ეკა ჩხეიძე: ”სანამ დავრეკავ და პოლიცია მოვა, ის კაცი ხომ არ დაიცდის?” – მსახიობი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს

ეკა ჩხეიძე: ”სანამ დავრეკავ და პოლიცია მოვა, ის კაცი ხომ არ დაიცდის?” - მსახიობი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვსმსახიობი ეკა ჩხეიძე მისი პირადი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მსახიობმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობი მიიჩნევს, რომ მას საფრთხე ემუქრება. როგორც ჩხეიძე ამბობს, სამაჯური, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულს დაუმაგრონ, არ არსებობს.

„დასაჭერად მეცოდება ადამიანი და გამოსავალი მინდა, რომ თავი დაცულად ვიგრძნო, მეტი არაფერი. ადვოკატს მივმართე, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე, რომ უფრო მეტად დაცული ვიყო. მან ყველაზე კარგ გამოსავლად ელექტრონული სამაჯურის დამაგრება მიიჩნია. თუმცა, ახლა ვიგებ, რომ სამაჯური არ არსებობს, პრაქტიკაში არ არის გამოყენებაშიო.

ეს ადამიანი ფაქტია, რომ არაადეკვატურია, რამდენიმე წელია ასე გრძელდება, აქამდე თუ ვერ დამთავრდა და ვერ გაიგო, რომ ჩემგან არაფრის იმედი უნდა ჰქონდეს, მაშინ რაღაც ხერხს უნდა მივმართოთ, რომ დაცული ვიყო, ხომ?

მითხრეს, რომ შემაკავებელ ორდერს უნდა მოვაწერო ხელი. ეს ადამიანი რომ დალევს, სულ დაავიწყდება ეს შემაკავებელი ორდერი. წესიერად არ ვიცნობ და ხვალ რას იზამს, ვერ გეტყვით. უბრალოდ, ვიკითხე, არსებობს, თუ არა, ასეთი რამ, რომ უფრო დაცული ვიყო-მეთქი. ეს ადამიანი ჩემთან რომ მოვიდეს, რა ვქნა, ვიკითხე და დაგვირეკეო, მითხრეს. სანამ დავრეკავ და პოლიცია მოვა, ხომ არ დაიცდის? არც ვიცი როგორ ხდება, პირველად მაქვს შეხება მსგავს რამესთან“, – განაცხადა ეკა ჩხეიძემ.

ამ განცხადებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა.

”შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმესთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განემარტა რა ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, თუმცა ცალკეული ჯგუფების მიერ თემის არასწორი ინტერპრეტაციით ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი 28 სექტემბერს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღინისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.

პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.

იპნ

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი