რატომ არ გაჰყვა ანა წერეთელი “მთავარ არხზე” ნოდარ მელაძეს

რატომ არ გაჰყვა ანა წერეთელი "მთავარ არხზე" ნოდარ მელაძესირმა ჭკუასელი, სარკე

ანა წერეთელი წლების განმავლობაში “რუსთავი 2”-ის საინფორმარციო სამსახურის თანამშრომელი და “კურიერის” ჟურნალისტი იყო. ამ არხზე 15 წელი გაატარა, მაგრამ, როგორც კი მისმა გუნდმა ტელეკომპანია დატოვა, არც კი უფიქრია, ისე მიიღო წასვლის გადაწყვეტილება და განცხადება დაწერა. თუმცა, მრავალი თავისი კოლეგისგან განსხვავებით, არც ერთ სხვა არხზე მუშაობა არ დაუწყია. თუ რატომ ამჯობინა, ეკრანის გარეშე ცხოვრების გაგრძელება, ამის შესახებ ტელეჟურნალისტმა თავად გვიამბო.

– ანა, რამდენიმე კვირის წინ დატოვეთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”, სადაც 15 წელი გაატარეთ. ალბათ რთული იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

– “რუსთავი 2”-დან წამოსვლის გადაწყვეტილება ასე პირდაპირ, გაუაზრებლად არ მიგვიღია. როცა ჩემმა მეგობრებმა არხი დატოვეს, მე საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ ჩემი განწყობაც ზუსტად ანალოგიური იყო. როცა ჩამოვედი, განცხადება დავწერე და 2 სექტემბერს ოფიციალურად წამოვედი სამახურიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი და ჩვენი გუნდის ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გამართლებული.

– ანუ სოლიდარობა გამოუცხადეთ თქვენს გუნდს.

– სოლიდარობა გამოვუცხადე არამხოლოდ გუნდს, არამედ იმ იდეას, რომლის გარშემოც ამდენი წლის განმავლობაში ვიყავით გაერთიანებული. “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, კარგად იცოდა, რომ ნოდარ მელაძის გათავისუფლება ჩვენთვის იქნებოდა ერთგვარი წითელი ხაზი. ამის შესახებ მას ვესაუბრეთ, მაგრამ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ჩემი აზრით, პაატა სალია ჩვენგან გარკვეული ინფორმაციის მიღებას ცდილობდა იმასთან დაკავშირებით, რა რეაქცია გვექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნოდარს გაათავისუფლებდა. ის პრობლემას ხედავდა კონკრეტულ ადამიანებში, ჩვენ კი პრობლემას ვხედავდით ამ საკითხისადმი მის მიდგომაში. ნოდარი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩვენს გუნდში და ისეთი “კურიერის” კეთება უნდა გაგვეგრძელებინა, როგორსაც ჩვენ ვაკეთებდით და როგორიც მაყურებელს მოსწონდა.

– როგორც ვიცი, ნოდარ მელაძესთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ. მოგვიყევით თქვენს საქმიან და პირად ურთიერთობებზე.

– მე და ნოდარ მელაძე კურსელები ვიყავით, ერთად ჩავაბარეთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ნოდარი სანამ “რუსთავი 2”-ში მივიდოდა, დიდი პროფესიული გზა გაიარა და ქართველმა მაყურებელმა ეს კარგად იცის.

– ახლა ნოდარ მელაძე “მთავარ არხზე” საინფორმაციო გამოშვება “მთავარს” ხელმძღვანელობს, რომელსაც “კურიერის” ყოფილ გუნდთან ერთად აკეთებს. თქვენ რატომ არ ხართ მათთთან ერთად, არ შემოგთავაზეს ახალ არხზე გადასვლა?

– რა თქმა უნდა, შეთავაზება პირველივე დღეებიდან მივიღე როგორც ჩემი მეგობრის და ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძისგან, ასევე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მხრიდან. პირადი გეგმების გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით არც ერთ ტელეკომპანიაში ვიმუშავებ.

აქვე დავამატებ, რომ “მთავარ არხს” დიდ წარმატებას ვუსურვებ. ჩემი კოლეგების და ყოფილი თანამშრომლების უდიდესი ნაწილი მუშაობს იქ და ისინი არიან საოცრად გამბედავები. ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ 19 დღეში ახალი არხი შექმნეს.

– ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ რატომ თქვით უარი ტელევიზიაზე?

– უარი არ მითქვამს, გარკვეული პერიოდის შემდეგ დავბრუნდები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზის გამო მივიღე.

– სხვა ტელეარხებიდან თუ მიიღეთ შემოთავაზება?

– ბუნებრივია, “კურიერის” ჟურნალისტების საკუთარ არხზე ნახვა არაერთ ტელეკომპანიას მოუნდებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გარკვეული შემოთავაზებები მექნებოდა.

– რამდენი ხანი გაგრძელდება თქვენი ტელეპაუზა?

– დაკონკრეტება გამიჭირდება, მაგრამ ჩემს მაყურებელს ვპირდები, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

– რითი შეავსებთ გამოთავისუფლებულ დროს, სხვა საქმეს ხომ არ მოჰკიდებთ ხელს?

– არა მგონია, რომ სხვა საქმით დავკავდე. შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში რამე შევისწავლო, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა პროფესიის შესწავლაზე არ ვფიქრობ.

– სოციალურ ქსელში პოსტი დადეთ, სადაც წერთ, 15 წლის შემდეგ კვირის სამუშაო დღეს, საღამოს 6 საათზე, მგონი, პირველად შევხვდი მეგობარს კაფეშიო. როგორ ეგუებით ცხოვრების ასეთ რიტმს?

– ვერ ვიტყვი, რომ მიჭირს, რადგან თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ.

– როგორია ახლა თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

– პირადი საქმეებით ვარ დაკავებული. გაცილებით მეტი დრო დავუთმე საკუთარი ოჯახის წევრებს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, კარგად ვგრძნობ თავს.

– როგორ მიდის თქვენი და თქვენი მეუღლის ოჯახური ცხოვრება?

– ძალიან კარგად. ერთ წელზე მეტია, რაც ერთად ვცხოვრობთ და მგონია, რომ ყველაფერი საუკეთესო და ყველაზე კარგი მომენტები კიდევ წინ გვაქვს.

– ზაფხულში დაისვენეთ?

– ზაფხულის შვებულება მეუღლესთან ერთად გავატარე, იტალიაში ვიყავით, უფრო კონკრეტულად კი, სიცილიაში. მოვინახულეთ ღირსშესანიშნაობები. ბევრი ისეთი ადგილი ვნახე, რომლებზეც წარმოდგენა არ მქონდა, რომ არსებობდა. ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ ხოლმე?

– თავისუფალ დროს მეგობრების წრეში ვატარებთ. ხშირად ჩვენთან მოდიან სტუმრად, რადგან ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს. ჩვენც დავდივართ სტუმრად და არამხოლოდ თბილისში, სხვადასხვა რეგიონებში.

– ახლა ალბათ თავის მოვლისთვისაც მეტი დრო დაგრჩებათ. როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?

– სტანდარტულ პროცედურებს ვიტარებ და ისე ვუვლი თავს, როგორც ქალების უმრავლესობა. სამწუხაროა, რომ აქტიური სპორტული ცხოვრებით არ ვარ დაკავებული, თუმცა სახლში სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობები მაქვს, რომლებითაც ვსარგებლობ.