ქუთაისელი სალომე ასათიანი გაჭირვებულთა დასახმარებლად ყვავილებს ყიდის

ქუთაისელი სალომე ასათიანი გაჭირვებულთა დასახმარებლად ყვავილებს ყიდისირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

“ვყიდი ყვავილებს ადამიანების დასახმარებლად”, – ამ შინაარსის გზავნილებს ქუთაისში მცხოვრები სალომე ასათიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად ავრცელებს. ახალგაზრდა ქალი ქმართან, ზვიად მეფარესთან ერთად ადამიანების დასახმარებლად დეკორატიულ ყვავილებს ამზადებს და ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ყიდის. სალომე ოცნებობს, ამ საქმეს პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს, რომ მეტი ადამიანის დახმარება შეძლოს.

– სალომე, ქუთაისში ამბობენ, რომ სიკეთის კეთება ცხოვრების წესად გექცათ. მოგვიყევით თქვენი ქველმოქმედების შესახებ.

– არ ვთვლი, რომ ქველმოქმედი ვარ. ადამიანებისგან ვიგებ ოჯახებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მერე ვყიდულობთ პროდუქტებს, ვაგროვებთ ტანსაცმელს და მათთან მიგვაქვს. ეს უფრო ჩართულობაა სხვადასხვა კეთილ საქმეში. დიდი ხანია მივხვდი, რომ ერთიანობას შეუძლია შეცვალოს რთული რეალობა, დაამარცხოს მძიმე სენიც.

– როგორ ახერხებთ, რომ ადამიანებს სიკეთის კეთებისთვის განაწყობთ, ქვეყანაში ხომ უმძიმესი სოციალური ფონია?

– რამდენიმე წლის წინ ამ ყველაფერს მარტო ვცდილობდი, უფრო მეტად სოციალურ ქსელს ვიყენებდი, რომ ადამიანებისთვის ხმა მიმეწვდინა. სტატუსებით ვუხსნიდი ვითარებას, რომ მეგობრებს დახმარების სურვილი გამოეთქვათ. მერე მათ მოჰქონდათ პროდუქტები და მეორადი ტანსაცმელი, ზოგიერთი ფულსაც მაძლევდა, რომელსაც ჰიგიენური ნივთებისა და პროდუქტისთვის ვანაწილებდი.

ამ საქმეს ვერანაირად გავართმევდი თავს, რომ არა მეუღლის თანადგომა. ჩვენი დაბალშემოსავლიანი სამსახური არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ბევრი კეთილი საქმე ვაკეთოთ, მაგრამ სურვილი თუ დიდია, უკან არასოდეს დაიხევ. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, ხელფასამდე გადანახული მცირე დანაზოგი ჩემზე გაჭირვებულისთვის მიმიცია, მე კი ბუნებაში გავსულვარ, მინდვრის ფხალი დამიკრეფია, მომიმზადებია და ასე გამიტანია თავი.

ბუნებასთან კონტაქტი ამის საშუალებას იძლევა, სხვაგვარად ხედავ ყველაფერს და არასოდეს გეშინია. ბუნება მეტ თავისუფლებას აძლევს ადამიანს და ენერგიით ავსებს. ბოლო დროს კი გადავწყვიტე, ყვავილები გავყიდო და ხალხს ისე დავეხმარო. წლებია ყვავილების მოვლა-გამრავლებით ვარ დაკავებული. ეს საქმე დამატებით შემოსავალს იძლევა.

– რა პრინციპით არჩევთ ოჯახებს, რომლებსაც ეხმარებით?

– შერჩევის პრინციპი არ არსებობს, ვისთვისაც გვყოფნის რესურსი და ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, მას ვირჩევთ – მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს. დღეს უფრო მეტად იმ ადამიანებს ვეხმარებით, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. ეს უფრო მასშტაბურია, ბევრია ჩართული სხვადასხვა ქალაქიდან. მე და ჩემი მეუღლე, ზვიად მეფარე, ამ საქმის მონაწილეები ვართ.

– როგორც ვიცი, ხატავთ, თქვენი ქმარი კი პოეტია. მოგვიყევით ამის შესახებ.

– ჩემს ნამუშევრებს ნახატებს ვერ ვუწოდებ, თერაპიის გამო შევასრულე რამდენიმე. ფერებით თამაში შთამბეჭდავია და კარგი მუხტით გავსებს. ჩემი საყვარელი საქმე ყვავილების მოვლასთან ერთად ქსოვა და ქარგვაა.

მეუღლე კი ნამდვილად ხატავს, ასევე – ლექსებს წერს, თარგმნის. ლექსების შვიდი კრებული და ერთი თარგმანი აქვს გამოცემული. ხისგან ამზადებს ნივთებს. ჩვენი ყოველი დღე დატვირთულია და მომავალშიც ბევრი რამის შესწავლას ვფიქრობთ. აუცილებელია, ადამიანი სულ ვითარდებოდეს.

– ნახატებსაც ყიდით ქველმოქმედების მიზნით?

– მხოლოდ ორი ნახატი გავყიდეთ სხვების დასახმარებლად. ზვიადის ხელნაკეთი, მოხატული ხის საკალმეები საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში ბევრჯერ გაიყიდა. ჩემი ნაქსოვებიც მეხმარება როგორც პირადი პრობლემების მოგვარებაში, ასევე იმაში, რომ სხვებს დავეხმარო. ჩემ მიერ შექმნილი ვაჟა-ფშაველას გამოსახულებიანი ნაქსოვი დიდ მოწონებას იმსახურებს.

– ამბობენ, ფლორისტები ყვავილებს ესაუბრებიანო. თქვენ თუ გამონახეთ მათთან საერთო ენა?

– კი, მართალია, ყვავილები ყველაფერს გრძნობენ. ისინიც სულიერი არსებები არიან. დიდი ხნის ოცნება ავისრულე და საკუთარი ორანჟერეა მაქვს. გადარგვის პროცესში შიგნით თუთიყუშები და ორი ცუგაც მეხმარებიან, ორანჟერეა მყუდრო ადგილას დგას, ჩიტებიც მრავლად არიან და ყველგან მათი ჭიკჭიკი ისმის. ვხვდები, რომ ჩემს ყვავილებს ეს გარემო ძალიან მოსწონთ. მათ ყოველთვის ვესაუბრები, ვაქებ, ამიტომ ისინიც მახარებენ, ყვავილობენ და სწრაფად იზრდებიან.

– მოგვიყევით თქვენს პატარა ოჯახზე. როგორი ცოლი ხართ, როგორია თქვენი ოჯახური ურთიერთობები.

– არასწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის უთანხმოებები არ ხდება, მაგრამ, ასე თუ ისე, მაინც ერთნაირები ვართ, ერთნაირი ღირებულებები გვაქვს და მთავარი ეს არის. ჩვენი ოჯახური იდილია ურთიერთპატივისცემასა და ზრუნვაზეა დამყარებული. ვცდილობთ, უბრალოები და უპრეტენზიოები ვიყოთ. ერთმანეთის საქმეებს პატივს ვცემთ და ერთიმეორეს გვერდში ვუდგავართ.

– ხომ არ აპირებთ რაიმე ახალი საქმის წამოწყებას?

– ძალიან მინდა, გამოცდილი ფლორისტი გავხდე, მეტი ვისწავლო, რადგან ეს სფერო ამოუწურავი და ძალიან საინტერესოა. ჩემი სამომავლო გეგმა ლამაზი ბაღის გაშენებაა. მინდა, ჩემს ბაღს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდეს და კოლექცია უფრო მრავალფეროვანი გავხადო. მსურს, მომხმარებელს ბევრი საუცხოო ჯიში შევთავაზო.