თამო ვაშალომიძე: “ჩემს ცხოვრებაში არის კაცი, რომლის მიმართაც სიმპათიები მაქვს”

თამო ვაშალომიძე: "ჩემს ცხოვრებაში არის კაცი, რომლის მიმართაც სიმპათიები მაქვს"ირმა ჭკუასელი, სარკე

სექსუალურობითა და სკანდალური ცხოვრებით განთქმულ ფოტომოდელ თამო ვაშალომიძის 28-ე დაბადების დღეს რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში. ცნობისმოყვარეებს საკვებს თავად თამო აძლევდა იმ ფოტოებითა და სტატუსებით, რომლებსაც ინტერნეტით ავრცელებდა. როგორც “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს,  განსხვავებულ სიტუაციაში სურდა 12 ივლისის აღნიშვნა და ეს შესანიშნავად გამოუვიდა კიდეც.

– თამო, ცოტა დაგვიანებით ჩვენც გილოცავთ დაბადების დღეს. შეგიძლიათ გვითხრათ, ვისგან მიიღეთ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი?

– ძალიან ბევრი ძვირფასი საჩუქარი მომიტანეს, კონკრეტულად ერთს ვერ დავასახელებ. ყველა საჩუქარი საყვარელი ადამიანებისგან მივიღე. ასე რომ, მეგობრებმა რაც მაჩუქეს, განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის.

– ვინ იყო ცნობილი სახეებიდან თქვენს დაბადების დღეზე?

– ცნობილი სახეებიდან ბევრი არავინ ყოფილა. ისე არავისთან ვმეგობრობ, ჩამეთვალა, რომ ჩემს დაბადების დღეზე უნდა ყოფილიყვნენ. იმიტომ არ ვიხდი, რომ უბრალოდ თქვან, თამოს დაბადების დღეზე ვიყავიო. იყვნენ ზალიკო ბერგერი, ვისთანაც უკვე რამდენიმე ხანია, ვმეგობრობ და მერსი სულხანიშვილი.

– თქვენს პატარა შვილზე მოგვიყევით. სოფიამ აიდგა ფეხი, დაიწყო ლაპარაკი?

– სოფია უკვე წლინახევრის არის და 8 თვიდან დადის. ლაპარაკს ახლა იწყებს, დედას იძახის.

– როგორც დედა, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ხართ?

– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ. სამსახურის გამო ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევ, როგორიც მინდა. ერთი რამ კი ვიცი, რომ ძალიან მოსიყვარულე დედა ვარ. მინდა, სოფია არამარტო დედად აღმიქვამდეს, არამედ მეგობრადაც.

– სად მუშაობთ, ასეთი დატვირთული რომ ხართ?

– გადაღებები მაქვს, პლუს ივენთ კომპანია გავაკეთე. არ არსებობს, დღის განმავლობაში სოფიას გარკვეული დრო არ დავუთმო. ერთად ვსეირნობთ, გასართობ ცენტრში დამყავს. გადანაწილებული მაქვს დრო, რომ დღის განმავლობაში ბავშვთან 2 საათი აუცილებლად ვიყო. სადღაც არ წავალ და სოფიასთან მაინც გავატარებ დროს.

– რა არის ყველაზე მთავარი, რაც დედამ უნდა მისცეს შვილს?

– სიყვარული, განათლება, ასევე – შვილი ძლიერ ადამიანად უნდა აღზარდო, რადგან არ იცი, ცხოვრებაში რა მოხდება. მინდა, იყოს ძლიერი, ძალიან ჭკვიანი და განათლებული, დედისგან ჰქონდეს სიყვარული, მისი რიდი და არა – შიში.

– სოფიას გაჩენის შემდეგ მალევე მოაწყვეთ ფოტოსესიები. როგორ შეძელით ასე უცებ ფორმაში ჩადგომა?

– ეს თავისით მოხდა, რაღაცები ავკრძალე. თქვენ წარმოიდგინეთ, მშობიარობის მერე უფრო კარგ წონაზე დავდექი, ვიდრე მანამდე ვიყავი. 60 კგ-ზე ჩამოვედი და გავჩერდი. ახლა 60 კგ და 200 გრ ვარ.

– როგორ ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე 28 წლის ასაკში?

– ასაკი რომ არ შეგეხსენებინათ, არც მახსოვდა, რომ 28 წლის გავხდი. როცა ბავშვი ვიყავი, მეგონა, 28 წლის ასაკში ქალი ბერდებოდა, მაგრამ ასე არ არის. მინახავს 20 წლის გოგოები, რომლებიც 50 წლის ქალებს ჰგვანან. მთავარია, ნორმალურად ვიკვებოთ, ალკოჰოლს მოვერიდოთ, ვივარჯიშოთ. და კიდევ, შინაგანად ვიყოთ პატარები.

ჩაცმასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ ძალიან კლასიკურად გაცვია და ძალიან მუქი მაკიაჟით დადიხარ, იმაზე დიდი შეხედულება გაქვს, ვიდრე ასაკით ხარ. ასე რომ, 28 წელი ჩემთვის არის იგივე, რაც 20 წელი.

– 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციებისა და პუტინის რეჟიმისადმი პროტესტის მხარდასაჭერად დუნდულებზე გაიკეთეთ ტატუ პუტინის გამოსახულებით და ეს ფოტო ინტერნეტით გაავრცელეთ. შთამბეჭდავი პროტესტი მართლაც გამოგივიდათ. ახლაც გაქვთ ეს ტატუ?

– პუტინს ჩემგან არ აქვს ისეთი პატივი, რომ სულ მქონდეს. ეს იყო ერთდღიანი ტატუ გადაღებისთვის. ჩემი პროტესტი განსხვავებულად გამოვხატე. სხვათა შორის, ამ ფოტოსესიის შესახებ უცხოეთში ძალიან ბევრი სტატია დაიწერა. გამიხარდა, კარგი გამოხმაურება რომ მოჰყვა.

– ეპატაჟურობა, სკანდალები თქვენი ცხოვრების სტილია. ანუ მოგწონთ, მუდმივად რომ ექცევით მასმედიის ყურადღების ცენტრში?

– სულ ვცდილობ, ახალ-ახალი რაღაცები გავაკეთო. გახსოვთ, რომ ხინკლების თემაზე მოვაწყვე ფოტოსესია. ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა, მაგრამ იმაზე მეტი სკანდალი გამოიწვია, ვიდრე მეგონა. რაღაც-რაღაცებს არ ვამბობ ჩემს პირად ცხოვრებაზე, რაღაცას ყოველთვის ვიტოვებ და შეიძლება ამიტომაც ვარ ყურადღების ცენტრში.

– რა ეტაპი გაქვთ ახლა?

– არ ვიცი, რა ეტაპზე ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრება ძალიან კარგია. მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, ულამაზესი და უსაყვარლესი შვილი. მაქვს ჩემი ბიზნესის თემები, რომლებიც იმედი მაქვს, წარმატებული გახდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორჩა, აღარაფერს გავაკეთებ. მე ვარ ადამიანი, რომელიც არ კმაყოფილდება იმით, რაც აქვს და უფრო მეტი უნდა, რომ გააკეთოს. წინ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომლებიც უნდა განვახორციელო.

– გეგმები პირად ცხოვრებასაც ხომ არ ეხება, თქვენ გვერდით არის საყვარელი მამაკაცი?

– არსებობს მამაკაცი, რომლის მიმართაც სიმპათიები მაქვს და ჩემ მიმართ ისიც იმავეს გრძნობს.