ვახო ბიჭიკაშვილი: “ფულზე არ გავყიდულვარ და მოღალატე არ ვარ”

ვახო ბიჭიკაშვილი: "ფულზე არ გავყიდულვარ და მოღალატე არ ვარ"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ზე “კომედი ჯგუფი” ორად გაიყო, ნაწილი “მთავარ არხზე” გადავიდა, ნაწილი კი იქვე დარჩა, მათ შორის – ვახოც. ხალხი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ ვახო “ფულზე გაიყიდა”, მოღალატეც კი უწოდეს… რას პასუხობს ამ ყველაფერზე თავად შოუმენი, “სარკეში” მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ვახო, როგორ მოემზადა “კომედი ჯგუფი” ახალი სეზონისთვის იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც “რუსთავი 2”-ზე მოხდა? თქვენგან ბევრი ცნობილი სახე წავიდა.

– ძალიან დიდი შემართებით დავიწყეთ ახალი სატელევიზიო სეზონი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ჩვენი გუნდი ფაქტობრივად ორად გაიყო. გული დაგვწყდა, მაგრამ ჩვენ არ მოგვცა მაყურებელმა იმის უფლება, რომ საქმე არ გაგვეგრძელებინა. გვყავს ახალი სახეები, ახალი სისხლი, ახალი ძალა და ყველაფერი კარგად მიდის. პირველი ჩაწერები ძალიან კარგი და ეფექტური გამოგვივიდა. სიმართლე გითხრათ, ასეთს ჩვენც არ ველოდით. მაყურებელი ამას ძალიან კარგად შეაფასებს.

– როგორ ფიქრობთ, თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტი ისეთივე ყურებადი იქნება, როგორც ეს გასულ წლებში?

– რა თქმა უნდა, რეიტინგული იქნება. უკვე კონკურენცია გაჩნდა ჩვენსა და “მთავარ არხზე” გადასულ ჩვენს მეგობრებს შორის და შესაბამისად იქნება დიდი მოტივაცია. წარმოიდგინეთ, ერთი ძალიან ძლიერი ჯგუფისგან ორი ძლიერი გუნდი გამოვიდა. ტონუსში ვართ და გვსურს, სახალისო ამბები შევქმნათ, სატელევიზიო კონკურენციაში გავიმარჯვოთ.

– რატომ არ დატოვეთ არხი თქვენც და რატომ არ გაჰყევით გუნდის ნაწილს?

– ეს არის შიდა სამზარეულო, გუნდური გადაწყვეტილება იყო. ჩემი გადაცემები “კომედი შოუ” და “გააცინე და მოიგე” იყო, “ვანოს შოუში” ბოლო პერიოდში არ მიწევდა ჩართულობა. მოხდა ისე, რომ “ვანოს შოუს” გუნდი წავიდა თავის სცენარისტებთან და რამდენიმე სახესთან ერთად, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ.

– ამ ადამიანებთან მეგობრობას აგრძელებთ?

– რა თქმა უნდა, გრძელდება მეგობრობა. მე ისინი ძალიან მიყვარს და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარ რაღაცებს გააკეთებენ.

– პირადზეც მინდა, გკითხოთ. თქვენი ორშვილიანი ოჯახის ცხოვრება როგორ მიდის, როგორ უძღვებით ყოველდღიურ საქმეებს, როგორ ანაწილებთ დროს?

– ოჯახისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, მაგრამ, რადგან ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიწევს მუშაობა, ისინი ამას ეგუებიან. ამ ზაფხულს ეს დანაკლისი ავინაზღაურე და ერთი თვე ოჯახთან ერთად ბახმაროში ვიყავი, შემდეგ კვარიათში. ვნახოთ, შემდეგში როგორ იქნება ჩემი საქმეები. მინდა, ოჯახსაც და სამსახურსაც ყურადღება არ მოვაკლო.

– საოჯახო საქმეებში მონაწილეობთ, ცოლს უმსუბუქებთ ყოველდღიურ რუტინას?

– კი, საოჯახო საქმეები მიყვარს. სამზარეულოში ხშირად ვბზრიალებ. ვაკეთებ როგორც ყველასათვის ცნობილ კერძებს, ასევე ჩემს გამოგონილს. როცა სახლში ვარ, ყოველთვის ვეხმარები ჩემს მეუღლეს და ვცდილობ, ოჯახი ჩემი მომზადებული კერძებით გავანებივრო, მაგრამ, სიმართლეს ვიტყვი და, ძირითადად ჩემი მეუღლე სოფო უძღვება ამ საკითხს.

ასევე ბავშვები სკოლაში მიმყავს-მომყავს, შემდეგ სპორტზე, მასწავლებლებთან და ა.შ. ბავშვების გრაფიკსაც ჯერჯერობით ვანაწილებთ. აქტიური მამა ვარ და ჩართული ვარ ოჯახის პროცესებში.

– ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, ვახო ბიჭიკაშვილი და მისი ცოლი ერთ-ერთი მინისტრის მრჩევლად დაინიშნენო. ბევრმა დაიჯერა, ბევრი კიდევ ხუმრობდა. რა მოხდა რეალურად?

– ინტერნეტში ადამიანები ძალიან ბევრს ფანტაზიორობენ და ერთ-ერთი ასეთი იყო, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთ-ერთ სამინისტროში მინისტრის მრჩევლებად დავინიშნეთ. ჩვენ ამ ყველაფერს იუმორით შევხვდით, რადგან მსგავსი რამ არ ყოფილა და არც პოლიტიკაში ვხედავ ჩემს თავს.

– როგორც ვიცი, ჭარბ წონას სხვადასხვა მეთოდებით ებრძვით. როგორ ფიქრობთ, რომელმა გაიმარჯვეთ?

– რამდენიმე ხანი ვიყავი სპეციალურ კვებაზე, საათობრივად ვიკვებებოდი და წონაც დამირეგულირდა. გიგანტური წონა არასოდეს მქონია, სამციფრიანში არასოდეს გადავსულვარ. ქართული ტრადიციებიდან, რეჟიმიდან და მეგობრებიდან გამომდინარე, მიჭირს სპორტდარბაზში სიარული.

ახლა ვაპირებ, ისევ შევუტიო წონას, რადგან ისეთი აქტიური სეზონი გველოდება, რომ ჩემი მოდუნება არაფრით შეიძლება. ვეძებ სპორტდარბაზს, სადაც კარგი ტრენაჟორები და საცურაო აუზი იქნება. ასე, საათი, საათნახევარი ვარჯიში ნამდვილად არ მაწყენდა.

– რა გეგმები გაქვთ, მომავლისთვის რას ფიქრობთ?

– მინდა, უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩემი გუნდი. ზოგი ფიქრობს, რომ შეიცვლება “კომედი შოუ” და აღარ იქნება ისეთი იუმორისტული. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის სტიმულს, რომ ვიყოთ ძალიან წარმატებულები.

პირადს და ოჯახს რაც შეეხება, ვისურვებდი, რომ იყოს ჯანმრთელობა, სხვა დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია.

– როგორც გეტყობათ, ძალიან განიცდით საზოგადოების რეაქციას. ადევნებდით თვალს სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკულ კომენტარებს?

– პირადში არავის მოუწერია. ბუნებრივია, სოციალურ ქსელში რაღაც კომენტარებს წერდნენ. აი, მაგალითად, ფულზე გაიყიდნენ, მოღალატეებიო და ა.შ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ჩვენ ტელევიზიიდან უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ხარისხიანი პროდუქტით და კომენტარებს არ გამოვეკიდოთ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და მე მათ აზრს პატივს ვცემ.

ჩემი საქმით და პროფესიით ამ ადამიანებს დავუმტკიცებ, რომ ფულზე არ გავყიდულვარ და მოღალატე არ ვარ. ემოციურ ფონზე აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ განვიცდი. მეუბნებოდნენ, შენზე ეს დაწერესო, მე კიდევ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი და სოციალურ ქსელში პოლემიკას არ ვაპირებ.

– ცოლს თუ ჰკითხეთ რჩევა “რუსთავი 2”-ზე დარჩენა-არ დარჩენაზე?

– მეუღლეს უკვე ჩემი გადაწყვეტილება გამოვუცხადე. ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, რომ, ვიდრე გადაწყვეტილება არ მივიღე, ოჯახისთვის აზრიც არ მიკითხავს.