ანი გიუნტერი: “ემოციებს არ ავყევი და “რუსთავი 2″-ში დავრჩი”

ანი გიუნტერი: "ემოციებს არ ავყევი  და "რუსთავი 2"-ში დავრჩი"ავთო ჩიტიძე, სარკე

სატელევიზიო ცვლილებები “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემასაც შეეხო. “დილა მშვიდობისა, საქართველო” პროდიუსერმა ლიკა კინწურაშვილმა, წამყვანმა ეკა სამხარაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. ისინი ახალ ტელეკომპანია “მესამეში” გადავიდნენ. მათ ნაცვლად ეკრანს ბევრი ახალი და რამდენიმე ძველი სახე დაუბრუნდება.

რაც შეეხება დილის გადაცემის კიდევ ერთ სახეს, ანი გიუნტერს, ჟურნალისტი 13 წლიან კარიერას კვლავ “რუსთავი 2”-ზე აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არხს ისიც ტოვებდა. ამ ზაფხულს მომხდარ სამსახურეობრივ თუ პირადი ხასიათის ცვლილებებზე ის “სარკესთან” საუბრობს.

– ანი, თქვენ დარჩით “რუსთავი 2”-ზე. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება იმ ხმაურიან ფონზე, რაც ბოლო დროს ამ არხთან დაკავშირებით შეიქმნა?

– ეს ზაფხული სატელევიზო ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გამო იყო ძალიან მღელვარე და სანერვიულო, მაგრამ პარალელურად თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვფიქრობდით იმაზე, რომ ემოციებს არ ავყოლოდით. ემოციები საქმიან ურთიერთობებში არასდროს არის მომგებიანი. სწორედ ასეთივე შემართებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე არხზე, სადაც 13 წელია ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს.

– დილის გადაცემის გუნდის ნაწილი გადავიდა ტელეკომპანია “მესამეში”. თქვენც გქონდათ შემოთავაზებები?

– შეთავაზებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან მე დავრჩი იმ არხზე, რომლის ერთგულიც ვარ. ამიტომ აღარ არის საინტერესო, სად და როგორ შეიძლება წავსულიყავი.

2006 წლიდან დილის გადაცემაში ვმუშაობ და ამის გამო ჩემ წილ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ საკუთარ თავთანაც და მაყურებლის წინაშეც. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ ახალ სეზონს ამ არხზე ვიწყებ.

– სატელევიზიო ცხოვრებაში მიმდინარე მძაფრი მოვლენების მიუხედავად, დასვენება მაინც მოახერხეთ. სოციალურ ქსელში იახტაზე გადაღებულ ფოტოებს ხშირად დებდით.

– კი, დასვენება ნამდვილად მოვახერხე, რადგან შემიძლია საკუთარი თავის მობილიზება, რომ სამუშაო რეჟიმში ვიმუშაო მაქსიმალურად და დასვენების რეჟიმში დავისვენო მაქსიმალურად. ხარისხიანად შევძელი დასვენება და ეს ჩემს ძალებსაც ეტყობა.

გარკვეული პერიოდი თურქეთში ვისვენებდი. ეგეოსის ზღვაში კრუიზი მოვიწყე და საბერძნეთის კუნძულებიც მოვინახულე. მეგობრებთან ერთად ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამომივიდა.

ერთ-ერთ კუნძულზე იყო ერთი კაფე, სადაც რობინზონ კრუზოსავით ერთი ადამიანი ცხოვრობდა და მუშაობდა და ის იყო ქუთაისელი ბიჭი. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდა და ზედ გადაგვყვა.

შვილებთან ერთად სიონში დავისვენე.

– საოცარ ფოტოებს დებთ საცურაო კოსტიუმებში, არადა ბევრი ერიდება ასეთი თამამი ფოტოების გამოქვეყნებას.

– არ ვიცოდი, დღეს თუ ვინმეს ერიდება საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება. ეს რომ მცოდნოდა, მეც მომერიდებოდა. უბრალოდ ძალიან მიყვარს ზღვა და მზე. ჩემმა პირადმა მიღწევამ უფრო მიბიძგა იმისკენ, რომ მეტი ფოტო დამედო საცურაო კოსტიუმით. ბოლო 2 თვეში 13 კილო დავიკელი.

– რა მეთოდი გამოიყენეთ წონაში დასაკლებად?

– სწორ კვებაზე გადავედი და უფრო მეტი აქცენტი პროტეინებიან საკვებზე გავაკეთე. მე თვითონ არ ველოდი იმ შედეგს, რაც მივიღე.

– 13 კილო საკმაოდ სერიოზული შედეგია. ალბათ ამან დიდი სტიმული მოგცათ. გადაახალისეთ გარდერობიც?

– ჩემთვის წონა დამაბრკოლებელი არასოდეს ყოფილა. 13 კილოთი ზედმეტი როცა ვიყავი, მაინც სიამოვნებით ვპოზირებდი, თუნდაც საცურაო კოსტიუმებით. ნებისმიერ წონაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, ამისგან პრობლემებს არასოდეს ვიქმნი. უბრალოდ კარგია, როდესაც უფრო გამხდარი ხარ. გარდერობის განახლება დიდად არ მჭირდება, მაგრამ ეს პროცესი ძალიან მიყვარს.

– ასეთ კარგ ფორმაში, მიმზიდველი საცურაო კოსტიუმით, იახტით მოგზაურობისას ვინმე მდიდარი აღმოსავლელი ხომ არ მოხიბლეთ?

– ეგეოსის ზღვაში მართლაც ბევრი აღმოსავლელი თუ დასავლელი მილიონერი დაცურავს. ინტერესი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მთავარია, შენ რამდენად მისცემ იმის საშუალებას, რომ იმ ადამიანმა ეს ინტერესი განავითაროს. ყველანაირი ყურადღება ჩემთვის მისაღებია, მაგრამ მხოლოდ ვარდებისა და თუნდაც პალმების ჩუქებით ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენენ.

– წონაში დაკლებას სხვა ვიზუალური ცვლილებები თუ მოჰყვება?

– ჯერ საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ სეზონზე ახლებურად ვიქნები, შეიძლება ვარცხნილობა და თმის ფერიც შევიცვალო.