ეკო მაღრაძე ტყუპ გოგო-ბიჭს ელოდება – “გოგოს დედაჩემის სახელს დავარქმევ, ბიჭს – მეუღლის მამის”

ეკო მაღრაძე ტყუპ გოგო-ბიჭს ელოდება - "გოგოს დედაჩემის სახელს დავარქმევ, ბიჭს - მეუღლის მამის"რუსუდან ადვაძე, სარკე

ტელეჟურნალისტი ეკო მაღრაძე, რომელიც “რუსთავი 2”-ზე წამყვანად და კორესპონდენტად მუშაობდა, ახლახან “მთავარ არხზე” გამოჩნდა – იმ გუნდში ყოფნა ამჯობინა, რომელმაც “რუსთავი 2” პროტესტის ნიშნად დატოვა და ახალი არხი დააარსა.

ეკო მაღრაძის ცხოვრებაში კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი სიახლეა – ფეხმძიმედაა და ტყუპებს ელოდება. ამ ბედნიერ მოლოდინში მყოფმა გვითხრა, რომ მის ცხოვრებაში თანდათანობით ყველა ოცნება სრულდება.

ეკო მაღრაძე: წელს იყო ყველაზე რთული ზაფხული როგორც ჩემთვის, ასევე სხვა ჩემი კოლეგებისთვის, რადგან არასასიამოვნო არჩევანის წინაშე დავდექით. გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო – დავრჩენილიყავით იმ ტელეკომპანიაში, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრი წელი უკავშირდება თუ წამოვსულიყავით. ჩემთვის ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, არჩევანი ძალიან ცხადი იყო.

“რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე რომ გაუშვეს, ეს ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც იყო სიგნალი იმისა, რომ დაიწყებოდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება კი ჩემთვის იყო წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც არანაირად ვგეგმავდი. მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის ღირსების გადაწყვეტილება იყო – მე ასე დავარქვი.

– რასაც ახლა უყურებთ, რა აზრის ხართ, რა ხდება “რუსთავი 2”-ზე, რამდენად შეიცვალა არხის პოლიტიკა?

– არ ვიცი, არ ვუყურებ. იყო დრო, როდესაც “კურიერით” იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ ვუყურებ და ამიტომაც ვერ გიპასუხებთ.

– რამდენი წელი იმუშავეთ “კურიერში”?

– 13 წელი. ჯერ ვიყავი “დილის კურიერის” ჟურნალისტი. მაშინ დაახლოებით ხუთი წელი გარკვეულწილად კადრმიღმა მიწევდა მუშაობა. მერე “კურიერში” გადმოვედი და ბოლოს “კურიერის” კორესპონდენტობას და “დილის კურიერის” წამყვანობას ვუთავსებდი ერთმანეთს.

– თავიდან, როცა “მთავარი არხი” შეიქმნა, არ ჩანდით. ეს თქვენს ფეხმძიმობას უკავშირდებოდა?

– დიახ, ფეხმძიმედ ვარ, ბავშვებს ველოდები და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, თავიდან მინდოდა, გარკვეული ხანი სახლში ვყოფილიყავი, თუმცა ვიცოდი, რომ როდესაც მუშაობას ისევ დავიწყებდი, ეს იქნებოდა აუცილებლად “მთავარი არხი”.

სახლში ყოფნა დიდი ხანი არ გაგრძელდა, რადგან აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ენერგიული და აქტიური ფეხმძიმე ვიყავი. დეკრეტამდე რამდენიმე თვე მაქვს დარჩენილი, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მემუშავა და ენერგიაც დამეხარჯა ჩემს საქმეში.

ახლა მსუბუქი გრაფიკი მაქვს ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე და ამაში ყველანაირად მიწყობს ხელს ჩემი ხელმძღვანელი. მერე კი, როცა ბავშვებს გავაჩენ, უფრო დავიტვირთები.

ახლა კორესპონდენტად ვმუშაობ ახალ ამბებზე. არ მიწევს გადაღებებზე სიარული, ძირითადად ოფისში ვმუშაობ და შიგნით ჩართვებზე ვდგავარ, როდესაც ამის საჭიროებაა. დილის გამოშვების წამყვანად ჯერჯერობით ვერ ვიმუშავებ, რადგან დილით საკმაოდ ადრე ადგომაა საჭირო, რისი ფიზიკური შესაძლებლობაც ჯერ არ მაქვს.

– ბავშვებს ველოდებიო, ამბობთ. ტყუპების მოლოდინში ხართ?

– დიახ, გოგოს და ბიჭს ველოდები. პროფესიული კუთხით ჩამომშორდა რაღაც ნაწილი, რამაც გული დამწყვიტა, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ბედნიერად ვგრძნობ თავს და ეს ამ ყველაფერს აბალანსებს.

– რამდენიმე წელია, რაც გათხოვილი ხართ. თავიდანვე დაგეგმეთ, რომ გარკვეულ ხანს არ გაგეჩინათ თუ უშვილობის ტკივილი ახლდა ამ დრომდე ამ სასიხარულო ამბავს?

– 7 წლის გათხოვილი ვარ. იყო რაღაც პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა, ახლა კი ასე მოხდა. ბავშვებს იანვარში ველოდებით და სადამდეც მომცემს მუშაობის შესაძლებლობას ჩემი ფიზიკური მონაცემები, იქამდე ვიმუშავებ.

გამიჭირდა უსაქმოდ და ამიტომაც გამოვედი დროზე ადრე. როდესაც ეს ამბები განვითარდა “რუსთავი 2”-ში და ნოდარ მელაძე გამოუშვეს, შვებულებაში ვიყავი. ჩემს მშობლიურ რაიონში ვიმყოფებოდი და როდესაც იქიდან ჩამოვედი, დავწერე განცხადება.

აღმოჩნდა, რომ შვებულების ჩათვლით თვეზე მეტი ვიყავი სახლში. რადგან სიმშვიდე სჭირდებოდა ჩემს მდგომარეობას, კარგად შევიფერე ეს ამბავი. თან, მეტნაკლებად გადავლახე კრიზისული პერიოდი. მინდოდა, ფეხმძიმობა შემეთავსებინა ჩემს საქმესთან. მიხარია, რომ ყველაფერი ასე მოხდა და ამ ყველაფერში ჯანმრთელობა ხელს მიწყობს.

– ალბათ თქვენი ქმარი იყო ყველაზე ბედნიერი თქვენი სახლში ყოფნით…

– ქმარი კი იყო ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ყოფნის პერიოდში დიდად ვერ ვანებივრებდი ჩემ მიერ გაკეთებული საჭმელებით. მადლობა ღმერთს, რომ არ არის პრეტენზიული! ყოველთვის მშვიდად არის, როცა მე ვარ მშვიდად და ჩემ ირგვლივ სიწყნარეა. ურჩევნია, სახლში ვიყო და სიმშვიდეში ვიცხოვრო, მაგრამ იმასაც კარგად ხვდება, რომ მიყვარს ჩემი საქმე და მინდა, ჩემი ენერგია ამ საქმეში ჩავდო.

“მთავარი არხიდან” შემოთავაზება თავიდანვე იყო და მათ თანამშრომლად მოვიაზრებოდი, მაგრამ ისინიც გაგებით ეკიდებოდნენ ჩემს ამ მდგომარეობას. როდესაც სურვილი გამოვთქვი, შემიძლია ვიმუშაო-მეთქი, ყველაფერი დალაგდა.

– როგორი იყო თქვენი ემოციები, როდესაც გაიგეთ, რომ ერთბაშად ორი შვილის დედა უნდა გახდეთ?

– ეს არის ენით აღუწერელი ემოციები! რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, ამ შეგრძნებას ვერასოდეს გადმოვცემ. მგონია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. როდესაც ბავშვებს დავინახავ, მაშინ ყველაფერი შეიცვლება და აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დავდგები. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოტრიალდება, სხვა კალაპოტში ჩადგება და პრიორიტეტებიც გადალაგდება.

მგონია, რომ ყველა ქალის ცხოვრებაში, რომელსაც უნდა, დედა გახდეს, ასეთი ემოცია ბუნებრივი მოვლენაა. ეს ამბავი განსაკუთრებული შეგრძნება და დიდი ბედნიერება იყო ყველა ჩემი ახლობლისთვის. თან, ერთდროულად ორი და ორივე სქესი!

ჩემი ქმარი, ჩემგან განსხვავებით, საოცრად გაწონასწორებული პიროვნებაა. ორი რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ადამიანი შევიყარეთ ერთად – მე საოცრად ემოციური ვარ და ის საოცრად გაწონასწორებული, მშვიდი. ასე ვაბალანსებთ ერთმანეთს. ბავშვების ამბავი კი ის შემთხვევა იყო, როდესაც მანაც ვეღარ დამალა ემოციები და ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად შეიცვალა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა ყველაფრის მიმართ.

რაზეც ცხოვრებაში მიოცნებია, ყველაფერი მოდის გარკვეული ეტაპების შემდეგ. ჩემს ცხოვრებაში აქტიურად ურევია ღვთის ხელი, რადგან სულ მინდოდა, ტელეჟურნალისტი ვყოფილიყავი და გამომივიდა. მერე მინდოდა, მემუშავა “რუსთავი 2”-ში… როდესაც შვილებზე მიდგა საქმე და გონებაში რაღაცებს ვალაგებდი, სულ მინდოდა, გოგო და ბიჭი მყოლოდა. ვფიქრობდი, რომ გოგოს დედაჩემის სახელს, მაიკოს დავარქმევდი და ბიჭს – ჩემი მეუღლის მამის სახელს, ვატოს. ყველაფერი, რაზეც ცხოვრებაში მიოცნებია, ამიხდა.

– დედამთილს არ ეწყინება?

– არა, იცის უკვე და გაგებით შეხვდა ამ ამბავს.

– კიდევ რაზე ოცნებობთ, როგორები წარმოგიდგენიათ პატარები?

– მინდა, ერთს მაინც ჰქონდეს ჩემი თვალების ფერი. იმედია, გამოვა. ღია მწვანე ფერის თვალები მაქვს. მინდა, ჯანმრთელები იყვნენ და სხვა ყველაფერი კარგად იქნება.

– ცოტა ხნის წინ ნოდარ მელაძესაც ტყუპები შეეძინა. ხომ არ მოინახულეთ ისინი?

– დიახ და განსაკუთრებული ემოცია მქონდა. საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როდესაც ისინი ვნახე. იცი, რომ შენც ორი შვილის დედა ხარ, რომლებიც ჯერ არ გაჩენილან… როცა ნატატა და თინანო ვნახე და სახლში მოვედი, გული მწყდებოდა და მინდოდა, ჩემი შვილებიც სახლში ყოფილიყვნენ. არა უშავს, ცოტა დაგვრჩა იქამდე.

ვცდილობ, მხიარული გარემო შევიქმნა, რადგან სულ მეუბნებიან, ყველაფერი, რაც შენ გარშემო ხდება, შენს შვილებზე გადადისო. სულ ვცდილობ, ისეთი გარემო შევიქმნა, რომელიც იქნება მეტნაკლებად მშვიდი, მხიარული და, რაც მთავარია, სიყვარულით სავსე.

როცა დრო მაქვს, ბავშვებს ველაპარაკები და მგონია, რომ მათ ჩემი ესმით. ასე ვერთობი და გავცემ მათ მიმართ სიყვარულს. მგონია, რომ როცა ისინი გაჩნდებიან, მერე უკან დააბრუნებენ ამ სიყვარულს და ჩვენი სიყვარული ორმხრივი გახდება.

– ჩემს მშობლიურ რაიონში ვიყავი ზაფხულშიო, მითხარით. რომელია თქვენი მშობლიური რაიონი?

– ხარაგაულის რაიონიდან ვარ. იქ გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. ჩემი მშობლებიც იქ ცხოვრობენ. ეს რაიონი ჩემთვის ნომერი პირველია სამყაროში. იქ გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო, რომელსაც ბავშვობა და თინეიჯერობა ჰქვია, როდესაც ირჩევ მეგობრებს, სწავლობ სიყვარულს… თუკი ჩემში ადამიანური და კარგი თვისებები არსებობს, ეს იმ გარემოს დამსახურებაა, სადაც გავიზარდე.

ჩემთვის ყველაზე თბილი ხალხი ამ რაიონში ცხოვრობს და ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ხარაგაულში. შეიძლება ერთი ნახვით ვერ მოიხიბლო ამ რაიონით, რადგან მდიდარი მხარე არ არის, მაგრამ სიყვარულით სავსე ადამიანები ცხოვრობენ. ყველაზე კარგად იქ ვისვენებ. მშობლიურ სახლში როცა ხარ და დედა გყავს გვერდით, რომელიც გივლის და შენზე ზრუნავს, ამაზე კარგი დასვენება რა უნდა იყოს?!

– ახალ სამსახურში როგორი გარემოა, შეიცვალა ბევრი რამ?

– ბევრი რამაა შეცვლილი. ყველამ ბევრი გადავიტანეთ და ის ადამიანები შევიკრიბეთ, რომლებიც რაღაც იდეის გარშემო გავერთიანდით და ეს, საბოლოო ჯამში, ჩვენს ურთიერთობაზეც აისახება. შესაბამისად, ძალიან მიხარია იქ მისვლა. ასე იყო “რუსთავი 2”-შიც, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აქ ბრძოლაგამოვლილები ვართ და ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვიჩნდა. თითქოს ყველა გაზრდილი მეჩვენება.

– ორი შვილის დედამ აქტიური მუშაობა უნდა გააგრძელოთ?

– დიახ, ძალიან მინდა. არ ვიცი, როგორ შევძლებ, მაგრამ… ალბათ ძიძას ავიყვან. არ მინდა, ჩემს საქმეს ჩამოვშორდე, მიუხედავად იმისა, რომ დედობა ნომერი პირველია ამ ცხოვრებაში. ახლავე ვგრძნობ, რომ არანორმალური და შეშლილი დედა ვიქნები. იმედია, გამიმართლებს და ყველაფერს მოვასწრებ.

– კარგი მზარეული ხართ?

– არა. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ სიამოვნებას იღებენ სამზარეულოში ტრიალით. ამ წლების განმავლობაში ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღე ამ საქმიანობით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად გამომდის ბევრი რამ. გამომდინარე იქიდან, რომ დედა უნდა გავხდე, აუცილებლად ვისწავლი ყველაფერს.