ბარბარა სამხარაძე დეტექტიურ დრამას წერს – “მთავარია, მე ჩავთვალო, რომ ლამაზი ვარ”

ბარბარა სამხარაძე დეტექტიურ დრამას წერს - "მთავარია, მე ჩავთვალო, რომ ლამაზი ვარ"ირმა ჭკუასელი, სარკე

ბარბარა სამხარაძისთვის 2016 წელი ძალიან იღბლიანი იყო – ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული მიიღო და შთამბეჭდავი პრიზებითაც დასაჩუქრდა, მათ შორის – თბილისში ბინით. ეს წარმატება მისთვის ერთგვარი ტრამპლინი იყო შემდგომი წინსვლისთვის. დაიწყო ზრუნვა ჭარბი წონის დაკლებაზე, წიგნის წერას შეუდგა, ახლა კი კიდევ ერთ მეგა პროექტში აპირებს მონაწილეობას – “საქართველოს ვარსკვლავის” შესარჩევ ტურებში გადის. დიდი იმედი აქვს, რომ საუკეთესო ათეულში მოხვდება და საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლებს. შემდეგ კი უკვე საერთაშორისო კონკურსი აქვს ამოღებული მიზანში.

კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს მომღერლის შესახებ მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბარბარა, უკვე დაიწყო “საქართველოს ვარსკვლავის” შესარჩევი ტურები, სადაც მონაწილეობას თქვენც იღებთ. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეთ თუ პროექტიდან შემოგთავაზეს?

– თავად მივიღე გადაწყვეტილება. რომ არ მდომებოდა, რა შემოთავაზებაც უნდა ყოფილიყო, მაინც არ დავთანხმდებოდი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც “პირველ არხზე” მუშაობს, შემატყობინა, რომ იწყებოდა ახალი პროექტი და მითხრა, მონაწილეობას ხომ არ მიიღებო. მეც ვუპასუხე, რატომაც არა-მეთქი.

– და თქვენ რატომ მოინდომეთ, ამ პროექტში გასულიყავით?

– ეს პროექტი განვითარების საშუალებას იძლევა. იქ არ მთავრდება ყველაფერი, შემდეგ უკვე ევროვიზია არის.

– რატომ გიზიდავთ კონკურსები? სცენაზე განცდილი ადრენალინი მოგწონთ?

– მე არ მყოლია მასწავლებელი ამ წლების მანძილზე და ჩემით განვვითარდი. მინდა, კიდევ ერთხელ დავამტკიცო, რომ არავინ არის იმაზე კარგი მასწავლებელი, ვიდრე ჩვენ ვართ საკუთარი თავისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატების ბედნიერი წუთები ვიგემო.

– ერთხელ უკვე გახდით პროექტ “ნიჭიერის” გამარჯვებული. ახლა როგორ ფიქრობთ, რამდენად გაქვთ შანსი, რომ მოხვდეთ საუკეთესო ათეულში და შემდეგ უკვე ფინალში გახვიდეთ?

– როგორ შეიძლება ვთქვა, რომ შანსები არ მაქვს? ეს ჩემი გულშემატკივრების შეურაცხყოფა იქნება, რომ მათ შესაძლებლობებში მეპარება ეჭვი და არც ის მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

– კონკურენცია არ გაშინებთ?

– ჯანსაღი კონკურენცია ყველაზე კარგია და ვნახოთ, რა იქნება, ვინ იქნება ათეულში. ჯერჯერობით ძალიან კარგი ბავშვები არიან და ყველასთან დავმეგობრდი. როგორც კონკურენტს, არავის ვუყურებ.

– რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა?

– მუსიკა არის ჩემთვის, სადაც შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ სინამდვილეში.

– მაშინ გკითხავთ, ვინ ხართ სინამდვილეში, როგორი ხართ რეალურად?

– ძალიან ემოციური ვარ. მუსიკა კი ყველა იმ პრობლების დავიწყების საშუალებას იძლევა, რაც იმ მომენტამდე გაქვს, სანამ მოსმენას თუ სიმღერას დაიწყებ.

– შოუბიზნესიდან ვისთან მეგობრობთ, ახლო ურთიერთობა გაკავშირებთ რომელიმე მათგანთან?

– რომ გითხრათ, ვინმესთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და ყოველდღე ვწერ-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ, როცა ვხვდები, ყველასთან კარგი დამოკიდებულება და კარგი ურთიერთობა მაქვს.

– ბოლოს “სარკეში” თქვით, რომ გინდოდათ, თბილისში ელექტროპიანინო გქონოდათ. აისრულეთ ეს ოცნება?

– ჯერჯერობით – ვერა, რადგან ცოტა არ ღირს.

– სადმე თუ მღერით? კონცერტებზე, ივენთებზე…

– არა, არსად ვმღერი.

– ცნობილია, რომ წიგნს წერთ. რატომ გაგიჩნდათ ეს სურვილი ან რა თემებზე იქნება ეს წიგნი?

– რაღაც ჩანაწერს ვაკეთებდი და, როდესაც გადავიკითხე, მივხვდი, რომ ამ ჩანაწერს განვითარება ექნებოდა. გავაგრძელე წერა და გადავედი წიგნზე. როდესაც ამ წიგნზე მეკითხებიან, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს წიგნი ყველა ასაკზე იქნება გათვლილი, ყველას დააყენებს იმ მწარე რეალობის წინაშე, რასაც თვალს არ ვუსწორებთ ან დავიწყებას ვცდილობთ.

არის დრამა, რაც მთავარია და არის დეტექტივი. მეგობრობაზეა ძირითადად. სამი მეგობარია, ერთი გარდაიცვლება და შემდეგ ამ ორის ცხოვრება თავდაყირა დგება. ყველა ის პრობლემა არის აღწერილი, რაც ადამიანის დაკარგვის შემდეგ აღმოცენდება ხოლმე. ორი გოგოა და ერთი ბიჭი, ერთი გოგო გარდაიცვლება.

– როდის გამოვა ან სად გაიყიდება ეს წიგნი?

– ჯერ დასრულებულიც არ მაქვს და როცა დასრულდება, აუცილებლად გამოვა ალბათ. როცა ემოცია მომეძალება, მხოლოდ მაშინ ვწერ. ძალიან მინდა, ბესტსელერი გახდეს და წლის წიგნად აღიარონ. ვნახოთ, რა იქნება.

– ადრეც წერდით ნოველებს, ჩანახატებს, მოთხრობებს?

– არა, მხოლოდ სიმღერებს ვწერდი. 8 წლის ვიყავი, პირველი სიმღერა რომ დავწერე.

– ბავშვობაში გქონდათ წერის ნიჭი?

– ყველა მასწავლებელს თვალში ხვდებოდა ჩემი დაწერილი თემები.

– თქვენი საყვარელი წიგნი რომელია?

– უფრო მიყვარს ფსიქოლოგია და ძალიან მიყვარს სხეულის ენა, ქვეცნობიერის ძალა. აი, ნათია ფანჯიკიძის წიგნი “შიშო, გამოდი გარეთ” ძალიან მიყვარს. კონკრეტულად ასე გამორჩეულად სხვა წიგნი არ მაქვს.

– ბოლო ინტერვიუში თქვით, რომ ჩააბარეთ კოლეჯში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში. ისევ სწავლობთ?

– დიახ, მეორე კურსზე გადავედი.

– ინტერნეტტელევიზია, რომელიც ერთობლივი ძალებით დააარსეთ კოლეჯში, ისევ მუშაობს?

– არა, ასე ვთქვათ, ვერ გაგვიმართლა ფინანსური პრობლემების გამო.

– თქვენი ცხოვრების ასევე მეტად აქტუალურ მხარესაც შევეხოთ. რა ხდება დღეს წონის მხრივ?

– 2017 წელს 25 კილო დავიკელი, მერე ისევ მოვიმატე. დაკონკრეტებისგან კი თავს შევიკავებ, რამდენი ვიყავი მანამდე და მერე რამდენი მოვიმატე.

– დიეტებს დღესაც იცავთ?

– არა. უბრალოდ, ჯანსაღად ვიკვებები. დიეტა ძირითადად არის გრამობით ჭამა და ჩემთან კიდევ გრამობით ჭამამ არ გაამართლა.

– რა ამოიღეთ რაციონიდან?

– ტკბილი, ცომეული და გაზიანი სასმელები.

– ტკბილი? არადა ამბობდით, შოკოლადის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო.

– ვისწავლე.

– როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი სილამაზე და როდის არის ადამიანი ყველაზე ლამაზი?

– როცა ბედნიერია. ყველაზე მეტად ადამიანს ბედნიერება და თავდაჯერებულობა ალამაზებს. როცა თვითონ არის თავის ტყავში კომფორტულად და ვიღაც ნათელა რომ ეტყვის, გახდი და ისეთი იყავი, მე რომ მომეწონებაო, ეგ უკვე დისკომფორტს ქმნის. ასეთი რაღაც თვითშეფასებას აგდებს დაბლა და ადამიანზე ძალიან მოქმედებს. მთავარი არის ის, რომ საკუთარ თავთან ვიყოთ კომფორტულად და ჩვენვე ჩავთვალოთ, რომ ლამაზები ვართ, დანარჩენს მერე უკვე ყურადღების ღირსადაც აღარ მივიჩნევ.

– და როდის არის ადამიანი ყველაზე ბედნიერი?

– ეს ინდივიდუალურია. ვიღაცას ვიღაცასთან ყოფნა აბედნიერებს, ვიღაცას ბევრი ჭამა აბედნიერებს, ვიღაცას – ძაღლთან ჩახუტება.

– თქვენ როდის ხართ ყველაზე ბედნიერი?

– მე წვრილმანები მაბედნიერებს და ვცდილობ, პომპეზური რაღაცები არ დამჭირდეს, რომ ბედნიერი ვიყო.

– საკუთარ თავში ყველაზე მეტად რა თვისებები მოგწონთ?

– ასე ხაზგასმულად ვერაფერს დავასახელებდი. საკუთარ თავში ყველაფერი მომწონს და ეს თვისებები რომ არა, მე მე არ ვიქნებოდი. გადამდები ხასიათი მაქვს. თუ ვიცინი, ყველა იცინის, თუ ვმღერი, ყველა მღერის და თუ ვტირი, ყველა ტირის. ძალიან ემოციური ვარ, უბრალო რამეზეც ვნერვიულობ და უბრალო რაღაცასაც განვიცდი.

– ძლიერი გოგოა ბარბარა სამხარაძე?

– კი, ძლიერი ვარ. ბევრი ისეთი რაღაც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რომ ერთი წუთითაც არ მქონია დანებების უფლება. ჩემი სიძლიერე გამოიხატება ძირითადად იმ მომენტებში, როცა სხვას უჭირს და იმავეს განვიცდი მეც, მაგრამ არავის ვანახებ ამ ჩემს განცდას. შემიძლია ჩემი პრობლემების უკანა პლანზე გადაწევა, რომ ჯერ სხვას დავეხმარო.

– ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით სიყვარულის თემას. უკვე იმ ასაკში ხართ, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდეს სიყვარული თქვენს ცხოვრებაში. როგორი ბიჭები მოგწონთ?

– ჯერ ვიზუალურად უნდა მომხიბლოს და მერე უნდა მომხიბლოს სულიერებამ. მქონდა პერიოდი, როცა მარტო ადამიანის შინაგან სამყაროს ვუყურებდი. რეალურად კი პირველად თვალი ხედავს და მერე ესმის გულს და ყურს.

– შავგვრემანი თუ ქერა?

– არ მაქვს კრიტერიუმები. არანაირ სტანდარტებს არ ვუწესებ საკუთარ თავს. არ ვიცი, ცხოვრება რას მოიტანს.

– ახლა 18 წლის ხართ. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ?

– 28 წლის წარმატებულ გოგოს ვხედავ 10 წლის შემდეგ. მასზე ყველა ილაპარაკებს, როგორც წარმატებულ მწერალსა და მომღერალზე.