გიორგი გაბუნია ნინი ფუტკარაძეზე დაქორწინებას მომდევნო წელს აპირებს – “ჩვენი სიყვარული ქუთაისიდან დაიწყო”

გიორგი გაბუნია ნინი ფუტკარაძეზე დაქორწინებას მომდევნო წელს აპირებს - "ჩვენი სიყვარული ქუთაისიდან დაიწყო"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

სანამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ღამის შოუს” წამყვანი გახდებოდა, იუმორისტმა გიორგი გაბუნიამ რთული გზა გაიარა. ქუთაისელ ბიჭს ფეხითაც ბევრი უვლია, რადგან გზის ფული არ ჰქონია, მშიერიც იძინებდა… ახლა იმდენად პოპულარული ტელესახეა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მის გამო სოციალურ ქსელში ჩხუბობენ კიდეც. არადა გიორგისთან შანსი არ აქვთ, რადგან “სარკესთან” არ დაუმალავს, რომ მისი გული უკვე დაკავებულია და დაოჯახებაზეც ფიქრობს.

– გიორგი, ცოტა ხნის წინ ახალი სეზონის პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. როგორი რეიტინგი დადეთ, კმაყოფილი ხართ შედეგით?

– როგორც თქვეს და შეაფასეს, ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა. ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ხომ იცით, მაინც შესვენება იყო და ვფიქრობდი, ფორმიდან ხომ არ ამოვვარდი-მეთქი. როგორც გაირკვა, ძალიან კარგი ეთერი იყო. ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათ თქვეს, რომ სუპერ გადაცემა გამოვიდა.

შოუს სტუმრები ბატონი ემზარ კვიციანი და გია ჯაჯანიძე იყვნენ. ბატონ ემზარს შესანიშნავი იუმორი აღმოაჩნდა, ძალიან კარგი, სვანური, ჯანსაღი იუმორი აქვს. გია ჯაჯანიძე კი ცნობილი შოუმენია, მისი რეიტინგი ისედაც ყველამ კარგად იცის.

– დიდ კონკურენციას გიწევდათ “რუსთავი 2”-ის იუმორისტების ჯგუფი “კომედი შოუ”. რამდენიმე ხნის წინ ეს ჯგუფი ორად გაიყო, ნაწილი ტელეკომპანია “მთავარში” წავიდა, ნაწილი კი “რუსთავი 2”-ში დარჩა. შესაბამისად, კონკურენციაც გაორმაგდა. როგორ ფიქრობთ, რეიტინგი ვის მხარეს იქნება?

– სიმართლე გითხრათ, მათთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო მეტი იუმორისტული გადაცემაა, უკეთესია, რადგან რაც უფრო დიდია კონკურენცია, მით მეტია მონდომება, იუმორი და ა.შ. ძალიან მინდა, ბევრი იუმორისტული შოუ იყოს. ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება მიჭირს, “რუსთავი 2-ზე” დარჩენილები აჯობებენ თუ “მთავარზე” გადასული იუმორისტები.

– ქუთაისელი ბიჭი როგორ აღმოჩნდით ამხელა ტელეკომპანიის მთავარ იუმორისტულ გადაცემაში?

– ქუთაისელებს ძალიან დიდი იუმორი გვაქვს. თავიდან სკოლაში, მხიარულთა და საზრიანთა კლუბიდან, ე.წ. მანსანკანიდან დავიწყე. სკოლის შემდეგ თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ “ტექნიკური ხარვეზების” გამო ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვხვდი, სადაც იუმორისტული გუნდი ჩამოვაყალიბეთ და სხვადასხვა კონკურსში გამოვდიოდით. გუნდის კაპიტანი ვიყავი და ეტაპობრივად იუმორისტად ჩამოვყალიბდი.

პარალელურად ერთ-ერთ ენერგოკომპანიაში ვმუშაობდი, რადგან დასაწყისში მხოლოდ იუმორით თავს ვერ ვირჩენდი. ძალიან მინდოდა სამსახური, რომ ჩემი ჯიბის ფული მქონოდა. არ მიყვარს, სხვაზე დამოკიდებული როცა ვარ.

დილიდან საღამომდე ვმუშაობდი რუსთავსა და მის შემოგარენ სოფლებში, ტექნიკოსი ვიყავი, მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ოჯახებს გახარჯული ელექტროენერგიის ქვითრებს ვაწვდიდი. ვინც არ გადაიხდიდა, მას დენს ვუთიშავდი, ვინც გადაიხდიდა, ვურთავდი. ასევე – მრიცხველებიდან ჩვენებებს ვიწერდი. 3 წელი ასე ვიმუშავე და არც ჩემი საყვარელი საქმისთვის დამინებებია თავი.

საღამოს უნივერსიტეტში, სარეპეტიციო დარბაზში მივრბოდი და გვიანობამდე გავდიოდით რეპეტიციებს. თუ გვქონდა რამე, ვჭამდით, თუ არა – ვიყავით ისე. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ გზის და საჭმლის ფული არ მქონია, ფეხითაც მივლია, მშიერსაც დამიძინია და ა.შ. მეგობრები ერთმანეთს გვერდში ვედექით, რაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით და დღემდე ასე მოვიტანეთ ერთმანეთი.

ერთხელაც საქართველოს ჩემპიონი გავხდი, შემდეგ კი შემამჩნია ზვიო ბლიაძემ, რომელიც დღეს ჩემი გადაცემის პროდიუსერია და, რამეს თუ წარმოვადგენ, მისი დამსახურებაა. ასევე – შალვა რამიშვილის ნება რომ არ ყოფილიყო, ეთერში არ დამსვამდნენ.

– “ნებაში” რას გულისხმობთ?

– პირველ ეტაპზე ინტერნეტტელევიზია “პოსტტივიში” ვმუშაობდი, სცენარებს ვწერდი და ქუჩის გამოკითხვებს ვაკეთებდი. ისეთი გადაცემა, როგორიც “იმედზე” მიმყავს, მსოფლიოს სხვადასხვა არხებზე 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს მიჰყავთ. გამოცდილ და საშუალო ასაკის ხალხს სვამენ წამყვანებად, მე კი ახალგაზრდა კაცს მომეცა საშუალება, გადაცემა წამეყვანა.

– მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდით, ადამიანებთან ურთიერთობაში რა შეიცვალა?

– თავი შემახსენეს იმ ადამიანებმა, რომლებიც თურმე ჩემი კეთილისმსურველები იყვნენ, მაგრამ მანამდე არსად ჩანდნენ. მათ ისეთივე ადგილი უკავიათ ჩემს ცხოვრებაში, როგორც მანამდე, როცა არ ვიცნობდი. ორმაგად ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ და ამ რთულ გზას ერთად გავდიოდით.

ჩემთვის მეგობარი ბევრს ნიშნავს, კარგ მეგობარს არაფერი სჯობს. არავისთვის ვარ მიუწვდომელი, ყველას ვეუბნები: “მობრძანდი”, მაგრამ ყველას თავ-თავის ადგილს ვუჩენ.

– პოპულარობასთან ერთად ალბათ თაყვანისმცემლების რაოდენობაც გაიზარდა. გაწუხებენ სოციალური ქსელით გოგონები?

– ძალიან ბევრი გოგონა მწერს, გაცნობა, დამეგობრება სურთ, სიყვარულს მიხსნიან. არის თბილი წერილები, არის ცოტა იუმორისტული კომენტარებიც. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ჩემს ფოტოზე ქალმა დაწერა, როგორ მიყვარს ეს ბიჭიო და სრულიად უცნობმა გოგონამ გაბრაზებულმა მიუწერა, გიორგი მარტო ჩემია, მე მეკუთვნისო. ბუნებრივია, მისი არ ვარ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ასეთი ფრაზების წაკითხვა.

ერთმა მომწერა, მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდე, იცოდე, არ დაგთმობო. ასეთი გზავნილები ძალიან მახალისებს. როდესაც ეკრანზე ჩნდები, მსგავსი შეტყობინებების რაოდენობა, რა თქმა უნდა, იზრდება.

– ვირტუალური სიყვარულის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში რა ხდება, პირადში გაქვთ რაიმე სიახლე?

– მყავს შეყვარებული – ნინი ფუტკარაძე, რომელიც ქუთაისელია. მომავალი იურისტია, თბილისში სწავლობს. ძალიან კარგი და თბილი ადამიანია. ჩვენი ოჯახები დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და ჩვენი სიყვარულიც ქუთაისიდან დაიწყო. ბუნებრივია, დაოჯახებასაც ვაპირებთ, მაგრამ ეს მიმდინარე წელს ვერ მოხდება, მომდევნო წელს უფრო ვვარაუდობ.

– არ ეჭვიანობს, როცა სოციალურ ქსელში უცნობი გოგონების გზავნილებს კითხულობს?

– გაგებით ეკიდება, ზოგ მონაწერს არც ვეუბნები, რადგან ამას თვითონ არ ვიღებ სერიოზულად.

– რას გვეტყვით თქვენს უახლოეს გეგმებზე, რას აპირებთ მომდევნო წლებში?

– ვაპირებ, რომ კიდევ მრავალი წელი ვაცინო ხალხი, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ღიმილი და სიცილი ნამდვილად აკლია. აი, 5-10 წლის მერე რა იქნება, ეს უკვე ერთად ვნახოთ.