ნათია ლაზაშვილი ქმრის გამო რუსთავი 2-ში ხელფასს ვერ აიღებს

ნათია ლაზაშვილი ქმრის გამო რუსთავი 2-ში ხელფასს ვერ აიღებს„რუსთავი 2 “-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარი, გიორგი ფრუიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-11 მუხლში კი ვკითხულობთ, რომ კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის.

შესაბამისად, მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია ტელევიზიის დაჯარიმება, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

„ამ შემთხვევაში თუ ნათია ლაზაშვილი იღებს ხელფასს კურიერის წამყვანის პოზიციაზე მუშაობისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, გიორგი ფრუიძეს დაკავებულ თანამდებობაზე ექნება ინტერესთა კონფლიქტი. ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაშიც ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები, თუ ნათია ლაზაშვილი შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასს არ იღებს“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი.

On.ge-სთან საუბარში თავად გიორგი ფრუიძეც ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნათია ლაზაშვილი  კურიერს წაიყვანს, ინტერესთა კონფლიქტი იქნება.

ცნობისთვის, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კომისიის წევრის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყოს.

20 აგვისტოს დღისით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ „კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია დატოვა.

22 აგვისტოს არხის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა გადაცემა P.S-მა.

ჟურნალისტების წასვლის გამო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში აღარ გასულა.

ამ დროის განმავლობაში არხის ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გვარამიას და კეზერაშვილის შექმნილ ახალ ტელევიზიაში გადანაწილდნენ. ნაწილი კი „რუსთავი2“-ზე დარჩა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს  არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

წყარო: On.ge

პრაიმ ტაიმი