სალომე ბაკურაძე: “დედობის ემოციას ვერ გააკონტროლებ”

სალომე ბაკურაძე: "დედობის ემოციას ვერ გააკონტროლებ"ლელა დევდარიანი, სარკე

მომღერალი სალომე ბაკურაძე თავის ბენდთან ერთად ბევრს მუშაობს, რომ მსმენელს ახალ-ახალი სიმღერები შესთავაზოს. ზაფხულში დრო ისე გადაანაწილა, რომ არც ოჯახისთვის მოეკლო ყურადღება და შემოქმედებაზეც ეზრუნა. სეზონი, რომლის დროსაც უხვადაა ხილი და ბოსტნეული, მაქსიმალურად გამოიყენა ფორმაში ჩასადგომად და კარგი შედეგიც მიიღო. თავის საქმიანობაზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთობებზე სალომემ “სარკეს” უამბო.

– სალომე, იმ მომღერალთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც რეპერტუარის განახლებაზე მუდმივად ზრუნავენ. სიახლეები ალბათ ახლაც გაქვთ.

– დიახ, მაქვს ახალი სიმღერა და ახალი შემოთავაზებები. ჯერჯერობით კონცერტზე ვერავის დავპატიჟებ, მაგრამ საღამოებზე გამოვდივარ. ჩემს ბენდთან ერთად ვმუშაობ ახალ რეპერტუარზე, ახალ-ახალ ვერსიებზე, გასართობ პროგრამაზე. ასე რომ, ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი წელი გვექნება.

– ზაფხულში საკმარისი ენერგია თუ მიიღეთ, რომ მთელი წელი გეყოთ?

– მთელმა ოჯახმა ბათუმში დავისვენეთ. ჩემთვის სადმე წასვლა ნიშნავს თან დასვენებას, თან მუშაობას. ამჯერად კი უფრო ოჯახზე ვიყავი ორიენტირებული და ეს დრო მშვიდად და თბილად გავატარეთ. უფრო მეტი დავისვენეთ, ვიდრე ვიმუშავეთ.

წინა წლებში ძალიან დატვირთული ზაფხული გვქონდა და დასვენებას ვერ ვახერხებდით. რამდენიმე წელი ბათუმში გასართობ-დასასვენებელი სივრცე გვქონდა – “სექტორი 26”, ჩემი მეუღლე (პროდიუსერი ლაშა ბასლანძე. ავტ.) სულ დაკავებული იყო და მეც ვეხმარებოდი. წელს ამისგან დავისვენეთ. ჩემს მეუღლეს ეს სივრცე აღარ აქვს და ამ ზაფხულს ბოლომდე გავერთეთ.

– 5 წელი გავიდა, რაც თქვენ და ლაშა ბასლანძემ  იქორწინეთ. რა ეტაპები გაიარა თქვენმა ოჯახმა?

– ეს 5 წელი მაინცდამაინც ეტაპებად არ მაქვს დაყოფილი. შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი ეტაპი და ამ ერთ ეტაპში ბევრი რამ მოხდეს. გამოცდილება კი ნამდვილად დაგვიგროვდა. ჩვენმა შვილმა, სანტიმ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შვილი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას. მთლიანად მის გარშემო ვბრუნავთ.

– თქვენს ქმარს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილი, გოგონა, რომელთანაც, ცნობილია, რომ ყოველთვის ახლო ურთიერთობა გქონდათ. ლაშას ქალიშვილი უმცროს ძმასთან ბევრ დროს ატარებს?

– ლაშას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი გოგონა, ელენე და ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობები გვაქვს. და-ძმა ძალიან ბევრს ეფერებიან ერთმანეთს და ბევრსაც ჩხუბობენ. ელენე ჩხუბსაც თამაშით გამოხატავს, სანტის ეს მოსწონს და სპეციალურად აბრაზებს. როცა ერთობიან და თამაშობენ, ფანტასტიკური სანახავები არიან.

– როგორი იყო დედობის პირველი ემოცია, როცა თქვენი შვილი დაინახეთ?

– თავი ვერ შევიკავე და ძალიან ბევრი ვიტირე. ამ ემოციას ვერ გააკონტროლებ. ლაშაც ძალიან გულჩვილია და, როგორც კი ერთად გვნახა, თვალები ცრემლებით აევსო.

– როგორ ზრდით ბიჭუნას, რა მეთოდებს იყენებთ?

– აუცილებლად მეგობრები უნდა ვიყოთ. სანტიმ როგორც კი რაღაცების გაგება დაიწყო, იმ დროიდანვე ყველაფერს ვუხსნი, როგორც ზრდასრულ ადამიანს. თუ რაღაც არ უნდა გააკეთოს, ვეუბნები, რატომაც არ შეიძლება. ასეთი ურთიერთობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა და მინდა, ასევე გაგრძელდეს.

– როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ოჯახში ჰარმონიის შესანარჩუნებლად?

– ერთმანეთს უნდა გავუგოთ, კომპრომისზე წავიდეთ, ერთიმეორეს მეტი ვასწავლოთ, მეტი მივიღოთ და გავცეთ, მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები.

– როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა ოჯახში, კომპრომისზე რომელი მიდიხართ, თქვენ თუ ლაშა?

– ისე არ არის, რომ ყოველთვის მე დავთმო ან ყოველთვის – მან. ვთანხმდებით და ისე ვიქცევით, როგორც ჯობია. არასოდეს მქონია ასეთი მიდგომა, რომ ოჯახსა თუ ოჯახის გარეთ ჩემს პოზიციაზე ვიდგე და არაფერი შევცვალო. ლაშასაც ასევე შეუძლია მოისმინოს, გაიგოს და ჩემი აზრი თავისუფლად მიიღოს, თუკი მიხვდება, რომ ჩემი უფრო სიმართლისკენაა.

– 5 წლის შემდეგაც არის თქვენს ურთიერთობაში რომანტიკა, სიურპრიზები, თარიღების განსაკუთრებულად აღნიშვნა?

– კი, ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენს ცხოვრებაში არის განსაკუთრებული თარიღები, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვცდილობთ, განსაკუთრებული იყოს.

– მინდა, თავის მოვლაზეც გკითხოთ. რას აკეთებთ იმისთვის, რომ წესრიგში გქონდეთ სახის კანი?

– არ ვიკეთებ ცოცხალი პროდუქტების ნიღბებს – კიტრს, კივის, მარწყვს… არ ვიცი, სამწუხაროა თუ არა, მაგრამ თავის მოვლისას ამ გზას არ მივმართავ. კოსმეტიკური მოვლის საშუალებებს ვიყენებ, ძირითადად შრატებს, იშვიათად – ნიღბებს.

– არადა ნიღაბი ძალიან კარგი საშუალებაა კანის მოვლისთვის.

– როცა მარტო ვარ, ნიღბის გაკეთება მეზარება. გოგონები როცა ერთად ვიკრიბებით სახლში, ამ დროს უფრო ვიდებ სახეზე ნიღაბს. თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა ჩემთვის არის პირადი ჰიგიენა და ჩვეულებრივი, ყოველდღიური გამოყენების საცხები, შრატები და ა.შ.

– პლასტიკური ქირურგიის მომხრე თუ ხართ?

– კი, ვარ. თუკი ადამიანს სურს, რომ თავის გარეგნობაში კორექტივი შეიტანოს და კიდევ უფრო გალამაზდეს, რატომაც არა?! მე ჯერჯერობით პლასტიკური ქირურგისთვის არ მიმიმართავს.

– გქონიათ გარეგნობაში რაიმეს რადიკალურად შეცვლის სურვილი?

– ძალიან მინდა და სიამოვნებით გავმაღლდებოდი, დავიგრძელებდი ტანს. არის პატარ-პატარა რაღაცები, რომლებსაც აუცილებლად შევცვლი.

– დასვენების დროს, ზაფხულში, როცა საკუთარ თავს მოდუნების, ცოტა მეტი სიამოვნების მიღების საშუალებას ვაძლევთ, წონის კონტროლი ალბათ უფრო ძნელია. თქვენ ეს გამოგდით?

– ჩემი აზრით, ყველაფერი პირიქითაა. ზაფხული ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ მარტივად გამოძვრე გარეთ ყოფნით და საჭმელზე არ იფიქრო. მგონია, რომ ეს სეზონი კარგი დროა ფორმაში ჩასადგომად. ამ დროს ძალიან ბევრი პროდუქტია, რომლებიც ამის საშუალებას გვაძლევს. მე მუდმივად ამის კონტროლსა და ჭიდილში ვარ. ახლა ვარ სტოკჰოლმის დიეტაზე… სიმართლე გითხრათ, ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა. არ მინდა, რაღაცნაირად მუდმივ დიეტებთან ვიყო ასოცირებული.

– მხოლოდ დიეტა საკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად თუ ვარჯიშიც საჭიროა?

– რა თქმა უნდა, ორმაგი ეფექტია და მეც დავიწყე ვარჯიში. თანაც ვარჯიში ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს მეტ დროს უთმობ. ეს დიდი ფუფუნებაა, შეიძლება სხვა რაღაცებზე უარის თქმა მოგიწიოს, ბავშვთან ურთიერთობა იქნება ეს თუ მეგობრებთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. უფრო სხვანაირად გიწევს განრიგის გადალაგება. მე მგონი, ეს კულტურა უკვე დაინერგა საქართველოში და ნელ-ნელა მივდივართ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ. დღეს უკვე ბევრი ირჩევს ვარჯიშს, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და არამარტო ამისთვის.

– როცა ვარჯიშობ და ფორმაში ხარ, გარდერობსაც თამამად არჩევ. თქვენ როგორ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?

– მოდის სიახლეებს ყოველთვის თვალს ვადევნებ, სულ ვეძებ რაღაცებს და ვყიდულობ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. შოპინგი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი ყოველდღიური ჩაცმის სტილი არც ძალიან სპორტულია და არც კლასიკური. გააჩნია, სად მივდივარ. ყველანაირი სტილი მიყვარს და შემიძლია მოვირგო კიდეც როგორც ოფიციალური, ასევე თავისუფალი და სპორტული.

– რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდა ქალებს?

– ძალიან მინდა, ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ და ასე ბევრად მარტივი იქნება ყველაფერი.