ბექა ბროლაძე: “მე და ქეთი ორჯონიკიძე დავშორდით, მაგრამ მეგობრებად დავრჩით”

ბექა ბროლაძე: "მე და ქეთი ორჯონიკიძე დავშორდით, მაგრამ მეგობრებად დავრჩით"ირმა ჭკუასელი, სარკე

ბექა ბროლაძე მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა, სადაც ყველა კარგად მღერის. თვითონაც პატარაობიდან, 5-6 წლის ასაკიდან ცდილობდა პიანინოზე სხვადასხვა სიმღერის აწყობას. მერე იყო მუსიკალური ათწლედი, ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელა და რეალური შოუ “ვარსკვლავების აკადემია”, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა.

პროექტის დასრულების შემდეგ ბევრი კარგი სიმღერა ჩაწერა, კლიპები გადაიღო, პარალელურად კი სხვა სფეროშიც შეძლო კარიერის გაკეთება. ის ერთ-ერთ ფინანსურ კომპანიაში მუშაობს. ახალგაზრდა სიმპათიური მომღერლის პირადშიც საინტერესო ეტაპი დგას. თუ რა ხდება კონკრეტულად, ამის შესახებ ბექა თავად გვიამბობს

– ბექა, გაიხსენეთ პროექტი “ვარსკვლავების აკადემია”, რა მოგონებები დაგიტოვათ ამ რეალითი შოუმ?

– ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის. თუმცა მე მანამდეც ვიყავი მუსიკალურ სფეროში, ჯანო კახიძის ბიჭუნათა კაპელაში ვმღეროდი. მაშინ ჯანო კახიძე ცოცხალი იყო და წილად მხვდა ბედნიერება, მის გვერდით ვყოფილიყავი. პარალელურად ვსწავლობდი მუსიკალურ ათწლედში, რომელიც, სხვათა შორის, წითელ დიპლომზე დავამთავრე.

მერე გამოჩნდა “ვარსკვლავების აკადემია”. ამ პროექტში რომ მოხვედრილიყავი, არამარტო მუსიკალური ნიჭი უნდა გქონოდა, საინტერესო ტიპაჟიც უნდა ყოფილიყავი. ეს იყო სასწაული ადამიანების და სუპერპროფესიონალების გუნდი. სცენაზე დგომის გამოცდილება მქონდა, მაგრამ ეს სტრესული გარემო იყო, ჩაკეტილ სივრცეში ვიყავით. მაყურებელი ხედავდა, თუ როგორ ვითარდებოდა მომღერალი, როგორ ქმნიდა თავის კარიერას. “ვარსკვლავური” ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო.

2008 წელი იყო. მაშინ 22 წლის ვიყავი. იმ 3 თვის განმავლობაში მიღებული გამოცდილება დღემდე მომყვება.

– ამის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

– საკმაოდ საინტერესოდ. როცა პროექტი სრულდება, ორი არჩევანია – ან უნდა დარჩე ყოფილ მონაწილედ, ან უნდა გააგრძელო შენი საქმე. მე მეორე გზა ავირჩიე და ამაში ბევრი ადამიანი დამეხმარა. პირველ რიგში, მარინა ბერიძე, რომელსაც რჩევებს ვეკითხებოდი, თუნდაც სიმღერის ჩაწერაზე.

შემდეგ გავიცანი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც მითხრა, საინტერესო შემსრულებელი ხარ და შენთვის სიმღერას შევქმნიო. ჩემთვის ეს დიდი რაღაც იყო, რადგან მაიკო ერთ-ერთი გამორჩეული და სერიოზული კომპოზიტორია. ჩემთვის შექმნა სიმღერა – “მომეცი შანსი”, რომელზეც ვიდეორგოლიც გადავიღე. ეს სიმღერა გახდა ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპის წარმატებული დასაწყისი. ეს სიმღერა და კლიპი დღემდე მომყვება. კონცერტებზე ხშირად მთხოვენ, რომ ვიმღერო.

შევძელი, რომ პროექტის მერეც საინტერესო ვყოფილიყავი. 2008 წლის მერე ერთი ახალი წელიც არ ყოფილა, რომ სამთავრობო კონცერტზე არ მემღერა. არის პერიოდები, როცა ნაკლებად აქტუალური ვარ, მაგრამ ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

– “მხოლოდ შენ” – ეს არის თქვენი ბოლო კლიპი, რომელიც საკმაოდ ეფექტური, რომანტიკული და ცოტა ეროტიკულიც გამოვიდა. მოგვიყევით ამ ვიდეორგოლზე და მონაწილეებზე.

– ეს კლიპი მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე გადავიღეთ. მაიკომ შემომთავაზა, მოისმინეო და ძალიან მომეწონა, რადგან ჩემს ხასიათს შეესაბამებოდა. საერთოდ, მაიკო არის კომპოზიტორი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მოგარგოს სიმღერა.

ამ კლიპზე პროფესიონალებმა იმუშავეს. ორი მოდელი მონაწილეობს. მარი მჭედლიშვილი მოსკოვში ცხოვრობს. ის სუპერმოდელია და არა მარტო რუსეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მნიშვნელოვან ჩვენებებში მონაწილეობს. მეორე გოგონაც ჩემი მეგობარია – თამარ ქუნთელია.

კლიპი არის ძალიან ფერადი, პოზიტიური, ნაწილობრივ ეროტიკული კადრებით. ნაჩვენებია ქალისა და მამაკაცის ფლირტი წყალქვეშ. კლიპის რეჟისორი ჩემი მეგობარი, კინორეჟისორი თათა მეტივიშვილია. მადლობა თამუნა ტაბატაძეს, რომელმაც კლიპი დაამონტაჟა და ოპერტორს, სალომე საღარაძეს, რომელმაც არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ წყლის ქვეშ კადრები გადაეღო. პროფესიონალების გუნდი მუშაობდა და შესაბამისი შედეგიც დავდეთ.

– როგორც ვიცი, აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროშიც გიწევთ მუშაობა. გვიამბეთ თქვენს მეორე პროფესიაზე.

– ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე და ერთ-ერთ ფინანსურ ორგანიზაციაში ვმუშაობ არცთუ დაბალ პოზიციაზე. ეს საქმე ჩემი სტაბილური ცხოვრების გარანტიაა. ყველა მუსიკოსს სჭირდება ფინანსები, რადგან ამის გარეშე ხარისხიანი პროდუქტი არ იქმნება. ჩემი სამსახური მეხმარება, რომ არ გავჩერდე და მსმენელს მეტი სიახლე შევთავაზო.

– ქართული შოუბიზნესიდან ვისთან გაკავშირებთ ყველაზე ახლო ურთიერთობა?

– მე ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და აბსოლუტურად ყველასთან თბილი და კარგი ურთიერთობა მაქვს. რა თქმა უნდა, არიან გამორჩეული კოლეგები, რომლებთანაც ვმეგობრობ და ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. მარიკა თხელიძე ჩემი ბავშვობის მეგობარია. მას უდიდეს პატივს ვცემ. ვმეგობრობ უნიჭიერეს ვერიკო ტურაშვილთან. ასევე განსაკუთრებით გამოვყოფ ქეთი ორჯონიკიძეს.

– ქეთი ორჯონიკიძე და თქვენ ერთი პერიოდი შეყვარებულები იყავით. მერე რა მოხდა თქვენ შორის და ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ქეთი ახლა უკვე ჩემს საუკეთესო მეგობართა სიაშია. ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის, თუმცა იყო პერიოდი, როცა ჩვენ შორის იყო გრძნობა, შეყვარებულები ვიყავით, ერთად ყოფნა მოგვწონდა. მერე რაღაც ისე არ განვითარდა და…

– როგორ მოახერხეთ დაშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება?

– მე და ქეთი იმდენად ვგავართ ერთმანეთს, როგორც ადამიანი, იმდენად ახლოს არის ჩემთან, რომ ვერაფრით დავკარგავდი. ის დღემდე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. არ არსებობს, ჩვენს ცხოვრებაში რაიმე წარმატება იყოს და ერთმანეთის სიხარული არ გავიზიაროთ. სხვათა შორის, რჩევას ყოველთვის ვეკითხები, რადგან დიდი მუსიკალური გამოცდილება აქვს. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– ახლა რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

– ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან საინტერესო ურთიერთობა. ვთვლი, რომ ძალიან კარგი დასაწყისია. თავიდან ვმეგობრობდით, ახლა ამ ურთიერთობამ სხვა ფაზაში გადაინაცვლა.

– ყოველთვის განსხვავებულად იცვამთ. საკუთარ გემოვნებას ეყრდნობით თუ დიზაინერისგან იღებთ რჩევებს?

– სტილი ძალიან სერიოზული საკითხია ჩემთვის. არ არსებობს, კონცერტებზე ერთი და იმავე კოსტიუმით გავიდე. ყოველთვის ვცდილობ, განსხვავებული ვიყო. ჩემს სამოსს ძირითადად დედაჩემი ქმნის. ის კარგად ხატავს. დიზაინის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ჩემს ჩაცმულობაზე ძირითადად დედა ზრუნავს, თუმცა, ევროპაში როცა ვარ, ვცდილობ, გემოვნებიანი სამოსი ჩამოვიტანო.