსნილები და თავისუფლები უნდა იყვნენ და შეძლონ იმ ღირებულებების ფორმირება, რომლებიც შემდგომში გრძელვადიანი ოჯახური ცხოვრებისთვის არის აუცილებელი. მშობლების დაჟინებული მოთხოვნების კვალობაზე კი ასე არ ხდება.

ასე რომ, საკმაოდ ლიბერალური და თავისუფალი შეხედულების ადამიანი ვარ. ვიცნობ მათ თაყვანისმცემლებს და კარგი ურთიერთობაც მაქვს.

– სიმამრობისთვისაც ხომ არ ემზადებით უკვე?

– არა, არაფერი საჩქარო რომ არ აქვთ, იციან. 90-იანების ბოლო ხომ არ არის, გოგოს რომ გაუღიმებდი და ეგრევე ჯვრისწერაზე უნდა წაგეყვანა?! უკვე სხვა დროა და ცხოვრების შინაგანი დინამიკაც ჩვენზე უკეთ იციან. თავიანთი ცხოვრება თავად უნდა ააშენონ. მშობლებს კი მხოლოდ რჩევების დონეზე შეგვიძლია მათთან ურთიერთობა.