ბექა ლომთაძე: “რუსეთზე გამარჯვებას ჩემს ოჯახს და თითოეულ ქართველს ვუძღვნი!”

ბექა ლომთაძე: "რუსეთზე გამარჯვებას ჩემს ოჯახს და თითოეულ ქართველს ვუძღვნი!"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ქუთაისელი ბექა ლომთაძე, ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონიცაა. 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ფინალში მან რუსეთის წარმომადგენელი დააწვინა ბეჭებზე. საქართველოში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით დაბრუნებულმა ორი შვილის მამამ “სარკეს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

– ბექა, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით დაუბრუნდით სამშობლოს. გვიამბეთ ამ დიდი გამარჯვების შესახებ.

– მსოფლიო ჩემპიონატში 4 შეჯიბრი მქონდა, პირველ შეხვედრაში მოლდოველი სპორტსმენი 10:0 დავამარცხე, შემდეგ ამერიკელ სპორტსმენთან მომიწია ორთაბრძოლა, ნახევარფინალში ინდოელ სპორტსმენთან, ფინალში რუს კონკურენტთან და ისიც დამაჯერებლად დავამარცხე.

ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელსაც ფრთები შევასხი. უბედნიერესი ადამიანი ვარ!

– ფინალი თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნებოდა. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მიიღებდით და, მეორე მხრივ, ოკუპანტი ქვეყნის სპორტსმენს ხვდებოდით. ფინალის ორთაბრძოლაში თქვენთვის ორმაგი სტიმული და მოტივაცია იყო ის, რომ კონკურენტად რუსეთის წარმომადგენელი გყავდათ?

– რა თქმა უნდა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას რა ურთიერთობაც აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, შეჯიბრის წინ მაქსიმალურად მობილიზებული და მონდომებული ვიყავი. მიხარია, რომ, ღვთის წყალობით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი დავამარცხე.

– მოდით, გაიხსენეთ, როგორ დაიწყო თქვენი სპორტული გზა. რა ასაკიდან გადაწყვიტეთ, რომ ჭიდაობა ყოფილიყო თქვენი არჩევანი?

– 12 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე მივედი, მაგრამ რატომღაც არ მომეწონა სპორტის ეს სახეობა. 13 წლის ასაკში ჭიდაობაზე შესვლა გადავწყვიტე და პირველივე ვარჯიშზე ძალიან დამაინტერესა. მიჯაჭვული გავხდი ამ დიდ ოჯახზე და სიამოვნებას ვიღებდი სპორტდარბაზში ყოფნისას. განვლილ გზას რომ ვიხსენებ, ვხვდები, ბევრი შრომა დამჭირდა იმისთვის, რათა მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი.

– ბევრ შრომაში სირთულეების, სიძნელეების გადალახვაც იგულისხმება?

– რა თქმა უნდა. ამ ეტაპამდე დიდი შრომა გავიარე. პატარაობიდან მოყოლებული მუხლჩაუხრელად ვშრომობდი საკუთარ თავზე. რთული პერიოდი გავიარე, მაგრამ არ დავნებდი, დღეში, მინიმუმი, ორჯერ ვვარჯიშობდი. არის დღეები, სამჯერაც უნდა ივარჯიშო. ნამდვილად დიდი შრომა სჭირდება მომავალზე ორიენტირებულ სპორტსმენს. მაქსიმალურად უნდა მოიკლო ის სიამოვნება, რაც ხელს შეგიშლის ჭიდაობაში.

– როდესაც “სარკე” შემდგარი სპორტსმენების წარმატებებზე სტატიებს ამზადებს, მსოფლიო ჩემპიონები ხშირად იხსენებენ, რომ ურთულეს პირობებში უხდებოდათ ვარჯიში, დიდი გაჭირვება აქვთ გამოვლილი… ეს თქვენც გამოსცადეთ?

– ბუნებრივია, ასე იყო, არანაირი პირობა არ გვქონდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავტვირთულიყავით ვარჯიშით. ელემენტარული შტანგაც კი არ გვქონდა და ბიჭები ხელნაკეთი გირებით ვვარჯიშობდით ან ერთი შტანგით და ერთმანეთს ვუცდიდით. საშხაპეც კი არ გვქონდა და საშინელ პირობებში გვიხდებოდა ბრძოლა.

– ახალგაზრდა სპორტსმენის, მრავალგზის ჩემპიონის პირადი ცხოვრება რამდენად რეალიზებულია, ოჯახისთვის, სიყვარულისთვის რჩება მასში ადგილი?

– რა თქმა უნდა, უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში პირადს. 5 წელია, რაც დაოჯახებული ვარ, ორი შვილი მყავს, 4 წლის ნიაკო და 2 წლის ბარბარე. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია.

– ისურვებდით, რომ თქვენი გოგონები სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდნენ?

– არ მსურს, ჩემი გოგონები სპორტით დაკავდნენ. მინდა, ცეკვაზე ვატარო, ასევე მსურს, ფანდურზე უკრავდნენ. სპორტსმენს ურთულესი შრომა უხდება და ამისთვის ჩემი გოგონები არ მემეტებიან.

– თქვენი ცოლისთვის ჩემპიონის მეუღლეობა, რა თქმა უნდა, საამაყო იქნება, მაგრამ ამავე დროს ალბათ ბევრი რამის დათმობაც უწევს.

– ამ შემთხვევაში ნამდვილად იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი, ყველანაირად გვერდით მიდგას ჩემი მეუღლე, მაქსიმალურად მიწყობს ხელს. რთულია, იყო სპორტსმენის ცოლი, რადგან სულ შეკრებებზე და შეჯიბრებებზე ვარ, მაგრამ იცის ჩემმა მეუღლემ, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, ჩემი ქვეყანა, ოჯახი და გულშემატკივარი ვასახელო.

– როცა სახლში ხართ, ასეთი ერთგული და გამგები მეორე ნახევრისადმი სათანადო ყურადღებას იჩენთ?

– მაქსიმალურად ვცდილობ, მეუღლეს ვასიამოვნო და დავეხმარო ყოველდღიურ რუტინაში. კერძების კეთება, სამწუხაროდ, არ გამომდის, მხოლოდ კარტოფილის და კვერცხის შეწვა ვიცი, თუმცა, რაც შემიძლია, ყველანაირად გვერდით ვუდგავარ და ამას აღნიშნავს კიდეც.

– ვის მიუძღვენით თქვენი დიდი გამარჯვება?

– ამ გამარჯვებას, პირველ რიგში, ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ასევე – ჩემს გულშემატკივარს და თითოეულ ქართველს.

– ბექა, მისაბაძი სპორტსმენი თუ გყავთ, რომელიც თქვენთვის სამაგალითო იყო და არის?

– ყველა კარგად იცნობს ვლადიმერ ხინჩიკაშვილს, ის არის ჩემთვის მისაბაძი და სამაგალითო სპორტსმენი, კარგი ადამიანი და პროფესიონალი.

– დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ, სამომავლოდ რას ჰპირდებით თქვენს ოჯახს და გულშემატკივარს?

– ცოტა ხანი დავისვენებ და ისევ შევუდგები ვარჯიშს. მალე ევროპის ჩემპიონატი გვექნება, 2020 წელს კი ოლიმპიადა იწყება და ვეცდები, იქაც გავახარო ჩემი გულშემატკივარი.

ბექა ლომთაძე: "რუსეთზე გამარჯვებას ჩემს ოჯახს და თითოეულ ქართველს ვუძღვნი!"

დატოვეთ თქვენი კომენტარი