ვანო ჯავახიშვილმა 5 კილო და 5 წელი დაიკლო – ”ფაქტობრივად ახლიდან დავიბადეთ”

ვანო ჯავახიშვილმა 5 კილო და 5 წელი დაიკლო - ”ფაქტობრივად ახლიდან დავიბადეთ”ავთო ჩიტიძე, სარკე

“რუსთავი 2”-ზე 16 წლიანი მუშაობის შემდეგ ვანო ჯავახიშვილმა და მისმა გუნდმა “მთავარ არხზე” “ცხოვრება” ნულიდან დაიწყო. როდესაც “რუსთავი 2”-ს ჟურნალისტები და ტელესახეები მასობრივად ტოვებდნენ, შოუმენი დიდხანს ინარჩუნებდა დუმილს, რამაც მისი გადაწყვეტილების მიმართ ინტერესი უფრო გაამძაფრა. საბოლოოდ შვებულებიდან გამოსულმა ვანომ თანამოაზრეებთან ერთად “კომედი ჯგუფი” დატოვა. “მთავარზე” ახლიდან გააკეთა “ვანოს შოუ” და მაყურებელს კიდევ ბევრ ახალ გადაცემას ჰპირდება.

საყვარელი არხის დატოვებისა და “კომედი ჯგუფიდან” გამოყოფის პროცესი ვანოსთვის ადვილი არ იყო, მტკივნეული გახლდათ, მაგრამ მისი გადაწყვეტილება პრინციპული იყო – ახალი მენეჯმენტის პირობებში “რუსთავი 2”-ზე არ დარჩებოდა. კოლეგებისა და მეგობრების მიმართ, რომლებიც მას ახალ არხზე არ გაჰყვნენ, წყენა არ აქვს. ნიკა არაბიძესაც კი წარმატებებს უსურვებს, რომელიც “რუსთავი 2”-ზე ვანოს ჩაანაცვლებს.

დაგროვილი ემოციები და სათქმელი ვანო ჯავახიშვილმა “სარკეს” ექსკლუზიურად გაუზიარა.

– ვანო, ალბათ ძალიან რთული იყო, დაგეტოვებინათ არხი, სადაც 16 წელი გაატარეთ. რა ემოციებით წამოხვედით იქიდან?

– ურთულესი გადაწყვეტილება იყო, როდესაც 16 წლიანი მუშაობის შემდეგ “რუსთავი 2”-დან იმ გუნდთან ერთად წამოვედი, რომელთანაც ბევრი რამ გადამიტანია. რა თქმა უნდა, ამ 16 წლის განმავლობაში იყო პატარ-პატარა რყევები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გახლდათ და ადვილად გადაგვქონდა.

არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როდესაც “კურიერის” მთლიანი გუნდი წავიდა, მაგრამ სანამ “კომედი ჯგუფის” მთელი გუნდი შვებულებიდან არ დაბრუნდა, მანამდე ჩემი გადაწყვეტილება არ გავაჟღერე. მინდოდა, მათთან შემეთანხმებინა. ამ არხზე ჩემი დარჩენა ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა ჩემი მომავლისა და კარიერისთვის.

ჩემი გადაცემა იყო და არის სატირულ-იუმორისტული ჟანრის, რომელიც დაფუძნებულია მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ მოვლენებზე. ბუნებრივია, მენეჯმენტის ცვლილებების შემდეგ, როდესაც საინფორმაციო სამსახური მთლიანად წავიდა, მე მარტო ვერ დავრჩებოდი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მე ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელსაც ამ ტელევიზიიდან გაუშვებდნენ. გამორიცხული იქნებოდა, ჩემს გადაცემაში “რუსთავი 2”-ზე თავისუფლად მელაპარაკა.

– თქვენ რამდენიმე გადაცემა ახალი ხელმძღვანელის მმართველობის პერიოდშიც გააკეთეთ, ამ დროსაც იყო უკვე რაიმე სახის შეზღუდვა და ზეწოლა?

– არა, როცა მენეჯმენტი შეიცვალა, ძალიან რბილად დაიწყეს ადამიანების ჩანაცვლება. ამ დროს ზეწოლას და დისკომფორტს ვერ იგრძნობდი, მაგრამ როცა დაუსაბუთებლად საინფორმაციოს ხელმძღვანელს ხსნი, უკვე ხვდები, რომ ეს დავალებაა. მე ვთვლი, რომ ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთი საუკეთესო ხელმძღვანელი იყო. იქ რომ დავრჩენილიყავი, ჩემამდეც აუცილებლად მოვიდოდა შეზღუდვები.

– რატომ გაიყო “კომედი ჯგუფი” ორად? ალბათ ეს ყველაზე მტკივნეული პროცესი იყო თქვენთვის.

– ვიტყვი და არ დავმალავ, სანამ ჩვენი მთლიანი გუნდის შეკრება შედგებოდა, ბევრი მირეკავდა და პირდაპირ მეუბნებოდა, არხიდან უნდა წავიდეთო. მაგრამ როდესაც უშუალოდ დადგა არჩევანის გაკეთების დრო, ბევრმა მათგანმა უკან დაიხია.

მე ვერავის გავამტყუნებ, ყველას ზურგს უკან ოჯახი ჰყავს, ვერავის დავაძალებდი, წამოსულიყო ტელეკომპანიაში, რომელიც მაშინ ჯერ გახსნილიც არ იყო და რეალურად მომავალსაც ვერავინ ხედავდა.

რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი გუნდის გაყოფის პროცესი. ადამიანები, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდი, შენ გვერდით აღარ არიან და კონკურენტები აღმოჩნდნენ. ძალიან რთული გადასატანია, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი გაივლის.

– დაკარგეთ ადამიანებმა ერთმანეთი? არადა ამ გუნდში ხომ იყო მეგობრობა, ნათესაობა.

– პირდაპირ გეტყვით, რომ მიშა ანდღულაძე ჩემი ბავშვის ნათლიაა. იმ გუნდში დარჩნენ ადამიანები, რომელთა შვილების ნათლიაც ვარ. მეგობრობა და ნათესაობა დღემდე გრძელდება. ეს არის სამსახური და ურთიერთობები სამსახურის მიღმა რჩება. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მე და მიშა ანდღულაძემ ერთმანეთს ცუდი სიტყვები ვეძახოთ.

– მაგრამ ალბათ გერჩივნათ, ისიც თქვენს გუნდში ყოფილიყო.

– რა თქმა უნდა, მიშა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია.

– “რუსთავი 2”-ზე ვანოს შოუს ჩაანაცვლებს “ნიკა არაბიძის შოუ”. როგორ მიიღეთ ეს ამბავი?

– მე წარმატებას ვუსურვებ ნიკა არაბიძეს. არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ჩემ ნაცვლად გახადეს წამყვანი. როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე აკეთებენ და ეს მათი გადაწყვეტილებაა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, ისაა, რომ ნიკას წარმატებებს ვუსურვებ.

– დღეს ტელევიზორს “რუსთავი 2”-ზე რომ გადართავთ, რა ემოცია გეუფლებათ?

– სხვათა შორის, ძალიან მარტივად გადავიტანე ეგ ამბავი. ფსიქოლოგიური მომენტი იყო, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში დამთავრდა “რუსთავი 2” და ახალი ეტაპი იწყება. რა სენტიმენტებიც მქონდა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში გამიქრა. ჩემთვის “მთავარი არხიც” ის “რუსთავი 2”-ია, რომელიც იყო მანამდე. სხვა ტელევიზიაში რომ გადავსულიყავი, ალბათ უფრო რთული იქნებოდა.

– როგორი იყო ამ რთულ, ცხოვრებისეულ ეტაპზე თქვენი ცოლისგან მხარდაჭერა?

– ოჯახმა ძალიან განიცადა ჩემი ამბები. ჩემი მეუღლე ემოციურია და ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, მისგან სრული მხარდაჭერა ვიგრძენი. სულ რომ არავინ წამომყოლოდა “რუსთავი 2”-დან, მაინც წამოვიდოდი. იმის გამო, რომ გუნდის შეკრებას ველოდებოდი და, ასე ვთქვათ, ჩემი პოზიციის დაფიქსირება გვიანდებოდა, საზოგადოებაში სხვანაირი მოსაზრებები ჩნდებოდა.

– იყო სხვა არხზე თქვენი გადაბირების მცდელობა?

– ეს ისეთი საკითხია, რომელზე საუბარიც ცოტა უხერხულია. ამ 16 წლის განმავლობაში ბევრჯერ შემომთავაზეს სხვა არხზე გადასვლა, მაგრამ “რუსთავი 2”-ის ერთგული ვიყავი და არც ერთ შემოთავაზებას არ განვიხილავდი. ახლა უბრალოდ სხვა არჩევანი არ მქონდა.

– დღეს მუშაობთ “მთავარ არხზე”, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეთ. სტუდიაც კი სტუდიას არ ჰგავს.

– ფაქტობრივად ახლიდან დავიბადეთ. ყველას განცობიერებული გვაქვს, რომ ეს ტელევიზია ჩვენი ასაშენებელია. ეს ისეთი შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ სახლს შენ თვითონ ალაგებ. გვაქვს ამბიცია, რომ უნდა შევქმნათ ყველაზე ღირებული პროდუქცია მთელ საქართველოში და თვითონვე უნდა გავქაჩოთ ყველაფერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ფაქტობრივად ახალი ცხოვრების ისტორიას თავად ვწერთ. ჩემმა პირველივე გადაცემამ ორნიშნა რეიტინგი დაწერა, რამაც მაგრძნობინა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი.

– ძალიან დიდი ბულინგი და ფსიქოლოგიური ზეწოლაა მათზე, ვინც “რუსთავი 2”-ში დარჩა…

– ძალიან არ მომწონს სხვისი გადაწყვეტილებების გაკრიტიკება. მით უმეტეს, როდესაც ჩემს მეგობრებს ლანძღავენ. იმედი მაქვს, ეს დამოკიდებულებაც მალე გადაივლის.

– შექმნილმა სიტუაციამ საყვარელი არხიდან წამოსვლა რომ გაიძულათ, ეს ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ თქვენი პოლიტიკური იუმორი უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდება?

– ჩემი იუმორის გამძაფრება მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული. როგორც განვითარდება ჩვენი ცხოვრება, ისეთი იქნება ჩემი იუმორიც.

– გარდა თქვენი გადაცემისა, რას შესთავაზებს თქვენი გუნდი მაყურებელს?

– ვმუშაობთ ახალ “შაბათის შოუზე”, ასევე მალე მაყურებელი იხილავს ილო ბეროშვილისა და ნიკა გრიგოლიას შოუს, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გადიოდა და იმის გამო, რომ სრულად ჩვენი შექმნილი იყო, წამოვიღეთ. გვაქვს კიდევ რამდენიმე პროექტი, რომლებსაც ჯერ ვერ გავამხელთ. რა თქმა უნდა, ესეც იუმორისტული პროექტები იქნება.

– ახალ “შაბათის შოუში” იქნებიან კარგად ნაცნობი პერსონაჟები, თუნდაც მარინა და ზოიას დუეტი?

– არა, მარინა და ზოია ჩვენთან არ იქნებიან, ჩვენ აბსოლუტურად სხვა სისტემით ვმუშაობთ. ჩვენი ახალი “შაბათის შოუ” არ იქნება “კომედი შოუს” მსგავსი, აბსოლუტურად სხვა სახეებს შევქმნით. ძველი პერსონაჟების კოპირებას არ მოვახდენთ, ამის რესურსიც გვაქვს. ძველი პერსონაჟებიდან მხოლოდ პოლიტიკურ პაროდიებს ვტოვებთ.

– ამ ცვლილებებმა თქვენი ფინანსური მდგომარეობა ხომ არ შეარყია?

– ჩემი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეუცვლია. უბრალოდ, ერთი უსიამოვნო ფაქტი ის იყო, რომ “რუსთავი 2”-მა ჩვენი ერთი თვის ხელფასი არ დაგვირიცხა. პასუხად მივიღეთ ის, რომ თითქოს კონტრაქტის პუნქტები დავარღვიეთ. მე კი ვიცი, რომ ნამუშევარი უნდა გადაიხადო და, თუ რამე დავარღვიე, მერე მიჩივლე.

– თქვენ თვითონ რატომ არ აპირებთ ჩივილს?

– არა, ჩივილს ნამდვილად არ ვაპირებ, მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. მე “რუსთავი 2”-ში ძალიან კარგი, ჩემზე მორგებული კონტრაქტი მქონდა. რომ ვუჩივლო, სერიოზული თანხის გადახდაც მოუწევთ, ამიტომ არ მინდა, რომ ეს პროცესი წამოვიწყო. ჩემს თავზე ნაკლებად დამწყდა გული. იმ ადამიანებს, რომლებიც წამოვიდნენ, კუთვნილი შვეუბლების ფული არ გადაუხადეს. პატარა ადამიანის სინდრომია, როდესაც გაბრაზებულ გულზე ხელფასს არ გირიცხავენ.

– ახალ არხზე როგორც კი გამოჩნდით, თქვეს, იმდენი ინერვიულა ვანომ, რომ წონაში საგრძნობლად დაიკლოო.

– არა, ეს უბრალოდ ეიჩდი ხარისხის ბრალია. “რუსთავი 2”-ს არ ჰქონდა ეიჩდი მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაუწყებლობის ის ხარისხი მინიმუმი 5 კილოს გმატებდა, ეიჩდი ხარისხი კი იმას გაჩვენებს ეკრანზე, რა წონაზეც ხარ. შეიძლება მაყურებელს უფრო ახალგაზრდაც მოვეჩვენო, რადგან აქამდე ის ხარისხი, რითიც ეთერში გავდიოდი, 5 წელს მაინც მმატებდა. ახლა კი წონაც ჩემი მაქვს ეკრანზე და ასაკიც.