თაკო კორინთელი: “პირადში ცოტა ქაოსიც მაქვს და რაღაცებიც ლაგდება”

თაკო კორინთელი: "პირადში ცოტა ქაოსიც მაქვს და რაღაცებიც ლაგდება"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

თაკო კორინთელის ცხოვრებაში ბედნიერი დრო მაშინ დგება, როცა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებებზე მიდის თავისი პერსონაჟის, ბარბარიკას, სათამაშოდ. ამ როლზე მუშაობა იმდენად მოსწონს, გადასაღებ მოედანზე მთელი დღე და ღამე რომ გაატაროს, დაღლილობას არ გრძნობს. ეს ჩემთვის “უციმციმესი” დღეებიაო, უთხრა “სარკეს”.

მაყურებელი თაკოს წლების განმავლობაში ეკრანზე ხედავდა, ტელეკომპანია “მაესტროში” საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც პოპულარული იყო, ბარბარიკას როლმა სხვანაირი ემოციები მოუტანა, ხალხისგან განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობს.

– თაკო, სერიალის გარდა, კიდევ სად მუშაობთ?

– სამშენებლო კომპანიის მთავარი მენეჯერი ვარ. ჩემი პროფესიიდან იმდენად აცდენილია, რომ არც მეგონა, ამ მიმართულებით თუ ვიმუშავებდი. ამ სფეროში შემთხვევით მოვხვდი. შემდეგ “მუღამი” დავუჭირე და ძალიან მომეწონა. ზოგადად ექსპერიმენტები ძალიან მიყვარს.

– მთავარი მენეჯერის პოზიცია საკმაოდ შრომატევადია და ბევრ დროსაც მოითხოვს. როგორ ახერხებთ სერიალის პარალელურად ამ საქმის კეთებას?

– სანამ მუშაობას დავიწყებდი, ვუთხარი, რომ გადაღებაში ხელი არ უნდა შემშლოდა, რადგან სერიალს არ დავთმობდი. ამ ეტაპზე ჩემთვის არაფერი დგას გადაღებებზე და სერიალზე წინ. ეს მეორე სამსახურიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ, როცა გადაღება მაქვს, მათავისუფლებენ.

– როგორია სერიალის გადაღების ერთი დღე?

– დილიდანვე იწყება მზადება, შემდეგ რეპეტიციას გავდივართ და ამის შემდეგ ვიწყებთ გადაღებას. ის დღე, როცა გადაღება მეწყება, ჩემთვის არის უბედნიერესი და უციმციმესი! როგორც კი ბარბარიკას ტანსაცმელს ვიცვამ, ბედნიერი ვარ.

საკმაოდ რთულია გადაღებები. ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა დილიდან შუაღამემდე გრძელდება, მაგრამ ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც დღის ბოლოს სახლში რომ მიდიან, ამბობენ, ღმერთო, როგორ დავიღალეო, მე კი ეს არასოდეს მითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ისე ვყოფილვარ, ძვლებშიც კი დაღლილობას ვგრძნობდი.

– სერიალში შეცვალეთ მარიშკა ჯავახაძე, რომელიც მაყურებელს ძალიან მოსწონდა. ამიტომაც საზოგადოებას თავიდან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა თქვენ მიმართ, ძველი მსახიობის დაბრუნებას ითხოვდნენ. დღეს სიტუაცია შეიცვალა, მიგიღეს. თქვენ როგორ გრძნობთ თავს ამ როლში?

– ეს როლი გავითავისე. ჩემი პერსონაჟი ძალიან მიყვარს თავისი პლუსებითა და მინუსებით. რაღაცნაირად ჩემიანია. ხალხის რეაქციაც ძალიან მახარებს. ადრე პოზიტივთან ერთად ნეგატივიც მოდიოდა, ახლა კი მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მოდის. განსაკუთრებით მახარებს ბავშვების ყურადღება, რადგან გულწრფელები არიან.

ისეთი უცნაური მესიჯები მომდის, ზოგჯერ მინდა, დავსქრინო და გამოვაქვეყნო. აი, მაგალითად, მეკითხებიან, შენ მართლა არსებობ, რეალური ხარო. ერთი მწერდა, ჩემი ოცნებაა, შენი რომელიმე მაისური მეცვასო. ამაზე გავგიჟდი, ძალიან ემოციური იყო. ჯერ ვის ვაკადრებ, ჩემი გამონაცვალი რამე რომ ვაჩუქო, მაგრამ გული გამისკდა ამ წერილზე.

– როგორ გაგრძელდება თქვენი გმირის ცხოვრება?

– ნამდვილად არ ვიცი. შემდეგ სცენარს ისე ველოდები, როგორც ორსული ქალი მომავალ შვილს. არ გეგონოთ, რომ ყველაფერი წინასწარ ვიცი. კი, რაღაცები ვიცი, მაგრამ ამ საიდუმლოს ჯერ ვერ გავამხელთ.

– ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყავით. არ გენატრებათ ის დრო და ტელევიზიის ცხოვრების რიტმი?

– იმდენად მენატრება, რომ სოციალურ ქსელში მუდმივად ვაზიარებ მაშინდელ ფოტოებსა და ვიდეოებს. ვნახოთ, იქნებ ტელეწამყვანობის პერიოდი ისევ დამიდგეს. რეპორტიორობაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, ტელეწამყვანობა კი ძალიან მიყვარს.

– დასვენების დროს ზღვას ანიჭებთ უპირატესობას თუ მთას?

– ვინაიდან ცურვაზე ვგიჟდები და ბავშვობიდან ვცურავ, ზღვა ძალიან მიყვარს, თუმცა მთაც მომწონს. მთავარი მაინც ის არის, საყვარელ ადამიანებთან ერთად იყო და ზღვა იქნება თუ მთა, მნიშვნელობა არ აქვს.

– ალბათ გარუჯვაც გიყვართ.

– მზეზე წოლა არ შემიძლია, სული მეხუთება, მაგრამ რუჯი ძალიან მომწონს. ამ ბოლო დროს სოლარიუმს მივმართე, მიუხედავად იმისა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ცუდია და ა.შ. ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მარტივ გზას მივაგენი, რომ რუჯი მქონდეს.

– ქმართან გარკვეული პერიოდი დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. ამაზე “სარკესთანაც” გისაუბრიათ, ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

– ყველაფერი კარგად არის და იმედია, უკეთესად იქნება. რაღაცნაირად არ მინდა პირად ცხოვრებაზე საუბარი. ცოტა ქაოსიც მაქვს, რაღაცებიც ლაგდება და ჯერ პასუხი არ მაქვს.