ზალიკო ბერგერი: “გადაღებისას ისე ვნერვიულობდი, 2 ლიტრი არაყი დავლიე”

ზალიკო ბერგერი: "გადაღებისას ისე ვნერვიულობდი, 2 ლიტრი არაყი დავლიე"რუსუდან ადვაძე, სარკე

ქართული ბომონდიდან ყველაზე ხალისიან და პოზიტიურ სახეს, დიზაინერ ზალიკო ბერგერს, სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები” კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა. ის სერიალშიც დიზაინერია – თავზარიკო ცხენიანი და “სარკესთან” ამბობს, რომ იქ ზუსტად თავის თავს თამაშობს. ახლახან მისი გმირის პარტნიორი და მეგობარი, გელა-გოჩა გამოჩნდა, რომლის როლსაც მსახიობი ტატო ჩახუნაშვილი თამაშობს. ტატომ და ზალიკომ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, მანამდე ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა მშვენიერი ტანდემი კი გამოუვიდათ.

ზალიკო ბერგერი:

– “ჩემი ცოლის დაქალებში” მოხვედრა ოცნებად მქონდა და ნეტავ, ყველა ოცნება ისე ამისრულდეს, როგორც ეს. თან დიზაინერის როლი მომცეს და, მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ ამ ყველაფრით. ფაქტობრივად საკუთარ თავს ვთამაშობ. როცა გაუხარდებათ, მაშინ მეძახიან.

გელა-გოჩასთან, ანუ ტატო ჩახუნაშვილთან, ერთად რამდენიმე სერიაში ვითამაშე და ღმერთმა ქნას, მომავალ სერიებშიც გაგრძელდეს ჩვენი სცენები. პირველად რომ მიმიწვიეს და ბაქარას და ხაშურელი თენგოს ცოლს ვაცმევდი, იმ სერიებში ამბობდნენ, გელა-გოჩას დაბადების დღე მოვლენააო. იქ გამოიკვეთა, რომ მეგობრები ვიყავით, მაგრამ თვითონ არ ჩანდა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ მე და გელა-გოჩა ერთად მოვხვდებოდით. ყველაფერი ისე საინტერესოდ ვითარდება, განცვიფრებული ვარ!

– ტატო ჩახუნაშვილი პროფესიონალი მსახიობია.

– დიახ და ჩემი და მისი დუეტი შესანიშნავი გამოვიდა! ხალხს რომ მოეწონა, გამოხმაურების მიხედვით ვიგებ. ჩვენს შეხმატკბილებულ მეგობრობას ძალიან ბევრი და კარგი გამოხმაურება აქვს. გადაღება სასიამოვნო პროცესი სულაც არ არის. თავისთავად მეგობრული ატმოსფეროა, მაგრამ ერთი კადრის გადაღებას რამდენიმე საათი სჭირდება და ძალიან დამღლელია. ტატოსთვის ბევრი რამ უფრო ადვილია, მე კი განვიცდი, ვნერვიულობ…

გელა-გოჩა ქალაქში ყველაზე “სვეტსკი” პერსონა და ჩემი გმირის ახლო მეგობარია. ორივე კი ქალაქის ასევე ყველაზე “სვეტსკი” გოგოს, ჩიკას, მეგობრები არიან. ჰოდა, მე და ჩიკა რეალურადაც ასეთები ვართ და საკუთარ თავს ვთამაშობთ.

გელა-გოჩას შემსრულებელი ძალიან საინტერესო ადამიანი, უზომოდ განათლებული ტიპი და კარგი მსახიობია. ამ სერიალში შევხვდი, მანამდე არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგი მსახიობი იყო.

– დამეგობრდით?

– რამდენადაც შესაძლებელია. ერთად დალევაც მოგვიწია სერიალში. იქ ჩემზე ამბობს, ჩემთვის კი არა, ეგ თარგი, ამ გამოყ…სთვის მინდაო. ნამეტანი შეხუმრებულები ვართ და ძალიან კარგადაც გამოგვდის დუეტი!

– რეალურ ცხოვრებაშიც ჩვეულებრივი ამბავია დიზაინერებში ერთმანეთის თარგების მოპარვა?

– ეს სერიალი კომედიაა და ყველაფერი უტრირებულია. საქართველოში თარგის მოპარვა დიზაინერისთვის… მსგავსი რამ რეალობაში არ არსებობს.

– ბაქარისნაირი ტიპაჟები გხვდებიან ცხოვრებაში?

– რამდენიც გინდათ! ბაქარასნაირი ტიპები ვედრა მანეთად არიან. რამდენიც გინდა, იმდენია, გამდიდრებულ სოფლელებს ქალაქში გამოჩენა რომ უნდათ. ქალაქში ყიდულობენ რესტორანს და უამრავ ფულს ხარჯავენ, რომ საზოგადოებაში გამოჩნდნენ. ჩიკა “ღადაობს”, ბღუჯა-ბღუჯა ფულები ხომ არ ჩაგიკუჭათო. რამდენიც გინდათ, იმდენია ეგეთი, ტაქსის ფულად 1000 დოლარს რომ გაძლევს და ამას იმისთვის აკეთებს, შენთან ერთად სადმე გამოჩნდეს.

– შეიცვალა თქვენი ღამის ცხოვრება, როცა თვრებოდით და ლაივ-ჩართვებს დებდით?

– არა, ისევ ისე ვაგრძელებ ყველაფერს, მაგრამ, ლაივი რომ ჩამერთო, იმ დონეზე აღარ დავმთვრალვარ. თუ შესაბამისად დავთვრები, ისევ ჩავწერ.

– ერთხელ მიხეილ სააკაშვილს აქებდით. ახლა როგორი ლაივის ჩაწერა გინდათ?

– წინასწარ რა ვიცი, რა მექნება სათქმელი?! ლაივებს კი არ ვგეგმავ! მიშას მოტრფიალე არასოდეს ვყოფილვარ. მის დროს ძალიან მინდოდა კონცერტებზე მოხვედრა, მაგრამ მოსაწვევებს არავინ მიგზავნიდა. ასლან აბაშიძის შვილები ჩემი მეგობრები იყვნენ და მის დროს ყველგან დავდიოდი. მიშამ რომ ბათუმი ააშენა, ამის დაუნახაობა არ შეიძლება, თორემ მის დროს იქ მე “ვაფშე” არ “მიგულავია”.

ცხოვრებაში არჩევნებზე არ ვყოფილვარ. ასე რომ, ჩემი ხმა გამარჯვებულებს მისდით ხოლმე და ყველა მთავრობის მომხრე ვარ. თან ახლა ამ სერიალმა ისეთი პოპულარული გამხადა, ვის არ ენდომება, მისი მომხრე ვიყო?! ეს ხომ ზეპოპულარული სერიალია! თან ცხოვრებაში ზაალ ხეცურიანია ჩემი სახელი და გვარი და თავზარ ცხენიანს ვთამაშობ. ზუსტად ისეთი ვარ ცხოვრებაში, როგორიც სერიალში.

– ტატო ჩახუნაშვილიც ჰგავს თავის გმირს?

– არ ვიცი, ტატო ცხოვრებაში როგორია, მაგრამ ფილმში რომ ძალიან მაგარი დუეტი გამოგვივიდა, ყველა დამეთანხმება! ტატო ძალიან კარგი ბიჭია. ბაქარას და ლეკას სახლი რომ არის, მისმა პატრონმა დილიდან მკითხა, კოქტეილს თუ დალევო და დავლიე. გადაღებამდე 2 ლიტრი არაყი დავლიე. გადაღება დილის 12 საათზე დაიწყო და ღამის 12-ზე არ იყო დამთავრებული. არადა სულ რამდენიმე ფრაზა უნდა გვეთქვა.

– მთვრალი იყავით გადაღების დროს?

– დიახ, ვნერვიულობდი და თან თავი ხომ უნდა აკონტროლო და ვიყავი ერთ ამბავში.

– ტატოც სვამდა თქვენთან ერთად?

– მან, მგონი, ცოტა დალია.

– თქვენს პირად ცხოვრებაში ხდება რაიმე ახალი?

– არაფერიც არ ხდება! დედაჩემი დამძახის, მოიყვანე ცოლიო. ჰოდა, ვეძებ ძალიან მდიდარ საცოლეს! ცოლიც მინდა, ფულიც, ბავშვიც…

– ფულს ეძებთ თუ სიყვარულს?

– სიყვარულსაც ვეძებ, სიყვარულსაც! სიყვარული მოვა, ჩემო თომა… მთავარი მაინც სიყვარულია. უბრალოება ყველაზე მთავარია ამ ცხოვრებაში. ავტომანქანა, ფული და ა.შ. მხოლოდ ანტურაჟია.

– ამბობთ, ჩემი პერსონაჟი ზუსტად მე მგავსო. თავზარიკო გეი რომაა და გელა-გოჩაც?

– დიზაინერი ცოტა მოგეო, არაჩვეულებრივი და განსხვავებული უნდა იყოს. ასე იყო ათადან-ბაბადან.