სოფო ბედიამ და მიშა მესხმა შვილების გარეშე დასვენება ვერ შეირგეს

სოფო ბედიამ და მიშა მესხმა შვილების გარეშე დასვენება ვერ შეირგესირმა ჭკუასელი, სარკე

მომღერალმა სოფო ბედიამ ბოლო დროს თავს უფლება მისცა, ოჯახში მეტი დრო გაატაროს და ქმარ-შვილთან ყოფნით დატკბეს. წლების განმავლობაში ის რესტორანში მღეროდა, დატვირთული სამუშაო ჰქონდა, ამიტომ უფროს შვილს, ნიკოლოზს, დედა სულ ენატრებოდა. ახლა კი სოფოს აქვს იმის ფუფუნება, რომ ორივე შვილს, ნიკოლოზსაც და ანდრიასაც, მეტი დრო დაუთმოს. ეს კომფორტი მას ქმარმა, მიშა მესხმა შეუქმნა. ის და სოფო თავიანთ საერთო შვილზე, 8 თვის ანდრიაზე, თანაბრად და ერთნაირად ზრუნავენ. ახალბედა მამა შვილს კიდეც აჭმევს, საფენებსაც უცვლის და ღამეებსაც უთენებს.

– სოფო, როგორ გაატარეთ ზაფხული, დაისვენეთ თუ მუშაობდით?

– ზაფხული ოჯახთან ერთად გავატარე. ბოლო ორი თვე სხვადასხვა ადგილას დავისვენეთ. სამეგრელოში, მარტვილში ვიყავით, ერთი კვირით – ქობულეთში, ხუთი დღე – გურიაში. რაჭაც მოვინახულეთ. მოკლედ, მთა და ბარი მოვიარეთ. ძირითადად დასავლეთ საქართველო დავლაშქრეთ. დასვენების დღეები ბოლომდე ჩემს ოჯახს მივუძღვენი, ასევე ჩემს სტუდიას.

– კონცერტები არ გქონდათ ამ ზაფხულს?

– ჩემი სტუდიის ბავშვებს ჰქონდათ კონცერტები, ვიყავით ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში. პირადად მე ბოლო ორი თვის განმავლობაში კონცერტი არ მქონია.

– წლების განმავლობაში რესტორანში მუშაობდით. რითი შეავსეთ გამოთავისუფლებული დრო?

– ძირითადად სტუდიაში ვმუშაობ. ბავშვებს პირადად ვამზადებ, ყველა გაკვეთილს მე ვუტარებ. ასევე მაქვს შემოთავაზებები, ივენთები და, რა თქმა უნდა, კონცერტები.

– შვილების გაზრდას მარტო ახერხებთ თუ ვინმე გეხმარებათ?

– ძიძა არც უფროსი შვილისთვის მყოლია და არც ახლა მყავს. ნიკოლოზი 10 წლისაა. დედა და ბებია მეხმარებოდნენ, ჩემი პირველი ბიჭი მათი გაზრდილია. ანდრიას გაზრდაში ჩემი დედამთილი, მაყვალა სანაია, მეხმარება. ბავშვის დაბადების დღიდან ერთად ვართ. ძალიან მიწყობს ხელს, რომ არც ჩემი საქმე გაფუჭდეს და ჩვენი მეორე ვაჟკაციც ერთად გავზარდოთ.

– ალბათ ნიკოლოზიც გეხმარებათ უმცროსი ძმის მოვლაში.

– ძალიან. ნიკოლოზი ძალიან კარგი, თბილი და მოსიყვარულე ბიჭია. ზაფხულში მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, რომ ანდრიას არ მოეწყინა და დამხმარებოდა. ჩვენი პატარის გაზრდაში მთელი ოჯახია ჩართული.

– ანდრიამ პირველი სიტყვები უკვე თქვა?

– ანდრია ახლა 8 თვის არის. 6 თვიდან ამბობს: “დედა” და ამ სიტყვის ხშირად გამეორება უყვარს. ფანატიკურად ვუყვარვარ! მინდა, აუცილებლად ვთქვა, რომ, ჩემდა გასაკვირად, მიშა საოცარი მამა აღმოჩნდა. ალბათ დედა ვერ გაუკეთებს შვილს იმდენს, რასაც ის უკეთებს. ჩემზე უკეთესად იცის, რომელ საათზე უწევს ჭამა, გამოცვლა, გასეირნება. ანდრია ძალიან პატარა როცა იყო, ღამეებსაც უთენებდა და დღემდე ასეა, ბავშვს თუ სჭირდება. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ შვილები სიყვარულის გარემოში გაიზარდონ და ბედნიერები იყვნენ.

– ცოლ-ქმარი ახერხებთ განმარტოებას? თუნდაც ზაფხულში თუ შეძელით მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაგეთმოთ დრო?

– ორი დღე ზღვაზე ვიყავით და ორი დღე – რაჭაში, მაგრამ ის ოთხი დღე ჩვენთვის ალბათ საუკუნე იყო. რთულია ბავშვის დატოვება, ძალიან გვენატრებოდა. ისრაელში 3-4 დღით მივდივარ და უკვე ვდარდობ, რომ რამდენიმე დღე ვერ ვნახავ. იმედია, ღმერთი გამაძლიერებს და ცოტა იოლად გადამატანინებს.

– შეიძლება ითქვას, რომ ოჯახური ცხოვრებით ტკბებით.

– ოჯახზე კარგი რა უნდა იყოს დედამიწაზე?! ჩემთვის ოჯახი არის სიწმინდე და ყველაფერ კარგთან ასოცირდება. მათ გარეშე არც წარმატება მინდა და არც არაფერი ამქვეყნად. ვცდილობ, ყველაფერი ისე დავარეგულირო, რომ არც კარიერაში შემეშალოს ხელი და არც ოჯახს დავაკლო რამე.

რადგან ანდრია პატარაა, მეტ დროს მას ვუთმობ. ნიკა რომ პატარა იყო, ასეთი პირობები არ მქონდა, ვმუშაობდი, რესტორანში ვმღეროდი და ბავშვს სულ ვენატრებოდი. ნიკას დედასთან ყოფნის დეფიციტი ჰქონდა და არ მინდა, ანდრიაც ასე იყოს.

ხელოვანი როცა ხარ, მით უმეტეს, სცენაზე რომ დგახარ, ხან გადაღება გაქვს, ხან იქ გარბიხარ, ხან აქ გამორბიხარ და შეიძლება შვილებს მაქსიმალური დრო ვერ დაუთმო. ახლა უკვე ეს ყველაფერი ძალიან დალაგდა.

– როგორია ორი ბიჭის დედობა?

– ძალიან მაგარია! სამშობლოს წინაშე ვალი მოხდილი მაქვს. მადლობა ღმერთს ამ ბედნიერებისთვის!

– ვალმოხდილად მაშინ უფრო ჩაითვლებით, თუ სამი შვილი მაინც გეყოლებათ, ანუ მრავალშვილიანი დედის სტატუსი გექნებათ. ხომ არ აპირებთ ოჯახს კიდევ შემატოთ წევრები?

– ღმერთი თუ ინებებს, რა თქმა უნდა. უფლის წინააღმდეგ არასოდეს წავსულვარ, ამიტომ თუ ინებებს, შვილი კიდევ მაჩუქოს, აუცილებლად გავაჩენ. ამ ეტაპზე და ახლო მომავალში მესამე შვილს არ ვგეგმავთ, მაგრამ ეს თუ თავისით, უფლის ნებით მოხდება, რა თქმა უნდა, გავაჩენ.

– იმ მომღერალთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. წლების წინ ზედმეტ კილოგრამებს გამოუცხადეთ ბრძოლა და წარმატებითაც. ისევ იცავთ დიეტებს?

– საერთოდ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ნებისყოფა მაქვს და მიზანდასახულიც ვარ. თუ რამეს დავისახავ მიზნად, აუცილებლად ვაღწევ, ოღონდ ძალიან დიდი შრომით და მონდომებით, სხვების დახმარების გარეშე.

მთელი ცხოვრებაა, დიეტაზე ვარ, რადგან მომატებისკენ მაქვს მიდრეკილება. სანამ ანდრიაზე დავრჩებოდი ორსულად, ძალიან გამხდარი ვიყავი, რადგან სულ დიეტას ვიცავდი, მუდამ ფორმაში ვიყავი. ანდრიაზე 30 კილო მოვიმატე. როცა დაიბადა, 7 კილო დავიკელი, სამთვენახევარში კი დანარჩენი 19 კილოც მოვახრჩვე და ჩემს წონას დავუბრუნდი.

ვფიქრობ, რომ ქალი საკუთარ გარეგნობაზე არა მარტო სცენის გამო უნდა ფიქრობდეს.

– ბევრი გიპასუხებთ, რომ ამას ფინანსური შესაძლებლობაც სჭირდება.

– ეს არ არის ფინანსებზე დამოკიდებული, უბრალოდ დიდი მონდომება და საკუთარი თავის პატივისცემა სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, მომღერალი იქნები, მოცეკვავე თუ უბრალოდ დიასახლისი, ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ვცდილობ, სახლშიც კი მოწესრიგებული ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ პატარა შვილი მყავს, საკუთარ თავს თუნდაც ერთ საათს აუცილებლად ვუთმობ. შვილებსაც უნდა მოსწონდეთ დედა, რომელიც მათ ზრდის. როდესაც საკუთარ თავს სცემ პატივს, სხვებიც გცემენ პატივს და მეც ასე ვცხოვრობ.

– დასვენების დღეებში მოდუნების უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს, მაგალითად, მაკიაჟს არ ვიკეთებთ, ვჭამთ იმას, რაც გვიყვარს და ა.შ. თქვენ ზაფხულშიც უწესებდით შეზღუდვებს საკუთარ თავს?

– რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, მარტვილში, სამეგრელოში როგორი სასწაული საჭმელებია ელარჯით, ღომით და ამბებით, მაგრამ, დამიჯერებთ, რომ ამ ყველაფერზე უარს ვამბობდი? მე საცოდავი ვჭამდი მოხარშულ პროდუქტებს და რაღაც ისეთს, რომ წონა შემენარჩუნებინა და დამეკლო კიდეც. საოცარ სუფრებთან მოვხვდი, მაგრამ ნებისყოფა მართლაც სამაგალითო მაქვს. ჩემი ადრენალინი ის არის, როდესაც კარგად გამოვიყურები, როდესაც დამშვიდებული ვარ და წონა არ მაწუხებს. ჩემი მთავარი პრობლემა ზედმეტი კილოგრამებია.

– თუ საიდუმლო არ არის, რამდენი კილო ხართ ამჟამად?

– 62 კილო და ეს ჩემი წონაა, ვთვლი, რომ ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვარ, ყველაფერს ვირგებ და ვიხდენ კიდეც. 2 კილო პლუს-მინუს არაფერს ცვლის, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ ამდენს კიდევ დავიკლებ. 60 კილომდე რომ ჩამოვდივარ, მართლა იდეალურ ფორმაში ვარ.