რუსა ჩაჩუა: “ყველა ორსულობაზე ძალიან ბევრს დავფრინავდი”

რუსა ჩაჩუა: "ყველა ორსულობაზე ძალიან ბევრს დავფრინავდი"ირმა ჭკუასელი, სარკე

რუსა ჩაჩუა, წლებია, რაც ტელეეკრანზე ჩვეულ წამყვანის როლში აღარ გამოჩენილა და არც პოდიუმზე გასულა, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრშია. საზოგადოება მის მიმართ ყოველთვის ინტერესს იჩენს. ამას მისი პირადი ცხოვრებაც განაპირობებს და გარეგნობაც – რუსა ოთხი შვილის დედაა და საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ახალგაზრდა ქალია.

– რუსა, სანამ ოჯახს შექმნიდით და შვილები გეყოლებოდათ, სად იყო თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი და ვისთან ერთად გიყვარდათ ყოფნა?

– 17 წლის ასაკში უკვე შვილი მყავდა და, იქიდან მოყოლებული, შვილთან ერთად ვისვენებდი. სანამ გავთხოვდებოდი, არდადეგებს მშობლებთან ერთად ვატარებდი და ეს ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებებია. ზოგჯერ მათი მეგობრებიც ჩვენთან ერთად იყვნენ და ბევრი სასაცილო ამბავი ხდებოდა.

– რაც დედა გახდით, როდის იწყება და როგორია თქვენთვის ზაფხულის სეზონი?

– არაჩვეულებრივი. კი არის ხოლმე გაწამაწიები, სანამ აგარაკზე ავალთ (რუსამ არ გვითხრა, სად აქვს აგარაკი. ი.ჭ.), რადგან ამდენი ბავშვის ბარგი ასატან-ჩამოსატანია, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო პროცესია.

არდადეგები რომ იწყება, ბავშვები მაშინვე გამყავს ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე და მეც ძირითადი ყველაფერი გადადებული მაქვს, რომ ეს დრო მათთან ერთად გავატარო. შვილებთან ერთად დროის გატარება ძალიან მხიბლავს, ამ პერიოდში ერთმანეთს უკეთესად ვეცნობით.

– მთელ ზაფხულს აგარაკზე ატარებთ?

– ძირითადად აგარაკზე. ასევე – 2 კვირით ბავშვებთან ერთად მივდივართ ზღვაზე, მერე მე და ჩემი მეუღლე – სხვადასხვა ადგილას.

– 17 წლისას შვილი გყავდათ, ახლა კი თქვენი უფროსი შვილია 17 წლის. როგორია მასთან ურთიერთობა, როგორია თქვენი დედაშვილობა?

– თაზო წელს აბიტურიენტია. ის ყოველთვის ძალიან მიჯერებს და ზოგადად, ძალიან გამიმართლა, რომ დამჯერი შვილები მყავს. მათთან ურთიერთობაში პრობლემები არასოდეს მექმნება. მე და თაზო ძალიან ვგავართ ხასიათით და თანამოაზრეები ვართ.

– თაზო იმ ასაკშია, როცა ბიჭები მაქსიმალურად ისწრაფიან თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ. თანახმაა, რომ დედასთან და პატარა და-ძმებთან ერთად გაატაროს ზაფხული თუ ითხოვს, თანატოლებთან გაუშვათ?

– თაზო აგარაკზე ჩვენთან ერთად მოდის ხოლმე, მაგრამ ძირითადად მეგობრებთან აქვს მისვლა-მოსვლა. რთული გრაფიკი აქვს, ამიტომ ცდილობს, თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გაატაროს.

– სწავლის გარდა კიდევ რითია დატვირთული?

– თაზო სპორტსმენია, პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამიტომაც თავისი გრაფიკი აქვს – კვების, ძილის და ამ ჩარჩოში ზის. უნდა თუ არ უნდა, ისეთი თავისუფლება არ აქვს, როგორიც მის თანატოლებს. რეჟიმის დაცვაში მეც ვუწყობ ხელს. რადგან თვითონ აირჩია ეს რთული გზა და უნდა, სპორტსმენი იყოს, მაშინ რეჟიმიც უნდა დაიცვას.

წელს პირველად მოხდა, რომ ჩვენთან ერთად ზღვაზე წამოსვლა არ მოინდომა და არც დამიძალებია. არ შევზღუდე და მეგობრებთან ერთად წავიდა.

– დანარჩენი სამი უმცროსი შვილის მოვლას ზაფხულში თავად აუდიხართ თუ ძიძები მიგყავთ თან?

– დედა მეხმარება და დავდივართ მე, დედა და ბავშვები.

– პატარებთან დასვენება ბევრ დისკომფორტს უკავშირდება, ხშირია მოულოდნელი უსიამოვნებები, მაგალითად, ბავშვების ავადმყოფობა, გადაციება ან გადახურება, ალერგია, ნაკბენები და ა. შ. დედები ამ დროს ვერც ისვენებენ ხოლმე. თქვენთვის ნაცნობია ეს პრობლემები?

– არა. ყოველთვის კომფორტულად ვისვენებთ. მოწესრიგებულად მივდივართ და ყველა ნორმას ვიცავთ, რომ დასვენება რამემ არ ჩაგვიშალოს.

– ქმარიც თქვენთან ერთად ატარებს ზაფხულს?

– აგარაკზე სულ ჩვენთან ერთად არის. ზღვაზე როცა მივდივართ, 2-3 დღით ჩამოდის, რადგან ძალიან დატვირთულია და დრო არ აქვს.

– აქტიური დასვენება გიყვართ თუ პასიური?

– ორივე. ყველაფერს ვერგები, იმდენად მიყვარს დასვენება.

– ძალიან რომ გიყვართ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ 8 თვის ფეხმძიმე წახვედით იტალიაში. როგორ გარისკეთ?

– ის ზაფხული ძალიან რისკიანი იყო. სხვათა შორის, ყველა ორსულობაზე ძალიან ბევრს დავფრინავდი და, ახლა რომ ვიხსენებ, ცოტა მეშინია. მაშინ 8 თვის ორსული წავედი და ძალიან ბევრი ადგილი მოვიარე. ვიყავი კუნძულზე, სადაც საავადმყოფოც არ იყო, არადა საკეისრო მიწევდა. იქიდან რომ ჩამოვედი, ჩემი პატარა სანდრო გავაჩინე.

– ექიმებმა როგორ დაგრთეს ნება, 8 თვის ორსული ასეთ შორ მანძილზე წასულიყავით?

– ნება დამრთეს, რადგან ყველა ორსულობაზე ძალიან აქტიური ვიყავი. და მაინც, სხვებს ვეტყვი, რომ არ გარისკონ და ორსულობის ბოლო ორი თვე მშვიდად და წყნარად სახლში გაატარონ.

– ოთხი შვილის დედა ხართ, ბევრი საზრუნავი გაქვთ, მაგრამ მაინც ყოველთვის ფორმაში ხართ. ეს ალბათ ხასიათში გაქვთ უკვე.

– დიახ, მიყვარს გაპრანჭვა. პროდუქტის საყიდლადაც კი მოწესრიგებული უნდა ჩავიდე.

– როგორია თქვენი საზაფხულო გარდერობი?

– დიდად არ ვარ თბილი სამოსის მოყვარული – ჯემპრების, ნაქსოვების. ზამთარში ჩემს ჩაცმულობას ძირითადად ქურთუკი და პალტო ემატება. ჩემი საზაფხულო გარდერობი არის ფერადი, ჰაეროვანი.

– ზაფხულში დაბალძირიანი ფეხსაცმელები გირჩევნიათ თუ “ქუსლიანები”?

– დაბალქუსლიანსაც ვიცვამ და მაღალსაც, ძირითადად კი დაბალძირიანს ვხმარობ.