შორენა ჯაფარიძეს ნიკა მნათობიშვილმა ჩხიკვთა ქორწილის სცენაზე სთხოვა ხელი

შორენა ჯაფარიძეს ნიკა მნათობიშვილმა ჩხიკვთა ქორწილის სცენაზე სთხოვა ხელიწელს ანსამბლ “ივერიის” ლეგენდარული “ჩხიკვთა ქორწილის” განახლებული ვერსია “ბლექ სი არენაზე” მეორედ დაიდგა. მიუზიკლში, რომელიც შემოდგომის პირველ დღეს გაიმართა, ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავე შორენა ჯაფარიძე ჩიტის როლს ასრულებს. ეს სპექტაკლი მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. მიუზიკლის ბოლოს, აპლოდისმენტებისა და ათასობით მაყურებლის თანდასწრებით, მოცეკვავეს საყვარელმა, მამაკაცმა სიყვარული დარბაზიდან აუხსნა და ხელიც სთხოვა. წყვილმა ქორწილისთვის სამზადისიც დაიწყო.

შორენა ჯაფარიძის საჯარო ნიშნობა მისმა ოჯახმაც მოიწონა. შორენას მამა ცნობილი მსახიობი გია ჯაფარიძეა, რომელმაც ქალიშვილს არჩევანი მოუწონა და არც სასიძოს დაემდურა იმის გამო, რომ ხელის სათხოვნელად ტრადიციულად ოჯახში არ მივიდა.

– შორენა, გვიამბეთ თქვენზე, როგორ აღმოჩნდით ლეგენდარულ მიუზიკლში.

– უკვე 5 წელია ანსამბლ “რუსთავის” სოლისტი ვარ. ბატონმა ფრიდონ სულაბერიძემ მიუზიკლ “ჩხიკვთა ქორწილისთვის” სამი მოცეკვავე შეგვარჩია და ასე აღმოვჩნდით ამ ზღაპრულ სამყაროში. “ივერიამ” საოცარი გარემო დაგვახვედრა. ის ადამიანები, რომელთა ყურებაშიც გავიზარდე, ძალიან საყვარელი და თავმდაბალი პიროვნებები აღმოჩნდნენ.

მიუზიკლის პრემიერა “ბლექ სი არენაზე” ერთი წლის წინ გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აპლოდისმენტებსა და მაყურებლის ოვაციებს შეგუებული ვარ, ამ მიუზიკლის მაყურებლის რეაქციებმა, სითბომ და სიყვარულმა ნამდვილად გამაოცა. მრავალათასიანი დარბაზი მეორედ გავავსეთ, რაც ნამდვილად რეკორდია “ბლექ სი არენას” ისტორიაში.

– მოცეკვავის კარიერაზე ყოველთვის ოცნებობდით?

– თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, პროფესიით დამდგმელი ქორეოგრაფი ვარ. მამაჩემი მსახიობი გია ჯაფარიძეა და, შეიძლება ითქვას, მთელი ოჯახი ხელოვნებაში ვართ ჩართული. ვიცოდი, რომ სცენაზე ვიდგებოდი, უბრალოდ მამაჩემის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მსახიობობას არ გავყოლოდი. გამიმართლა, რომ სხვა მონაცემებიც მქონდა და ცეკვას გავყევი. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. ეს საქმე ბედნიერებას ნამდვილად მანიჭებს.

– მამათქვენს მკაცრი გარეგნობა აქვს, მკაცრი ადამიანების როლებსაც თამაშობს. აღზრდის მეთოდიც მკაცრი ჰქონდა?

– გარეგნობა და შინაგანი ბუნება ერთმანეთისგან განსხვავდება. როგორც ჩემი უფროსი დედმაშვილები ამბობენ, მე მამაჩემის ელჩი ვარ ყველაფერში. ნაბოლარა ვარ და მამისგან ყოველთვის განებივრებული ვიყავი.

– რთულია მოცეკვავის ცხოვრება, მით უმეტეს, ისეთი ცნობილი ანსამბლის წევრის, როგორიც “რუსთავია”?

– ძალიან რთულია, რადგან ეს საქმე შენგან მაქსიმუმს მოითხოვს. ერთი დღეც რომ ჩააგდო და სათანადოდ არ ივარჯიშო, მაყურებელი ამას ხედავს. მით უმეტეს, როდესაც შენი პედაგოგი ფრიდონ სულაბერიძეა, მოდუნების საშუალება არ გაქვს. ის ძალიან მომთხოვნი და მკაცრია. მაინც მგონია, რომ ბატონი ფრიდონის სიმკაცრე უფრო გარეგნული იმიჯია, შინაგანად ის ძალიან თბილი და კეთილია. უბრალოდ არ უნდა, რომ ეს ემოციები გამოაჩინოს.

ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და ჩანს, რომ ისიც კმაყოფილია ჩემით. ამხელა ანსამბლში მიუზიკლისთვის მეც შემარჩია. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ასეთი ნდობისათვის.

– “სუხიშვილების” ანსამბლში ცეკვა არ ყოფილა თქვენი ოცნება?

– დღეს მოცეკვავისთვის ყველაზე დიდი მიზანი არის “სუხიშვილებში” ცეკვა, მაგრამ მე “რუსთავი” იმიტომ ვამჯობინე, რომ ჩემს ხასიათთან უფრო ახლოსაა. ცეკვასთან ერთად სიმღერა და საერთოდ ქართული ფოლკლორი ძალიან მიყვარს. “სუხიშვილებში” გარკვეული პერიოდი სტაჟიორად ვიყავი, იქაც მქონდა შანსი, კარიერა გამეგრძელებინა, მაგრამ ასე ვამჯობინე.

– ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ ის დღე, როდესაც “ჩხიკვთა ქორწილის” დასრულებისთანავე თქვენმა შეყვარებულმა, ათასობით ადამიანის თანდასწრებით, სიყვარული აგიხსნათ და ცოლობა გთხოვათ.

– ჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან ლამაზად დაიწყო და ნიკოლოზის დამსახურებით ასევე ლამაზად იფურჩქნება. ჩემი რჩეული ნიკოლოზ მნათობიშვილია, ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი ბიზნესი აქვს. ნიკა სამეგობროს ერთ-ერთი თავშეყრისას გავიცანი. მაშინვე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და გულში რაღაც დამიტოვა, მაგრამ ჩვენი ამბავი უცებ არ განვითარდა.

შარშან თვენახევრით იაპონიაში წავედით გასტროლებზე და სწორედ იქ მივხვდი, რომ ნიკა ძალიან მაკლდა. მის გარეშე ყოფნა ძალიან გამიჭირდა. იაპონიაში მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდა. როცა დავბრუნდი, მერე უკვე ყველაფერი კარგად აეწყო.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ამ ადამიანს შემახვედრა. ის ძალიან სუფთა პიროვნებაა. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და მის გვერდით მეც ვიზრდები შინაგანად.

– არ გქონდათ წინათგრძნობა ან ვერ მიხვდით, რომ საყვარელი მამაკაცი ასეთ გრანდიოზულ სიურპრიზს გიმზადებდათ?

– იმ დღეს კოცერტზე ნიკამ დააგვიანა, რაზეც ძალიან ვბრაზობდი. კონცერტი რომ დამთავრდა და მაყურებელთან დასამშვიდობებლად გამოვედით, გია ბაღაშვილმა გვითხრა, სცენაზე ყველა ბოლომდე იყავითო. როცა ბატონმა გიამ მიკროფონში გამოაცხადა, რომ ამ დარბაზში იმყოფებოდა ადამიანი, რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა, გული ამიჩქარდა, მაშინვე ვიფიქრე, ნიკა ხომ არ არის-მეთქი. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, როგორც იტყვიან, არც მიწის ვიყავი და არც ცის.

ჩვენი ურთიერთობა უკვე მომწიფებული იყო იმისათვის, რომ ოჯახი შეგვექმნა. წამოდგენილიც მქონდა, რომ ნიკა ხელის სათხოვნელად ოჯახში მოვიდოდა. ვერც გავბედავდი იმაზე ფიქრს, შეყვარებული ამხელა სიურპრიზს თუ მომიწყობდა.

– როგორ ქორწილზე ოცნებობთ?

– ქორწილიც ლამაზი გვექნება. სხვათა შორის, ბევრი გოგოსგან განსხვავებით, ქორწილსა და თეთრ კაბაზე არასოდეს ვოცნებობდი. ყოველთვის მინდოდა, მთელი გულით შემყვარებოდა, რაც უკვე მოხდა.

– როგორ მიიღეს ეს სიურპრიზი მშობლებმა?

– დედაჩემი ისრაელშია და იქიდან დამლოცა. ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი მდგარიყო, რომელიც მამასაც მოეწონებოდა. როცა მამას გავაცანი, მივხვდი, რომ ეს ოცნებაც ამიხდა, რადგან შევატყვე, ჩემი რჩეული მოეწონა.

შორენა ჯაფარიძეს ნიკა მნათობიშვილმა ჩხიკვთა ქორწილის სცენაზე სთხოვა ხელი