რატომ არ აირჩია დავით ქაშიაშვილმა “მთავარი” არხი

რატომ არ აირჩია დავით ქაშიაშვილმა "მთავარი" არხიავთო ჩიტიძე, სარკე

“ვზივარ აივანზე მწვანე სავარძელში და ცერა თითის ბალიშებით ვწერ, ვშლი. ხან ვწერ და ხან ვშლი, ვწერ და ვშლი, ვშლი და ვწერ. არაფერია უფრო მძიმე ვიდრე შენი მიტოვება, ჩემო ძმობილო. ეს ჩიხი არ არის, ეს მკვეთრი მოსახვევია!

წინ კიდევ მთელი ცხოვრებაა. და უფრო ადრე მზითა და ციდან ჩამოცვენილი რაჭული ლობიანებით სავსე შემოდგომა. მიყვარხართ და მუდამ ვარ და ვიქნები ამბების მთხრობელი. დანარჩენი იყოს მერე… ხვალემ იფიქროს ხვალისა”, – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი თავის საყვარელ ტელეარხს “რუსთავი 2”-ის კურიერის მთელ გუნდთან ერთად.

იყო მოლოდინი, რომ დათოც, სხვა ჟურნალისტების მსგავსად, ნიკა გვარამიას ახალ არხზე, “მთავარზე” გამოჩნდებოდა. იყო ვერსიაც, რომ ის ჟურნალისტიკას საერთოდ ჩამოშორდებოდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ის ასევე ახალშექმნილ არხ “ფორმულაში” გამოჩნდება და საინფორმაციო სამსახურის, “ფორმულა ნიუსის”, რეპორტიორი იქნება.

რას დაუთმო ნაწილობრივ საკუთარი სურვილით და ნაწილობრივ იძულებით აღებული პაუზა ჟურნალისტმა და რატომ არ აირჩია “მთავარი”, ამის შესახებ დათო ქაშიაშვილითან ინტერვიუდან შეიტყობთ.

– მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2” “კურიერის” გუნდთან ერთად დატოვეთ და “გაუჩინარდით”, იყო ვერსიები, რომ ჟურნალისტიკიდან საერთოდ წახვედით.

– 13 წლიანი მუშაობის შემდეგ პირველად მქონდა თავისუფალი თვენახევარი და ბევრი აღმოჩენა გავაკეთე, მათ შორის ის, რომ ჩემ გარშემო სხვა ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება. ვისიამოვნე და დავტკბი ჩემი სახლით, შვილებით, ურთიერთობებით, მეგობრებით. ეს ყველაფერი დამეხმარა იმ სტრესებთან და ემოციებთან გამკლავებაში, რასაც “რუსთავი 2”-იდან წამოსვლა ერქვა.

როცა საუბრობენ, რომ ეს არხი 25 წელს ითვლის, რატომღაც ავიწყდებათ, რომ აქედან ბოლო 15 წლის ისტორია ჩვენი შექმნილია. ერთადერთი, რასაც ნამდვილად არ ვინანებ ცხოვრებაში, არის 2019 წლის 21 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც საკუთარი სურვილით წამოვედი იმ ტელევიზიიდან, რომელსაც ჩემს სახლს ვეძახდი. როცა “რუსთავი 2”-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს ცხელ გულზე და ემოციებზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, მინდა გითხრათ, რომ ასე არ ყოფილა. მე უემოციოდ და სრულიად გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება.

– ანუ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი მუშაობის სტილის შეცვლას მოგთხოვდნენ?

– ისეთი სიტუაცია შეიქმნა, მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. 21 აგვისტო ძალიან სტრესული და ქაოსური დღე გამოვიდა. რეპორტიორები მივედით სამსახურში, სადაც აღარც ჩვენი სამსახურის უფროსი დაგვხვდა და აღარც 9 საათიანი “კურიერის” წამყვანები.

– რა წამოიღეთ “თქვენი სახლიდან”, როგორც “რუსთავი 2”-ს უწოდებდით?

– ურთიერთობები წამოვიღე, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვება და მეყოფა. რაც შეეხება მატერიალურს, ყველაფერი იქ დავტოვე, რაც ბოლო 13 წელი მიკეთებია, დამიწერია და ჩამიწერია. ყველა ნივთი დავტოვე სამუშაო მაგიდაზე და წამოვიღე მხოლოდ ჩემი შვილის ნაჩუქარი ქვიშის საათი, რომელიც 1 წუთსა და 46 წამს მოიცავს. ეს საათი რაღაცნაირად ჰგავს ცხოვრებას, რადგან ორივე ძალიან ხანმოკლეა.

– იყო მოლოდინი, რომ “კურიერის” ძირითად გუნდთან ერთად გიხილავდით “მთავარზე”, მაგრამ თქვენ სხვა არჩევანი გააკეთეთ. ეს რამ განაპირობა?

– “რუსთავი 2”-დან წამოსვლის შემდეგ პაუზა ძალიან მჭირდებოდა. შემოთავაზება “მთავარიდანაც” მქონდა და “ფორმულადანაც”. ყველა ღია ფანჯარასთან ვიკონტაქტე. კითხვას, თუ რატომ ავირჩიე ამ ორ არხს შორის “ფორმულა”, მინდა, რომ პასუხი არ გავცე და თავი ავარიდო.

– იქნებ ერთი არგუმენტი მაინც დაასახელოთ?

– “კურიერის” გუნდის წამოსვლის შემდეგ გაჩნდა ორი ახალი ტელეარხი, რომლებზეც მოხდა ამ გუნდის გადანაწილება. ისე მოხდა, რომ “ფორმულაზე” წასულ ადამიანებთან უფრო სიღრმისეული მეგობრობა მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მათთან ერთად უფრო საინტერესო გამოვიდოდა ჩემი მუშაობა. “ფორმულა” უფრო ჰგავს ახალ, სუფთა ფურცელს. კარგი გამოწვევაა, რადგან რეალურად ჩვენი საინფორმაციო სამსახური ბაზარზე შევა მაშინ, როდესაც ყველა “მონსტრი” მოქოქილია. ამ კონკურენციაში ბრძოლა დიდი აზარტია.

თანაც მგონია, რომ “ფორმულა ნიუსი” უფრო მაღალი ხარისხის, აკადემიურ ახალ ამბებს შექმნის და დაამკვიდრებს საქართველოში. ერთადერთი პოზიტივი, რაც ამ ბოლო მოვლენებს მოჰყვა, ისაა, რომ კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება და ქართულ ჟურნალისტიკაში პროცესს უფრო გააჯანსაღებს.

– პროფილს ხომ არ შეიცვლით თუ ისევ ექსტრემალურ და კრიმინალურ ამბებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

– პროფილს არ შევიცვლი. ყველგან ვიქნები, სადაც მოვლენების ქარიშხალია ან ქარიშხლის იმიტაციაა.

– თქვენც ისეთივე რადიკალური ხართ შეფასებებში, როგორიც თქვენი კოლეგები, რომ ვინც “რუსთავი 2”-ში დარჩა, მოღალატე და მშიშარაა?

– არა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოვდგები მორალისტად. ყველას თავისი გზა და არჩევანი აქვს. რაღაც შეიძლება მე ვერ გავაკეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ამას სხვა გააკეთებს, ჩემზე ცუდი ტიპია. ყველაფერს დრო და ჯანსაღი კონკურენცია გვიჩვენებს.

– დიდი შვებულება რას დაუთმეთ?

– პირველ რიგში, სკეიტბორდით სრიალი ვისწავლე ჩემს შვილებთან ერთად. უფრო საფუძვლიანად მივხედე ჩემს ბოსტანს დუშეთში, ავიღე კარგი მოსავალი. ნატურალიზმსა და საკუთარ თავს დავუთმე მეტი დრო. ჩემს მეგობართან ვიყავი თიანეთში და სიმინდის მოსავალი დავაბინავეთ. ისე გამიტაცა სოფლის მეურნეობამ და ნატურალიზმმა, რომ არც კი ვიცი, როგორ დავბრუნდები ჟურნალისტურ ფორმაში.

– მონატრება არ გქონდათ მიკროფონის და კამერის?

– კი, მომენატრა, სიზმრებში სულ აქტიური ჟურნალისტი ვარ. ამასწინათ მესიზმრა, რომ დიდი წყალდიდობა იყო და მე მიკროფონით ხელში ვმუშაობდი.