ბორის ბედია იმერელ გოგონაზეა შეყვარებული – “ჩემზე 5 წლით უმცროსია და ძალიან მხიარულია”

ბორის ბედია იმერელ გოგონაზეა შეყვარებული - "ჩემზე 5 წლით უმცროსია და ძალიან მხიარულია"ლელა დევდარიანი, სარკე

ნიჭიერი და პოპულარული მომღერალი ბორის ბედია ბოლოს სცენაზე მიუზიკლ “ჩხიკვთა ქორწილში” გამოჩნდა “ბლექ სი არენაზე”. ერთ დროს ძალიან აქტიური მომღერალი დღეს მხოლოდ სუფრასთან, მეგობრების წრეში მღერის. შეიძლება ითქვას, რომ მის შემოქმედებაში დიდი პაუზაა. სამაგიეროდ პირად ცხოვრებაში აქვს სიახლეები, შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს. დანარჩენზე ბორისი თავად გვიამბობს.

– ბორის, საკმაოდ კარგ ფორმაში ხართ, წონაში დაგიკლიათ. როგორ შეძელით ეს?

– მიყვარს ბუნება, წყაროს წყლები, ვარჯიში. სპორტით ვარ დაკავებული, იპოდრომზე ვვარჯიშობ და 17 კილო დავიკელი. კარგია სპორტული ცხოვრება, ძალიან ბედნიერი ვარ, უკეთესადაც გამოვიყურები და ზედმეტი წონა ჯანმრთელობისთვისაც არ არის კარგი.

– მხოლოდ ვარჯიშით შეძელით ასეთი შედეგის მიღება?

– არამხოლოდ ვარჯიშით, სწორი კვებითაც. ყველაფრის ჭამა შეიძლება, მაგრამ ზომიერად და საათობრივად. მინდა, კიდევ 3 კილო დავიკლო, მაგრამ ასეც კარგ ფორმაში ვარ.

– რამდენ ხანში დაიკელით 17 კილო?

– ოთხთვენახევარში მივიღე ასეთი შედეგი. დაკლება იმდენად – არა, წონის შენარჩუნება ყოფილა რთული. ხანდახან დაგპატიჟებენ საქეიფოდ, 2 ჭიქაც უნდა დალიო მეგობრებთან ერთად, დრო გაატარო და ამიტომ ასეთ სიტუაციაში როცა ვვარდები, მერე ორმაგად ვვარჯიშობ.

– დროსტარება, ქეიფი გიყვართ. საინტერესოა, ნებისყოფა როგორ გეყოთ, რომ ეს ყველაფერი შეგეზღუდათ?

– ძლიერი ნებისყოფა მაქვს. შეიძლება თვეში ერთხელ ან ორჯერ დაარღვიო რეჟიმი, მაგრამ მეორე დღეს ვარჯიში უნდა გააგრძელო.

ყველა ასაკს აქვს თავისი წონა. 182 სანტიმეტრი და 84 კილო ვარ, რაც ძალიან კარგია. მხოლოდ ერთხელ დავიკელი ძალიან, 78 კილო ვიყავი და არ მომიხდა. 82-83 კილოა ჩემი იდეალური წონა. მთავარია, ახალგაზრდა ადამიანს არ ჰქონდეს ღიპი. ქართველ კაცებს კი აქვთ ამისკენ მიდრეკილება, მაგრამ უცხოეთში, ამერიკაში ავადმყოფურად გასუქებულები რომ დადიან სწრაფი კვების პროდუქტებისგან, მათ მაინც არ ვგავართ.

– თქვენ არ გიყვართ ასეთი საკვები?

– მიყვარს, მაგრამ შეიძლება თვეში ერთი-ორჯერ შევჭამო, ისიც დილით, მაგალითად, ერთი ჰამბურგერი.

– როგორც გავიგე, თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა – შეყვარებული ხართ. გვითხარით, ვინ არის თქვენი რჩეული.

– ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი გოგონაა, მოგვწონს ერთმანეთი. ერთად კარგად ვგრძნობთ თავს. დრო სჭირდება ყველაფერს, ნაუცბათევი არაფერი ვარგა. არც ჩვენ გვეჩქარება, ყველაფერს თავისით მოიტანს ცხოვრება. მის ვინაობას დროებით ინკოგნიტოდ დავტოვებ. მან მთხოვა ასე და მერე ერთად ყველა ნახავს. მთავარია, ჩვენს გულებში სიხარულია.

– ის მაინც გვითხარით, როგორია თქვენი გაცნობისა და სიყვარულის ამბავი.

– ჩემზე 5 წლით უმცროსია. ჩვენს საერთო ახლობელთან ერთად ვიყავი კაფეში. მას თავისი ახლობელი შეხვდა და ეს გოგოც მასთან ერთად იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი. მერე დავიმეგობრე სოციალურ ქსელში, შევხვდით ერთმანეთს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით აქამდე. არ ვარ ისეთი ტიპი, რომ “ფეისბუქით” შევაფასო ადამიანი. 3-4 წუთიც რომ გავჩერდე “ფეისბუქში”, მერე ცუდად ვხდები, არ მიყვარს სოციალური ქსელები. სულ ვხვდებით, თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს.

– სოციალური ქსელებით დაწყებული ნაცნობობა ხშირად გადადის სერიოზულ გრძნობებში…

– ადამიანის გაცნობა “ფეისბუქით” არის დიდი სისულელე! ხალხი მობილურებით ცხოვრობს, მით უმეტეს, ახალგაზრდობა, ჩავარდნილები არიან ტელეფონებში. მე თუ მკითხავთ, ეს სიდებილეა! კარგია სოციალური ქსელი, მაგრამ რაღაც დონეზე. შენი ცხოვრება ამას არ უნდა დაუკავშირო.

ჩემი ერთი მეგობარი ჩამოვიდა ისრაელიდან და დაგვპატიჟა რესტორანში. მშვენიერი გოგონები იყვნენ, მაგრამ ტელეფონებში ჰქონდათ თავი ჩარგული.

– რითი მოგხიბლათ ამ გოგონამ?

– ჩემნაირად ფიქრობს. ძალიან მხიარული ადამიანია. არ არის მუდო, რაც ქალში ყველაზე მეტად მეზიზღება. შეიძლება ულამაზესი გოგო იყოს, მაგრამ სულით იყოს შტერი. ასეთი ხალხის მეშინია და სადმე თუ შევხვდები ხოლმე, იქიდან სასწრაფოდ გავრბივარ.

ენერგოვამპირები არსებობენ და ასეთი ადამიანები ენერგიას მაცლიან. არც ცუდს ვამბობ და არაფერს, რა უფლება მაქვს, ვინმე განვიკითხო, მაგრამ მე, მაგალითად, მუდო ქალები არ მომწონს. რა უხარია და რა სწყინს, იმას რომ ვერ გაიგებ… სამწუხაროდ, დღეს ქალების უმეტესობა ასეთია.

– ანუ ემოციური, ტემპერამენტიანი ქალები მოგწონთ?

– ქალი უნდა იყოს ცოცხალი, მხიარული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, არ უნდა იყოს მორცხვი, თუმცა ყველაფერს თავისი ჩარჩო აქვს, ზედმეტი არაფერი ვარგა. ეშხი უნდა ჰქონდეს. ჩემი რჩეული სწორედ ასეთია, მეც ასეთი ვარ, ვერცხლისწყალივით და კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

– თქვენი რჩეული დედას და დას, სოფოს, გააცანით?

– ორივემ იცის, ვინც არის, მაგრამ ჯერ არ იცნობენ, ცოტა ხანში გავაცნობ. მის მშობლებს არც მე ვიცნობ და ცოტა ხანში მათაც გავიცნობ.

– ქართველია?

– ქართველია, დასავლეთ საქართველოდანაა.

– თქვენი მხრიდან, სამეგრელოდან არის?

– უფრო დედაჩემის მხრიდან. იმერეთიდან არიან, იმერელი გოგონაა. ბავშვობიდან მიყვარს დასავლეთი, ჩემს მარტვილზე ვგიჟდები. მე სულ ვფიქრობ, მარტვილი ისე ახლოს რომ იყოს თბილისთან, როგორც გორია, საერთოდ იქ გადავიდოდი საცხოვრებლად. თბილისში ცხოვრება უკვე შეუძლებელია ამდენი გამონაბოლქვის, ნაგვის გამო.

– ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ძებნა უფრო აქტუალური მაშინ ხდება, როცა შვილები გიჩნდება. თქვენ არ ფიქრობთ ოჯახის შექმნაზე?

– ოჯახი აუცილებელია, საჭიროა და დროც არის ჩემთვის, პატარა აღარ ვარ. ყველაფერი იქნება, უბრალოდ არ გვინდა, დროს გავუსწროთ და შეყვარებულობის პერიოდით ვტკბებით. ხან კაფეში ვხვდებით, ხან სასეირნოდ ბაღში.

“პაკაზუხობა” და ქართული გოიმობა არ მიყვარს. თუ გიყვარს, შენთვის იცოდე, რას აგებინებ სხვებს?! სხვის დასანახად რატომ უნდა გავაკეთო რამე და თუნდაც “ვიმარიაჟო”?!. განსაკუთრებულად ვუბერავ ხოლმე სცენაზე, იქ რომ დავდგები და დავჭექავ, ესაა ჩემი საქმე. სხვა მეტი რაში უნდა ვიყო განსაკუთრებული?!

– როგორი ქმარი იქნებით, ალბათ ამაზე გიფიქრიათ.

– მეოჯახე ვიქნები. მეგობრებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის, პირველ რიგში, არის ოჯახი და მერე – სხვა დანარჩენი. უაზროდ რომ ფლანგავენ… ან სად მაქვს გასაფლანგი ფული?! არ მიყვარს, სისულელეებსა და “მარიაჟობებში” რომ ყრიან ფულს. ასეთი ნამდვილად არ ვიქნები.

– რა სიახლეები გაქვთ კარიერაში? დიდი ხანია თქვენ შესახებ არაფერი გვსმენია.

– ახლახან “ჩხიკვთა ქორწილი” იყო “ბლექ სი არენაზე” და დიდი ანშლაგით ჩაიარა. ყვავის როლი შევასრულე. დღესაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ბევრი მილოცავს. ეს ყვავი არავის უყვარს, ქეთევანს იტაცებს, ბოროტია, მაგრამ ისე ვიმღერე, რომ ხალხს ყვავი შევაყვარე.

მადლობას ვუხდი ჩემს გია ბაღაშვილს, რომელიც მართლა ზრუნავს ნიჭიერ ხალხზე და, ჩემი აზრით, ეს კაცი უნდა იყოს კულტურის მინისტრი! ეროვნული კაცია, დიდ საქმეებს აკეთებს და გააკეთებს. მართლა უყვარს ქართული სიმღერა და თვითონაა გენიალური მუსიკოსი, დირიჟორი.

– რესტორნებში აღარ მღერით?

– რესტორნებიდან დიდი ხანია წამოვედი, არ მაქვს ამის ნერვები. იქ სიმღერა ჩემი საქმიანობა, ჩემი შემოსავლის წყარო აღარ არის. სამწუხაროდ, დღეს მუსიკალური გემოვნება არ არსებობს, მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვმღერი სუფრასთან.

– მაშინ რითი ირჩენთ თავს, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

– ჩემი შემოსავლის წყაროა ის, რომ მყავს კარგი, ჯიგარი ახლობლები, რომლებსაც მადლობას ვუხდი. მეც სიკეთე გამიკეთებია თავის დროზე და ხედავენ ამას. დაუნახავ ხალხთან არ მაქვს ურთიერთობა. ღვთის წყალობით, ჩემი მეგობრები მეხმარებიან. მეც მათ გვერდით ვარ ჩემი სიმღერით, კაცობით და ადამიანობით.