გიორგი ჩიკვაიძე: “ნინი ბადურაშვილის მოსახიბლად ბევრ რამეს ვაკეთებდი “

გიორგი ჩიკვაიძე: "ნინი ბადურაშვილის მოსახიბლად ბევრ რამეს ვაკეთებდი "ავთო ჩიტიძე, სარკე

33 წლის გიორგი ჩიკვაიძემ საზოგადოების ყურადღება ამ ზაფხულს მიიქცია, როდესაც გავრცელდა ფოტოები, სადაც ის მომღერალ ნინი ბადურაშვილის გვერდით საფრანგეთის კურორტ კანში პოზირებს. მაშინვე გავარდა ხმა, რომ ნინის ცხოვრებაში ახალი სიყვარული – მილიონერი ქართველი ბიჭი გამოჩნდა და სწორედ მან წაიყვანა ევროპის ცნობილ მდიდრულ კურორტზე. მოგვიანებით ეს ხმები კიდევ უფრო გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ კანში, იახტების ყველაზე გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელშიც გიორგიც მონაწილეობდა, ნინიმ მილიონერების საზოგადოების წინაშე იმღერა.

ცერემონიალის ორგანიზატორები მისი სიმღერით ისე მოიხიბლნენ, რომ გიორგის იდეა, ეს ცერემონიალი მომავალ წელს ბათუმში ჩატარდეს, მაშინვე აიტაცეს და კონტრაქტიც გაფორმდა. ამით გიორგიმ დიდი ხნის ოცნება აისრულა – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ცერემონიალი უკვე ბათუმში გაიმართება.

ასე რომ, ნინი გიორგის წარმატების თილისმაა, ხოლო არის თუ არა მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა, ამის შესახებ გიორგი ჩიკვაიძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელშიც ახალგაზრდა ბიზნესმენი თავისი ცხოვრების ისტორიასა და ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობაზე გულახდილად გვიამბობს.

– გიორგი, თქვენზე ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება, ამბობენ, რომ მილიონერი ხართ და ნიცასა და მონაკოში ფუფუნების მორევში ცურავთ. ახლა მილიონერს ვესაუბრები?

– არა, მილიონერს არ ელაპარაკებით, უბრალოდ იმ ინდუსტრიაში ვტრიალებ, რომელიც მილიონერების სფეროა. 6 წლის წინ აღმოვჩნდი იახტების სფეროში. კანის იახტების ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს იმათება კანში, პირველად ტურისტის რანგში დავათვალიერე და ისე მომეწონა ეს სფერო, რომ გადავწყვიტე ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა და ახალი გამოწვევა მიმეღო.

პროფესიით ვეტერინარი და სურსათის უვნებლობის ექსპერტი ვარ. ამ განხრითაც ვმუშაობდი, მაგრამ იახტების სფერომ ისე ჩამითრია, რომ ყველაფერზე უარი ვთქვი და სრულიად ახალი საქმე ვისწავლე. დღეს უკვე იახტების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიის, “აზიმუტ ბენეტის”, რეგიონული წარმომადგენელი ვარ.

ძალიან რთული და შრომატევადი გზა გავიარე. დავამთავრე ამ კომპანიის აკადემია, ვიყავი პიარისა და მარკეტინგის განყოფილებაში. დღეს მეამაყება, რომ ვარ ამ დიდი კომპანიის ვიპ გაყიდვების სპეციალისტი კანისა და მონაკოს ტერიტორიაზე. 2018 წელს კი მოვახერხე იმდენი, რომ “აზიმუტ ბენეტი” შემოვიყვანე ჩვენს რეგიონში. რასაც სულ ახლახან მივაღწიე, საერთოდ დაუჯერებლად მეჩვენება.

– ცნობილია, რომ 2020 წელს იახტების ყოველწლიური გამოფენა, რომელიც ნიცაში იმართებოდა, ბათუმში ჩატარდება.

– კი და ამ იდეის განხორციელებით ყველაზე მეტად ვამაყობ. მიმაჩნია, რომ ეს წლის მოვლენაა, რადგან ეს იგივეა, რომ კინოსფეროში “ოსკარის” დაჯილდოება ჩაატარო საქართველოში. იმის გამო, რომ ბათუმში საიახტე სფეროსთვის შესაბამისი მაღალი დონის ინფრასტუქტურა არ არის, იახტების დაჯილდოების ცერემონიალიდან გამოვყავით დიზაინერების ნაწილი და მას ჩავატარებთ ბათუმში.

დიზაინის ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში, რადგან დიდი კონკურენციაა და ყოველ წელს იქმნება სულ ახალი დიზაინის იახტები, რომლებიც თანამედროვე ტენდენციებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ერთ თვეში გავაკეთებთ პრესკონფერენციას, სადაც უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრებთ. ამ ცერემონიალზე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩამოვლენ, იახტების კომპანიების პირველი პირები ეწვევიან ბათუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი მხარჯველობითი უნარის მქონე ვიზიტორებით გაივსება ბათუმი.

იმდენად შეპყრობილი ვიყავი ამ იდეით, რომ სადაც კი მხედავდნენ ამ ცერემონიალის ორგანიზატორები, მაჩუმებდნენ, ვიცით, საქართველოს შესახებ და არ დაიწყო თავიდან მოყოლაო.

– როგორ მიაღწიეთ, რომ დაჯილდოების ორგანიზატორები ბათუმში ცერემონიის ჩატარებაზე დაითანხმეთ, რა არგუმენტები გქონდათ?

– ერთი თვის წინ დაპატიჟებული ვიყავი ჯეკსონების ოჯახის დახურულ წვეულებაზე. ვიცოდი, რომ ჩემი მეგობარი ნინი ბადურაშვილი ჯეკსონზე ბავშვობიდან გიჟდება და ამიტომ გადავწყვიტე გამეხარებინა და ამ ოჯახის წვეულებაზე ნინიც წავიყვანე. იქ ნინი გავაცანი ძალიან სერიოზულ ხალხს. მაშინ გადაწყვიტეს, რომ კანში, იახტების დაჯილდოების ცერემონიალზე ნინი იქნებოდა მოწვეული მომღერალი. ამ ცერემონიალზე გასულ წელს ბენსონი მღეროდა, სამი წლის წინ “დესტინს ჩაილდი”.

ის, რომ ნინიმ თავისი ვოკალით ფურორი მოახდინა, მე გამოვიყენე ისევ მოლაპარაკებების განახლებისათვის. როგორც კი ორგანიზატორებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ კანში ძალიან ძვირი ჯდება ამ ცერემონიალის ჩატარება, მე მაშინვე შევთავაზე ბათუმი, სადაც 70 პროცენტით იაფი დაუჯდებოდათ ამის გაკეთება. იმავე საღამოს გადაწყდა ეს ამბავი.

– თქვენ ვიპ კლიენტებს ემსახურებით იახტების სერვისით. მათ შორის არიან ვარსკვლავები?

– მოქმედი კონტრაქტი მაქვს ჯეი ზისთან და ბიონსესთან. ორჯერ ვიყავი მათ საკონცერტო ტურნეზე დაპატიჟებული, ოჯახის სტუმრის სტატუსით. ასევე საქმიანი ურთიერთობა მაქვს ჯორჯ ბენსონთან, რომელიც ჩემი კერპი იყო ბავშვობიდან. თუ ადამიანს რაღაც ძალიან უნდა და სწორად იწყებს ოცნებას, ის აუცილებლად გამოდის. ჩემი ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია.

– ალბათ ბევრი უცნაური მოთხოვნის შესრულება გიწევთ იმ ადამიანებისთვის ვისაც იახტებს სთავაზობთ.

– მოთხოვნები მართლაც არამიწიერი აქვთ ხოლმე. არ დავასახელებ იმ პიროვნების სახელს, მაგრამ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა მოგვთხოვა, რომ იახტის მისაღებ ოთახში უნდა ყოფილიყო მარმარილოს მაგიდა, რომელიც მოხატული იქნებოდა მოზაიკით და გამოსახული იქნებოდა სიქსტის კაპელა. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ ეს მოთხოვნა შეგვესრულებინა.

ხშირად მიოცნებია, რა კარგი იქნებოდა ტელეფონის გამოყენების აკრძალვა რომ არ მქონდეს, რადგან ხშირად ისეთი საინტერესო ადამიანები მოდიან და ისეთი წვეულებები ეწყობა ჩვენს იახტებზე, რომ მინდა, ეს ემოციები ჩემს მეგობრებსაც გავუზიარო.

– ახლა, როცა თქვენი დიდი ოცნება აისრულეთ, რა ახალი მიზანი დაისახეთ?

– საქართველოში საიახტე სფეროს განვითარება. უახლოეს 5-6 წელიწადში ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება ამ ინდუსტრიის სრულფასოვანი წევრი. მაქვს ამბიცია, რომ იახტების ინდუსტრიის განვითარება საქართველოში ჩემს სახელთან ასოცირდებოდეს.

– გიცნობენ მეორე სახელითაც – რამზესი. რას ნიშნავს ეს მეტსახელი?

– რამზეს ჩიკვაიძე ჩემი სამუშაო სახელია. მაღალ საზოგადოებაში მუშაობისას იურიდიულად ამ სახელით ვმუშაობ, რაც საშუალებას მაძლევს ბევრი სერვისით და მომსახურეობებით ვისარგებლო. ამ სფეროში სულ 11 რამზესია, მე მე-5 ვარ. რაც ჩემს სოციალურ ქსელში ხდება – კერძო თვითმფინავები, იახტები, საოცარი წვეულებები, ყველაფერი რამზესის პრივილეგიაა და არა – გიორგის.

– წლების წინ სულ სხვა გარეგნობა გქონდათ. როგორ მოახერხეთ ჭარბი წონისგან გათავისუფლება?

– პირდაპირ გეტყვით, რომ ის ადამიანი სადღაც დაიკარგა და გარდაიცვალა. 23 წლამდე რადიკალურად სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მოვკიდე ჩემს თავს ხელი და სწორი კვებით და ვარჯიშით 68 კილოგრამი დავიკელი. როცა ორგანიზმს მოუსმენ, ყველაზე კარგად მიხვდები, რა გვნებს და რა გჭირდება. ჩემს შემთხვევაში ძალიან გაამართლა გაყოფილი და ცილოვანი კვების რეჟიმმა. ვარჯიში კი ცხოვრების სტილად გადავაქციე.

– დიდი წონა დიდი კომპლექსების მიზეზი იყო?

– არა, ყოველთვის კარგი იუმორის გრძნობა მქონდა და ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ზედმეტი წონის გამო ვინმე მაბულინგებდა ან თავს დაკომპლექსებულად ვგრძნობდი. როცა 126 კილო გავხდი, ცოტა ჩავიკეტე საკუთარ თავში და მალე გადავწყვიტე, რომ სხვა ადამიანი გავმხდარიყავი.

ამბობდნენ, თითქოს ნინი ბადურაშვილის სიყვარულის გამო გადავწყვიტე წონაში დაკლება, მაგრამ ეს ნამდვილად არ ყოფილა მოტივაცია. რა თქმა უნდა, როცა დიდი წონის ხარ, გოგოებთან ურთიერთობაც პრობლემაა. როცა სასურველ ფორმაში ჩავდექი, იმდენად დიდი ინტერესი წამოვიდა საპირისპირო სქესიდან, ცოტა არ იყოს, თავის მოთოკვაც დამჭირდა, რომ თავში არ ამვარდნოდა.

ძველი ცხოვრებიდან ყველაფერი დავივიწყე, ყველა ტანსაცმელი გადავყარე, მხოლოდ ერთი კოსტიუმი დავიტოვე. როგორც კი ერთ-ორ კილოს მოვიმატებ, გამოვიღებ გარდერობიდან ძველ კოსტიუმს და ეს საკმარისია, რომ მოტივაცია შევიქმნა.

– მოდით, თქვენი ცხოვრების დიდ სიყვარულზეც ვილაპარაკოთ. ცნობილია, რომ სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ნინი ბადურაშვილი გიყვარდათ. ეს გრძნობა დღესაც გრძელდება?

– ჩვენ გავხდით კარგი მეგობრები მას შემდეგ, რაც მე აღარ მქონდა სიყვარულის გრძნობა მის მიმართ. იმ პერიოდში, როცა ნინი მიყვარდა, მისგან მხოლოდ მეგობრულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. ბევრ რამეს ვაკეთებდი ნინის მოსახიბლად. მახსოვს, ერთხელ კახეთში ექსკურსიაზე ჩურჩხელები მოვიპარე ადგილობრივის სახლიდან, რადგან აივანზე დაინახა ნინიმ და მოუნდა. ეს იყო უპასუხო სიყვარული და დღეს მისგან აღარაფერი დარჩა. სიყვარულის დასრულების შემდეგ კარგი მეგობრობა დავიწყეთ.

– ბევრს მაინც არ სჯერა თქვენი მეგობრობის, თანაც კანში გარკვეული პერიოდი ისვენებდა ნინი თქვენთან ერთად.

– მეც ვთვლი, რომ ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობა შეუძლებელია. არასდროს მსიამოვნებს ყოფილი შეყვარებულის ნახვა სხვა მამაკაცის გვერდით. ასეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ ნინის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ნინიმ იმდენი მოახერხა, რომ, როცა “გადამიყვარდა”, მაშინ გავხდით საუკეთესო მეგობრები.

ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის, დროს კარგად ვატარებთ. რაც შეეხება პირად გრძნობებს, მე ვეღარ ვხედავ ნინის გვერდით თავს და ასევე ისიც. პირველად ნინი კანში მარტო იყო, მეორედ დედამისთან, ეკასთან ერთად ჩამოვიდა. ეკა მოგზაურობისას ყოფილა საოცარი ადამიანი. ის ამ პერიოდში თავიდან აღმოვაჩინე.

– კანში პოპულარული მამაკაცი ხართ. ნინიზე არ იეჭვიანეს თქვენმა თაყვანისცემელმა ქალებმა?

– ვცდილობდი, რომ არ შეგვხვედროდნენ, რა თქმა უნდა იყო კითხვები, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. ბევრს იქაც უკვირდა ჩვენი მეგობრობის, მარტო მე და ნინიმ ვიცით, რამდენად კარგი მეგობრობა გვაკავშირებს.

– ცნობილია, რომ დაქორწინებული იყავით ალიევების ოჯახის წარმომადგენელზე. რატომ დაინგრა ეს ოჯახი რამდენიმე თვეში?

– აღმოჩნდა, რომ რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები ვიყავით და ამიტომ ჩვენმა ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. ჩემი ცოლი ჰეიდარ ალიევის ცოლის დეიდაშვილი იყო.

– ასეთი გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელთან განქორწინება მარტივად, უპრობლემოდ მოხდა?

– აზრი არ ჰქონდა ჩვენს ერთად ყოფნას. ასაკით უფროსიც იყო. მთლად ცივილურად ვერ დავშორდით, მაგრამ პრობლემებშიც არ გადაზრდილა. მე ვარ მესაკუთრე და პლუს ეჭვიანი. იმდენად პრობლემური იყო ჩვენი ურთიერთობა, რომ უბრალოდ დავიღალეთ და დავიშალეთ.