“ჩემმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ მენერვიულა” – თამუნა ლეკვეიშვილის მძიმე ზაფხული

"ჩემმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ მენერვიულა" - თამუნა ლეკვეიშვილის მძიმე ზაფხულიავთო ჩიტიძე, სარკე

თამუნა ლეკვეიშვილმა 14 წლიანი კარიერა “რუსთავი 2”-ზე ერთ დღეში დაასრულა და “ვანოს შოუს” გუნდს “მთავარ არხზე” გაჰყვა. ამ ცვლილებებზე მუსიკოსს და იუმორისტს დიდხანს ან უფიქრია, “რუსთავი 2”-ზე მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი იქ არ იყო. ხოლო თუ არც ახალ ტელევიზიაში აღმოჩნდებოდა მისი ადგილი, გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი დიდი ოცნებისთვის – მუსიკალური კარიერისთვის – მიეხედა.

– თამუნა, როგორ გრძნობთ თავს ასეთი მასშტაბური ცვლილებების შემდეგ?

– ძალიან რთული ზაფხული გამოვიარე. ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რაც დაგვემართა ამ ზაფხულს. 14 წელი გავატარეთ ერთ გუნდად და უცებ ყველაფერი შეიცვალა. ბევრი ჩემი მეგობარი დარჩა “რუსთავი 2”-ში და მათ წარმატებას ვუსურვებ. ემოციებიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ, ბოლომდე არ მჯერა, რომ მეგობრები უცებ ერთმანეთის კონკურენტები გავხდით. მთელი აგვისტო ნერვიულობაში გავატარეთ.

როცა ჩვენი გუნდის თათბირი დაინიშნა, შეკვეთილში ვისვენებდი ოჯახთან ერთად და მანქანით მარტო წამოვედი ღამე. მთელი დღე თათბირი გვქონდა და ეს ყველაზე ემოციური დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. იმ ღამესვე დავბრუნდი შეკვეთილში, ორი ღამე მომიწია გზაში ყოფნა. მოკლედ, მძიმე ზაფხული გადავაგორე.

– ამ ყველაფერს ახლდა ემოციები, ცრემლები?

– ცრემლები ნამდვილად მქონდა იმ დღეს, როდესაც “რუსთავი 2”-ს ვტოვებდი და ადამიანებს ვემშვიდობებოდი.

– რა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც “რუსთავი 2” დატოვეთ, ვანო ჯავახიშვილის გადაწყვეტილება თუ სხვა რამ?

– როცა წარმოვიდგინე, რომ “ვანოს შოუ” აღარ იქნებოდა ისეთი, როგორსაც ვაკეთებდით, მივხვდი, რომ უბრალოდ იქ ვერაფერს გავაკეთებდი. ვერ ვიქნებოდი თავისუფალი ჩემს საქმეში, რასაც ამდენი წელი ვაკეთებ.

– როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის პაროდიას აგიკრძალავდნენ?

– ასე პირდაპირ არავინ მოვიდოდა ჩემთან და არ მეტყოდა, პრეზიდენტის პაროდია არ გააკეთოო, მაგრამ, როცა არხის სარედაქციო პოლიტიკა იცვლება, უკვე სხვანაირი მეთოდებით დაიწყებოდა ყველა რგოლში მუშაობა.

– თუ “კურიერის” გუნდი მთლიანად გადავიდა მთავარ არხზე, თქვენს შემთხვევაში გუნდი ორად გაიყო. ამ გაყოფის შედეგად დაკარგეთ ადამიანები?

– რა თქმა უნდა, ამის გამო არავინ დამიკარგავს. ვთვლი, რომ სამსახურის შეცვლა და პოლიტიკური შეხედულებები არ ღირს ადამიანების დაკარგვად.

– ყველაზე მეტად ვინ გაკლიათ ძველი გუნდიდან?

– ძალიან ბევრი მაკლია, რადგან ამ 14 წელიწადში ჩვენ არამხოლოდ თანამშრომლები ვიყავით, ჩვენ ვიყავით მეგობრები, ნათესავები. ძალიან მაკლია მიშა ანდღულაძე.

– ნათესაობა ვისთან გაკავშირებთ?

– ჩვენს გუნდში ყველა ყველას ნათესავია. ალეკო მალხაზიშვილის ბავშვის ნათლია ვარ. ორივე მხარე ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები სამსახურის მიღმა ურთიერთობებზე არ აისახოს.

– ყველაზე კარგ ან მძიმე პერიოდებად რა გახსენდებათ ამ 14 წლიდან?

– 14 წელი მთელი ეპოქა იყო ჩემი ცხოვრების. საერთოდ, “რუსთავი 2” დიდი დოზით იყო ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ დიდხანს გამყვება ის ემოციები, რაც იქიდან წამოსვლას მოჰყვა. ეს 14 წელი ჩემი ცხოვრების ერთი დიდი, კარგი ნაწილია. იმდენად მიჩვეული ვიყავი ამ ტელეკომპანიაში სიარულს, რომ “მთავარ” არხზე როცა მივდიოდი, ინსტინქტურად “რუსთავი 2”-ისკენ წავედი.

– რა განწყობით დაიწყეთ მუშაობა “მთავარზე?”

– ნებისმიერი საქმის დაწყებისას რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ენთუზიაზმი, შემართება და დაიჯერო, რასაც აკეთებ. ეს ყველაფერი მთელ სხეულში მაქვს გამჯდარი. მალე გავა ახალი “შაბათის შოუ” ეთერში და ჩვენს მაყურებელს უკვე დიდი დოზით დავუბრუნდებით.

– არ გაგიჭირდათ ყველაფრის ნულიდან დაწყება?

– პირველმა გადაცემებმა, რომლებიც დეკორაციების გარეშე გავიდა, გვაჩვენა, რომ რეიტინგს არ ქმნის ლამაზი, განათებული სტუდია, რეიტინგს ქმნიან გუნდი და ადამიანები.

– თქვენს მუსიკალურ დუეტებში ალბათ არაფერი შეიცვლება, რადგან მიშა ცინცაძეც და თათია სულუაშვილიც გვერდით გყავთ.

– კი, ძალიან კარგია, რომ ჩვენი დუეტები ხელუხლებელი დარჩა, თუმცა აბსოლუტურად შევცვლით ყველაფერს. უკვე იცით, რომ მარინა და ზოია აღარ იქნებიან, მაგრამ იქნება ბევრად საინტერესო ტიპაჟების დუეტები. ბევრი სიახლე ელოდება ჩვენგან მაყურებელს. რა ტიპის ქალები დავბრუნდებით ეთერში, ამას ჯერ ვერ გაგიმხელთ, მაგრამ გარწმუნებთ, მარინა და ზოიაზე პოპულარული დუეტი გვექნება მე და თათიას.

– როგორი იყო თქვენი ქმრის მხარდაჭერა ამ რთულ ცხოვრებისეულ ეტაპზე?

– როცა გადაწყვეტილება მივიღე, რომ “რუსთავი 2”-დან უნდა წამოვსულიყავი, ახალი არხის მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო. სამი შვილი მყავს და ბუნებრივია, ოჯახს ფინანსური რყევები ძალიან აზარალებს, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მომცა იმის საშუალება, რომ ამ ყველაფერზე არ მენერვიულა. მთავარი იყო პრინციპები და იდეალები. ქმარი ძალიან დამიდგა გვერდში, აბსოლუტურად მეთანხმება იმ გადაწყვეტილებაში, რაც მივიღე.

– ყოველთვის ამბობდით, რომ გინდოდათ, საკუთარი ძალები შოუბიზნესშიც მოგესინჯათ, როგორც მომღერალს. აქეთკენ ნაბიჯები ხომ არ გადადგით?

– “მთავარზე” სანამ გაირკვეოდა, რა და როგორ იქნებოდა, ზუსტად ამ კუთხით დავფიქრდი. თუ ეთერში გასვლა არ გამოვიდოდა, აუცილებლად დავიწყებდი სიმღერების ჩაწერაზე ფიქრს, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, ამისთვის ნამდვილად აღარ მაქვს დრო, ისევ ტელევიზიამ ჩამითრია. ამიტომ ისევ გადავადდა ჩემი მუსიკალური კარიერა.

– სტრესულმა პერიოდმა ბავშვებთან ურთიერთობაზეც ხომ არ იმოქმედა?

– არა. ვცდილობდი, მათთვის ეს პრობლემები თავზე არ მომეხვია. მე და ჩემი შვილები ძალიან ვმეგობრობთ, გიჟდებიან ჩემთან გატარებულ დროზე. მათთან ურთიერთობაში აკრძალვები არ მაქვს, ამიტომ ყოველთვის ურჩევნიათ, ჩემ გვერდით იყვნენ, ვიდრე ბებოსთან ან ძიძასთან. შვილებს სრულ თავისუფლებას ვაძლევ და ვფიქრობ, ამით არაფერს ვაშავებ. მოკლედ, ძალიან ჰარმონიულად ვართ ერთმანეთში.

– ქმართან ურთიერთობაში რა ეტაპი დგას ახლა?

– ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესად როგორ უნდა იყოს ცოლქმრული ურთიერთობა. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და სიყვარულით ვცხოვრობთ.