მარიამ კახელიშვილი შეყვარებულს დაშორდა – “შერიგება გამორიცხულია”

მარიამ კახელიშვილი შეყვარებულს დაშორდა - "შერიგება გამორიცხულია"ირმა ჭკუასელი, სარკე

ახალგაზრდა მომღერალმა მარიამ კახელიშვილმა ზაფხულის დღეები მუშაობისთვის გამოიყენა და ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელსაც მსმენელს მალე წარუდგენს. მარიამი საზოგადოებამ სხვადასხვა კონკურსებიდან გაიცნო – “ნიჭიერი”, საბავშვო ევროვიზია, “იქს ფაქტორი”. სცენაზე დადგა თუ არა ფეხი, წარმატება და აღიარება მაშინვე მოვიდა პატარა გოგონასთან. მას შემდეგ სცენის გარეშე ვეღარ ძლებს.

ახლა მარიამი 23 წლის არის. ის “სარკესთან” ყოველთვის გულახდილია. რამდენიმე თვის წინ ინტერვიუზე შეყვარებულთან, ანრი სეფიაშვილთან, ერთად გამოჩნდა და პირველად ჩვენს მკითხველს გაუმხილა, რომ უყვარდა და ახლაც პირველად “სარკესთან” საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ.

– მარიამ, რა ხდება ახალი თქვენს საქმიანობაში?

– მალე ახალი სიმღერა მექნება და კლიპსაც გადავიღებ. ამის შემდეგ ვნახავთ, როგორ მიიღებს ხალხი და მერე სხვა სიმღერებზეც ვიზრუნებ. ეს არის ჩემთვის დაწერილი პირველი სიმღერა, რაც ძალიან მახარებს. მას ერთ კარგ ადამიანთან, ჯეიმს ესკუდეროსთან ერთად ვაკეთებ.

– ვინ არის ჯეიმს ესკუდერო, გაგვაცანით ეს პიროვნება.

– ყველა იცნობს ასე – ჯეიმს ესკუდერო. მე და ჩემი ერთი მეგობარი, ბათუ დოლბაია, რომელიც “საქართველოს ვარსკვლავში” მონაწილეობდა, ბენდის ჩამოყალიბებას ვაპირებთ. ორი ვოკალისტი ვიქნებით და ინსტრუმენტალისტები. იმედია, მაგარი რაღაცები გამოგვივა. ასევე, დუეტი მაქვს ლექს-სენთან და ჩვენს სიმღერას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ კიდევ ვაპირებთ ერთად მუშაობას, მზადების პროცესში ვართ და ამიტომ დაზუსტებით ახლა ვერ გეტყვით.

– ნახევარი წლის წინ მოცემულ ინტერვიუში “სარკეს” ექსკლუზიურად გაუმხილეთ, რომ შეყვარებული იყავით და ჩვენი ჟურნალისთვის ერთად წყვილმა ფოტოებიც გადაიღეთ. როგორც გავიგე, ეს ურთიერთობა დასრულდა. რა მოხდა ამ მოკლე დროში?

– რატომღაც ვერ შევეწყვეთ, ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დავშორდით. ცხოვრებას ვერ დაგეგმავ, ყველაფერია მოსალოდნელი.

– ერთობლივად მიიღეთ დაშორების გადაწყვეტილება?

– კი, ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება.

– ჩხუბით დაშორდით?

– არა. ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ნორმალურ ურთიერთობას ახლაც ვინარჩუნებთ.

– ანუ ახლაც გაქვთ კონტაქტი?

– კი, მაქვს, მაგრამ ყოველდღიური – არა.

– არსებობს შერიგების შანსი?

– არა, რადგან რაღაც რომ მთავრდება, აღარ ვაგრძელებ. ძალიან საყვარლები და კარგები ვიყავით, მაგრამ ასე მოხდა. შერიგებას გამოვრიცხავ, მაგრამ მიხარია, რომ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.

– როგორ ფიქრობთ, რა ანგრევს შეყვარებული წყვილის ურთიერთობას?

– ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. მთავარი ყოველთვის ურთიერთგაგებაა და, როცა ეს არ არის, რთულია შენარჩუნება.

– თქვენი საქმიანობა ხომ არ იყო ხელისშემშლელი? ზოგადად, რთულია მომღერლის გვერდით ცხოვრება?

– მიფიქრია ამაზე და, ვფიქრობ, რთული არ არის. ვისაც შენთან ყოფნა უნდა, ის ყველაფერს მოინდომებს. ადამიანები ერთმანეთისგან არ განვსხვავდებით, უბრალოდ ეს არის ჩვენი საქმე, რომელიც გვიყვარს. ვიმეორებ, თუ მოინდომებ, სულაც არ არის რთული პოპულარული ადამიანის გვერდით ყოფნა.

– როგორ ფიქრობთ, ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის?

– არა.

– თქვენთვის ეს პირველი სიყვარული იყო?

– არა.

– მისთვის?

– არ ვიცი.

– არ გიკითხავთ?

– არა, რადგან ასეთი კითხვების დასმა არ მიყვარს. როდესაც ადამიანთან ვიწყებ ურთიერთობას, წარსულის ამბებს არ ვეკითხები. რაღაცები არის, რასაც ვეკითხები და რაღაცები არის, რასაც არ ვეკითხები.

– როდის შეგიყვარდათ პირველად?

– 15 წლის ასაკში და პირველი სიყვარული მართლა განსხვავებული გრძნობა იყო.

– ის სიყვარული რაღატომ დამთავრდა?

– ალბათ ძალიან პატარები ვიყავით და ამიტომ. არ გამოვიდა, არ განვითარდა.

– დღეს მასთანაც გაქვთ ურთიერთობა?

– სამწუხაროდ, არა. ჩვენ კარგად არ დავშორდით და ნორმალური ურთიერთობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთიმეორეს არც კი ვკითხულობთ. ამის გამო გული მწყდება, რადგან მართლა კარგი ადამიანი იყო.

– როგორ ადამიანს ისურვებდით გვერდით, რა თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად?

– ადამიანებში უბრალოება მიყვარს. გვერდით ისეთ პიროვნებას ვისურვებ, რომლის იმედიც ყოველ წუთს მექნება. დღეს კარგი ადამიანების დეფიციტია.

– ბიჭები თქვენ მიმართ ხშირად იჩენენ ყურადღებას?

– კი, იჩენენ, მაგრამ ხშირად ისე არ გამოდის რაღაცები, როგორც მე მინდა. ის ყველაფერი არ აქვთ, რაც მე მინდა, რომ ჰქონდეთ. შეიძლება რაღაცები ჰქონდეთ, რაც მე მომწონს და რაღაცები – არა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობები არ გამოდის.

– თაყვანისმცემლები საჩუქრებით თუ განებივრებენ და რომელი საჩუქარი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

– ადამიანებს ძვირადღირებული საჩუქრებით არ ვასხვავებ, შეიძლება მცირედმა რაღაცამაც გაგახაროს და ბედნიერება მოგანიჭოს, თუნდაც სიტყვამ. მაგალითად, ჩემს დაბადების დღეზე დამირეკოს და მითხრას, ძალიან მიყვარხარო. თბილი სიტყვები ჩემთვის გაცილებით ძვირფასი საჩუქარია. ბევრი საჩუქარი მიმიღია – ყვავილები, სუნამო და ა.შ., მაგრამ გულიდან წამოსული თბილი სიტყვები ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

– თავად როგორი ხართ, თქვენზე შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი გოგო ხართ?

– ვთვლი, რომ კი, ძლიერი გოგო ვარ.

– როდის ხართ ყველაზე სუსტი?

– სუსტი ვარ, როდესაც მიყვარდება და მაშინაც, როცა ჩემი საქმე, მუსიკა მაკლია. მე ამით ვცოცხლობ და როდესაც ეს მაკლია, ძალიან განვიცდი. სცენა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, ამის გარეშე ძალიან მიჭირს. დეპრესიული პერიოდებიც მაქვს, როცა სცენაზე არ ვდგავარ, თან ემოციურიც ვარ.

– რა თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში და რა – არა?

– მომწონს ის, რომ ადამიანების გაბედნიერება შემიძლია და როცა მათთვის რაღაცას ვაკეთებ. ვინც გამიცნობს ხოლმე, ყველა აღნიშნავს, ძალიან საყვარელი გოგო ხარ, ასეთი არ გვეგონეო. არ მომწონს ჩემი რთული ხასიათი. ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ რთული ხასიათი მაქვს. მე კი ვფიქრობ, რომ არც ისეთი ვარ, ადამიანმა ვერ გამიგოს. კი, რთული ხასიათიც მაქვს და ბავშვურიც ვარ, ძალიან ადვილად მწყინს, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს.

– განწყობას ყველაზე კარგად დასვენება აუმჯობესებს. თქვენ არ აპირებთ სადმე წასვლას?

– მინდა, დასვენება ჩემს დაბადების დღეს, 9 ოქტომბერს, დაემთხვეს. ისიც მინდა, დაბადების დღისთვის გერმანიაში ვიყო და არ ვიცი, რა და როგორ იქნება.

– ვისთან ერთად წახვალთ გერმანიაში?

– აქედან მარტო წავალ. იქ დეიდა მყავს და დამხვდება.

– რომელი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ზაფხული?

– შარშანდელი, როდესაც გერმანიაში ვიყავი სამოგზაუროდ. მერე ზამთარში მეორედ წავედი ძმასთან ერთად. ისე გამოვიდა, რომ ერთ წელიწადში ორჯერ მომიწია გერმანიაში წასვლა.