ქეთა ორბელაძე: “ტასოსნაირად არასოდეს მოვიქცეოდი!” – პატარა მსახიობის რეალური ცხოვრება

ქეთა ორბელაძე: "ტასოსნაირად არასოდეს მოვიქცეოდი!" - პატარა მსახიობის რეალური ცხოვრებაირმა ჭკუასელი, სარკე

ქეთა ორბელაძე 4 წლის იყო, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” რომ გამოჩნდა და მაშინვე, პირველივე კადრებიდან დაიპყრო მაყურებლის გული. მისი პერსონაჟი, უსაყვარლესი ტასუნა, მთავარ გმირებს არ ჩამოუვარდებოდა, მათი თანასწორუფლებიანი პარტნიორი იყო.

გადიოდა დრო, იცვლებოდა სერიალის გმირთა ცხოვრება და მათთან ერთად ტასოც იზრდებოდა. ბოლო სეზონში ის უკვე გარდატეხის ასაკში მყოფი და თან უიმედოდ შეყვარებული თინეიჯერი გოგონა იყო. 13 წლის ქეთა ორბელაძე თავისი თაობის ერთ-ერთ ტიპურ წარმომადგენელს თამაშობდა, თუმცა თავად, როგორც აღმოჩნდა, ძალიან განსხვავდება ამ გმირისაგან.

ქეთა ორბელაძე “სარკეს” ესაუბრა თავის ეკრანულ და რეალურ ცხოვრებაზე.

– სერიალის ბოლო სეზონში თქვენი გმირი, ტასუნა, უიმედოდ იყო შეყვარებული. ძალიან აქტიურობდა, რომ როგორმე იმ ბიჭის ყურადღება დაემსახურებინა, ვინც უყვარდა. რას აღარ აკეთებდა მისი გულისთვის, ცოტა უთავმოყვარეოდაც კი იქცეოდა. რას ფიქრობ ასეთ საქციელზე, თავად ამას გააკეთებდი?

– ჩემი აზრით, არ იქცეოდა ტასო სწორად. მე ასე არ მოვიქცეოდი და ინიციატორი არასოდეს ვიქნებოდი. ტასო ლაშა-გიორგიზე იყო დამოკიდებული. სადაც ის იყო, ისიც იქ ჩნდებოდა და, ასე ვთქვათ, “ეტენებოდა”. ტასოს საქციელი ბევრისთვის იყო გამაღიზიანებელი და ჩემთვისაც.

– საერთოდ გამოგიცდია მსგავსი გრძნობა რეალურ ცხოვრებაში?

– არა. არასოდეს გამომიცდია ის, რაც ტასომ გამოსცადა და რომც გამომეცადა, მისნაირად არასოდეს მოვიქცეოდი.

– როგორ ფიქრობ, ტასოს გრძნობა ლაშა-გიორგისადმი სერიოზული იყო?

– ჩემი აზრით, ამ ასაკში არავის გრძნობა არ არის სერიოზული.

– ტასოს ისტორია, საერთოდ, ეს პერსონაჟი რას გასწავლის, მის მაგალითზე რა გამოცდილებას იღებ?

– ცუდს არაფერს მასწავლის, მაგრამ ცუდის მეტს არაფერს აჩვენებს ხალხს. ამ სასიყვარულო ისტორიაზე მეც იგივე რეაქცია მექნებოდა, როგორიც სხვებს და საერთოდ არ მიკვირს ხალხის რეაქცია ტასოს მიმართ. ტასოს საქციელი არ მომწონს, ძალიან აცანცარებული და ქარაფშუტა გოგოა.

ის კი მომწონს, რომ დედაზე ზრუნავს, როგორც შეუძლია და მართლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დედა კარგად იყოს. აი, ქუჩაში ხომ იმღერა დედის გამო – ფულს აგროვებდა. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ მე ტასოსავით ვერ გავბედავდი, ვერანაირად გავიდოდი ქუჩაში და ვერ ვიმღერებდი! ქუჩაში რომ მცნობენ, მეუბნებიან, რა კარგი გოგო ხარ, ფული რომ შეაგროვეო. ამ სერიებმა მართლა ბევრი მასწავლა.

– როგორ ისურვებდი შენი გმირის ცხოვრების განვითარებას?

– მინდა, ტასო ცოტა გაიზარდოს და მოეშვას ამ ბავშვურ ქცევებს. მინდა, ჭკუა ისწავლოს. ყველა ბიჭს, ვინც მოეწონება, ტელეფონი არ აჩუქოს.

– შენ შეყვარებული არ ხარ ან ყოფილხარ ოდესმე?

– არა და არც არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული. რა თქმა უნდა, ვიღაცა კი მომწონებია.

– არადა იმ ასაკში ხარ, რომ სამეგობროში სიყვარულის თემა აქტუალური უნდა იყოს.

– არა. სამეგობროში ვინც ვართ, ჯერ არ ვყოფილვართ შეყვარებული, როგორც ეს ახლანდელ ბავშვებში ხდება.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე, როგორი გოგო ხარ, ტასოს რაიმეთი ჰგავხარ თუ არა.

– ზოგადად არ მიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა გეტყვით, რადგან საჭიროა. პირველ რიგში, ქეთა არანაირად არ ჰგავს ტასოს. დადებითი მხარე რაც აქვს ტასოს, მაგითი ჰგავს, მაგრამ ის საშინელი მხარეები ნამდვილად არ ახასიათებს.

– რა მოგწონს ტასოს თვისებებიდან ყველაზე მეტად?

– ყველაზე მთავარი რაცაა, ადამიანებზე ფიქრობს და, ჩემი აზრით, ყველა უყვარს. აი, მაგით ყველაზე მეტად ვგავარ. უარყოფითი აქვს ის, რაც ამ ბოლო სერიებში ჩაიდინა. ვგულისხმობ ლაშა-გიორგისთან მის ურთიერთობას, ასევე იმას, რომ სწავლას ყველაფერს ამჯობინებს. არანაირად არ უყვარს სწავლა.

– და ქეთას თუ უყვარს სწავლა? ბეჯითი გოგო ხარ?

– კი, სხვათა შორის, უყვარს ქეთას სწავლა და ბოლომდე ცდილობს, რომ თავისი მაქსიმუმი გააკეთოს, რაც შეუძლია სწავლაში. ჩემი აზრით, მართლა საჭიროა სწავლა.

– ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს?

– მე-7 კლასში რომ ვიყავი, მიყვარდა ფიზიკა. მე-8 კლასში ქიმია დამემატა და ახლა ეს ორი საყვარელი საგანი მაქვს. ძალიან მხიბლავს და მაინტერესებს ეს ორი საგანი.

– სერიალის გადაღებები სწავლაში ხელს არ გიშლის?

– გადაღებებზე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხელი შემიწყონ. ნინას ავადმყოფობამ და ლაშა-გიორგის სიყვარულის ამბავმა ცოტა კი შემიშალა ხელი სკოლის პერიოდში, რადგან ეს სცენები ჩემზე იყო და უფრო მეტ დროს მოითხოვდა.

– რას ეტყოდი ბავშვებს, რომელთა დედები მძიმე სენს ებრძვიან?

– გინდ დედა იყოს, გინდ მამა იყოს, ძმა იყოს, და იყოს, მისი ახლობელი ხომ არის… პირველ რიგში, საკუთარი თავი დაივიწყონ და მხარში უნდა ამოუდგნენ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

– ნინას როლის შემსრულებელთან, მსახიობ ანა ტყებუჩავასთან, როგორი ურთიერთობა გაქვს? შეიძლება ითქვას, რომ მის ხელში გაიზარდე?

– ჩვენ ვმეგობრობთ. მე ანას მეორე შვილის, თაიას ნათლია ვარ.

– საკმაოდ პატარა ასაკში გახდი პოპულარული. მოგწონს ეს მდგომარეობა? ამაყობ?

– რა თქმა უნდა. რა სჯობია იმას, რომ ხალხის სიყვარული დაიმსახურე. პატარა როცა ვიყავი, სულ ვცდილობდი, არ ამვარდნოდა თავში. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც პოპულარულ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ ძალიან პოპულარულ სერიალში, მაგრამ ბოლომდე ვცდილობ, ეს სიამაყის გრძნობა თავში არ ამივარდეს.

– შური თუ გიგრძვნიათ თანატოლების, კლასელების, მეგობრებისგან?

– კლასელებისგან არასოდეს მიგრძვნია შური. უცნობი თანატოლებისგან კი ნამდვილად მიგრძვნია კომენტარების სახით, მაგრამ ეგ ყოველთვის იქნება. ახლო მეგობრებთან და კლასელებთან ურთიერთობა პოპულარობას არ გაურთულებია. პირიქით, რაც შეუძლიათ, ყველა მართლა ძალიან მქომაგობს და გვერდში მიდგას.

– სერიალში ტასო და ჯეკო და-ძმანი არიან, მაგრამ რა ხართ ერთმანეთისთვის თქვენ და გიორგი ბარბაქაძე – ჯეკოს როლის შემსრულებელი?

– გიორგის 4 წლიდან ვიცნობ. ძალიან ბევრი წელი გამოვიარეთ ერთად. მართლა ნამდვილ და-ძმასავით ვართ მე და გიორგი.

– მომავალში რა პროფესიაში ხედავ თავს, მსახიობობას ხომ არ აპირებ?

– სხვათა შორის, არ ვაპირებ და ყველა მეკითხება, რატომო. მე კი მინდა, ექიმი გამოვიდე, ქირურგია მომწონს.

– ორი პაწაწინა დაიკო გყავს – წლინახევრის თათული და ორი თვის მაშო. მათზე ზრუნავ, დედას ეხმარები მათ გაზრდაში?

– ქეთა ყველაზე მზრუნველი დაა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. 11 წელი ვიყავი დედისერთა და მუდამ ვნატრობდი, და ან ძმა მყოლოდა. ახლა ყველანაირად ვცდილობ, ამ 11 წლამდე რაც დავკარგე, ყველაფერი ავინაზღაურო. ის სიყვარული გამოვხატო ორივეს მიმართ, რაც ამ 11 წლის განმავლობაში მაკლდა. დედას ყველანაირად ვეხმარები, რაც შემიძლია.

– დედასთან და მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? არის რაიმე, რაზეც ვერ თანხმდებით ან კონფლიქტი მოგდით?

– მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ საუკეთესო მშობლები მყავს. ხომ არიან ზოგიერთები მშობლებთან ჩაკეტილები, მე ყველა ჩემს დარდს თუ სიხარულს ვუზიარებ. მართლა არაჩვეულებრივი მშობლები მყავს და მათი დამსახურებაა, რომ ასეთ პოპულარობას მივაღწიე. ჩვენ შორის კონფლიქტი არ არსებობს, ყველაფერზე ვთანხმდებით. არაფერს მიშლიან, რადგან არაფერს ვაკეთებ ისეთს, რაც უნდა დამიშალონ.

– რაიმე სხვა ფილმში ან სერიალში გადაღება ხომ არ იგეგმება შენს ცხოვრებაში?

– ჯერჯერობით გეგმები ისეთი არაფერი მაქვს, მაგრამ ყოველთვის მინდოდა და ახლაც ძალიან მინდა ფილმში თამაში. სულ ერთია, რა ფილმი იქნება. სხვა სერიალი ნაკლებად მინდა.

– ჯერ არაფერი შემოუთავაზებიათ?

– არა, მაგრამ იმედი მაქვს, შემომთავაზებენ.

– ვინ არის შენი საყვარელი მსახიობი?

– ემილია კლარკი და ჯულია რობერტსი, რა თქმა უნდა.