ტრამპი თურქეთთან ომისთვის მზად არის? – რა მოხდება ხვალ

ტრამპი თურქეთთან ომისთვის მზად არის? - რა მოხდება ხვალ,,იმ შემთხვევაში,თუკი საჭირო გახდება სამხედრო მოქმედება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის სრულად მზად არის” – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ეს სენსაციური განცხადება ამერიკული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა, რამაც აფეთქებული ბომბის ეფექტი გამოიწვია.

ნატო-ს ერთი წევრი აშშ აცხადებეს, რომ თუკი დიპლომატიური ზეწოლა და ეკონომიკური სანქციები საკმარისი არ იქნება, მაშინ ის მზადაა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის წინააღმდეგ ძალაც გამოიყენოს, თუკი ანკარა საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ.

120 საათით, ანუ ხუთი დღე-ღამით ,,დაპაუზებული ომის” მოქმედების დრო ხვალ იწურება და მაშინვე გამოჩნდება, პრეზიდენტი ერდოღანი ახალი ძალით შეუტევს ქურთებს თუ ოკეანისგაღმელი, ნატოელი პარტნიორის მკაცრ გაფრთხილებას დაემორჩილება და დაყაბულდება იმ  ტერიტორიას, რაც სირიაში უკვე დაიკავა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის ასეთი დაძაბულობა, როდესაც ერთმანეთში საბრძოლო  მოქმედებების დაწყების პერსპექტივამ გაიელვა პირველი არ არის – 1974 წელს კვიპროსზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნატოს წევრი თურქეთის არმია და ადგილობრივი კვიპროსელი ბერძნები, რომელთა უკან ასევე ნატო-ს წევრი საბერძნეთი იდგა…

ქურთების საკითხის გარდა, ვაშინგტონ-ანკარას დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს თურქეთში, ინჯირლიყის საჰაერო ბაზაზე განთავსებული ამერიკული ტაქტიკური ბირთვული იარაღის შემდგომი ბედიც.

ამ ბაზაზე ჯერ კიდევ პირველი “ცივი ომის” პერიოდიდან ინახება უმართავი ბირთვული საავიაციო ბომბები, რომელთა რაოდენობა დღეს შეიძლება 50 ერთეულს აღწევდეს. მათი გამოყენებისთვის საჭირო ტაქტიკური დამრტყმელი თვითმფრინავები ან სტრატეგიული ბომბდამშენები ამერიკელებს ინჯირლიყში არ ჰყავთ და დღევანდელი დაძაბულობის ფონზე ძნელად დასაჯერებელია, თურქებმა ამერიკელებს მათი იქ დაფრენის უფლება მისცენ.

უფრო რეალურია, პენტაგონმა სცადოს ამ ბირთვული ბომბების გამოტანა სამხედრო ბაზიდან, მაგრამ სწორედ ამაში შეიძლება შეუშალოს ხელი თურქულმა მხარემ და სცადოს ამერიკული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების “პრივატიზაცია” (თუმცა ამერიკული ბირთვული ბომბების ხელში ჩაგდების შემთხვევაშიც, თურქები მას პირდაპირი დანიშნულებით ვერ გამოიყენებენ დამცავი კოდების ამოქმედების გამო), რამაც ამერიკულ-თურქული დაპირისპირება შეიძლება მართლაც ომამდე მიიყვანოს?

ამერიკა-თურქეთს შორის დაპირისპირების გაღრმავება პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან ნატო-ს ორ უძლიერეს წევრ შორის ამ დონის განხეთქილების გაჩენა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, რომელშიც ასე სურს საქართველოს გაწევრება, მომავალს ძალზე სათუოს ხდის…

კვირის პალიტრა

დატოვეთ თქვენი კომენტარი