ნიკა გვარამია: “მაია ასათიანს შეეძლო ჩვენს არხზე სხვა გადაცემა ეკეთებინა”

ნიკა გვარამია: "მაია ასათიანს შეეძლო ჩვენს არხზე სხვა გადაცემა ეკეთებინა"რუსუდან ადვაძე, სარკე

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ახალდაფუძნებულ არხზე ბევრად თავისუფლად გრძნობს თავს, ვიდრე “რუსთავი 2”-ზე ყოფნისას. თუმცა ახალი არხის შექმნაში იმდენი ენერგია ჩადო, რომ მთლად გამოიფიტა და ახლა ძალების შევსებას ძილით ცდილობს.

რა თქმა უნდა, გული სწყდება, რომ მის არხზე არ გავა “ჩემი ცოლის დაქალები”, “სამზარეულოს ომები”, შუადღის ეთერში აღარ იქნება ქეთი დევდარიანი… მაგრამ დიდი ოპტიმიზმით ირწმუნება, რომ “მთავარი არხი” მალე ყველაზე რეიტინგული გახდება. 2 თვე დამელოდეთ, შევავსო ბადე და მერე გაჩვენებთ, როგორი არხი გვექნებაო, დაიქადნა “სარკესთან”. ხოლო პროკურატურას, რომელიც მის დასაჭერად “წვალობს”, სრული გაფარჩაკება უწინასწარმეტყველა.

ნიკა გვარამია: ახალი არხის აწყობას თან ახლდა ძალიან დიდი სიჩქარე, დიდი სტრესი და ეს იყო უმძიმესი ერთი თვე. ცხოვრებაში ასეთი მძიმე პერიოდი არ მქონია. ძალიან ბევრი ღამე არ მეძინა და ახლაც გამოფიტული ვარ.

სამსახურში ვზივარ მთელი დღე და მე და კვესიტაძე ეთერს ვავსებთ პოლიტიკური თოქ შოუებით. მალე აღარ იქნება ამდენი პოლიტიკა, მაგრამ ჯერჯერობით ასეა, სანამ, მაგალითად, ორშაბათის შოუ დაიწყება, რომელსაც წაიყვანენ ილო ბეროშვილი, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი. “მხოლოდ ქართულიც” იქნება წელს სიურპრიზად და ბოლო ლურსმანს ჩავაჭედებთ ზოგიერთის, არ ვიცი, რაში, მაგრამ მაინც.

სამშაბათს იქნება ეკა კვესიტაძის პოლიტიკური თოქ შოუ. ოთხშაბათს არის ნანუკა. ხუთშაბათს ჯერჯერობით მე ვზივარ, მაგრამ მალე ამ დღეს იქნება ნანუკას პროდიუსინგით ფანტასტიკური გადაცემა, რომელიც მე მიყვარს და ჩემი მოგონილი ფორმატია და რომელიც “რუსთავი 2”-ზე მქონდა დანერგილი, ახლა აქეთ გადმომაქვს. ამ გადაცემას წაიყვანენ ნათია ტრაპაიძე და მიშა სესიაშვილი. ვორქ შოპები რომ გვქონდა, ისეთი იქნება, ოღონდ ეს ახლა ყოველკვირეული გახდება, სადაც ყოველი კვირის აქტუალური თემა გაშუქდება.

პარასკევს ვანო ჯავახიშვილია და ვანოს შემდეგ გვინდა, რაიმე საინტერესო ჩავუშვათ, რაიმე ბრენდ შოუ გვინდა. შაბათი “კომედი ჯგუფისაა” და ასევე, როგორც კი დალაგდება სიტუაცია, ნოდარ მელაძის შაბათის “კურიერიც” აღდგება. კვირას მე და ეკა ვართ გაბუნიას “პოსტ ფაქტუმის” შემდეგ.

დილა გვექნება არაჩვეულებრივი და ასევე “სხვა შუაღამე”, რომელიც ისევ და ისევ ჩემი მოგონილი ფორმატია. გვექნება “შუადღეც” მხოლოდ შაბათ-კვირას, რომელიც იქნება ძალიან მაგარი. პირველი იქნება მწერლების, როგორიც იყო “რუსთავი 2”-ზე და მეორე შოუ კი კულტურას მიეძღვნება, სადაც იჯდება მარინა ბერიძე და კიდევ სხვა წამყვანები.

ასეთი ახალი იდეები გვაქვს და მალე, დღის მეორე ნახევარში ყველაფრით დაიტვირთება ტელევიზია, მათ შორის, სერიალებით და მერე უყურეთ რეიტინგებს!

– ახლა როგორია თქვენი რეიტინგი?

– ახლაც კარგი რეიტინგი გვაქვს, მაგრამ ნახეთ, 2 თვის მერე რა იქნება! ერთთვიანი ტელევიზია რომ მესამე ადგილზეა, ხომ ხედავთ? დამელოდეთ, შევავსო ბადე და მერე გაჩვენებთ, როგორ ვიქნებით “რუსთავი 2”-თან მიმართებაში!

– მწერლების მიერ წაყვანილ “შუა დღეში”, “რუსთავი 2”-ში ქეთი დევდარიანიც იჯდა…

– ქეთი დევდარიანი “ფორმულაზეა”. ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ არ გამოდის ეს ამბავი, უარია. სხვას შევარჩევთ და დაახლოებით უკვე ვიცი ეს კანდიდატურებიც, მაგრამ… ტურიკაც (დათო ტურაშვილი. რედ.) რაღაც ხანგრძლივ მოგზაურობაშია წასული წლის ბოლომდე და არც ის იქნება. შესაბამისად, შესარჩევი არიან ეს კანდიდატები და ვნახოთ, როგორ გამოგვივა.

– “რუსთავი 2”-ის მთელი კოლექტივი საბოლოოდ სამ ტელეარხზე გადანაწილდა. თავად აარჩიეთ “მთავარი არხისთვის” თანამშრომლები თუ პირიქით, იქით აგარჩიეს თქვენ?

– ჟურნალისტებმა ამარჩიეს მე. ეს არის მათი გადაწყვეტილება. “ფორმულას” შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენთან და “ფორმულაშია” მთელი “რუსთავი 2”. ვინმეს იცნობთ, ვინც “რუსთავი 2”-ზე დარჩა?

– მაგალითად, მაია ასათიანი, რომელზეც ნიუსები ვრცელდებოდა, ნიკა გვარამიამ დასცინაო…

– მე მაიაზე ცუდი არაფერი მითქვამს. მაია ასათიანი ძალიან ძლიერი “ტელევიზიონშიკია”, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ყვითელ გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვთ. ამიტომ ჯობია, სხვა რამ გააკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს არხზე ასე არ იქნებოდა და, როგორც ხედავთ, ნანუკაც გადაფორმატდა სოციალურად მწვავე ტიპის თოქ შოუდ. ვფიქრობ, ამ ჟანრმა ამოწურა თავისი თავი. მაიას გადაწყვეტილება იყო, რომ იმ არხზე დარჩა.

– თუ მის გადაცემაზე უარი უთხარით, აბა, რა ექნა?

– მაია ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტია, კარგი და ძლიერი ადამიანი და ათასი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისევ “პროფილი” აკეთოს “რუსთავი 2”-ზე. დანარჩენი აღარაა ჩემი საქმე.

– ვინც “რუსთავი 2”-ში დარჩა, მხოლოდ მათზე ხართ ნაწყენი თუ მათზეც, ვინც “ფორმულაში” წავიდა?

– ბოდიში, მაგრამ ნაწყენი არავისზე ვარ. “ფორმულაზე” არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, მინდოდა, ჩემთან ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ ასეთი არჩევანი გააკეთეს და მათ არჩევანს პატივს ვცემ. არც სხვებზე ვარ ნაწყენი. ნაწყენი კი არა, გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის არხზე დარჩნენ.

“რუსთავი 2” პირველად თავის ისტორიაში, არის რუსული გავლენის არხი. ეს კი კატასტროფაა და იქ მჯდომი სახეებიც კატასტროფაა ჩემთვის! ამიტომ გაოგნებული ვუყურებ ყველას, თორემ ნაწყენი ვარ ხოლმე ჩემს შვილზე. თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ.

– კიდევ ვინ გაოგნებთ ასე?

– არ ჩამოგითვლით. ეს ერთი მაგალითი წამომცდა და შეირგეთ.

– “ჩემი ცოლის დაქალები” არ იქნება თქვენს არხზე. გული არ გწყდებათ ამ ყველაზე რეიტინგული პროდუქტის გამო?

– “ფორმულაზე” არიან “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელები. მათი გაკეთებულია ეს არხი და დათოსი (გულისხმობს დავით კეზერაშვილს. ავტ.). მათი ეს გადაწყვეტილება ძალიან მომწონს. ჩვენსავით სპრინტერული ტემპებით – არა, მაგრამ მიზანმიმართულად სიარული, ვფიქრობ, შედეგს მოიტანს.

გული დამწყდა, ვის არ დასწყდება ასეთ პროდუქტზე გული, მაგრამ მაგის სახსრები არ მქონდა. ორივე გუნდს რომ ერთი არხი გაგვეკეთებინა, ამაზეც იყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი გემოვნება და ესთეტიკა რაღაც საკითხებში არ დაემთხვა ერთმანეთს და ვერ შევთანხმდით, თუმცა ძალიან კარგ და ახლო მეგობრებად დავრჩით.

– თქვენი არხი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიჩნეულია ნაციონალების არხად, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ 2020 წელს ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლაზე იმუშაოს.

– რა შეატყვეთ?! ერთადერთხელ გვყავდა სააკაშვილი და ჯოჯოხეთი მოვუწყვეთ. ნაციონალური მოძრაობა, “ევროპული საქართველო” მოგვწონს და ამას არ ვმალავთ. ჩვენ პროდასავლური პარტიების მხარდამჭერები ვართ და ჩვენს ეთერში ყველა პროდასავლური პარტიაა წარმოდგენილი. მათ დავეხმარებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გავუშვათ. ამ ამოცანას ნამდვილად არ ვმალავთ.

ნაციონალური მოძრაობა მათ შორის ყველაზე დიდია და ამიტომაც გეჩვენებათ ასე. მიშა სააკაშვილი რომ ეთერშია, ეს ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია, რადგან ის არის ქართული პოლიტიკის მსხვილი მოთამაშე და რატომ არ უნდა იყოს ეთერში, არ მესმის. ეს სრულიად ადეკვატური საქციელია ჩვენი მხრიდან. ჩვენი მაყურებლის ძალიან დიდ ნაწილს მისი აზრი აინტერესებს და რატომ არ უნდა დავაკმაყოფილოთ მათი ეს ინტერესი?!

– პირადად თქვენი ფავორიტიც ხომ არის?

– ჩემი მეგობარია და მიმაჩნია ყველაზე მსხვილ და წარმატებულ ქართველ პოლიტიკოსად. ასევე ძალიან მესიმპათიურებიან რესპუბლიკელებიც, რომლებიც ახლა ახალი სუნთქვაა და ძალიან საინტერესო ხალხია. გაერთიანებული ოპოზიციაც მომწონს და ევროპული საქართველოც. ვნახოთ, ახლები რას იზამენ – მამუკა ხაზარაძე, აგერ ანა დოლიძე გამოჩნდა…

– სააკაშვილის განცხადებამ თქვენს პირდაპირ ეთერში, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ბოკერიამ და მისმა თანამოაზრეებმა კი ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდანო, თქვენც კი შოკში ჩაგაგდოთ. როგორ აფასებთ ამ განცხადებას?

– დიახ, ნამდვილად მოულოდნელი იყო, არც ველოდი და არ მომეწონა! იქვე განვაცხადე, რომ ეს არ მომეწონა. ძალიან არ მომწონს პერსონალური რელიგიური საკითხების განხილვა.

– ახალ არხზე უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს თუ “რუსთავი 2”-ზე უკეთესი იყო?

– ახლა ბევრად უფრო მეტი თავისუფლება მაქვს. უნდა ნახოთ, ჩვენს მიკროფონებს როგორ ექცევიან – კოცნიან. ხალხის აგრესია კი “რუსთავი 2”-ს დარჩა. ძალიან ვუყვარვართ ხალხს და ბედნიერები არიან, რომ ვარსებობთ. მომწონს ასევე ის, რომ ამ შენობაში ყველა ადამიანს ვიცნობ, ყველა ჩემი არჩეულია და ისინი არიან, რომლებიც, მინდა, ჩემს არხზე იყვნენ. “რუსთავი 2”-ში კი ასე არ იყო. შინაგანი თავისუფლებაც ახლა უფრო მეტია.

– ფინანსური რესურსები ასე სწრაფად როგორ იქნა მოძიებული?

– ჯერ ერთი, ნახევარ მილიონ დოლარად გავყიდეთ 5%. ეს საკმარისია დასაწყისისთვის და მეორე, ერთი თვის თავზე რეკლამა ჩაეშვება უკვე და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად ვვაჭრობთ. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი შემოსავლებისა. ბევრად მეტ შემოსავალს ველოდებით წილების გაყიდვისგანაც. 9 ოქტომბრიდან ნახავთ, რა შემოსავლები გვექნება.

– პროკურატურაში გამოკითხვებზე დადიხართ თქვენ და თქვენი თანამშრომლები. სოციალურ ქსელში წერდით, ყველაფერს იზამენ ჩემ დასაპატიმრებლადო. გიფიქრიათ იმაზე, მართლა რომ დაგაპატიმრონ, მერე რა იქნება?

– პროკურატურა ახლა წვალობს, რომ მე დამიჭიროს. აუცილებლად ეცდებიან, რომ მე დამიჭირონ და აუცილებლად გაფარჩაკდებიან. აგერ მე და აგერ თქვენ! ასე რომ, თქვენც შეუთვალეთ პროკურატურას, რომ რაც უფრო მეტს ეცდებიან, მით უფრო გაფარჩაკდებიან!

– ამბობთ, ამდენი საქმით გამოფიტული ვარო. რას აკეთებთ ენერგიის აღსადგენად?

– სამწუხაროდ, ვერსად წავალ დასასვენებლად, მაგის დრო არ მაქვს. ამიტომ, ძილით აღვიდგენ ძალებს. ზოგჯერ ვიღებ ერთი დღით დასვენებას და მთელი დღე მძინავს.

– მგონი, კარგი ჭამაც გიყვართ. “სამზარეულოს ომებში” ჟიურის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი იყავით და თქვენი გურმანობაც კარგად ჩანდა…

– არა, ჭამა არაა მნიშვნელოვანი, ჩემთვის ძილია მთავარი. “სამზარეულოს ომებიც” “ფორმულაზეა”, ეგეც მათი პროექტი იყო. “მხოლოდ ქართულია” ჩემთან, რომელიც ჩემი მოგონილია. ჩაინიშნეთ, რამდენი საავტორო პროექტი მაქვს მოგონილი ტელევიზიისთვის, მხოლოდ დირექტორი კი არ ვიყავი!

– “სამზარეულოს ომების” მსგავსი პროექტი თქვენს არხზე არ იქნება?

– ჯერჯერობით ასეთი არ იგეგმება. ჩვენს არხზე იქნება სამზარეულოსადმი მიძღვნილი გადაცემა, მაგრამ ეს არ იქნება შოუ.

– ზემოთ აღნიშნეთ, მე შეიძლება შვილზე ვიყო ნაწყენი, მაგრამ არა “რუსთავი 2”-ში დარჩენილებზეო. რა შეიძლება ჩაიდინოს შვილმა ისეთი, რომ გეწყინოთ?

– დედა რომ უფრო მეტად უყვართ, მწყინს! რა ვქნა, ასეთი ვარ. ჩემს ნათქვამს რომ არ გაითვალისწინებენ, ისიც მწყინს, მაგრამ არაფერს ვეუბნები, მათი საქმეა. ძალიან უცნაური ბავშვები არიან – დამოუკიდებლები, საინტერესოები და ღრმანი. ასე რომ, ძალიან ვერ ჩაერევი მათ ამბავში.

– მკაცრი მამა ხართ?

– არა, არ მიყვარს სიმკაცრე. ძალიან იშვიათად, უკიდურესად იშვიათად ვბრაზდები, როცა მართლა ვგრძნობ, ის სიტუაციაა, როცა შეიძლება ამ ყველაფერს სიმკაცრით ვუპასუხო. სხვა შემთხვევაში, არ ვარ მკაცრი.

– ზოგადად მკაცრი პიროვნება კი ჩანხართ…

– აბსოლუტურად მცდარია ჩემზე ეს წარმოდგენა. მაგალითად, ჩემი შვილების შემთხვევაში, როცა ვიგებ, რომ ძმა უსამართლოდ მოექცა დას, რა თქმა უნდა, მკაცრი ვიქნები. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ სიმკაცრეა საჭირო.