ქეთი ხუციშვილი: “შეგუებული ვიყავი, რომ “ჩემი ცოლის დაქალებში” აღარ მათამაშებდნენ”

ქეთი ხუციშვილი: "შეგუებული ვიყავი, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ მათამაშებდნენ"რუსუდან ადვაძე, სარკე

“ვინც “რუსთავი 2″-ში დარჩა, ის ჩვენს გუნდში არ იქნება”, – განაცხადა პრესასთან პოპულარულ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ. სერიალიდან გაშვებული მსახიობები “რუსთავი 2”-ში ძირითადად “კომედი შოუში” დაკავდნენ. ესენი არიან შოთიკო ნოზაძე, ზურაბ ნიჟარაძე და ქეთი ხუციშვილი.

როგორც ქეთიმ “სარკესთან” თქვა, გარკვეულწილად შეგუებული იყო იმას, რომ “ჩემი ცოლის დაქალებში” მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა, მაგრამ ახალი გამოწვევისკენ ნაბიჯი მაინც გადადგა. გულში იმედი მაინც ჰქონდა, რომ მისი პერსონაჟი ლუნა სერიალში ცხოვრებას გააგრძელებდა. რამდენიმე ხნის წინ “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, ლუნა მომენატრაო და სერიალში გადაღების დაწყებას ელოდებოდა.

ქეთი ხუციშვილი:

– მეც პრესიდან გავიგე ეს ამბავი. “რუსთავი 2”-ში რომ დავრჩი, გარკვეულწილად შეგუებული ვიყავი, რომ სერიალში თამაში დავასრულე. თუ შემომთავაზებდნენ, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი. ალბათ ასე სჭირდებათ და ასე აწყობთ. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ძალა არავის დაუტანებია. რა თქმა უნდა, გული დამწყდა. 4 წელი ვიყავი მათთან და ჩემს პერსონაჟს მრავალფეროვანი განვითარება ჰქონდა, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი იცვლება, ცხოვრება კი გრძელდება.

– როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ სერიალში აღარ იქნებით, რადგან “რუსთავი 2”-ში დაიწყეთ მუშაობა?

– აზრზე არ ვარ. ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან. თვითონ რას ფიქრობენ, არც ეგ ვიცი. მე მსახიობი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. შიგნით გუნდში რა იყო და რა გადაწყდა, არც იმის აზრზე ვარ. როგორც საჭიროდ ჩათვალეს, ისე მოიქცნენ.

“კომედი შოუ” სიახლეა ჩემთვის. სერიალში სულ სხვა სპეციფიკა იყო, აქ სულ სხვაა, ამიტომ ცოტა გადართვა მინდა. აქ ის არის საინტერესო, რომ სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება მომიწევს.