მერლინი – კამელოტში მაგიის დროა

მერლინი - კამელოტში მაგიის დროაკოტიკო გოგინაშვილი

შესავალი

კამელოტი ქაოსშია გახვეული, მეფე უთერ პენდრაგონი კრძალავს სამეფოში ჯადოქრობას. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა ჯადოქარი, მერლინი, გადაწყვეტს კამელოტში წასვლას. იქ მერლინი შეხვდება ცნობილ ექიმს, გაიუსს. გაიუსი ასწავლის მერლინს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მაგია.

ერთხელ მერლინი უკანასკნელი დრაკონისგან გაიგებს, რომ კამელოტის პრინცის, ართურ პენდრაგონის, დაცვა მისი მოვალეობაა. სწორედ ამ დროიდან იწყება მათი ურთიერთობა.

მერლინი და ართური 

სამეფო კარის ყველა წარმომადგენელი სარგებლობს პრივილეგიებით – მათ ჰყავთ პირადი მსახურები, თუმცა მათ არ აქვთ კარგი რეპუტაცია. მერლინი არ არის  ართურ პენდრაგონის მხოლოდ მსახური, ის მისი მეგობარიცაა, რომელიც მზად არის თავისი მეგობრისთვის თავი გაწიროს.

ართურ პენდრაგონი გამოირჩევა საბრძოლო ნიჭით. მან არაერთი ტურნირი მოიგო, სადაც აუცილებელი იყო რაინდული და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება. უკანასკნელი დრაკონი (კილგარა) თვლის, რომ ართურს დიდი მომავალი აქვს. კამელოტის ყველა მოქალაქეს აქვს იმის იმედი, რომ ართური შეძლებს ალბიონის გაერთიანებას და შექმნის ისეთ სახელმწიფოს, სადაც იქნება მშვიდობა და ამ იმპერიით ყველა ბრიტანელი იამაყებს.

ამის გაკეთება ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, პრინცს სჭირდება დახმარება. მერლინის გარეშე ართური ვერ გაამართლდება ხალხის მოლოდინს.

კამელოტში აკრძალულია ჯადოქრობა. რომელიმე მოქალაქე თუ გადაწყვეტს მაგიის გამოყენებას, მისი დღეები დათვლილია. გასაკვირია მერლინის ეშმაკობა და მოქნილობა, როგორ ახერხებს იგი მაგიის გამოყენებას იქ, სადაც ჯადოქრები ითვლებიან ქვეყნის მთავარ მტრებად.

მე-5 სეზონის ერთ-ერთ სერიაში უთერის გარდაცვლილი სული ბრუნდება კამელოტში. უთერი დაინახავს, რომ მერლინი ჯადოქარია, აქედან გამომდინარე, კამელოტის მთავარი გადამრჩენელი ძალა არის მაგია. არავინ იცის, როგორი მეგობრები იქნებოდნენ ართური და მერლინი, პრინცს რომ სცოდნოდა მისი მსახურის ჯადოქრობის ამბავი.

მერლინმა ბოლომდე ვერ შეინახა თავის საიდუმლო და ართურის სიკვდილის წინ თავის მეგობარს უთხრა, რომ იგი ბავშვობიდან ფლობს მაგიის ნიჭს, თუმცა ართურმა მერლინს სიკვდილის წინ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

მორგანა

უთერი ოდითგანვე ვერ იტანდა ჯადოქრებს, ზოგჯერ კამელოტის მეფე ამის გამო ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა. უთერს ამის გამო გაუფუჭდა ურთიერთობა, თავის ქალიშვილთან, მორგანასთან.

ეს არ არის მორგანას გაბოროტების ერთადერთი მიზეზი, მას აქვს ჯადოქრობის ნიჭი. ამიტომ პრინცესა კამელოტში თავს უვარგისად და მარტოდ გრძნობს. სიტუაცია  იძაბება, როდესაც კამელოტში გამოჩნდება მორგაუზა, რომელიც არის მორგანას ნახევარდა.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დადებითი პერსონაჟი, გარკვეული მიზეზების გამო, იცვლება და ირჩევს ბნელ მხარეს. მორგანას არ გაუმართლა, ბედი არ იყო მის მიმართ კარგად განწყობილი, მაგრამ მაშინ მერლინი რატომ ცდილობს, რომ კამელოტში იყოს მშვიდობა და როგორ ინარჩუნებს ოპტიმიზმს ყველაზე რთულ სიტუაციებში? მერლინს სხვანაირი ბუნება აქვს, იგი ენდობა ართურს და დარწმუნებულია, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ააშენებს ისეთ იმპერიას, სადაც სამართლიანობა გაიმარჯვებს.

მორგანამ ვერ მოახერხა კამელოტის დაპყრობა და ეს მერლინის და ართურის ჭკვიანური სტრატეგის დამსახურებაა.

სიყვარული

მორგანას ჰყავს მსახური, რომლის სილამაზე  დაიპყრობს ართურის გულს, მისი სახელია გვინევრა.

უთერს სურდა, რომ მის  ვაჟს ცოლად მოეყვანა მისთვის შესაფერისი ქალი, რომელიც იქნებოდა სამეფო კარის წარმომადგენელი. ართურს არ მოსწონდა უთერის ეს შეხედულება. აქედან ჩანს, რომ პრინცისთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუ ვინ იქნება მისი მომავალი მეუღლე.

ართურის აზრით, ადამიანი არ უნდა განსაჯო მისი სტატუსით, მთავარია, მას ჰქონდეს კეთილი გული.

საბოლოოდ, ართური და გვინევრა დაქორწინდებიან. მსახური გვინევრა კამელოტის დედოფალი გახდება.

ართური და მრგვალი მაგიდა

მიუტევებელი შეცდომაა, ისაუბრო სერიალზე, სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია მეფე ართური და არ ახსენო მრგვალი მაგიდის სცენა.

მე-3 სეზონის ბოლოს, როდესაც მორგანამ დროებით დაიპყრო კამელოტი, ართური თავის მეგობრებთან ერთად ტყეში გაიხიზნა.  მათ იპოვეს ძველი სასახლე, სადაც ისინი გეგმავდნენ ტახტიდან მორგანას ჩამოგდებას.

იქ შედგა ამ სერიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა. ართურმა მრგვალ მაგიდასთან მოიწვიაა მოკავშირეები,  რაინდებმა ერთგულება შეჰფიცეს კამელოტის მომავალ მეფეს. მრგვალ მაგიდასთან ყველა იყო თანასწორი, შეიძლება ითქვას, რომ მრგვალი მაგიდა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სიმბოლოდ ითვლება .

დასასრული

ეს სერიალი შემოიფარგლა მხოლოდ 5 სეზონით. ართურს მოკლავს მორდრედი, რომელიც არის დრუიდი (დრუიდები არიან ჯადოქრები, რომლებიც მაგიას ცუდი საქმეებისთვის არ იყენებენ). ეს მოხდა ბრძოლაში, სადაც წყდებოდა კამელოტის ბედი.

ართურ პენდრაგონმა გაამართლა ხალხის მოლოდინი. მან შეძლო და სამართლიანობა კამელოტში აიყვანა ახალ დონეზე, ართურის მმართველობის პერიოდში ხალხი უაზროდ არ იჩაგრებოდა, ყველა იყო თავისუფალი და არ ჰქონდა მნიშვნელობა, იყავი, თუ არა დიდგვაროვანი, მთავარი იყო, შენი შესაძლებლობები კარგად გამოგეყენებინა.

პოპულარობა

მერლინი არის ბრიტანული სერიალი, მისი გამოსვლის პერიოდში (2008-2012) მერლინი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი მთელ კუნძულზე და ახლაც არის პოპულარული.

ამის ნათელი მაგალითია ფეისბუქზე შექმნილი დახურული ჯგუფი, რომლის სახელია missing merlin. ასევე მერლინის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე აქვს მილიონზე მეტი ლაიქი.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ რეჟისორი და მსახიობები. რეჟისორმა ჯერემი ვებმა კარგი მსახიობები შეარჩია, თუმცა კოლინ მორგანმა (მერლინი), ბრედლი ჯეიმსმა (ართურ პენდრაგონი), ენჯელ კოულბიმ (გვინევრა) და კეტი მაკგრატმა (მორგანა) სხვა ფილმებში თავი ვერ გამოიჩინეს.

ამის მიუხედავად, მსახიობების მაღალი დონის თამაშის დამსახურებაა, რომ ამ მაგიურმა ბრიტანულმა სერიალმა უამრავი მაყურებლის გული დაიპყრო.